“რომპეტროლი” დღეს წარმოების სრულ ციკლს აერთიანებს, რაც იმას გულისხმობს, რომ ჯგუფი თავად მოიპოვებს ნედლ ნავთობს, პეტრომიდიის ქარხანაში მას გადაამუშავებს და, ბოლოს, მიღებული უმაღლესი ხარისხის საწვავის რეალიზებას ახდენს მსოფლიოს 11 ქვეყანაში, მათ შორის – საქართველოშიც.
ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა, რომლის ისტორიაც უნდა გიამბოთ, 480 ჰექტარზეა განთავსებული. მისი მასშტაბების უკეთ წარმოსადგენად გეტყვით, რომ ქარხნის ტერიტორიაზე შესვლისას გიჩნდებათ გრძნობა, რომ ცალკე მდებარე ქალაქში მოხვდით, რომელიც, ერთი მხრივ, სრულიად მოწყვეტილია სტანდარტულ საცხოვრებელ მიდამოს, მეორე მხრიდან კი მას მიდიის პორტი ესაზღვრება. ეს უკანასკნელი რუმინეთში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ტერიტორია, სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ისტორიულად იყო და არის როგორც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ერთმანეთთან, ასევე აღმოსავლეთის ქვეყნების დასავლეთთან დამაკავშირებელი კვანძი. უკვე 40 წელია, მიდიის პორტიდან ნავთობი პეტრომიდიის ქარხანას მიეწოდება.
“ამ გზით ნავთობი მსოფლიოში უმსხვილესი ტანკერებით მიეწოდება პეტრომიდიის ქარხანას. მოპოვებისა და მიწოდების სრული ციკლი კი საბოლოოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქციის შექმნას ემსახურება”,- გვიყვება პეტრომიდიის ქარხნის თანამშრომელი. მთავარ რეზერვუარამდე, რომელიც ნაპირიდან ათ კილომეტრში მდებარეობს, საზღვაო ტანკერით მივედით. შემოდგომით ზღვა მშვიდია, თუმცა ეკიპაჟი გვიყვება, რომ ზამთარში შავი ზღვის სანაპიროზე ტალღების სიმაღლე 5-6 მეტრს აღწევს, ტემპერატურის ვარდნასთან ერთად კი იყინება და მეზღვაურებს ტერმინალამდე მისასვლელად მათი დამტვრევა უწევთ.
ნავთობისა და გაზის უმსხვილესი ინდუსტრიის ისტორია სწორედ რუმინეთში იწყება. მიუხედავად იმისა, რომ თავად ნავთობის რესურსებით მდიდარი არაა, ის მსოფლიოში პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ნავთობის წარმოება დაიწყო და პირველი მსოფლიო ომის დროს ევროპის ყველაზე მსხვილ ნავთობმწარმოებლად იქცა. იმ დროს ბუქარესტი მსოფლიოში პირველი ქალაქი გახლდათ, რომლის ქუჩებიც 1000-მდე ნავთის ლამპიონით ნათდებოდა.
პეტრომიდიის ქარხნის ისტორია კი 1979 წლის 29 ივნისს იღებს სათავეს. მაშინ კომპანიის წლიური წარმადობა მხოლოდ 1.2 მლნ ტონას შეადგენდა. 40 წლის განმავლობაში კომპანიამ მოქმედების არეალი აღმოსავლეთ ევროპიდან დასავლეთ ევროპამდე გაზარდა. დღეს “პეტრომიდია” სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და მთელ შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და ულტრათანამედროვე ნავთობგადამმუშავებელი ქარხანაა, რომლის მიერ გადამუშავებული ნავთობი კომპანია “რომპეტროლს” მიეწოდება. “რომპეტროლი” დღეს წარმოების სრულ ციკლს აერთიანებს, რაც იმას გულისხმობს, რომ ჯგუფი თავად მოიპოვებს ნედლ ნავთობს, პეტრომიდიის ქარხანაში მას გადაამუშავებს და, ბოლოს, მიღებული უმაღლესი ხარისხის საწვავის რეალიზებას ახდენს მსოფლიოს 11 ქვეყანაში, მათ შორის – საქართველოშიც. რუმინეთი უკვე წლებია, საქართველოში საწვავის უმსხვილესი მომწოდებელია. კერძოდ, სწორედ რუმინეთზე მოდის საქართველოში შემოსული ბენზინისა და დიზელის საწვავის 30%-მდე და ამ მაჩვენებლით ის მეორე ადგილს იკავებს რუსეთის შემდეგ. 2019 წლის პირველ ნახევარში საქართველოში რუმინეთიდან 130,2 ათასი ტონა საწვავი შემოვიდა, რაც მთლიანი მოცულობის 26.3%-ია. რუმინეთს მცირედით უსწრებს რუსეთი (151,8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 30,7%-ს შეადგენს).
რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა “რომპეტროლი”? – ვეკითხები “რომპეტროლ საქართველოს” გენერალურ დირექტორს, ზამანბეკ მირზაიანოვს. პასუხი ლაკონიური, თუმცა ამომწურავია: “ჩვენ მხოლოდ ევროპული სტანდარტის საწვავს ვაწარმოებთ, შესაბამისად, თუკი მომხმარებლისთვის ხარისხი მნიშვნელოვანია, “რომპეტროლი” ნომერ პირველი არჩევანია”.
ბოლო 12 წელია, “პეტრომიდიას” ყაზახური ჯგუფი KazMunayGas International-ი (KMGI) ფლობს. ყაზახეთის ნავთობის იმპერია წელს საიუბილეო თარიღსაც ზეიმობს – შავი ოქროს პირველი საბადოები ამ ქვეყანაში 120 წლის წინ აღმოაჩინეს.
34 წლის ზამანბეკ მირზაიანოვი საქართველოში ორი წელია, რაც მუშაობს. ის KMGI-ის გუნდს ყაზახეთში 2013 წელს შეუერთდა. თავის გადაწყვეტილებას, ემუშავა საქართველოში, ხსნის როგორც ახალ გამოწვევას განსხვავებული მოვალეობებით და პასუხისმგებლობებით. KMGI-ის პორტფოლიო დღეს 14 ქვეყანას და 20-ზე მეტ შვილობილ კომპანიას მოიცავს. ზამანბეკ მირზაიანოვი ერთმანეთისგან არ განარჩევს საქართველოსა და ევროპის ბაზრებს. თუმცა ამბობს, რომ საქართველო 2017-2018 წლებში საკმაოდ რთული ბაზარი იყო. კომპანიას ერთდროულად მოუწია ორ მნიშვნელოვან პრობლემასთან შეჭიდება. ესენია: ლარის გაუფასურება და საწვავზე აქციზის გადასახადის ზრდა.
“დღეს საქართველოში ინვესტორებისთვის მთავარ პრობლემას ლარის კურსი ქმნის. ჩვენ პროდუქციას დოლარში ან ევროში ვყიდულობთ, აქ კი ლარში ვყიდით. ლარის გაუფასურება საგრძნობლად აზარალებს საერთაშორისო ინვესტორებსა და ბიზნესს. ძალიან მნიშვნელოვანია, ლარი გამყარდეს, რომ ეკონომიკამ სტაბილურობა შეიძინოს. ჩვენ საქართველოში ინვესტირების დიდი გეგმები გვაქვს, მაგრამ მათი გადავადება გვიწევს და ამის მთავარი მიზეზი დღევანდელი არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობაა. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკის აღმნიშვნელი რიცხვები უმჯობესდება. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ კურსის მერყეობას ბაზარზე არსებული სპეკულაციები და პანიკა იწვევს. ჩვენ იმავე სიტუაციას გლობალურად, სხვადასხვა ბაზრის შემთხვევაშიც ვაკვირდებით”, – ამბობს მირზაიანოვი.
2019 წელს კომპანია ახალი გამოწვევის წინაშე დადგა, როცა ე.წ. “ოქროს სია” და სანიმუშო საგადასახადო დისციპლინის მქონე კომპანიებისთვის მასთან დაკავშირებული ბენეფიტები გაუქმდა. “ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორები ვართ. ‘ოქროს სიის’ გაუქმება ჩვენს ფინანსებსა და ფინანსურ მაჩვენებლებზე ბუნებრივად გაზრდილი წნეხია. ეს აუცილებლად აისახება პროდუქტის ფასში. გადასახადების დროულად დაფარვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და არც არასდროს ვაგვიანებთ, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ 2-3 კვირა გვჭირდება პროდუქტის შესაძენად, შემდეგ ევროპიდან საქართველოში ჩამოსატანად, იმპორტთან დაკავშირებული ფორმალობების გასავლელად და საქართველოს ბაზარზე მის გასაყიდად”, – განმარტავს მირზაიანოვი.
“რომპეტროლი” ქართულ ბაზარზე 2005 წელს შემოვიდა. მას შემდეგ კომპანიამ მთლიანი ბაზრის 19%-ის დაკავება შეძლო, თუმცა სამომავლო გეგმები უფრო ამბიციურია: “რომპეტროლი” გეგმავს, უახლოეს რამდენიმე წელიწადში საკუთარი წილი ბაზარზე 25%-მდე, სადგურების რაოდენობა კი 2020 წლამდე 10-ით გაზარდოს.
“საქართველოს საინვესტიციო გარემოს 2005 წლიდან ვაკვირდებით და ის ყოველ წელს უმჯობესდება. საქართველოში შემოსვლის დღიდან “რომპეტროლი” მომხმარებლებს მხოლოდ ევროპული სტანდარტის საწვავს აწვდის, რომელიც ევროკავშირის ტერიტორიაზე, კერძოდ კი პეტრომიდიის ქარხანაშია გადამუშავებული. ერთადერთი გეგმა, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით გვაქვს, განვითარება და ბაზრის წილის გაზრდაა”, – ამბობს ზამანბეკ მირზაიანოვი.
“საქართველოს ბაზარზე განვითარებას განვაგრძობთ. ჩვენი გეგმა საკმაოდ ამბიციურია – უახლოეს წლებში ბაზრის 25%-ის დაკავება გვსურს. ამას კი დამატებითი ინვესტიციებით მივაღწევთ, რომელთა განხორციელებასაც საქართველოში ვაპირებთ. საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, საკმაოდ ძლიერი კონკურენციაა, ჩვენ ძლიერი კონკურენტები გვყავს, თუმცა უახლოეს პერიოდში საცალო ბაზარზე ჩვენს წილს გავზრდით”, – ამბობს ვლადისლავ რუსნაკი, KMGI ჯგუფის მარკეტინგისა და საცალო გაყიდვების დირექტორი.
უკვე 12 წელია, “პეტრომიდიის” მფლობელი ყაზახური ჯგუფი “კაზმუნაიგაზ ინტერნეიშენალია” (KMGI). ნავთობის იმპერიაში ყაზახეთისთვისაც საიუბილეო წელია – ქვეყანაში შავი ოქროს პირველი მოპოვებიდან 120 წელი გავიდა.
40 წლის იუბილე კი კომპანია “რომპეტროლმა” 11 რეკორდული მაჩვენებლით აღნიშნა. კერძოდ, მოდერნიზაციის ყოვლისმომცველი პროგრამის შედეგად, რომელშიც 450 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, “პეტრომიდიის” წლიური წარმადობა 5.9 მილიონ ტონამდე გაიზარდა და ქარხანა რეგიონში ტექნოლოგიურად ყველაზე მოწინავე და თანამედროვე ობიექტად იქცა. მხოლოდ 2019 წელს 50 მლნ დოლარია გამოყოფილი ქარხნის ტექნოლოგიური განახლებისთვის.
“საქართველოს ბაზარზე ჩვენი განვითარება გრძელდება. ამბიციური გეგმა გვაქვს, უახლოეს მომავალში ბაზრის წილი 25%-მდე გავზარდოთ. ამ მიზნის მიღწევას საქართველოში ინვესტირების ზრდით ვაპირებთ. აქაც – ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, კონკურენცია ძალიან მაღალია. თუმცა, საცალო ბაზარზე წილს მალე გავზრდით”, – ამბობს KMGI Group-ის მარკეტინგისა და საცალო გაყიდვების დირექტორი ვლადისლავ რუსნაკი.
საქართველოს ბაზარზე საწვავს რამდენიმე მსხვილი საერთაშორისო ბრენდი ჰყიდის. ზამანბეკ მირზაიანოვს გულწრფელად სჯერა, რომ ჯანსაღ კონკურენციას კომპანიასა და მომხმარებელზე – ორივეზე დადებითი ეფექტი აქვს. მისთვის მთავარი გამოწვევა მცირე ზომის, არაბრენდირებული კომპანიებია. მირზაიანოვის თქმით, ასეთ კომპანიებზე საქართველოს ბაზარზე ჯამურად არსებული ბენზინგასამართი სადგურების 45%-ი მოდის, რაც არაჯანსაღ გარემოს ქმნის რამდენიმე მიზეზის გამო: “ბენზინგასამართ სადგურებთან მიმართებით, “რომპეტროლი” სრულად აკმაყოფილებს როგორც საქართველოს კანონმდებლობის ყველა მოთხოვნას, ასევე საკუთარ მკაცრ რეგულაციებსაც. ამდენად, ჩვენ გვიჭირს იმ მცირე ზომის მოთამაშეებთან კონკურირება, რომლებზეც ასეთი რეგულაციები არ ვრცელდება. მთავრობამ ყურადღება უნდა მიაქციოს ტექნიკური რეგულირების თემას, განსაკუთრებით ისეთი რეგულაციების ნაწილში, რომლებსაც პირდაპირი გავლენა აქვს უსაფრთხოებასა და გარემოზე. ჩვენთვის, ჩვენს ბიზნესსაქმიანობაში, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სადაც ვოპერირებთ, ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს ასპექტების დაცვა ნომერ პირველი პრიორიტეტია”.
1400-ზე მეტი ბენზინგასამართი სადგური და 60 მილიონამდე მომხმარებელი წლიურად – დღეს “რომპეტროლი” ნავთობპროდუქტების მიმწოდებელი ტოპ- მოთამაშეა ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ოპერირებს. კომპანიის წარმატებაზე მეტყველებს საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებიც: Solomon Associate-ის ანგარიშით, დღეს პეტრომიდიის ქარხნის ინდექსი, რომელიც ნავთობგადამმუშავებელი ქარხნების სტანდარტს აფასებს, 11.4-ია, რაც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. ამავე შეფასებით, კომპანიის უტილიზაციის მაჩვენებელი 90%-ს აღწევს (შედარებისთვის ევროპაში საშუალო მაჩვენებელი 83%-ია). Wood MacKenzie-ის 2018 წლის მონაცემებით კი ქარხნის წარმადობა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და ის მეცხრე ადგილზეა ევროპისა და აფრიკის 250 გადამმუშავებელ ქარხანას შორის.
ჯგუფის მფლობელობაშია ასევე მეორე ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა “ვეგა”, რომელსაც 114-წლიანი ისტორია აქვს. იგი კლასიკური ნავთობგადამმუშავებელი ქარხნიდან ნახევრად გადამუშავებული ნავთობპროდუქტების მწარმოებელ და მომწოდებელ კომპანიად გადაიქცა, რომელიც სრულყოფს “პეტრომიდიის” მიერ მიწოდებულ ნახევრად გადამუშავებულ ნავთობპროდუქტს.
ევრო 5-ის სტანდარტს საქართველო მომავალი წლიდან დანერგავს. ამას ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს. შედეგად, ბაზრის არაერთ მოთამაშეს ბიზნესმოდელის შეცვლა მოუწევს, თუმცა “რომპეტროლის” კლიენტები უკვე წლებია, ევრო 5-ის ევროპულ სტანდარტს იყენებენ.
“ჩვენი ქარხანა ევროპაში მდებარეობს. შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ ევროპული ხარისხის საწვავს ვაწარმოებთ. საქართველოში ჩვენი კონკურენტების ნაწილს მიწოდების პოლიტიკის შეცვლა მოუწევთ, რადგან მათ არა აქვთ საკუთარი ქარხნები, მაგრამ არ მგონია, რომ ეს რთული პროცესი იქნება”, – ამბობს ზამანბეკ მირზაიანოვი და იქვე დასძენს, რომ ევრო 5-ის სტანდარტზე გადასვლა საბაზრო ფასის ოდნავ მატებას გამოიწვევს, თუმცა ეს მთლიანად იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ დაარეგულირებს მთავრობა ამ ბაზარს. “ჩვენს პროდუქციაზე ფასს მთლიანად ბაზარი არეგულირებს. თუ კომპანიები იაფ პროდუქტს ყიდულობენ, ისინი ხარისხის ჩვენს სტანდარტს ვერ შესწვდებიან. სხვა კომპანიების მსგავსად, ჩვენ წაგებაზე ბიზნესს ვერ ვამუშავებთ – ნებისმიერ ნორმალურ კომპანიას შემოსავლები და მოგება სჭირდება, სხვაგვარად ბიზნესს ვერ ვაწარმოებთ”, – აცხადებს ზამანბეკ მირზაიანოვი.
მირზაიანოვს სჯერა, რომ ევროპული სტანდარტის დანერგვას დადებითი გავლენა ექნება გარემოსა და მოსახლეობაზე. მისივე შეფასებით, საქართველოს ბევრ დიდ ქალაქში გარემო უფრო დაბინძურებულია, ვიდრე ევროპაში. ამის მთავარ მიზეზად კი დაბალი ხარისხის საწვავს და შედეგად, მძიმე გამონაბოლქვს ასახელებს. “ჩვენ, როგორც საერთაშორისო კომპანია, მხარს ვუჭერთ საქართველოს გადაწყვეტილებას, დანერგოს ევროპული ტიპის რეგულაციები”, – ამბობს მირზაიანოვი.
საქართველო ნავთობის ნეტო-იმპორტიორია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასის ცვლილება ერთდროულად რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორისაა: ნედლი ნავთობის ფასი; ლარის კურსი და საგადასახადო სისტემა.
ჩემი შემდეგი შეკითხვა კომპანიის წარმომადგენლებთან სწორედ საწვავის ფასს ეხება. ზამანბეკ მირზაიანოვი აღნიშნავს, რომ საწვავი დღეს საქართველოში უფრო იაფია, ვიდრე რუმინეთში, სადაც კომპანიას ტრანსპორტირების ხარჯი აქვს: “ჩვენ გამუდმებით და დიდი ყურადღებით ვაკვირდებით კონკრეტულ ბაზრებზე არსებულ მიმდინარე ტენდენციებს. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში საწვავის ფასი გაცილებით უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე სხვა ქვეყნებში, მაგალითად, რუმინეთში, – ჩვენს მთავარ ბაზარზე – სადაც საშუალო ფასი ლიტრზე 1.3 ევროს შეადგენს, მაშინ როცა საქართველოში ფასი 1 ევროზე ნაკლებია”.
კომპანია “რომპეტროლის” ბიზნესერთეულის საცალო ოპერაციების დირექტორი ანკა ბანჩუ კი განმარტავს, რომ, ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში საწვავის ფასი ნაკლები ცვალებადობით ხასიათდება. ასე მაგალითად, გერმანიის ბაზარზე საწვავის ფასი შესაძლოა დღეში 3-4-ჯერაც შეიცვალოს. “საქართველოში საწვავის ფასი საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ ტრენდს მისდევს. რუმინეთსა და გერმანიაში საწვავის ფასი დღეში რამდენჯერმე იცვლება, საქართველოს ბაზარი კი ამ მხრივ საკმაოდ სტაბილურია. ევროპაში ფასზე გავლენას სეზონურობაც ახდენს – როდესაც მეტია მომხმარებელი, ფასი იზრდება, ნაკლები მოთხოვნის პარალელურად კი მცირდება.
საქართველოში განსხვავებული გარემოა, განსხვავებულია კონკურენციის პირობებიც. ქვეყანაში მსხვილი სადგურების გარდა ოპერირებენ არაბრენდირებული სადგურებიც, რომლებსაც მნიშვნელოვანი წილი უკავიათ ბაზარზე”, – ამბობს ანკა ბანჩუ.
ზამანბეკ მირზაიანოვი ბაზრის კიდევ ერთ ცვლილებაზე აკეთებს აქცენტს. ბაზარზე ჰიბრიდული და ელექტრომობილების წილის ზრდასთან ერთად, კომპანიის დირექტორი ელის, რომ საწვავზე გლობალური მოთხოვნა ოდნავ დაიკლებს.
“პირადად მე არ მჯერა, რომ მომდევნო 20-30 წლის განმავლობაში მსოფლიო მთლიანად ელექტრომობილებზე გადაერთვება, მაგრამ ბაზარზე მათი წილი იზრდება”, – ამბობს მირზაიანოვი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საცალო ბაზარზე არსებულმა კომპანიებმა უკვე დაიწყეს საკუთარი პროდუქტებისა და სერვისების პორტფოლიოს დივერსიფიცირება, რადგან მხოლოდ ბენზინგასამართი სადგურების მუშაობას მოგება აღარ მოაქვს: “ვხედავთ, რომ ევროპის ზოგიერთ ბაზარზე ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის გაყიდვები მოგების მინიმალურ მარჟას ტოვებს, თითქმის ნულთან ახლოს. გლობალური ტრენდი კომპანიებს უბიძგებს, მომხმარებლებს უფრო დივერსიფიცირებული პროდუქტები შესთავაზონ. მაგალითად: ბენზინგასამართ სადგურებზე სულ უფრო მეტ კაფეს და მაღაზიას ნახავთ. ეს არის საცალო ფასების მთავარი მამოძრავებელი დღეს”, – ამბობს მირზაიანოვი.
ორმოცწლიანი ისტორიის მქონე კომპანია კიდევ ერთი ფაქტით იპყრობს ჩემს ყურადღებას. წელს “რომპეტროლმა” კომპანიის ვეტერანი თანამშრომლები დააჯილდოვა. ამაში განსაკუთრებული არაფერია, რომ არა ერთი ციფრი – დღეს კომპანიას 55 თანამშრომელი ჰყავს, რომლებიც “რომპეტროლში” მისი შექმნის დღიდან, ანუ უკვე 40 წელია, საქმიანობენ. ეს კი უდავოდ მეტყველებს კომპანიის სწორ მართვასა და თანამშრომელთა მოტივაციაზე – იმუშაონ კომპანიაში, რომლის განვითარება მათი პროფესიული და კარიერული ზრდის პირდაპირპროპორციულია.
დატოვე კომენტარი