ამერიკის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ვარსკვლავი, ოდელ ბექჰემ ჯუნიორი ხელფასს ბიტკოინში მიიღებს, – ეს გადაწყვეტილება ამერიკული ფეხბურთის მოთამაშემ ახალ გუნდში, Los Angeles Rams-ში გადასვლის შემდეგ მიიღო. აღსანიშნავია, რომ ამ გარიგებაში მნიშვნელოვან როლს Twitter-ის დამაარსებლისა და აწ უკვე ყოფილი აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ჯეკ დორსის კომპანია Block-ი (ყოფილი Square-ი) თამაშობს – გარიგება Block-თან ასოცირებული კრიპტოსაფულის, Cash App-ის საშუალებით შედგა.
„ეს ახალი ერის დასაწყისია და აღსანიშნავად ამისა, მოხარული ვარ მოგახსენოთ, რომ Cash App-ის დახმარებით ახალ ხელფასს ბიტკოინში მივიღებ“, – დაწერა ოდელ ბექჰემ ჯუნიორმა Twitter-ზე. აღსანიშნავია, რომ ამერიკული ფეხბურთელი მის გამომწერებს $1 მილიონის ღირებულების ბიტკოინების გათამაშებას შეჰპირდა.
აღსანიშნავია, რომ ოდელ ბექჰემ ჯუნიორი არ არის ერთადერთი სპორტსმენი, რომელიც ხელფასს ბიტკოინში იღებს. ნოემბრის დასაწყისში მსგავსი გადაწყვეტილება Green Bay Packers-ის ვარსკვლავმა, აარონ როჯერსმა მიიღო – იმ დროსაც, შუამავლის როლი ჯეკ დორსის Cash App-მა შეასრულა. ცნობისთვის, ხელფასის ნაწილს კრიპტოვალუტაში ფეხბურთის ვარსკვლავი, არგენტინელი ლიონელ მესიც იღებს.
აღსანიშნავია, რომ Square-ი (აწ უკვე, Block-ი) ჯეკ დორსიმ ჯერ კიდევ 2009 წელს დააარსა, როცა Twitter-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის თანამდებობას პირველად დაემშვიდობა. იმ დროს კომპანიის ერთადერთი პროდუქტი ბარათების მობილური წამკითხველი იყო, რომელიც გამყიდველებს პროდუქტების გაყიდვის საშუალებას მობილური ტელეფონით აძლევდა. მას მერე კომპანია განვითარდა: დღეს Block-ის პლატფორმაზე კრიპტოვალუტებით ვაჭრობა და ფულის გასესხებაც კი არის შესაძლებელი.
დატოვე კომენტარი