ოცზე მეტი შემდგარი პროექტი, მათ შორის ბრენდული სასტუმროების სამი დასრულებული და ხუთი მიმდინარე მშენებლობა, პლუს ქალაქის ისტორიული ნაგებობების რეკონსტრუქცია – ასე გამოიყურება BK Construction-ის პორტფოლიო.
კომპანია 2017 წელს m2-თან გაერთიანდა და სამშენებლო სექტორში 25-წლიანი გამოცდილების მქონე გუნდმა m2-ის სამშენებლო-საინჟინრო მიმართულება ჩაიბარა. Forbes Georgia-მ შერწყმის შედეგები მოიკითხა. კითხვებს m2-ის მმართველი პარტნიორი და BK Construction-ის გენერალური დირექტორი შოთა ბერეკაშვილი პასუხობს.
დავიწყოთ თავიდან – როგორ მოხვდით სამშენებლო ბიზნესში?
კომპანია BK Construction–ი თავდაპირველად ბაზარზე BK Capital-ის სახელწოდებით გამოჩნდა, თუმცა ის ადამიანები, ვინც ეს კომპანია შექმნა, გაცილებით ადრე გაერთიანდნენ და საქმიანობა რუსეთში, კერძოდ კი მოსკოვში წამოიწყეს. სამშენებლო საქმიანობაში მთავარი სწორად შერჩეული პროფესიონალი ადამიანებია – ამის შემდეგ საწარმოო პროცესი უკვე იდეალურად მიმდინარეობს. იმ ადამიანებს, ვინც დღეს არსებულ კომპანიას დაუდო საფუძველი, სამშენებლო სექტორში მუშაობის 40-წლიანი გამოცდილება აქვთ.
ქუთაისის სამშენებლო ტრესტიდან ამ პროფესიონალების მიერ მამაჩემის თაოსნობით დაწყებულმა საქმიანობამ წლების შემდეგ, კონკრეტულად კი 1992 წელს, განვითარება რუსეთში, მოსკოვში ჰპოვა. ძალიან მნიშვნელოვანი და რთული პერიოდი იყო 90-იანი წლები: მამაჩემმა – თამაზ ბერეკაშვილმა გამოცდილი კადრები შეინარჩუნა, უფრო მეტიც, გამოზარდა და იმ პერიოდში, როდესაც თითქმის არაფერი შენდებოდა, მოახერხა უძლიერესი გუნდის შექმნა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და თავისი კომპანიის წარმატებულად მართვა.
კომპანიის საქმიანობა 1992-იდან 2009 წლამდე ძირითადად სამოქალაქო ტიპის მშენებლობებს მოიცავდა, მათ შორის იყო სკოლების, ბაღების, საოფისე, სავაჭრო და საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობებიც. კომპანია ასევე მუშაობდა კომპლექსური და მრავალფუნქციური უბნების მშენებლობაზეც. 2009-იდან 2017 წლამდე სამშენებლო საქმიანობას უკვე საქართველოში ვაწარმოებდით BK Capital-ის სახელწოდებით, ხოლო რებრენდინგის შემდეგ, 2017 წლიდან, კომპანია BK Construction-ის ბრენდის ქვეშ აგრძელებს მოღვაწეობას.
უბრალოდ სახელი შეიცვალეთ, თუ რაიმე ახალ კონცეფციას მოერგეთ?
რებრენდინგის მიზეზი ის იყო, რომ სწორედ 2017 წელს გაერთიანდა ჩვენი კომპანია m2-თან და ამან გამოიწვია BK Capital-ის ტრანსფორმაცია. ჩამოყალიბდა სრულიად ახალი – თანამედროვე ხედვისა და სტანდარტების განვითარებაზე ორიენტირებული ბრენდი, დიდი გამოცდილებითა და მომავლის მკაფიო ხედვით სახელწოდებაც რელევანტური მოვუფიქრეთ. ჩვენი საქმიანობის ძირითად ნაწილს სწორედ m2-ის პროექტებისთვის ვახორციელებთ, თუმცა აგრეთვე ვმუშაობთ ე.წ. მესამე მხარისთვისაც.
უნდა აღინიშნოს, რომ m2-თან შერწყმა, ერთი მხრივ, იდეალური შესაძლებლობა აღმოჩნდა BK Construction-ისთვის ბაზარზე პოზიციონირების ზრდის თვალსაზრისით, ხოლო მეორე მხრივ, შერწყმის მასშტაბების გათვალისწინებით, ახალი გამოწვევების წყაროდაც იქცა. თუმცა კომპანია ყოველთვის ჯანსაღად უყურებდა გამოწვევებს და ამბიციებიც, განვითარების კუთხით, ყოველთვის დიდი გვქონდა. ტრანსფორმაციამ გაგვზარდა ჩვენც და კიდევ უფრო გააფართოვა m2-ის საქმიანობის არეალიც. დღეს ჩვენი სამშენებლო კომპანია დამკვეთებს კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს, რაც პროექტირების სრულ ციკლსა და სამშენებლო მენეჯმენტის უზრუნველყოფასაც გულისხმობს.
2009 წელს რომ დავუბრუნდეთ და კომპანიის განვითარების ეს ნაწილი რომ ამოვწუროთ: როგორი იყო ბაზარი მაშინ?
2009-2010 წელს საქართველოში სამშენებლო ბაზარი ფორმირების საწყის ეტაპზე იყო. იმ დროს, ფაქტობრივად, არ არსებობდა კომპანია, რომელიც მასშტაბურ მშენებლობებს განახორციელებდა. მაშინ ასეთი კომპანია ბაზარზე, ჩვენი ჩათვლით, მაქსიმუმ ორი-სამი იყო. 2010 წელს ჩვენ ძალიან საინტერესო და ამბიციურ, კომპლექსურ პროექტს ჩავუდექით სათავეში – ეს იყო “საქართველოს ბანკის” სათავო ოფისის რეკონსტრუქცია. სწორედ ამ შენობის მშენებლობა გახლდათ ჩვენი პირველი პროექტი. ის განსაკუთრებული იყო, ერთი მხრივ, არქიტექტურული კომპლექსურობიდან გამომდინარე, რაც, ცხადია, ჩვენთვის, როგორც საინჟინრო-სამშენებლო კომპანიისთვის ერთგვარი გამოწვევა იყო, მეორე მხრივ კი აღნიშნული ნაგებობა გამორჩეულ როლს თამაშობდა ქალაქის იერსახეში და მის იდენტობაში, რაც გაცილებით საპასუხისმგებლოს ხდიდა რეკონსტრუქციაზე მუშაობას. ამას გარდა, საცხოვრებელი კომპლექსისგან განსხვავებით, საოფისე კომპლექსები თვისებრივად უფრო რთული ხასიათისაა: ასეთი პროექტები გაცილებით მეტ საინჟინრო, რადიკალურად განსხვავებულ და კომპლექსურ გათბობა-გაგრილებისა და უსაფრთხოების სისტემებს საჭიროებს. ასეთი მშენებლობების განხორციელების გამოცდილება საქართველოში 2009 წელს სხვა ადგილობრივ კომპანიებს არ ჰქონდათ.
რა გავლენა იქონია თქვენს ბიზნესზე და მის შემდგომ განვითარებაზე წარმატებით განხორციელებულმა პირველმა პროექტმა და შეიძლება ითქვას, რომ ის იყო ყველაზე რთული თქვენი კომპანიისთვის?
ყველაზე გამორჩეულ და საამაყო პროექტად დღემდე, რასაკვირველია, “საქართველოს ბანკის” სათავო ოფისის რეკონსტრუქცია რჩება, რადგან ის თბილისის არქიტექტურის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მასზე მუშაობა დიდ სიფრთხილესა და პასუხისმგებლობას მოითხოვდა. ეს შენობა, ფაქტობრივად, თავიდან დაიბადა. გვეამაყება ფუნიკულიორის რეკონსტრუქციის პროექტიც, რომელიც 2010-2011 წლებში განვახორციელეთ. ისტორიული მნიშვნელობით გამოვარჩევდი მახათის მთაზე ივერიის ღვთის-მშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობას. ამჟამად ჩვენ უდიდეს პროექტს ვახორციელებთ: საუბარია 120 000 კვ/მ სამშენებლო ფართზე – City Mall Saburtalo-ზე, რომლის მშენებლობაც BK Construction-ს ახალი სამშენებლო ტექნოლოგიების შეძენის თვალსაზრისით, 2 700 000 ლარი დაუჯდა. ამ მოცულობითი პროექტის რკინაბეტონის სამუშაოები ერთ წელიწადში დავასრულეთ სწორედ იმ პროფესიონალური დაგეგმარებისა და თანამედროვე სისტემების მეშვეობით, რაზეც უკვე მოგახსენეთ.
მომავლის გამოწვევები კიდევ უფრო დიდია, გამოვარჩევდი თანამედროვე ურბანული განვითარების მიმართულებით უბნის მშენებლობის პროექტს. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად მივმართეთ კანადურ-ამერიკულ კომპანია ZGF–ს, ვისთან ერთადაც დავგეგმეთ თანამედროვე უბნის განვითარების პროექტი 10 ჰექტარზე. ეს პროექტი აერთიანებს საცხოვრებელ, საოფისე და სავაჭრო მიმართულებებს, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს როგორც სარეკრეაციო, ასევე ადაპტირებულ სკვერებსა და სპორტულ მოედნებს. ეს ჩვენთვის განსაკუთრებული პროექტია, ვინაიდან ევროპული და ამერიკული ტიპის ახალ უბანს ვქმნით, რომელიც ქალაქის იერსახეს უფრო მიმზიდველს გახდის. გამორჩეულად სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ქვეყანაში სამი ბრენდული სასტუმრო: Ramada Encore Tbilisi, Moxy Tbilisi by Marriott და Radisson Collection Tsinandali ჩვენ ავაშენეთ. ამ პროექტების განხორციელებით ფასდაუდებელი გამოცდილება მივიღეთ. 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე ჩვენი პროექტების 70% მაინც m2-თან თანამშრომლობით განვახორციელეთ. ერთად შესრულებული ყოველი პროექტი წინას სჯობდა, შესაბამისად, m2-თან გაერთიანება ჩვენი კოლაბორაციის ლოგიკური გაგრძელება იყო.
ფაქტია, დღეს ბაზარი უფრო რეგულირებულია, ვიდრე 10 წლის წინ იყო…
ჩვენ მივესალმებით იმას, რაც ახლა სამშენებლო სექტორთან მიმართებით საქართველოში ხდება. ვგულისხმობ შრომის უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებას. მოხარულები ვართ, რომ აღნიშნული რეგულაცია სხვა დეველოპერულ კომპანიებთან ერთად თანაბარ პირობებში გვაყენებს. მინდა აღვნიშნო იმ ძირეული ცვლილებების სიკეთეც, რაც ასევე ბოლო პერიოდში განხორციელდა და რაც როგორც მშენებლების უსაფრთხოებას, ასევე მშენებლობის ხარისხსაც არეგულირებს.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პროექტებში, რომლებსაც m2-თან ერთად ვახორციელებდით, ამ რეგულაციების ამოქმედებამდეც დაცული იყო ამჟამინდელი ნორმებისა და მოთხოვნების 90 პროცენტი, რაც, მინდა გითხრათ, ყოველთვის საკმაოდ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მომეტებული რისკის მქონე სფეროში ვმუშაობთ ანუ სამშენებლო პროცესში მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული როგორც სპეციალისტების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ისე მშენებლობის ზოგადი სტანდარტები. ჩვენი ინჟინრები თუ მუშა-სპეციალისტები ყოველთვის წარმოადგენდნენ ფასდაუდებელ ღირებულებას კომპანიისთვის. ასე იყო რეგულაციებამდეც და ასეა რეგულაციების ამოქმედების შემდეგაც.
რით მოიგებს ამ ახალ ბაზარზე BK Construction-ი – რა იქნება მისი კონკურენტული უპირატესობა?
ზოგადად სამშენებლო სფერო კომპლექსურია და კონკურენციაზეც ფართო გაგებით შეგვიძლია ვისაუბროთ. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია კონკურენცია საინჟინრო, რკინაბეტონის, ფასადისა და მოპირკეთების სამუშაოების მიმართულებით. ასევე განსხვავებული სურათი გვაქვს პროექტების ტიპების მიხედვით – იქნება ეს საცხოვრებელი, სავაჭრო, სასტუმრო, საოფისე კომპლექსები თუ სხვა. მაგალითად, ყველაზე მძაფრად კონკურენცია საცხოვრებელი სახლების მშენებლობის კუთხით იგრძნობა, რაც აბსოლუტურად პირიქით არის სასტუმროების მშენებლობის მიმართულებით, რადგან ასეთ კომპლექსურ სამუშაოებს ბევრი ქართული კომპანია ვერ ახორციელებს. ჩვენი უპირატესობა ძლიერი და გამოცდილი ინჟინერ-ტექნოლოგიური პერსონალია, რომელიც ერთ გუნდად აერთიანებს როგორც ვეტერან, ისე ახალგაზრდა პროფესიონალებს – ისინი ერთმანეთს უზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას.
ამას გარდა, გვაქვს თანამედროვე სისტემები და ყოველთვის ახლის ძიებაში ვართ, რაც აჩქარებს ნებისმიერი მშენებლობის პროცესს, მოგებიანია როგორც დამკვეთისთვის, ისე შემსრულებლისთვის, ანუ ჩვენთვისაც, რადგან ჩვენ ამ შემთხვევაში ჯანსაღ კონკურენციას ვუწევთ სხვა კომპანიებს ტექნიკურ-სისტემური უზრუნველყოფით გამოწვეული უპირატესობის გამო. მოკლედ რომ გიპასუხოთ თქვენს შეკითხვაზე, კონკურენტულ უპირატესობად რესურსი, გამოცდილება და მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვა მიმაჩნია.
რამდენად ხელმისაწვდომია ამ ქვეყანაში კვალიფიციური მუშახელი და რამდენად რეალური პრობლემაა შრომითი ბაზრის ასიმეტრია, რაზეც ხშირად გვესმის საუბრები?
ჩვენი კომპანიის ძირითადი აქტივი გამოცდილი კადრებია. BK Construction-ი დღეისათვის 150-მდე ინჟინერ-ტექნიკური პერსონალით არის დაკომპლექტებული და ეს ადამიანები ჩვენი სიმდიდრეა, რადგან მათ კონკრეტული საინჟინრო მიმართულებით მუშაობის ათეული წლის გამოცდილება აქვთ და სწორედ ისინი წარმოადგენენ კომპანიის ეგრეთ წოდებულ ბირთვსა და ტვინს. ეს ადამიანები პროექტის დასაწყისისა და განვითარების თითოეულ ეტაპს განსაზღვრავენ და გეგმავენ. ცხადია, პროექტის შემდგომი განვითარება უკვე სპეციალისტი მუშა-პერსონალის საქმე და კომპეტენციაა და ამ მიმართულებითაც კომპანია კვალიფიციური კადრებით არის დაკომპლექტებული. დღევანდელი მდგომარეობით, BK Construction-ში დაახლოებით 1100 ადამიანია დასაქმებული, თუმცა დაგეგმილი მასშტაბური პროექტებიდან გამომდინარე, მომავალ ორ წელიწადში ეს ციფრი მინიმუმ გაორმაგდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში 2500 პროფესიონალს დავასაქმებთ.
რამ უნდა მოიტანოს ეს გაორმაგება? შეგიძლიათ, გაგვიმხილოთ რამდენიმე პროექტი, რომელთაც უახლოეს მომავალში განახორციელებთ?
მომავალი ხუთი წლის განმავლობაში 1 000 000 კვ/მ-მდე აშენებას ვგეგმავთ. ეს ყველაფერი ძირითადად m2-ის პროექტების მეშვეობით განხორციელდება, თუმცა აქტიურად ვმუშაობთ მესამე მხარესთანაც. როგორც უკვე აღვნიშნე, უახლოეს წლებში დაგეგმილი გვაქვს დასაქმებულთა რაოდენობის გაორმაგება, თუმცა რეალობას თვალი რომ გავუსწოროთ, დავინახავთ, რომ დღეს სამშენებლო ბაზარზე ყველაზე მეტად რთულია კვალიფიციური ტექნიკოს-ინჟინრებისა და კონკრეტული სამშენებლო მიმართულებების სპეციალისტების პოვნა. ერთი მხრივ, ჩვენმა მიზანმა კადრების ზრდის თვალსაზრისით, ხოლო მეორე მხრივ არსებულმა რეალობამ მოგვცა მოტივაცია და იდეა, რომ დაგვეფუძნებინა პროფესიული სამშენებლო კოლეჯი – “კონსტრუქტ2” ზესტაფონში. “კონსტრუქტ2” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და დეველოპერული კომპანია “m2 უძრავი ქონების” საერთო პროექტია, რომლის სრული საინვესტიციო ღირებულება 4 მილიონი ლარია. 11 მოკლევადიანი პროფესიული პროგრამით კოლეჯი ყოველწლიურად 600-მდე სერტიფიცირებულ სპეციალისტს, ხოლო სახელმწიფო პროგრამით დიპლომირებულ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების სპეციალისტებს მოამზადებს. სტუდენტების პირველი ნაკადის მიღებას კოლეჯი მარტში გეგმავს. ეტაპებს რაც შეეხება, კურსი 2-3-თვიან აკადემიურ სწავლებას, ხოლო შემდეგ ჩვენს ობიექტებზე სამთვიან ანაზღაურებულ პრაქტიკულ გადამზადებას მოიცავს. სწავლა “კონსტრუქტ2”-ში უფასოა, ხოლო კურსდამთავრებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ, BK Construction-ის პროექტებში დასაქმდნენ.
მოკლედ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი: რა არის მთავარი ამ ბიზნესში წარმატების მისაღწევად?
იცოდე, რის მიღწევა გინდა და ვისთან ერთად. როდესაც მოსკოვში ვსაქმიანობდით, სულ იმაზე ვფიქრობდით, მალე დავბრუნებულიყავით ჩვენს სამშობლოში. საქართველოში გვინდოდა ხარისხიანი და მასშტაბური პროექტების განხორციელება. მოსკოვშიც, რამდენ ასეთ პროექტსაც ხელს მოვკიდებდით, იმდენჯერ გავიფიქრებდით ხოლმე, რომ იგივე საქმეს შეიძლება ჩვენს ქვეყანაში ვაკეთებდეთ. მაგრამ იმ დროს, 90-იან წლებში, ჩვენი საქმის კეთება საქართველოში გამორიცხული იყო. ჩვენ შევძელით მთავარი – შევინარჩუნეთ პროფესიონალების გუნდი, რომელიც მკაფიოდ არის შეთანხმებული ყველა იმ ღირებულებაზე, რამაც საქმის წარმატება უნდა განაპირობოს -კვალიფიციურია, მოტივირებული, ერთ მუშტად და ოჯახად შეკრული. ბედნიერი ვარ, რომ დღეს ჩემს მთავარ ოცნებას ვისრულებთ – დავბრუნდით საქართველოში და აქ ვაკეთებთ საქმეს, რომელიც გვიყვარს, იგივე გუნდით და ახალი შემართებით.
დატოვე კომენტარი