Forbes Georgia-სთან კომპანია “ანაგის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა ისაუბრა.
სამშენებლო სექტორის ლიდერი კომპანია “ანაგი” 30 წლის გახდა. ამ პოზიციების გასამყარებლად გამოცდილ მშენებელთა ჯგუფს ასეთი რიცხვები ეხმარება: სამი ათეული წლის მანძილზე კომპანიამ ბიუჯეტში 300 მლნ–მდე ლარი შეიტანა, მხოლოდ 2018 წელს კომპანიის ბრუნვამ 250 მლნ მიაღწია, ჯგუფის მიერ სამი ათეული წლის განმავლობაში დასრულებული ობიექტების რიცხვი 250–ს აღწევს, აქ დასაქმებულთა რაოდენობა კი 3000–მდე ადამიანს ითვლის.
“ანაგის” ძირითად საქმიანობას სამოქალაქო-სამრეწველო მშენებლობა წარმოადგენს და მისი აქტივობა ამ დარგის სრულ სპექტრს მოიცავს. კომპანია დამკვეთებსა და პარტნიორებს მომსახურების სრულ სერვისულ პაკეტს სთავაზობს – საპროექტო სამუშაოებით დაწყებული, ობიექტის ექსპლუატაციაში ჩაბარებით დასრულებული.
მყარად ანაგები 30-წლიანი ისტორიის ხელისგულზე კომპანიის პორტფელში შესრულებული ობიექტების შთამბეჭდავი ნუსხაა: თვითმფრინავების კომპოზიციური ნაწილების ქარხანა, “გალერია თბილისი”, ორბელიანის, გუდიაშვილის მოედნებისა და თბილისის საკრებულოს შენობის რეაბილიტაცია, სასტუმრო “ჰილტონი” და “პიაცა” ბათუმში, სავაჭრო და გასართობი ცენტრი “ისთ ფოინთი”, თითქმის ყველა წამყვანი დეველოპერული კომპანიის პროექტები, გასართობი და სპორტული კომპლექსები, მიწისქვეშა პარკინგი, სამრეწველო ობიექტები.
ამ სირთულის პროექტებს კი მშენებლების ეს ჯგუფი, თავის მხრივ, “ანაგის” ბრენდის ქვეშ გაერთიანებული კომპანიებით უმკლავდება. სამშენებლო ტექნიკასა და მანქანა-დანადგარებს “ანაგი მექანიზაცია” მართავს, საშენი მასალების თანამედროვე ქარხანას შპს “ლუგო” ოპერირებს, მასალებისა და ნაკეთობების აკრედიტაციას საგამოცდო ლაბორატორია შპს “მშენტექკონტროლი” უზრუნველყოფს, რომელიც ნორმატიული დოკუმენტაციით გაწერილი მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობს, საპროექტო სამუშაოები კი კიდევ ერთ დამოუკიდებელ ჯგუფს აბარია. ამ მიმართულებებს წელს საქმიანობის კიდევ ერთი ხაზი, “ანაგი დეველოპმენტი” დაემატა, რომელიც საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას გეგმავს. პირველი დეველოპერული პროექტი თბილისში განხორციელდება. ამ საეტაპო წლის გეგმებზე და 30-წლიან მიღწევებზე Forbes Georgia-სთან “ანაგის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა ისაუბრა.
დავიწყოთ “ანაგის” პირველი ნაბიჯებით სამშენებლო სექტორში, რაც, სავარაუდოდ, 1989 წლის საქართველოში არც ისე მარტივი იქნებოდა. რა ფინანსური კაპიტალი და გამოცდილება ჰქონდათ კომპანიის დამფუძნებლებს?
ეს ის დროა, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და სახელმწიფო მშენებლობის ახალ გზას დაადგა. ამ პერიოდში კოოპერატიული წარმონაქმნები გაჩნდა და “ანაგის” პირველი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა სწორედ კოოპერატივი იყო. იმ დროისთვის ერთადერთი კაპიტალი მაინც ადამიანური კაპიტალი, დამფუძნებლების ინტელექტუალური რესურსი გახლდათ. პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებულებს ჰქონდათ გარკვეული გამოცდილება, ერთი მხრივ, სასწავლებლიდან და მეორე მხრივ – პრაქტიკული, სტაჟირების კვალობაზე. თანხას რაც შეეხება, თუ სწორად მახსოვს, მათ სულ რაღაც 500 დოლარი ჰქონდათ. დღეს, ცხადია, წარმოუდგენელია ამ თანხით ასეთი საქმის დაწყება.
რომელი იყო ის პირველი პროექტები, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა “ანაგის” საქმიანობაში?
საქმიანობის პირველ წლებში ბევრი პროექტი იყო აჭარაში, ბათუმში: ღვინის ქარხნის რეაბილიტაცია, სასწავლებლებისა და უნივერსიტეტის რეკონსტრუქცია და ა.შ.
ამას მოჰყვა ფოთის ნავსადგურში განხორციელებული ინდუსტრიული პროექტები – ტერმინალის, გემის სადგომების მშენებლობა. ამ ტიპის სამუშაო ბევრი სამშენებლო კომპანიისთვის დღესაც რთულად შესასრულებელია, რადგან აქ პროფესიონალიზმის, კვალიფიკაციისა და საინჟინრო გადაწყვეტების ერთობლიობაა საჭირო.
რა არის თქვენი ჯგუფის კონკურენტული უპირატესობა?
ხარისხი, სამუშაო პროცესის გონივრულ ვადებში დაგეგმვა- განვითარება, უწყვეტი სამშენებლო ციკლი და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. გასათვალისწინებელია სპეციფიკური კონიუნქტურა ადეკვატური ფასწარმოქმნისას.
რა სერვისი შეიძლება მიიღოს მომხმარებელმა ერთი ფანჯრის პრინციპით “ანაგისგან” და, გარდა სამშენებლო საკითხებისა, საპროექტო დოკუმენტაციების შეთანხმებასაც თუ უზრუნველყოფთ?
ძირითადი, რასაც ბაზარს ვთავაზობთ, ეს სამშენებლო მომსახურებაა, თუმცა სამშენებლო ტექნიკის, მასალებისა და ლაბორატორიული მომსახურების გარდა, რასაც ჩვენი ჯგუფის წევრი კომპანიები უზრუნველყოფენ, საპროექტო სამუშაოებსაც ვახორციელებთ.
ერთი შემთხვევაა, როცა ინვესტორს, კაპიტალის მფლობელს სასტუმროს, საცხოვრებელი სახლის, სავაჭრო ცენტრის მშენებლობა სურს და შესაბამისი ნებართვით მოგვმართავს, რადგან ზუსტად ისეთივე შენობა სურს, როგორიც ფურცელზეა და მეორეა, როცა ინვესტორი ზოგად გადაწყვეტას, ესკიზს გვაძლევს და გვეუბნება, შესაბამისი ორგანოები ნებართვას მომცემენ თუ არა, ამაზე შენ იმუშავეო. ეს უკვე სხვა მიდგომაა და თავის თავში აერთიანებს მშენებლობასა და საპროექტო სამუშაოს.
ამ გამოცდილებით წელს დეველოპმენტში შედიხართ. “ანაგი დეველოპმენტი” თქვენი ჯგუფის კიდევ ერთი ახალი მიმართულება იქნება. რატომ გადაწყვიტეთ ეს ახლა – საქმიანობის დაწყებიდან 30 წლის შემდეგ? აქვე საინტერესოა, სად განახორციელებთ ამ მიმართულებით პირველ პროექტს და რა პირობით ჩაბარდება?
რატომ ახლა – რთული კითხვაა, 30 წლის თავზე გადავწყვიტეთ, რომ სიახლის დრო იყო, თუმცა ეს არ არის ჩვენი ძირითადი მიმართულება, არ ვაპირებთ ორიენტირებას რაოდენობასა და მასშტაბზე, ხაზგასმით ორიენტირებული ბინების ხარისხსა და კომფორტზე ვიქნებით.
საცხოვრებელი კომპლექსი ახალი გზის მიმდებარედ შენდება, ეს იქნება თეთრიც, მწვანეც და ცოტა უფრო მეტიც – დავარქვათ “ანაგის” კარკასი, რაც იმას ნიშნავს, რომ მცხოვრებელი მოვიდა, ხელოსანი მოიყვანა, ოთახი შეღება და ყველაფერი მაქსიმუმ ერთ თვეში დაამთავრა.
პროექტების დაგეგმვა დღეს უკვე შრომის უსაფრთხოების კუთხით გამკაცრებული რეგულაციებით გიწევთ. სწორედ ამ ფაქტორის გამო, რამდენად იცვლება თქვენი საინვესტიციო გეგმები და სამუშაოების ვადები?
ბოლო სამი წლის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, ამოცანები და მიზნები ამ კუთხით გასამმაგებულია. ჩვენ ამას მივესალმებით. უსაფრთხოების ნორმების დაცვა დაკავშირებულია გარკვეულ გამოცდილებასთან, ეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე, მაღალანაზღაურებად კადრებს გულისხმობს, ასევე – შესაბამის ხელსაწყოებს, ინსტრუმენტებს, რასაც საკმაოდ მაღალი ღირებულება აქვს. მოთხოვნები ყოველდღიურად მკაცრდება და ვცდილობთ, შესაბამისი კადრებით აღვჭურვოთ ობიექტები, თუმცა ძალიან რთულია უსაფრთხოების ნორმების დაცვის მცოდნე სპეციალისტების პოვნა და გამორჩევა. ერთი წლის წინ დავიჭირეთ თადარიგი და დავიწყეთ კიდეც მათი მომზადება. ისინი საკმაოდ მაღალანაზღაურებადი სპეციალისტები არიან – ცხადია, ეს ბიუჯეტსა და პროექტის შესრულების ვადებზე გავლენას ახდენს, თუმცა ამას მაინც უნდა გავყვეთ, რადგან შრომის უსაფრთხოებაზეა საუბარი და თემა ჩვენგან განსჯას არ ექვემდებარება.
გარდა შრომის უსაფრთხოებისა, რამდენად მარტივია თქვენთვის საკადრო რესურსის მოძიება იქიდან გამომდინარე, რომ სამოქალაქო მშენებლობის თითქმის ყველა სფეროს მოიცავთ?
რა გითხრათ, ვისთანაც პროფესიულ ურთიერთობებს ვაყალიბებთ და კონტრაქტებს ვდებთ – საუბარია სხვადასხვა ტიპის სპეციალისტებსა და პროექტის მენეჯერებზე – გათვლას გრძელვადიან საქმიან შრომით ხელშეკრულებებზე ვაკეთებთ, ვცდილობთ ისეთი გარემო შევქმნათ, რომ ჩვენი კადრები მაქსიმალურად შევინარჩუნოთ.
ბატონო ირაკლი, საკმაოდ შთამბეჭდავ და განხორციელებულ სამშენებლო პორტფელში არ მინდა ჩაიკარგოს პროექტები, რომლებიც სხვადახვა მიზეზის გამო განსაკუთრებულად რთულად განსახორციელებელი იყო. რომელიმე მათგანს ხომ არ გამოყოფდით?
ალბათ მესტიის აეროპორტს, რომელიც ურთულეს მეტეოროლოგიურ პირობებში შენდებოდა. ფაქტობრივად, ზამთარში, თოვლში მოვახერხეთ ურთულესი პროექტი “ანაგის” ხარისხით ვადაში დაგვესრულებინა, თუმცა დღეს შემიძლია მესტიის აეროპორტზე ვისაუბრო როგორც ჩვენს მორიგ წარმატებულ დასრულებულ პროექტზე. შედარებით ახალი პროექტებიდან რაც მახსენდება, ეს არის “გალერია თბილისი” რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედანთან. მშენებლობა მიმდინარეობდა ქალაქის ცენტრში, მეტროს სადგურის თავზე. უმთავრესი გამოწვევა იყო, რომ მთელი სამშენებლო პროცესი დაგეგმილიყო და შემდგომ განხორციელებულიყო იმგვარად, რომ მეტროპოლიტენის მუშაობა არ შეფერხებულიყო, ასევე არ უნდა შეფერხებულიყო “გრიბოედოვის თეატრისა” და “თავისუფალი თეატრის” მუშაობა. რა თქმა უნდა, ობიექტი ვადებში და ხარისხიანად ჩაბარდა დამკვეთს.
დაბოლოს, დაგეგმილი პროექტები, რომლებიც არა დეველოპერულ, არამედ “ანაგის” ძირითადი საქმიანობის გაგრძელებად შეიძლება მოვიაზროთ…
პირველ რიგში, ბათუმის სტადიონის მშენებლობას გამოვყოფ, რომელიც 20 ათას მაყურებელზეა გათვლილი. ობიექტის მშენებლობა 2020 წლის მარტში დასრულდება, დაგეგმილზე რვა თვით ადრე, შესაბამისად, უახლოეს ერთ წელიწადში ის ბათუმის ერთ–ერთ სავიზიტო ბარათად იქცევა და – ჩვენი პორტფელისაც, რადგან სპორტული დანიშნულების ამ მასშტაბის ნაგებობა საკმაოდ რთული შესასრულებელია. გარდა ამისა, არანაკლებ მნიშვნელოვანი პროექტია ტექნიკური სირთულეებითა და მასშტაბით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა.
“ანაგი” წელსვე “ფორბსის” რეიტინგებში მოხვდა, ის უმსხვილეს ქართულ კომპანიებში 24-ე ადგილზეა, ხოლო სამშენებლო კომპანიების რეიტინგში პირველია, რამაც თქვენამდე და ამ ინტერვიუმდე მოგვიყვანა. რას გამოყოფდით აღიარებებს შორის “ანაგის” ამ საიუბილეო 30 წლისთავზე, რაც თქვენი მხრიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია?
“ანაგის” სამშენებლო პორტფელსა და სამუშაო მოცულობებზე საკმაოდ ბევრი ვისაუბრე, ამიტომ ამ კითხვაზე ასე გიპასუხებთ: ჩვენს ბიზნესს რაც ეხება, ამას მსოფლიოს წამყვანი ბიზნესგამოცემის რეიტინგებზე უკეთ ალბათ ვერც ახსნი, სწორედ მანდ არის გადმოცემული ჩვენი შრომაც, მოცულობებიც და სამუშაო მასშტაბებიც, რაც უკვე ციფრებში, რიცხვებსა და სტატისტიკაშია ასახული. რაც შეეხება უშუალოდ კითხვას, ალბათ ისევ ხარისხი და მასთან დაკავშირებული აღიარება, რომელიც 2019 წლის აგვისტოში მოვიპოვეთ. სამშენებლო კომპანია “ანაგი” გახდა პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც მოიპოვა ISO 45001:2018 სერტიფიკატი. ცოტა მეტი რომ გითხრათ, ეს სერტიფიკატი წარმოადგენს მენეჯმენტის სისტემის პირველ საერთაშორისო სტანდარტს შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკის დასადგენად და პრაქტიკაში გამოსაყენებლად. აღსანიშნავია, რომ კომპანია “ანაგი” ჯერჯერობით ერთადერთი ქართული ორგანიზაციაა, რომელმაც დამოუკიდებლად შეძლო ISO 45001 სისტემის შემუშავება და აუდიტისთვის მომზადება. ეს სტანდარტი მიმართულია ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფაზე, რასაც კომპანია “ანაგი” მთელი გუნდით ახორციელებს.
აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ “ანაგმა” 2019 წელს წარმატებით გაირა O 9001:2015 გეგმური აუდიტი და ძალაში დარჩა კომპანიის მიერ 2017 წელს მოპოვებული ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი. ასევე გამოვარჩევდი კვლავ ჩვენს გუნდს და მასთან დაკავშირებულ პროფესიულ აღიარებას: 2013 წელს ჩვენი წარმოების უფროსი იბრაიმ შალიკაძე “საქართველოს დამსახურებული მშენებლის” წოდებით დაჯილდოვდა. შარშან, 2018 წელს, საქართველოს მშენებლობის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, იმავე ჯილდოთი დაჯილდოვდა სამშენებლო კომპანია “ანაგის” უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი ბატონი დავით შალიკაძე. ჯილდოს საქართველოს მთავრობა აწესებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახით და ის 5 წელიწადში ერთხელ გადაიცემა, ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია ასეთი აღიარებებიც. პირადად ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, ვუძღვებოდე კომპანიას, რომელიც ასეთი აღიარებული და მაღალი დონის პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული.
დატოვე კომენტარი