NFT, იგივე Non-Fungible Token-ი, არაჩანაცვლებად მონეტას ნიშნავს. პირველი NFT 2012 წელს შეიქმნა, თუმცა მისი რეალური განვითარება 2017 წლიდან იწყება, ხოლო 2021 წელი აღმავლობის პიკად მიიჩნევა, როდესაც გაყიდვები 21000%-ით გაიზარდა და მისმა ნიშნულმა 17 მილიარდს მიაღწია.
ყველაზე მარტივი განმარტებით, NFT-ის უნიკალურობა გამოიხატება იმაში, რომ იგი არაჩანაცვლებადია. მაგალითად, ნებისმიერი კრიპტოკოინი, როგორიცაა ბიტკოინი, ეთერიუმი, სოლანა თუ სხვა, ჩანაცვლებადია, რაც ნიშნავს, რომ თუკი ერთ ეთერიუმს სხვა ერთ ეთერიუმში გავცვლით, ამით არაფერი შეიცვლება. ერთი NFT-ის გაცვლის შემთხვევაში კი სრულიად სხვა NFT-ს მივიღებთ. ეს ყველაფერი კიდევ უფრო რომ გავამარტივოთ, კრიპტოვალუტის ნაცვლად ავიღოთ უბრალოდ აშშ დოლარი, ხოლო NFT-ის ნაცვლად ნებისმიერი ნახატი. თუკი თქვენ 1- აშშდოლარიან კუპიურას სხვა 1-აშშდოლარიან კუპიურაში გაცვლით, ამით თქვენთვის არაფერი შეიცვლება − კვლავ 1 აშშ დოლარი გექნებათ, თუმცა, თუკი თქვენ, მაგალითად, ნიკო ფიროსმანის „მეთევზეს“ გადაცვლით ამავე მხატვრის „ჟირაფში“, რადიკალურად განსხვავებულ ნახატს მიიღებთ.
ინტელექტუალური საკუთრების კუთხით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი წამოიჭრება: 1. რა მომენტიდან წარმოექმნება NFT-„არტისტს“ საავტორო უფლებები ნამუშევარზე; 2. რა უფლებებით სარგებლობს NFT-ის შემძენი; 3. შესაძლებელია თუ არა სხვისი ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებით ახალი NFT-ის შექმნა და რა შედეგებთანაა იგი დაკავშირებული.
სანამ ამ კითხვებზე პასუხს გავცემთ, აუცილებელია იმის დადგენა, თუ რა კუთხით ვრცელდება საავტორო უფლებები NFT-ზე.
ზოგადად უამრავი განსხვავებული ნამუშევრის გადაქცევა შეიძლება NFT-ად, მაგალითად, ფოტოსურათის, მუსიკალური ალბომის, წიგნის, ან/და ნახატის. მთავარია, ნამუშევარი იყოს ციფრული (digital-დიგიტალური). შემდგომ აღნიშნული ციფრული ნამუშევარი ბლოკჩეინის ტექნოლოგიის და სმარტ-კონტრაქტის გამოყენებით გარდაიქმნება NFT-ად, მას აქვს უნიკალური კოდი, რაც მას ერთადერთ და განუმეორებელს ხდის. ამასთანავე, სმარტ-კონტრაქტში აღნიშნულია NFT-ის შემქმნელის ელექტრონული „საფულის“ მისამართი, რაც იძლევა შესაძლებლობას, ნებისმიერ ეტაპზე დადგინდეს, თუ ვის მიერ შეიქმნა NFT (ნამუშევრის NFT-ად გადაქცევა, რა თქმა უნდა, ბევრ ტექნიკურად რთულ პროცესს მოიცავს, თუმცა ამ სტატიის ფარგლებში მას სიღრმისეულად არ განვიხილავთ).
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საავტორო უფლება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე წარმოიშობა მათი შექმნის მომენტიდან. ნაწარმოები შექმნილად ითვლება, როდესაც იგი გამოხატულია რაიმე ობიექტური სახით. თუ გავითვალისწინებთ NFT-ის შექმნის პროცედურას, დავასკვნით, რომ ინტელექტუალური საკუთრება წარმოიშობა თავად ნამუშევარზე, მაგალითად, ნახატზე ან ფოტოსურათზე, ხოლო შემდეგ იგი გარდაიქმნება NFT-ად, რაც შესაძლოა, განხილულ იქნას, როგორც ნამუშევრის საჯარო გამოქვეყნება.
შესაბამისად, ინტელექტუალური საკუთრება ვრცელდება არა NFT-ზე, არამედ მასში არსებულ ნამუშევარზე (underlying asset).
მიუხედავად ამისა, NFT არტისტს საკმაოდ ბევრ ბენეფიტს სთავაზობს. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგია ეხმარება არტისტს, მისი ინტელექტუალური საკუთრება უკეთ იყოს დაცული, რადგან ბლოკჩეინი მონაცემის უტყუარობის გარანტიას წარმოადგენს, შესაბამისად, როდესაც არტისტი ნამუშევარს NFT-ად გარდაქმნის, ყველასთვის ნათელია, თუ ვინ არის მისი ავტორი, მიუხედავად იმისა, თუ რამდენჯერ გაიყიდება ესა თუ ის ნამუშევარი (რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი არტისტი ნამუშევრის შექმნისას სხვის ინტელექტუალურ საკუთრებას გამოიყენებს, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ).
გარდა ამისა, NFT და სმარტ-კონტრაქტი არტისტს აძლევს საშუალებას, საკუთარი ნამუშევრის გადაყიდვებიდანაც მიიღოს შემოსავალი. ასეთი რამ, რა თქმა უნდა, NFT-ისა და სმარტ-კონტრაქტების გარეშეც შეიძლება, თუმცა, როდესაც საქმეში შემოდის ავტომატურად აღსრულებადი სმარტ-კონტრაქტი, საქმე ბევრად უფრო მარტივია და არც არტისტს უწევს თავისი ნამუშევრის გადაყიდვის კონტროლი, ონლაინპლატფორმაზე ეს ყველაფერი უმარტივესად ხდება. აქედან გამომდინარე, ყოველი შემდგომი გადაყიდვიდან NFT-ის შემქმნელი ავტომატურად მიიღებს გადახდილი თანხის იმ პროცენტს, რაც NFT-ის შექმნისას სმარტ-კონტრაქტში იყო მითითებული. შესაბამისად, მართალია, თავად NFT ინტელექტუალურ საკუთრებას არ წარმოქმნის, თუმცა ეს „ტექნოლოგია“ არტისტებს ეხმარება საავტორო უფლებების უკეთ დაცვაში (ნებისმიერ ეტაპზე ყველასათვის ნათელია, ვინ შექმნა ნამუშევარი) და ასევე უზრუნველყოფს, რომ ნამუშევრის ავტორმა მარტივად მიიღოს შემოსავალი საკუთარი ქმნილების გაყიდვისა თუ მრავალჯერადი გადაყიდვისგან.
რადგან NFT-ად გადაქცეული ნამუშევრის ავტორს აქვს საავტორო უფლებები, იგი სარგებლობს ყველა იმ პრივილეგიით, რომელსაც ინტელექტუალური საკუთრების სამართალი წარმოშობს, მათ შორის ისეთი ქონებრივი თუ არაქონებრივი უფლებებით, როგორიცაა რეპროდუცირების, ასლების გაყიდვის ან სხვაგვარი გავრცელების უფლებები, ასევე ნამუშევრის უკანონო გამოყენებისაგან თავის დაცვა, ასეთი უკანონო გამოყენებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება და სხვ.
ლოგიკურად ისმის კითხვა, თუკი NFT-ად გადაქცეული ნამუშევრის ავტორი (არტისტი) სარგებლობს ყველა ზემოაღნიშნული უფლებით, რეალურად რას იღებს NFT-ის შემძენი საკუთრებაში და რამდენად ფართოა მისი უფლებები.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ NFT-ის შემძენი არ იღებს რაიმე სახის ინტელექტუალურ უფლებას აღნიშნულ „ნივთზე“, რაც ნიშნავს, რომ თუკი, მაგალითად, თქვენ მიერ შეძენილ NFT-ს ვინმე რაიმე სახით თქვენ დაუკითხავად გამოიყენებს (მაგალითად, შექმნის მსგავს NFT-ს, ან/და სხვაგვარად ეცდება აღნიშნული ნივთის ვიზუალით, შინაარსით სარგებელი მიიღოს), უფლების დარღვევაზე დავა შეუძლია NFT-ის შემქმნელს და არა თქვენ. დღეს უკვე არსებობს აღნიშნულთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკაც, სადაც NFT-ის შემქმნელი Bored Ape Yacht Club-ი რაიდერ რიპს დაუპირისპირდა, რადგან ამ უკანასკნელმა Bored Ape Yacht Club-ის მიერ შექმნილი NFT-ის მსგავსი NFT შექმნა. საყურადღებოა, რომ აღნიშნულ დავაში სწორედ Bored Ape Yacht Club-ი იყო მოსარჩელე და არა ჯასტინ ბიბერი, ნეიმარი, ემინემი ან სხვა პირი, ვინც აღნიშნული კოლექციიდან რომელიმე NFT-ის მესაკუთრეა.
რეალურად მყიდველი იძენს NFT-ის ფლობის, განკარგვისა და გარკვეულწილად შესაძლოა, სარგებლობის უფლებას.
ფლობის უფლებაში იგულისხმება, რომ NFT-ის შემძენს შეუძლია, საკუთარ ელექტრონულ საფულეში შეინახოს NFT და არ დაუშვას მესამე პირთაგან მისი ხელყოფა. განკარგვის უფლება NFT-ის შემძენს აძლევს უფლებას, ნებისმიერ დროს საკუთარი შეხედულებისამებრ გაყიდოს ან გაასხვისოს NFT იმ ფასად, რა ფასადაც თავად გადაწყვეტს.
გარდა ფლობისა და განკარგვისა, შემძენს გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა, ჰქონდეს NFT-ით სარგებლობის უფლებაც. საინტერესოა, თუ რაში შეიძლება გამოიხატებოდეს NFT-ის სარგებელი, გარდა მისი გაყიდვისა ან სხვა გზით გასხვისებისა (აღნიშნულს განკარგვის უფლება მოიცავს), რამდენად შეიძლება მისი გაქირავებით ან რაიმე სხვა გზით სარგებლის მიღება. აღნიშნული კითხვა საინტერესოა, რადგან ჩვენთვის ნაცნობი ნივთებისგან განსხვავებით, NFT ციფრული „ნივთია“ და არა ხელშესახები ობიექტი. მიუხედავად ამისა, მისგან სარგებლის მიღება გარკვეულ შემთხვევებში მაინც შეიძლება.
საქმე ისაა, რომ კონკრეტული NFT-ები დაკავშირებულია სხვადასხვა პლატფორმასთან „ვირტუალურ სამყაროში“ (Metaverse), რის შედეგადაც კონკრეტული ბენეფიტებით მხოლოდ მაშინ სარგებლობს პირი, თუკი მას კონკრეტული NFT აქვს შეძენილი. ამის მკაფიო მაგალითია მეტად გავრცელებული კაზინო ვირტუალურ სამყაროში, სადაც შესვლა და თამაში მხოლოდ კონკრეტული NFT-ის მფლობელებს შეუძლიათ (კაზინოში შესვლისას ყოველდღიურად გარკვეული რაოდენობის კოინებს იღებთ და შესრულებული მისიებისა და დაგროვებული კოინების შესაბამისად რეალურ ფულს გამოიმუშავებთ), შესაბამისად, ადამიანები ერთგვარ ინვესტიციას ახორციელებენ, ყიდულობენ NFT-ებს, რომლებიც შემდგომ აძლევთ მათ საშუალებას, რეალური ფული გამოიმუშაონ, ან/და აღნიშნულ NFT-ებს სხვებს მიაქირავებენ და დამქირავებლის მიერ გამომუშავებული ფულიდან პროცენტს იღებენ. სწორედ აღნიშნული წარმოადგენს NFT-ით სარგებლობის უფლების თვალსაჩინო მაგალითს.
მცირე დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ NFT-ის შემძენი მართალია, არანაირ ინტელექტუალური საკუთრების უფლებას არ იღებს აღნიშნულ ნივთზე, თუმცა NFT-ის საკუთრებაში არსებობა პირს ანიჭებს უფლებას, ფლობდეს, განკარგავდეს და სარგებლობდეს აღნიშნული „ქონებით“. თუმცა, რა თქმა უნდა, არტისტი და NFT-ის შემძენი შესაძლოა, განსხვავებულ წესზეც შეთანხმდნენ.
როგორც ზემოთაა აღნიშნული, ინტელექტუალური საკუთრება ვრცელდება არა NFT-ზე, არამედ მასში არსებულ ნამუშევარზე (underlying asset), შესაბამისად, საინტერესოა, რა სამართლებრივი სირთულეები შეიძლება წარმოშვას სხვისი ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებით ახალი NFT-ის შექმნამ და რეალიზაციამ.
ზოგადად საავტორო უფლების მქონე პირს აქვს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი უფლებები, შესაბამისად, თუკი ვინმე ნებართვის გარეშე გამოიყენებს სხვის ნამუშევარს, საავტორო უფლების მქონე პირს შეუძლია, მოითხოვოს ასეთი გამოყენების აღკვეთა, მისთვის გარკვეული ჰონორარის გადახდა, მიყენებული რეპუტაციული ზიანის ანაზღაურება და სხვ. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სხვისი ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებით NFT-ის შექმნა, მისი საჯარო გავრცელება და ამით შემოსავლის მიღება ინტელექტუალური საკუთრების სამართლის უხეში დარღვევაა და ბევრ ნეგატიურ სამართლებრივ შედეგს იწვევს.
დღეს NFT-ის გავრცელებასთან ერთად, სასამართლო პრეცედენტებიც იქმნება, რომლებიც NFT-ის შექმნისას ინტელექტუალური საკუთრების დარღვევასთანაა დაკავშირებული.
ერთ-ერთი ასეთი საქმეა Miramax V. Tarantino, სადაც უდიდესი ამერიკული კინოკომპანია ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კინოპროდიუსერ კვენტინ ტარანტინოს დაუპირისპირდა. საქმე ისაა, რომ ტარანტინომ საკუთარი საკულტო ფილმის, Pulp Fiction-ის საფუძველზე შექმნა NFTკოლექცია და opensea-ზე (უდიდესი NFT-ის ონლაინმაღაზია) განათავსა. აღნიშნული საქმე სამართლებრივი დავის საკითხი იმიტომ გახდა, რომ ისეთი უფლებები, როგორიცაა ინტელექტუალური საკუთრება და სასაქონლო ნიშნები ტარანტინომ ფილმის შექმნისას სწორედ Miramax-ს გადასცა, NFT-კოლექციის შექმნისა და გამოქვეყნებისას კი კომპანიის თანხმობა არ ჰქონდა მიღებული. სწორედ ამიტომ ამერიკულმა კინოკომპანიამ მოითხოვა Pulp Fiction-ის საფუძველზე შექმნილი NFT-კოლექციის გაყიდვიდან ამოღება.
გარდა ამისა, საინტერესოდ გამოიყურება კიდევ ერთი მსგავსი საქმე − Hermès V. Rothschild. ამ შემთხვევაში, ერთ-ერთი უდიდესი ფრანგული ბრენდი არტისტ მეისონ როტშილდს ინტელექტუალური საკუთრებისა და სასაქონლო ნიშნის დარღვევაში ადანაშაულებს, უფრო კონკრეტულად, როტშილდმა შექმნა NFT-კოლექცია სახელად METABIRKINS, რაც ჩანთების სხვადასხვა მოდელს მოიცავს. Hermès-ი მიიჩნევს, რომ არტისტმა METABIRKINS-ის შესაქმნელად გამოიყენა მათი დიზაინი და იდეა, რაც ინტელექტუალური საკუთრებით და შესაბამისი სასაქონლო ნიშნებითაა დაცული. Miramax-ის მსგავსად ფრანგული ბრენდიც მოითხოვს, რომ გაყიდვიდან ამოიღონ METABIRKINS-ის კოლექცია.
ორივე აღნიშნული საქმე ჯერჯერობით განხილვის პროცესშია და შესაძლოა, ისინი საკმაოდ საინტერესო შედეგების მომტანი იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული სასამართლო დავები და დადგენილი პრაქტიკა დიდი ალბათობით დაადგენს, თუ როგორ ურთიერთქმედებს NFT ისეთ მნიშვნელოვან უფლებებთან, როგორიცაა ინტელექტუალური საკუთრების უფლება.
დატოვე კომენტარი