დავით სერგეენკო: ღარიბს ვართმევ, მდიდარს ვაძლევ…

დავით სერგეენკო: ღარიბს ვართმევ, მდიდარს ვაძლევ…

ბიძინა ივანიშვილი ქართულ საზოგადოებას ჰპირდებოდა, რომ საყოველთაო ჯანდაცვა ყველა პაციენტის, ყველა ავადმყოფის პრობლემას მოხსნიდა. დღესაც, ტელევიზიით თუ ფბ-თი, თითქმის ყოველდღიურად ვისმენთ თავზარდაცემული ოჯახების განცხადებებს, რომლებიც ოჯახის ავადმყოფი წევრის სამკურნალო თანხების შესაგროვებლად ისევ საზოგადოების იმედად არიან.

ისმება კითხვა: რატომ?

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2 ეტაპად ამოქმედდა: 2013 წლის 1 თებერვლიდან მისი ამბულატორიული ნაწილი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, ხოლო 2013 წლის 1 ივლისიდან – გეგმური ოპერაციები და მშობიარობა.

ეს პროგრამა შეეხო მოქალაქეთა იმ ნაწილს, რომელიც უკვე მოქმედ ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებში არ იყო ჩართული. ცნობისათვის, კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისათვის სახელმწიფო, ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებით, უკვე აფინანსებდა ყველაზე მოწყვლად, ჯანმრთელობის მაღალი რისკის მქონე ჯგუფებს: სოციალურად დაუცველებს, პედაგოგებს, 6 წლამდე ბავშვებს, პენსიონერებს, სტუდენტებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.

მოსახლეობის სხვა ჯგუფებთან შედარებით ამ მოწყვლადი, მაღალი რისკის მქონე ჯგუფების ჯანმრთელობის უზრუნველყოფა ყველაზე მეტ ფინანსებსაც მოითხოვს. ეს პირდაპირ აისახა სამინისტროს ბიუჯეტზე. 2014 წლის 1 აპრილს სოციალურად დაუცველთა და პედაგოგთა დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა შეწყდა და სოციალურად დაუცველები და პედაგოგები, იმავე პირობებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში გადაიყვანეს. როგორც კი ეს მოხდა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ყოველთვიური ხარჯი 10-დან 25 მლნ ლარამდე გაიზარდა. 2014 წლის 1 სექტემბერს ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, იმავე პირობებით, 6 წლამდე ბავშვები, პენსიონერები, სტუდენტები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები გადაიყვანეს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ყოველთვიური ხარჯი უკვე 25-დან 45 მლნ ლარამდე გაიზარდა.

რა ჯდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

რადგან ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამები შეწყდა, 2015 წელი პირველი წელი იქნება, როდესაც ყველა პოტენციური პაციენტი, ჯანმრთელობის კერძო დაზღვევის პაკეტის მქონეთა გარდა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მომხმარებელი გახდა. დეკლარირებულად, სახელმწიფომ ყველა ამ ადამიანზე პასუხისმგებლობა ითავა (რეალობაში რა ხდება, ამაზე ქვემოთ).

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი პოლიტიკოსები და ექსპერტები ხშირად აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მზარდ ხარჯს ვერ გაუძლებს. და მართლაც, იმ ტიპის საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლას, როდესაც სამედიცინო ხარჯების ლომის წილს სახელმწიფო ფარავს, მაღალშემოსავლიანი, განვითარებული ქვეყნები ვერ ახერხებენ და, საკითხავია, როგორ ახერხებს ამას ჯერ კიდევ დაბალშემოსავლიანი საქართველო?

აღსანიშნავია, რომ სამინისტრომ 2014 წლის ბიუჯეტში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის 200 მლნ ლარი გაითვალისწინა, თუმცა ნოემბრის ბოლოსთვის უკვე 278 მლნ ლარი ჰქონდა დახარჯული. წარმოქმნილ დეფიციტს სამინისტრომ იმის ხარჯზე გაუძლო, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებისთვის გათვალისწინებული ფული გამოიყენა.

ასევე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ დღემდე იმის ხარჯზეც „გაქაჩა“, რომ 2013 წელს და 2014 წლის ნახევრის განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსახლეობის ყველაზე ნაკლებრისკიანი – არასაპენსიო ასაკის, სოციალურად მეტ- ნაკლებად დაცული (რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს დალხენილს) ნაწილი სარგებლობდა. ნაკლები იყო ხარჯიც. თუმცა, როგორც კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას საზოგადოების მაღალრისკიანი ჯგუფები დაემატა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2014 წლის ბოლოს, წლის დასაწყისთან შედარებით, ყოველთვიური ხარჯი გაოთხმაგდა.

თუ სამინისტრომ ყოველთვიურად მინიმუმ 45 მლნ ლარი უნდა ხარჯოს ამ პროგრამაზე, მაშინ მას, წესით, 2015 წლის ბიუჯეტში არა 475, არამედ 540 მლნ ლარი უნდა ჩაედო. ტენდენცია მოწმობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი, პარლამენტში მისი მიღებისთანავე, დეფიციტურია.

თუმცა ღიად საუბარს ერიდებიან, სამედიცინო დაწესებულებები უკვე გამოთქვამენ წუხილს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამედიცინო დაწესებულებებისათვის ასანაზღაურებელი თანხის გადარიცხვის პერიოდი შეიძლება თანდათან გაიზარდოს და საავადმყოფოებისადმი სახელმწიფოს დავალიანება მრავალმილიონიანი გახდეს.

იმის მიუხედავად, რომ სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი ამ რისკს თავიდანვე გრძნობდა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვა მას ორმა ფაქტორმა გადააწყვეტინა: (ა) შიშმა, რომ მხოლოდ პაციენტის ჯიბიდან გადახდილი თანხებით იგი კონკურენციას ვერ გაუწევდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ საავადმყოფოებს; (ბ) იმედმა, რომ სადაზღვევო კომპანიებიდან მომდინარე ფინანსური წნეხის შემდეგ, სახელმწიფოსთან ურთიერთობა გაცილებით უფრო კომფორტული იქნებოდა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა – ვისთვის არის იგი?

მარტივი არითმეტიკით დავიწყოთ: ქვეყანაში ჯანდაცვაზე ყოველწლიურად დაახლოებით 2,3 მლრდ ლარი იხარჯება. ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის (საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა + საზოგადოებრივი ჯანდაცვა) 2015 წლის ბიუჯეტში სულ 661 მლნ ლარია გამოყოფილი. ანუ სახელმწიფოს წილი ამ დანახარჯებში ყველაზე დიდი 30%-ია. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა დაახლოებით 70%-ით ისევ პაციენტისა და მისი ოჯახის ჯიბიდან ხდება.

იმ განვითარებულ ქვეყნებშიც კი, სადაც სახელმწიფო ბიუჯეტი მართლაც სოციალურად ორიენტირებულია, მოსახლეობა თავისი ჯიბიდან ჯანდაცვის ხარჯების მინიმუმ 50-60%-ს იხდის. ასე რომ, ივანიშვილ- სერგეენკოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა საფუძველშივე არასწორ წარმოდგენებზეა აგებული. რაკი სიტყვა „საყოველთაო“ ესმის, საზოგადოების ნაწილს ჰგონია, ჯანდაცვის ყველა ხარჯი თავის თავზე ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ აიღო.

წარმოვიდგინოთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე ორი პაციენტი – გიორგი და დავითი, რომელიც ერთნაირი ჩივილით მიდის ოჯახის (უბნის, სოფლის, პოლიკლინიკის) ექიმთან. მათ შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ გიორგი გაჭირვებულია (თუმცა არა სოციალურად დაუცველი), დავითი კი – შედარებით შეძლებული. ექიმთან კონსულტაცია, აგრეთვე სისხლისა და შარდის ანალიზი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით იფარება. პაციენტი დავითი განსაკუთრებით მადლიერია: ამ ხარჯს იგი თავისი ჯიბიდანაც დაფარავდა, მაგრამ თუკი სახელმწიფო გადაიხდის, რატომაც არა?

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ორივე პაციენტს გეგმური ოპერაცია სჭირდება. მაგრამ, დიაგნოზის დასადასტურებლად და დაავადების სიმძიმის შესაფასებლად, ექიმს დამატებითი ლაბორატორიული კვლევები, კომპიუტერული ტომოგრაფია და ა.შ. სჭირდება. გაჭირვებული გიორგი საგონებელშია ჩავარდნილი: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამ ხარჯს არ ფარავს. დავითი უპრობლემოდ იხდის ამ ხარჯს თავისი ჯიბიდან.

გიორგი ახლობელ- ნათესავებში ფულის სესხებას ახერხებს, დავითის მსგავსად ექიმის მიერ მოთხოვნილ დამატებით კვლევებს იტარებს და, საბოლოოდ, ორივე იგებს, რომ გეგმური ოპერაცია სჭირდებათ. კარგ კლინიკაში ეს ოპერაცია 2000 ლარი ღირს.

გიორგის იმედი აქვს, რომ, როგორც მინისტრმა სერგეენკომ ტელევიზიით გამოუცხადა, ამ თანხის 70%-ს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაფარავს. მაგრამ იგი აღმოაჩენს, რომ ამ ოპერაციის სახელმწიფო ფასი არა 2000, არამედ 1200 ლარია. სახელმწიფოც 1200 ლარის 70%-ს, ანუ 840 ლარს გადაუხდის მხოლოდ. გიორგის არჩევანი კი ასეთია: ან 1160 ლარი ისევ უნდა ისესხოს, ან ისეთი კლინიკა მოძებნოს, სადაც ოპერაცია შედარებით ნაკლები დაჯდება.

დავითი უპრობლემოდ თანხმდება 2000-ლარიან ოპერაციას. თვითონაც კი გადაიხდიდა ოპერაციის საფასურს, მაგრამ 840 ლარი სახელმწიფოსგან ნამდვილად შეღავათია. იგი ძალიან კმაყოფილია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით.

ეს ჩვენი პატარა მაგალითი ნათლად აჩვენებს, რომ გაჭირვებული ადამიანისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არსებითად ვერ წყვეტს ხარისხიანი ჯანდაცვის ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემას. თუმცა საზოგადოების ნაწილში იგი პოზიტიურ განცდას აჩენს: პაციენტები, რომლებსაც თავისითაც შეეძლოთ მკურნალობის ხარჯის ანაზღაურება, სახელმწიფოსგან შეღავათს იღებენ და რატომ არ უნდა იყვნენ კმაყოფილნი?

სადაზღვევო კომპანიებზე გავლენა

2012 წლის ბოლოს დაახლოებით 450,000 ადამიანი სარგებლობდა ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო და/ან კორპორაციული პაკეტით. 2014 წლის ივლისისათვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების ერთი წლის თავზე, კერძოდ დაზღვეულთა რაოდენობა დაახლოებით 120,000 ადამიანით შემცირდა და ეს ხალხი ტვირთად სახელმწიფო ბიუჯეტს დააწვა. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტს მოაკლდა შესაძლებლობა, ჩვენი საზოგადოების უფრო გაჭირვებულ წევრებს (მაგალითად, ქრონიკულ ავადმყოფებს) უფრო მეტად (ვთქვათ, მედიკამენტებით) დახმარებოდა.

ეს 120,000 ადამიანი კერძო/ კორპორაციული დაზღვევიდან საყოველთაო ჯანდაცვაზე შემდეგი შესაძლო მიზეზების გამო გადავიდა:

● ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებამ მოქალაქეთა ნაწილს შემოსავალი შეუმცირა, ნაწილმა კი საერთოდ დაკარგა იგი. შესაბამისად, მათ ვეღარ შეძლეს თავიანთი ჯიბიდან ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტის ყიდვა.

● ვიდრე სადაზღვევო კომპანიები სახელმწიფოს მიერ დაზღვეულ 1,700,000-მდე ადამიანს (6 წლამდე ბავშვები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები) ემსახურებოდნენ, მასშტაბის ეკონომიკა მათ საშუალებას აძლევდა, ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტები მოქალაქეებისათვის გაცილებით იაფად შეეთავაზებინათ. მას შემდეგ, რაც ეს 1,700,000 დაზღვეული მინისტრმა სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე გადაიყვანა, კომპანიებმა ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტები გააძვირეს და, შესაბამისად, უფრო ნაკლებმა ადამიანმა შეძლო მათი ყიდვა.

● დაბოლოს, მთავარი: თუ ზემოთ ნახსენებ პაციენტ დავითს სახელმწიფო ეუბნება, რომ ხარჯების ნაწილს დაუფინანსებს (თუნდაც თავადაც შეეძლოს მათი გადახდა, პირდაპირ ჯიბიდან ან სადაზღვევო პაკეტის ყიდვით), რატომ იტყვის უარს?

ვიმეორებ: იმ ტიპის საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლას, როდესაც სამედიცინო ხარჯების ლომის წილს სახელმწიფო ფარავს, მაღალშემოსავლიანი, განვითარებული ქვეყნები ვერ ახერხებენ. ისინი ცდილობენ, სახელმწიფოს შეზღუდული რესურსები მიზნობრივად ჯანმრთელობის ყველაზე მაღალი რისკის, ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე მიმართონ. ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც 2009-2012 წლებში ამოქმედდა, სწორედ ამ პრინციპზე იყო აგებული.

ისევ ფინანსები

თავი რომ დავანებოთ ჯანდაცვის ბიუჯეტში დეფიციტის წარმოქმნის მაღალ ალბათობას და სახელმწიფო სახსრების არაეფექტიან ხარჯვას (ცოტათი ვეხმარებით არაგაჭირვებულს, მაგრამ საკმარისად ან საერთოდ ვერ ვეხმარებით გაჭირვებულს), აქ თავს სხვა პრობლემაც იჩენს: სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ფასები იზრდება. საქსტატის მონაცემებით, 2013 წლის დეკემბრიდან 2014 წლის დეკემბრამდე ჯანდაცვის სფეროში ფასები საშუალოდ 6.7%-ით გაიზარდა, მათ შორის, სამედიცინო პროდუქციაზე ანუ მედიკამენტებზე – 13.8%-ით.

დავით სერგეენკოს მიერ „რეცეპტის სისტემის“ ამოქმედება წამლებზე ფასების ზრდისა და მედიკამენტების შავი ბაზრის გაჩენის ერთ-ერთი მიზეზია. მაგრამ ძირითადი მიზეზი, რაც უნდა გასაკვირი იყოს არასპეციალისტისათვის, ისევ და ისევ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაა. ჯანდაცვის სამინისტრომ, რა თქმა უნდა, იცის, რომ იგი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაზრდილ ხარჯს ვერ აუვა და ამიტომ ცდილობს, მკურნალობის იმ ნაწილში, სადაც იგი მოქალაქეებს ხარჯს ნაწილობრივ უფინანსებს, ფასები აკონტროლოს (გეგმური ოპერაციების შემთხვევაში სწორედ იმიტომ აწესებს საბაზროზე მცირე ფასს).

სახელმწიფოსგან წამოსულ ასეთ ფინანსურ წნეხს კი სამედიცინო დაწესებულება იმით პასუხობს, რომ ფასებს ზრდის იმ ნაწილში, რომელშიც სახელმწიფო საერთოდ არ ეხმარება პაციენტს (ასეთი ნაწილი კი საკმაოდ დიდია). შესაბამისად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის „სიკეთე“ და მინისტრ სერგეენკოს პოპულიზმი ისევ ჩვენს ჯიბეს აწვება. უფრო მეტიც, შედარებით შეძლებული კიდევ იტანს სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ფასების მატებას, გაჭირვებული ოჯახები კი ამის გამოც უარეს დღეში აღმოჩნდებიან.

ორი პაციენტის – დავითისა და გიორგის ზემოაღწერილი მაგალითი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების ზრდის გასაგებად სხვა მხრივადაც გვეხმარება. გავიმეორებ: გეგმურ ოპერაციამდე მისასვლელად პაციენტს, გარდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსებული შარდისა და სისხლის ანალიზისა, სხვა, საკმაოდ ძვირად ღირებული კვლევები სჭირდება (ფასები მკვეთრად სწორედ აქ გაიზარდა).

წარმოვიდგინოთ, რომ გაჭირვებულმა გიორგიმ დამატებითი ლაბორატორიული კვლევებისათვის საჭირო ან გეგმური ოპერაციისათვის თავისი ჯიბიდან დასამატებელი თანხა ვერ იშოვა და მკურნალობა ვერ გააგრძელა. ამას, უმრავლეს შემთხვევაში, დაავადების გამწვავება მოჰყვება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გიორგი ერთ დღეს შეიძლება მაინც აღმოჩნდეს საოპერაციო მაგიდაზე, ოღონდ უფრო დამძიმებული და სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობით. სახელმწიფო იმით „დაიმშვიდებს თავს“, რომ გადაუდებელი ოპერაციის ხარჯის 100%-ს დაფარავს.

პრობლემები ნათელია: (1) იმის გამო, რომ სახელმწიფომ თავისი შეზღუდული რესურსები გაჭირვებულებზე კი არ მიმართა, არამედ ყველაზე (მათ შორის, შეძლებულ დავითზე), გაჭირვებული გიორგის სიცოცხლე ბედის სასწორზე შეაგდო; (2) გიორგის გართულებული დაავადება სახელმწიფოს გაცილებით ძვირი დაუჯდა, ვიდრე დაუჯდებოდა, გიორგის დამატებითი ლაბორატორიული კვლევების და/ ან გეგმური ოპერაციის ნაწილში უფრო მეტად რომ დახმარებოდა.

აღარაფერს ვამბობ ისეთ შემთხვევაზე, როდესაც რეალურად საჭირო გეგმურ ოპერაციას სამედიცინო დაწესებულება გადაუდებელ ოპერაციად გააფორმებს და ხარჯის 100%-ის დაფარვას ჯანდაცვის სამინისტროს მოსთხოვს. ასეთი ქმედება, იმის მიუხედავად, რომ კანონსაწინააღმდეგო ხასიათისაა, გაჭირვებული გიორგის შემთხვევაში მავანმა შეიძლება გაამართლოს კიდეც: აბა, საქმე მართლა გადაუდებელ, სიცოცხლისათვის საშიშ შემთხვევამდე ხომ არ უნდა მივიდეს? მაგრამ თუ აღმოჩნდება, რომ შეძლებული დავითის გეგმური ოპერაციაც გადაუდებელ ოპერაციად გაფორმდა, მაშინ როგორი იქნება შეფასება?

ეს კითხვები ნათელს ხდის, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩამალული კორუფციული რისკები ასევე ზრდის ამ პროგრამის ბიუჯეტის გარღვევის ალბათობას.


ივანიშვილისა და სერგეენკოს სოციალიზმის მავნე შედეგებს ჯანდაცვის სფეროში მხოლოდ იმით არ ვიგრძნობთ, რომ წამლის საყიდლად ყოვლად უსარგებლო ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა გვიწევს. სამწუხაროდ, დარგში შეწყდა პირდაპირი ინვესტიციები, საავადმყოფოებს კი არ ჰყოფნით რესურსი, რომ სამედიცინო ინფრასტრუქტურა განაახლონ. სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება, რომელიც 2006 წლიდან მოყოლებული განუხრელად იზრდებოდა, გაიყინა და, ინფლაციის ფონზე, მსყიდველუნარიანობაც დაუქვეითდა. ეს ყველაფერი კი, სამწუხაროდ, ისევ და ისევ სამედიცინო მომსახურების ხარისხზე აისახება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *