2018 წელს საქართველოში მოქმედმა ტელეარხებმა ჯამში 137.2 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც 2017 წლის მონაცემს 9.4 მლნ ლარით ჩამოუვარდება.
ტელევიზიების მთლიანი შემოსავლებიდან 48.9 მლნ ლარი მოდის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ხოლო 7.6 მლნ ლარი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე. შესაბამისად, თუკი საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ ტელეარხებს გამოვაკლებთ, კერძო მაუწყებლების შემოსავლები გასულ წელს 80.7 მლნ ლარი იყო, რაც ასევე ჩამორჩება 2017 წელს კერძო ტელეარხების მიერ მიღებულ შემოსავლებს – კერძოდ კი ბოლო ერთ წელში ტელევიზიების შემოსავლები 16.9 მლნ ლარითაა შემცირებული.
2018 წელს ყველაზე მეტი შემოსავალი შემდეგმა ათმა ტელეარხმა მიიღო:
- საზოგადოებრივი მაუწყებელი – 48.4 მლნ ლარი
- რუსთავი 2 – 32.2 მლნ ლარი
- ტელეიმედი – 28.6 მლნ ლარი
- აჭარის ტელევიზია და რადიო – 7.6 მლნ ლარი
- ტელეკომპანია პირველი – 3.3 მლნ ლარი
- სილქნეტი – 2.9 მლნ ლარი
- იბერია-TV – 2.1 მლნ ლარი
- მედია კავშირი ობიექტივი – 1.9 მლნ ლარი
- ჯი-დი-ეს თი-ვი – 1.5 მლნ ლარი
- სეტანტა ჯორჯია – 0.6 მლნ ლარი
რაც შეეხება სპონსორობიდან და რეკლამიდან მიღებულ შემოსავლებს, ამ გზით საქართველოში მოქმედმა ტელეარხებმა ჯამში 67.2 მლნ ლარი მიიღეს, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 1.9 მლნ ლარით ჩამოუვარდება.
რეკლამიდან და სპონსორობიდან ყველაზე მეტი შემოსავალი შემდეგმა ტელევიზიებმა მიიღეს:
- ტელეკომპანია რუსთავი 2 – 27.1 მლნ ლარი
- ტელეიმედი – 21.9 მლნ ლარი
- ტელეკომპანია პირველი – 3.2 მლნ ლარი
- საზოგადოებრივი მაუწყებელი – 2.8 მლნ ლარი
- სილქნეტი – 2.1 მლნ ლარი
- იბერია TV – 2.1 მლნ ლარი
- ჯი-დი-ეს თი-ვი – 1.5 მლნ ლარი
- სეტანტა ჯორჯია – 0.6 მლნ ლარი
- რ.ბ.ჯ. – 0.5 მლნ ლარი
- ტელეკომპანია კავკასია – 0.4 მლნ
აღსანიშნავია 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც ორ ტურად ჩატარდა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, წინასაარჩევნო პერიოდში, პირველ და მეორე ტურში, სატელევიზიო კომპანიებში განთავსებული უფასო პოლიტიკური რეკლამის მიახლოებითი სატელევიზიო ღირებულება 30 მილიონი ლარი იყო, ხოლო ფასიანი პოლიტიკური რეკლამის საერთო ღირებულებამ – 8 მილიონი ლარი შეადგინა. საარჩევნო სუბიექტების მიერ ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების საერთო ღირებულებამ ჯამში დაახლოებით – 38 მილიონი ლარი შეადგინა.
დატოვე კომენტარი