სულ რამდენიმე წლის წინ, რუსულ პროპაგანდაზე საუბარი ჯერ კიდევ ცუდ ტონად ითვლებოდა. დღეს, თუ კორონა ვირუსს არ ჩავთვლით, რომელმაც დროებით ყველა სხვა თემა გადაფარა, რუსეთის მიერ წარმოებული საინფორმაციო ომი დასავლურ პოლიტიკურ წრეებში განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანია. ბუნებრივიცაა – პროპაგანდა და დეზინფორმაციის კამპანია დღესდღეობით ყველაზე მძლავრი იარაღია რუსეთის მიერ თანამედროვე გლობალური წესრიგის წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომში.
პუტინის ხელში, რუსული პროპაგანდა გაცილებით ეფექტური იარაღია, ვიდრე ენერგეტიკა, ეკონომიკა (რაც, ძირითადად, ამა თუ იმ ურჩი მეზობლისთვის საკუთარი ბაზრის ჩაკეტვაში გამოიხატება) და სამხედრო ძალა. პროპაგანდის გარეშე, ეს ყველაფერი დიდწილად დაკარგავდა გეოპოლიტიკურ აზრს. აბსოლუტურ ციფრებში, რუსეთის ეკონომიკა იტალიის და ბრაზილიის ეკონომიკაზე პატარაა. საქართველოზე ოდნავ დიდი სამხრეთ კორეის ეკონომიკა კი თითქმის იმხელავეა, რამხელაც რუსეთის. საუდის არაბეთს და ვენესუელას გაცილებით მეტი ნავთობი აქვთ, ვიდრე ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს (ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ნავთობის თემა თავდაყირა დააყენა, თუმცა ეს ცალკე საკითხია). ატომური იარაღის პატრონები არიან რუსეთზე გაცილებით მრავალრიცხოვანი პაკისტანი და ინდოეთი… მაგრამ განა შესაძლებელია შევადაროთ ამ ქვეყნებისა და რუსეთის გავლენა მსოფლიოში?
დიახ, რუსული ატომი არაფერი იქნებოდა რუსული პროპაგანდის გარეშე. პროპაგანდაა რუსული ძალაუფლების მთავარი ინგრედიენტი, რომელიც ძალაუფლების დანარჩენ კომპონენტებს მძლავრ, შემტევ იარაღად აქცევს პუტინის ხელში. სწორედ ამიტომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მისი განეიტრალება, რაც დიდი რესურსის გარეშეც არის შესაძლებელი.
საერთაშორისო ურთიერთობებში მთავარი – ხშირად, განმსაზღვრელიც – მოწინააღმდეგის ფსიქოტიპის, მოტივაციისა და რეალური (და არა დეკლარირებული) მიზნების ცოდნაა. იდეოლოგიზირებული ან შიდაპოლიტიკურ მოხმარებაზე გათვლილი ნაბიჯები (მაგალითად, საქართველოსთან ომის შემდეგ გამოცხადებული ობამასეული „რესეტი“) მხოლოდ ძვირფას დროსა და, სამომავლოდ, პოზიციებს გვაკარგვინებს გენერალური ბრძოლის წინ.
რუსული მმართველი კლასის წარმომადგენლისთვის, მიუხედავად იმისა, თუ სად მიიღო მან განათლება, რამდენ ენაზე საუბრობს, რომელ ევროპულ ქვეყანაში სწავლობენ მისი შვილები და სადაა დაბანდებული მისი კორუფციული ფული – სრულიად უცხოა ანგლოსაქსური წარმატებისთვის საკვანძო win-win მენტალობა. პოლიტიკური რუსი მეცხრამეტე საუკუნის zero-sum აზროვნებაშია ჩარჩენილი, რომლის თანახმად, შეუძლებელია მოლაპარაკების ორივე მხარე კმაყოფილი იყოს შედეგით. ერთი აუცილებლად მოგებული უნდა იყოს, მეორე კი – დამარცხებული, რაც გამორიცხავს კეთილსინდისიერ, ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას (ალბათ ასეთი მიდგომის შედეგიცაა, რომ რუსეთმა ისეთი, ერთ დროს უპირობო, მოკავშირეც კი დაკარგა, როგორიც ლუკაშენკოა).
თანამედროვე პოლიტიკურ რუსს განსაზღვრავს ისტორიული უსამართლობის მწვავე განცდა და უკიდურესი რესენტიმენტი დასავლეთის მიმართ. მისი აზრით, არის რაღაცები, რაც მას ეკუთვნის და მოტყუებით დაათმობინეს (მაგალითად, იგი დარწმუნებულია, რომ უსამართლოდ დაჩაგრეს, როცა ნატო აღმოსავლეთით გაფართოვდა). ის ვერ ეგუება, რომ საბჭოთა იმპერია დაინგრა და ეს საერთაშორისო შეთქმულების შედეგად მიაჩნია, რის გამოც შური უნდა იძიოს.
სია გრძელია, მაგრამ ვაღიაროთ – მიუხედავად ამ ფუნდამენტური მენტალური ჰანდიკაპისა, რომელიც ობიექტურ წარმატებას უშლის ხელს, რუსეთი ერთი რამით დგას დანარჩენ მსოფლიოზე წინ (ალბათ, ჩინეთის გარდა, მაგრამ დღეს ჩინეთზე არ ვისაუბრებთ) – რუსეთს აქვს ჩამოყალიბებული და მწყობრი ხედვა იმისა, თუ რა უნდა და რა გზით უნდა მიაღწიოს თავის მიზანს. და ის ამ გზას თანმიმდევრულად მიყვება. მას ამაში ხელს არ უშლის დემოკრატიული საარჩევნო ციკლები, რადგან, კრემლის პროპაგანდის დამსახურებით, რუსეთში არჩევნები ფორმალობად ქცეულა. ეს კი უდიდესი უპირატესობაა დასავლეთთან შედარებით, რომლის პოლიტიკური კლასი საარჩევნო ციკლების მძევალ, უსახურ ბიუროკრატიად ჩამოყალიბდა. იშვიათობაა ვიზიონერი პოლიტიკოსები. დასავლელი პოლიტიკოსი მოკლევადიანი, პოპულისტური თემებისა და (რუსეთისგან განსხვავებით) ადვილად მანიპულირებადი საზოგადოებრივი აზრის მძევალია. მისთვის საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად გადახდილი მცირე ფულიც კი დისპროპორციული ხეირის სახით უბრუნდება შემომწირველს. ამისგან განსხვავებით, რუსეთში უკვე 20 წელია ერთი მმართველია, რომელიც მეთოდურად და ცივსისხლიანად მიიწევს თავისი მიზნისკენ, მიუხედავად ყველანაირი დემოგრაფიული, ეკონომიკური და სამხედრო ლოგიკისა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად, რუსეთმა დაკარგა არა მხოლოდ ტერიტორიები, არამედ იდეა. მოყირჭებული, ოდიოზური, გაცვეთილი, მაგრამ მაინც იდეა კომუნიზმისა, რომელიც თითქოს უფრო სამართლიანი, ადამიანური და ღირსეული წყობა იყო, ვიდრე „დამპალი კაპიტალიზმი“. იდეის გარეშე კი ვერც ერთი ზესახელმწიფო ვერ იარსებებს. 1990იან წლებში, თავდაპირველი წაფორთხილების შემდგომ, რუსეთმა ნელა, მაგრამ მოახერხა თავისი მესიანური იდეის განახლება და, ამგვარად, გახრწნილი, უღირებულებო, ადამიანის სიცოცხლის სათვალავში არმიმღები, ოჯახის, მეგობრისა და მეზობლის არმცნობი ველური აგრესორი, ერთ მშვენიერ დღეს, სულიერების, ტრადიციებისა და სამართლიანობის ქომაგად მოგვევლინა.
რუსული პროპაგანდა ორლესული ხმალივითაა: ქვეყნის გარეთ იგი „დაყავი და იბატონე“ პრინციპს ემსახურება, თესავს ეჭვს საკუთარი სახელმწიფოს მიმართ, აღვივებს ანტი-სისტემურ განწყობებს, ერთდროულად აქეზებს და ეხმარება დაპირისპირებულ ბანაკებს, ცეცხლზე ნავთს ასხამს ნებისმიერ კონფლიქტში (რათა მთელი რესურსი ურთიერთდაპირისპირებაზე დაიხარჯოს) და იწვევს დემორალიზებას საგარეო ფრონტზე (მაგ., ჩვენი მმართველი ძალის მიერ მრავალგზის თქმული „ომი საქართველომ დაიწყო“). რუსეთის შიგნით კი პროპაგანდას დიადი გამაერთიანებელი ფუნქცია აქვს და ისტორიულად ისედაც მორჩილ მოსახლეობას ფანატიკური ანტი-დასავლური იდეა-ფიქსის გარშემო კრავს. შედეგად, გლუბინკელი რუსი მზადაა აიტანოს უკიდურესი გაჭირვება, დამცირება, უუფლებობა – ოღონდ მისმა მშიერმა სალდათებმა შორეულ სირიაში ასახელონ უღმერთო როძინა.
ყელაფერს ამძაფრებს შიში – და ცოდნა – იმისა, რომ რეალურად, რუსეთი დღესაც იმპერიაა. იმპერია, რომლის ნგრევაც არ დასრულებულა და, რომლის ბოლომდე დაშლაც, თუ კრემლი რაიმეს არ მოიმოქმედებს, მხოლოდ დროის საკითხია. ის რაც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ გადარჩა რუსეთის ფედერაციის სახით, მაინც იმპერიაა – ბოროტების მცირე იმპერია თავისი ფინური კარელიით, დაპყრობილი თათრეთითა და ჩრდილოეთ კავკასიით, თავხედურად მოპარული ტუვით, იაპონური სახალინით, კურილებითა და ყველა გერმანელისთვის განსაკუთრებით ძვირფასი აღმოსავლეთ პრუსიის ჩრდილოეთი ნაწილითა და ქალაქი კენიგსბერგით, რომელშიც დაიბადა და მთელი ცხოვრება გაატარა იმანუელ კანტმა.
სწორედ იმიტომ, რომ რუსეთი საკუთარი არსებობის ლეგიტიმურობაში ფუნდამენტურად არის დაურწმუნებელი, ის მუდმივად ცდილობს სხვისი ისტორიის გაყალბებასა და ფაქტებით მანიპულირებას. ბოლო დროს აქტუალურია მეორე მსოფლიო ომის დაწყების საკითხი. აქამდე ითვლებოდა, რომ ის დაწყო ჰიტლერმა, თუმცა რეალური ტრიგერი მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი იყო, რომლითაც რუსეთმა და გერმანიამ მეოთხედ გაინაწილეს პოლონეთი. ასევე საინტერესოა ახალი ტოპონიმენისა და პოლიტიკურ-გეოგრაფიული ერთეულების ხელოვნური შექმნა მსოფლიო რუკაზე. რაღა შორს წავიდეთ – რუსეთმა მოიგონა ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“, შემდეგ კი ტერმინს მიუსადაგა სამხედრო-პოლიტიკური რეალობა.
რუსული პროპაგანდის მთავარი წარმატება მისი ირაციონალიზმი და ემოციებზე აპელირებაა. ამ გზით, მიამიტი მსხვერპლისთვის ჭკვიანურად მოწოდებული ინფორმაცია მალევე იქცევა მყარ შინაგან რწმენად, რის შემდეგაც მისი შეცვლა უკიდურესად რთულია.
მაშ ასე, როგორ გავუმკლავდეთ რუსულ პროპაგანდას?
1. მთავარი იარაღი რუსული პროპაგანდის წინააღდეგ მისი ამოცნობაა
სწორი დიაგნოზი საქმის ნახევარია. თუ ვიცით, რომ საქმე პროპაგანდასთან გვაქვს, პროპაგანდა აზრს კარგავს და მისი ეფექტი ნულდება. რუსული პროპაგანდის წარმატების ნიშანია, რომ ქვედა რგოლის მიამიტ გამავრცელებლებსა და დამჯერებლებს პროპაგანდის მიერ ჩაწვეთებული იდეები საკუთარი აზრები ჰგონია. ამას წინათ, ევრაზიული იდეების მორიგი მქადაგებელი წუხდა სატელევიზიო ეთერში, მე საერთოდ არ ვიცი რუსული, როგორ ვიქნები რუსული პროპაგანდის მსხვერპლიო. ეს მაშინ, როცა Russia Today-ს, „სპუტნიკის“, ტვ „იმედისა“ და ივანიშვილის საყვარელი „ასავალ-დასავალის“ არსებობის პირობებში, რუსული ენის ცოდნა სულაც არაა საჭირო.
მოკლედ, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მთავარი იარაღი მისი ამოცნობაა. ზოგმა შეიძლება თქვას, რომ ეს მეტისმეტად ადვილია. სწორედ ეს იქნება ჩვენი მთავარი შეცდომა. სამწუხაროდ, არაა ასე და ამას მოგვიანებით დავუბრუნდებით.
2. დრო, როგორც საკვანძო ფაქტორი
ყველა ომში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რა რესურსს ვფლობთ, არამედ როდის ვიწყებთ მის გამოყენებას. ბონაპარტი ამტკიცებდა, მტერი რომ დაამარცხო არ არის აუცილებელი, ზოგადად მასზე ძლიერი ვიყოთ, საკმარისია, კონკრეტულ დროსა და ადგილზე ვიყოთ მასზე უკეთ მომზადებულიო. ასევეა საინფორმაციო ომშიც. თუ მხოლოდ ერთი მხარე იბრძვის, მეორე მხარეს კი თუნდაც მრავალგზის აღმატებული რესურსი აქვს, რომელსაც არ ან ვერ იყენებს, მაშინ იმარჯვებს ის, ვინც იბრძვის. ამიტომ, დრო პროპაგანდის საკვანძო ელემენტია. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამოცნობა, არამედ დროული ამოცნობა.
როცა ქართველები ამბობდნენ, რომ რუსეთი ჩაერია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ბევრი დასავლელი მეგობარი თვალებს ზევით ქაჩავდა – აქაოდა, რა ყველგან რუსეთი გელანდებათო. მალე აღმოჩნდა, რომ რუსეთი არა მხოლოდ „ბლიჟნეე ზარუბეჟიეს“ შიდა საქმეებში ერევა (რომელიც მას თავისი ექსკლუზიური გავლენის სფეროდ მიაჩნია), არამედ იმდენად გათავხედდა, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში, ბრეგზიტისა და კატალონიის რეფერენდუმებშიც კი ერევა.
2014 წელს, ჰოლანდიური ავიალაინერის ჩამოგდების შემდეგ, დასავლეთში, ბოლოს და ბოლოს, მიაქციეს ყურადღება იმას, რაც თავიდანვე აშკარა იყო – რომ რუსეთი არც პარტნიორია და არც სტრატეგიული მოკავშირე. არამედ დასავლური წესრიგის მთავარი მტერი. მანამდე რუსეთი 15 წლის მანძილზე აწარმოებდა ცალმხრივ ომს. ის არც უფრო ძლიერი იყო და არც მეტი რესურსი ჰქონდა, მაგრამ მეორე მხარეს მას მეგობრად ან, უკიდურეს შემთხვევაში, ბუტია ბავშვად, საკუთარი ცივილიზაციური ოჯახის წევრად თვლიდნენ. ის კი ამ დროს „მეგობრების“ ზურგში ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდა, ახალ ჯაშუშურ ქსელებს ქმნიდა და ახლომხედველი პოლიტიკოსების გულუბრყვილობას სათავისოდ იყენებდა. ახლა დიაგნოზი დაისვა, მაგრამ ამასობაში შეიცვალა მოცემულობაც. დღეს უკვე გაკვირვებას აღარ იწვევს ოდესღაც წარმოუდგენელი რეალობა, რომელშიც საფრანგეთის დაზვერვის ყოფილი შეფი, ავსტრიისა და გერმანიის ყოფილი კანცლერები რუსეთის სახელმწიფოს სამსახურში არიან.
3. გვახსოვდეს კონტექსტი, დავინახოთ დიდი სურათი
პანდემიის პირობებში, სოციალურ ქსელში ერთი სახალისო ფოტო გავრცელდა. მასზე აღბეჭდილია ტახტზე წამოგორებული ჯეელი, რომელსაც ტელევიზორის პულტით ხელში ჩასძინებია. ერთი და იგივე იმიჯი ორი რადიკალურად განსხვავებული შინაარსის მატარებელია სხვადასხვა კონტექსტში: შარშან ეს ადამიანი უსაქმურ მუქთახორად ჩაითვლებოდა, წელს – შეგნებული მოქალაქეა, რომელიც „დარჩი სახლში“ მოწოდებას ემორჩილება.
ერთი სიტყვით, კონტექსტი განმსაზღვრელია. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა დეზინფორმაციის მანქანა ყოველთვის ყველაფერში არ ტყუის. პროპაგანდის ოქროს წესია, არსებობდეს ინფორმაციის ფაქტობრივად სწორი, გადამოწმებადი ნაწილი. როცა ამით ნდობას მოიპოვებს, პროპაგანდისტი იწყებს მყიფე ნდობაზე დიდი ტყუილის დაშენებას. რუსული პროპაგანდა არ იგონებს პრობლემებს, არამედ არსებულ პრობლემებზე კაპიტალიზდება. იღებს სიმართლის მარცვალს და მასზე აფუძნებს კონსპირაციული თეორიების ხშირად ალოგიკურ, მაგრამ ემოციურად მაცდურ აბლაბუდას. ხშირად, ამას აკეთებს უცხო წყაროების მეშვეობით, რაც დამაჯერებლობას მატებს ტყუილს. მაგალითად, ვერსიას, რომ კორონავირუსი სოროსმა გაავრცელა, რუსული წყაროდან შევიტყობთ, მას სერიოზულად არ მოვეკიდებით, მაგრამ თუ იმავე ინფორმაციას „ამერიკული“ წყაროდან მივიღებთ, მაშინ, დიდი ალბათობით, დავეჭვდებით მაინც.
ამიტომ, კრიტიკული ფილტრი მუდამ ჩართული უნდა იყოს. გვახსოვდეს, რომ წარმატებული პროპაგანდა ყოველთვის უსრულ, კონტექსტიდან ამოგლეჯილ სიმართლეს ეფუძნება. მაგალითად, შეიძლება დასავლეთს უთვალავი მინუსი ჰქონდეს, მაგრამ როდესაც სურათში რუსული ინტერესები შემოდის, ეს მინუსები ნულდება. „ვოთებაუთიზმი“ – ეს ეჭვია, რომლიდანაც იწყება ყველა დემოკრატიული სისტემის შიგნიდან ნგრევა, ალბათ, რუსული პროპაგანდის ყველაზე ეფექტური ტაქტიკაა: ვლაპარაკობთ აფხაზეთზე, ის ახსენებს კოსოვოს, ვესაუბრებით უკრაინაზე, გვახსენებს ერაყს. ვიბნევით, გვავიწყდება დიდი სურათი და საუბარიც მთავარიდან ჩიხურ დეტალებზე გადადის…
ამიტომ, ნუ შევყვებით კონკრეტულ ფაქტებზე კამათს, რომლებიც სიმართლე შეიძლება იყოს, არამედ ყოველთვის შევეცადოთ, შევხედოთ დიდ სურათს და დავინახოთ კონტექსტი. ეს ყველაფერს თავის ადგილზე დაალაგებს.
4. ყველაზე რთული გამოწვევა: თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება
ხშირად ვერ ვამჩნევთ, რომ ის, რაც შორეული თუ ახლო წარსულის ამაღლებული გაკვეთილი გვგონია, დღესაც არ შეცვლილა და რომ იგივე ხდება აქ და ახლა, ჩვენს გარშემო. არადა, ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რაც მარტივ ჭეშმარიტებად მიგვაჩნია. მაგალითად, რომ პროპაგანდის წინააღმდეგ მთავარი იარაღი ამოცნობაა, რომ მნიშვნელოვანია ამოცნობა დროული იყოს, რომ ფაქტების განმარტებისას განმსაზღვრელი კონტექსტია, რომ ცივი ომის დროინდელი ფილმებისგან განსხვავებით, რუსეთის ჯაშუშებს გარეგნული ნიშნებით ჩვეულებრივი მოქალაქისგან ვერ გამოვარჩევთ. მაგრამ როცა ვცდილობთ ეს თეზისები რეალობაში გადმოვიტანოთ, მათ ფაქტები, სიტუაციები და ადამიანები მივუსადაგოთ, უმეტესობა უიმედოდ ვიჭედებით. სწორედ ესაა ჩვენი მთავარი გამოწვევა.
დიახ – ის, რაც ისტორია გვგონია, აწმყოა. 20-30 ან თუნდაც 7-8 წლის წინანდელი ამბები, რომელსაც ახლა ეხდება ფარდა, ახლაც ხდება – ხანდახან ზუსტად იმავე ფორმით, შინაარსითა და აქტორებით… ის, რაც წარსულში გულს გვიჩუყებს, ახლაც გვჭირს. სწორედ ესაა მთავარი გაკვეთილი. პროპაგანდისტის საკვანძო ამოცანა მსხვერპლისთვის ცნებების აღრევაა. ასე გვმართა რუსმა 200 წელი, რომ ანექსიას „მიერთებას“ უწოდებდა (რა უწყინარი სიტყვაა!), ოკუპაციას „გასაბჭოებად“ გვაზეიმებდა, შინაარსს უცვლიდა ისეთი კეთილშობილურ სიტყვებს, როგორიცაა იმედი, ოცნება, ღირსება, სამართლიანობა…
ამიტომ, დავარქვათ ყველას და ყველაფერს თავისი სახელი. ეს ძნელია, ხშირად, სამოქალაქო გმირობის ტოლფასიც საზოგადოებაში, რომლისთვისაც „ურთიერთობა“ ცხოვრების წესია. მაგრამ სწორედ ესაა გამარჯვებისკენ მიმავალი ერთადერთი გზა.
5. ნება, როგორც ანი და ჰოე
დაბოლოს, არსებობს ერთი წესი, რომელიც ყველა სხვა წესზე წინ და მაღლა დგას:
რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაში პირველი, მეორე და ბოლო აუცილებლობა პოლიტიკური ნებაა. თუ „ასავალ-დასავალი“ შენი საყვარელი გაზეთია, თუ „საქინფორმს“ აფინანსებ, თუ ე.წ. „პატრიოტებს“ პარტიას უქმნი და შემდეგ ეს პარტია დადასტურებული საარჩევნო მანიპულაციის შედეგად პარლამენტში შეგყავს, რუსულ პროპაგანდას ვერ შეებრძოლები, რადგან შენ უკვე მისი ინსტრუმენტი ხარ. ჩვენი მხრივ, მიამიტობაა „უნიათო“ ან „სუსტი“ გვეგონოს ის, ვინც სინამდვილეში სხვა საქმეს ემსახურება.
აშკარაზე საუბარი ყოველთვის ცუდ ტონად ითვლებოდა საქართველოში, მაგრამ… ოდესმე ხომ უნდა გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე?
დატოვე კომენტარი