სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ამერიკულმა მწარმოებელმა, Nike-მა საკუთარი ფრენჩაიზის მფლობელ რუსულ კომპანიას, Inventive Retail Group-ს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განუცხადა, – ამის შესახებ რუსული გამოცემა „ვედომოსტი“ წერს. ამგვარად, რუსეთში Nike-ის ბრენდის მაღაზიების უდიდესი ქსელის მფლობელ Inventive Retail Group-ს სავაჭრო ობიექტების დახურვა მოუწევს.
აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია Nike-მაც დაადასტურა: ამერიკული გიგანტის თქმით, ამგვარი გადაწყვეტილება მათ საოპერაციო სირთულეებიდან გამომდინარე მიიღეს – როგორც ჩანს, Nike-ს რუსეთში საკუთარი პროდუქციის შეტანა ძალიან უჭირს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფრენჩაიზის არგაგრძელების შედეგად Nike-ის რუსული ბაზრიდან სრულად გასვლაც არის მოსალოდნელი, მით უფრო იმის ფონზე, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, Nike-ის ბრენდირებულ მაღაზიათა რიცხვი 116-დან 56-მდე შემცირდა, რომელთაგან 19 დროებით დახურულია.
როგორც ირკვევა, ორ კომპანიას შორის გაფორმებული საფრენჩაიზო ხელშეკრულება 26 მაისს იწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოცემული დროიდან, რუსეთში Nike-ის ბრენდირებული მაღაზიები აღარ იფუნქციონირებს. თუმცა, როგორც სფეროს ექსპერტები წერენ, Nike-ის პროდუქცია ხელმისაწვდომი იქნება მრავალბრენდიან მაღაზიებში.
დატოვე კომენტარი