მცირე და საშუალო კომპანიებისთვის ინტერნაციონალიზაციისა და ექსპორტის მიმართულებით მუშაობა რეალური და ალბათ ერთადერთი გზაა ბიზნესის განვითარებისა და გაფართოებისთვის, რადგან კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა, საერთაშორისო გაყიდვების ზრდით მეტი შემოსავალი, მეტი საერთაშორისო ცოდნა და გამოცდილება მიიღონ და მეტი ადამიანი დაასაქმონ. ბიზნესის ინტერნაციონალიზაცია, ექსპორტზე მუშაობა და მაღალი სეგმენტის საერთაშორისო ბაზრებზე ოპერირება ასევე იძლევა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების საქართველოში იმპორტის მეტ შესაძლებლობას, რაც ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია დღევანდელი გლობალური კონკურენციის პირობებში. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღეს ქართული მცირე და საშუალო კომპანიებისთვის ყველაზე მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, მაღალი ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო სტანდარტების სიმწირე და თანამედროვე ცოდნის ნაკლებობა ბიზნესის მართვაში.
ზოგადად, ეკონომიკასა და ბიზნესში ინტელექტუალური სერვისების განვითარება მნიშვნელოვან როლს თამაშობს და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში სერვისებით ვაჭრობას დიდი (ხშირ შემთხვევაში მზარდად მეტი) წილი უჭირავს ქვეყნის მთლიან სავაჭრო ბრუნვაში, ვიდრე საქონლით ვაჭრობას. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ეს ტენდენცია მზარდია და პროდუქტის მწარმოებელი უმსხვილესი მულტინაციონალური კორპორაციებიც კი ცდილობენ, ეტაპობრივად გახდნენ სერვისების მიმწოდებლები, რაც დიდწილად გლობალური კონკურენციით და ტექნოლოგიური განვითარების მზარდი ტრენდითაა გამოწვეული.
სწორედ ამ რწმენით და მოტივაციით გადავედი სამუშაოდ სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ორი წლის წინ “შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოდან” (Sida) და გადავწყვიტე, მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება, რაც კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის დროს დამიგროვდა, ქართული საჯარო სექტორისთვის გამეზიარებინა ახალ, ინოვაციურ მიმართულებებზე მუშაობის დაწყების მიზნით. შესაბამისად, 2017 წლის ზაფხულში სააგენტოს ექსპორტის მიმართულებით განვსაზღვრეთ დამატებითი სექტორები პროდუქტებში და ქართული მცირე და საშუალო კომპანიების ექსპორტისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის, წახალისებისა და პოპულარიზაციის მიზნით სამუშაო არეალი გავაფართოვეთ, დაახლოებით სამჯერ გავზარდეთ ადგილობრივი და საერთაშორისო აქტივობების რაოდენობა. ინიცირება მოვახდინეთ სერვისების ინტერნაციონალიზაციაზე მუშაობის დაწყებაზე, მოვახერხეთ სააგენტოსთვის ისეთი ახალი სექტორების იდენტიფიცირება, როგორიცაა არქიტექტურა- დიზაინი, ბიზნესის საკონსულტაციო, პროგრამული უზრუნველყოფა და დავიწყეთ სხვადასხვა აქტივობის განხორციელება, რომელთაც ასევე პრიორიტეტულად მიიჩნევდა შვედეთის მთავრობა (Sida) და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC).
სააგენტოს საქმიანობის საექსპორტო მიმართულების მნიშვნელობა არ დარჩენილა შეუმჩნეველი და 2018 წლის მიწურულს “ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან” – “GEclose2EU” (Georgian Enterprises Close To Europe) პროექტი დავიწყეთ, რომლის მთავარ მიზანს ქართული მიკრო–, მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობა წარმოადგენს. პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ არის მხარდაჭერილი და მას ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) ახორციელებს “აწარმოე საქართველოში” სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით. სამწლიანი პროექტი გამოირჩევა უნიკალურობით, რადგანაც მსგავსი შინაარსისა და დიზაინის პროექტი საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა. მისი მთლიანი ღირებულება 2,3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
პროექტი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება და ერთ- ერთი კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილი იქნება ქართული ინტელექტუალური სერვისების ინტერნაციონალიზაცია. კონკრეტულად კი არქიტექტურა- დიზაინის, ბიზნესის საკონსულტაციო და პროგრამული უზრუნველყოფის (IT) სექტორებში მომუშავე ქართული კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდება, რაც ხელს შეუწყობს ევროსტანდარტების ღირებულებებთან, ხედვასა და ტექნოლოგიებთან მათ დაახლოებას, ევროპელ პოტენციურ პარტნიორებთან კავშირების გაფართოებას, ტრენინგების გზით თანამედროვე და გლობალური ბიზნესის მართვის საკითხებსა და სისტემებში ცოდნის ამაღლებას, ტექნიკურ დახმარებაზე (კონკურსის გზით) ხელმისაწვდომობას და საკონსულტაციო მხარდაჭერას ბიზნესის განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციის მიზნით.
შესაძლოა, გაჩნდეს კითხვა, თუ რატომ ავირჩიეთ ინტერიერი, დიზაინი და არა სხვა სექტორი. ინტერიერის თუ პროდუქტის დიზაინი უმნიშვნელოვანესია ბიზნესის წარმატებისთვის, რადგან ნებისმიერ პროდუქტს სჭირდება კარგი ვიზუალი, რაც გარკვეულწილად მთლიანი პროდუქტის წარმატებას განსაზღვრავს. მაგალითად მოვიყვანთ ქართულ ბრენდს – სასტუმრო “რუმსს”, რომელიც შექმნილია ქართველი დიზაინერების (“რუმს დიზაინი”) პირდაპირი კონტრიბუციით. ეს კომპანია საკუთარი ხელწერით გამოირჩევა, რასაც მისი ბრენდის განვითარებაში უდიდესი როლი უჭირავს, რა თქმა უნდა, სხვა ისეთ კომპონენტებთან ერთად, როგორიც არის მომსახურების ხარისხი და პროდუქტი, რომელსაც სასტუმრო ყიდის. ინტერნაციონალიზაციის ერთი მხარე ის გახლავთ, რომ “რუმსი” საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს უცხოელ თუ ქართველ მომხმარებლებში და მისი როლი ქვეყნის ტურიზმის ექსპორტში მნიშვნელოვნად მზარდია. მეორე მხარე კი არის სასტუმროს ინტერნაციონალიზაცია და, როგორც ახლახან დაანონსდა, ქალაქ ნიუ- იორკში აპირებს სასტუმროს გახსნას და ოპერირების დაწყებას. შესაბამისად, არ არის რთული დასანახი, რომ პროდუქტის დიზაინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბიზნესის ინტერნაციონალიზაციაში და პირდაპირ მიბმულია მთლიან ღირებულებათა ჯაჭვის წარმატებაზე.
იგივე შეიძლება ითქვას საკონსულტაციო ბიზნესზე. ის ქვეყნები, სადაც ბიზნესის საკონსულტაციო კომპანიები განვითარების მაღალ ეტაპს აღწევენ, უცხოურ ბაზრებზე ოპერირებენ და კომპანიებს მაღალი ხარისხის მომსახურებას უწევენ, წარმატებულები არიან ეკონომიკასა და ბიზნესში, რადგან, როგორც მომხმარებლებს (მცირე და საშუალო კომპანიებს) შეუძლიათ მიიღონ ისეთი ხარისხის ბიზნესის განვითარების მომსახურება, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს მათ კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ინტერნაციონალიზაციაზე. ბიზნესის საკონსულტაციო სექტორის განვითარება და მათი მომსახურების ხარისხის ზრდა ქვეყანაში ერთ- ერთი ქვაკუთხედია ყველა სექტორში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და გაფართოებისთვის. თუმცა დღეს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ ბიზნესის საკონსულტაციო მომსახურების მოხმარება არ არის ისეთი პოპულარული, როგორიც განვითარებულ ბაზრებზე. შესაბამისად, ამ სექტორის მეტად განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერას სტრატეგიული დატვირთვა აქვს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისთვის.
რაც შეეხება პროგრამული უზრუნველყოფის (IT – software development) სექტორს, რა თქმა უნდა, ეს ის სექტორია, რომლის განვითარების წახალისებისთვის განვითარებულ ქვეყნებში როგორც კერძო, ისე სამთავრობო სექტორიც საკმაოდ სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს. საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე კომპანიების ინტერნაციონალიზაციის მასშტაბისა და ხარისხის ზრდა პირდაპირ გავლენას ახდენს შიდა ბაზარზე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, რადგან კომპანიებს ეძლევათ ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა მაღალი ტექნოლოგიების გადაწყვეტილებებზე შედარებით კონკურენტულ ფასად, რაც ბიზნესის ოპერაციულ ეფექტიანობაზე, კონკურენტუნარიანობის ზრდასა და წარმატებაზე პირდაპირ დადებით გავლენას ახდენს.
მქონდა შესაძლებლობა, გავცნობოდი ისეთი ორგანიზაციების საქმიანობას, როგორიც არის Advantage Austria, Business Sweden–ი, SME Support Japan–ი, და ა.შ., რომლებიც 1970-80 წლებიდან კონცენტრირებულად და სექტორულად მუშაობენ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე ავსტრიაში, შვედეთსა და იაპონიაში, სადაც ასობით ადამიანია დასაქმებული. მრავალწლიანმა მუშაობამ აღნიშნულ ორგანიზაციებს გამოცდილება და ცოდნა დაუგროვა, რამაც მათ ძალიან კარგი შესაძლებლობა მისცა, განევითარებინათ ეფექტიანი ინსტრუმენტები ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, სერვისების ინტერნაციონალიზაციის და ექსპორტის წახალისების, ბიზნესის გაფართოების და განვითარების, ასევე ინოვაციებისა და ტექნოლოგიური მიმართულებებით კომპანიების კონკურენტუნარიანობის ზრდის მხარდასაჭერად.
ავტორი: ზვიად ქვლივიძე, “აწარმოე საქართველოში” სააგენტოს დირექტორის მრჩეველი.
დატოვე კომენტარი