სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი ამერიკული ბრენდი Nike-ი რუსეთში ოპერაციების შეწყვეტიდან სამი თვის შემდგომ, ქვეყანას სრულად ტოვებს. შეგახსენებთ, რომ ბრენდმა, უკრაინის ომის საპასუხოდ, რუსეთში ოპერაციების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება სამ მარტს მიიღო.
Nike-მა რუსეთის ბაზრის სრულად დატოვება უკვე დაადასტურა და ამ გადაწყვეტილებით დასავლეთის სხვა მსხვილ ბრენდებს, მათ შორის McDonald’s-სა და Google-ის შეუერთდა. კომპანიისთვის, რომელიც უკრაინიდან და რუსეთიდან ჯამში შემოსავლის 1%-ზე ნაკლებს იღებს, ეს ნაბიჯი უფრო მეტად სიმბოლურია, ვიდრე მატერიალური. ბრენდი სოციალური და პოლიტიკური საკითხების ღია მხარდაჭერით აქამდეც გამოირჩეოდა.
აღსანიშნავია, რომ ის უცხოური კომპანიები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომის საპასუხოდ რუსეთიდან გასვლას ცდილობენ, რამდენიმე კვირაში ახალი კანონმდებლობების სამიზნეები გახდებიან, რაც მოსკოვს აქტივების ჩამორთმევისა და სამართლებრივი სასჯელის დაწესების უფლებით უზრუნველყოფს. ახალმა კანონმდებლობამ, რუსეთის ბაზრიდან ბრენდების ნაწილის გასვლის დაჩქარებას შეუწყო ხელი.
მაისში, რუსულმა მედიამ Nike-ის მხრიდან, რუსეთში მის უმსხვილეს ფრენჩაიზთან, Inventive Retail Group-თან კონტრაქტის გახანგრძლივების შეჩერებაზე გაავრცელა ინფორმაცია. ცნობისთვის, Inventive Retail Group-ი, მისი შვილობილი კომპანია Up And Run-ის საშუალებით, რუსეთში Nike-ის ბრენდის 37 მაღაზიას მართავს.
დატოვე კომენტარი