Nike-მა NFT-ტექნოლოგიაზე ბაზირებული ციფრული ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანია, RTFKT შეიძინა, – ამის შესახებ ტანსაცმლის მსოფლიო გიგანტმა ორშაბათს განაცხადა. Nike-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ RKKFT-ი საკუთარი ინდუსტრიის წამყვანი ბრენდია, რომელიც, ინოვაციის გზით, ისეთ საკოლექციო ნივთებს აწარმოებს, კულტურისა და გეიმინგის სამყაროებს რომ აერთიანებენ.
„Nike-ის ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე, ეს შენაძენი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, სპორტსმენებსა და კრეატორებს სპორტის, შემოქმედებითობის, გეიმინგისა და კულტურის გადაკვეთაზე მოვემსახუროთ“, – აღნიშნა Nike-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა და პრეზიდენტმა, ჯონ დონაჰოუმ.
RTFKT is now a part of the NIKE, Inc. family. 🌐👁🗨 pic.twitter.com/5egNk9d8wA
— RTFKT Studios (@RTFKTstudios) December 13, 2021
აღსანიშნავია, რომ სახელი RTFKT-მ ამა წლის თებერვალში გაითქვა, როცა ტინეიჯერ არტისტთან, FEWOCiOUS-თან კოლაბორაციით შექმნილი რეალური კედები ვირტუალურ კედებთან ერთად გაყიდა – განთავსებიდან ექვს წუთში 600 წყვილი ფეხსაცმელი გაიყიდა, რამაც კომპანიას $3.1 მილიონი მოუტანა.
„ძალიან ნიჭიერი კრეატორების გუნდი შევიძინეთ, რომელთაც ავთენტური და დაკავშირებული ბრენდი შექმნეს. ჩვენი გეგმაა, RTFKT-ის ბრენდში თანხები დავაბანდოთ, წარმოება გავზარდოთ და მოვემსახუროთ მათ ინოვაციურ და კრეატიულ კომუნას, რითაც Nike-ის ციფრულ ნაკვალევსა და შესაძლებლობებს კიდევ უფრო გავზრდით“, – წერს ჯონ დონაჰოუ.
აღსანიშნავია, რომ ბრენდის შეძენის შემდეგ Nike-მა RTFKT-ის ლოგო სხვა ცნობილი ბრენდების ლოგოების გვერდზე განათავსა – Nike-ის, Jordan-ისა და Converse-ის ლოგოებს, ამიერიდან, RTFKT-ის ლოგოც შეემატა. საინტერესო კი ის არის, რომ თითოეულ ამ ბრენდს მრავალწლიანი ისტორია აქვს, ხოლო უკანასკნელი 2020 წელს შეიქმნა. როგორც ჩანს, Nike-ი ხვდება მეტავერსის მნიშვნელობას და მზად არის, მასში ერთ-ერთი პირველი იყოს. „Nike-ი მსოფლიოში ერთადერთი ბრენდია, რომელსაც ინოვაციის, კრეატიულობისა და კომუნის მიმართ ასეთ ღრმა ინტერესი აქვს – გვსურს, სრულად მეტავერსში შექმნილი ბრენდი კიდევ უფრო გავზარდოთ“, – აღნიშნა RTFKT-ის თანადამფუძნებელმა, ბენუა პაგოტომ.
დატოვე კომენტარი