თეატრი სახელოსნო 42 სულ რამდენიმე თვეა გაიხსნა და მაყურებელს სრულიად ახალ თეატრალურ გამოცდილებას სთავაზობს. სეზონის გენერალური სპონსორია SOLO.
აღსანიშნავია, რომ პირველივე დღიდან სპექტაკლებისადმი საზოგადოების ინტერესი დიდია – ემოციებისა და შთაბეჭდილებების მრავალფეროვნება არის ის, რასაც თეატრი მაყურებელს სთავაზობს. ამ ყველაფრის უკან კი გამორჩეული რეჟისურის, მსახიობთა შესრულების, მუსიკალური გაფორმებისა თუ სცენოგრაფიის გარდა კიდევ მრავალი კომპონენტი იმალება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მათგანი კი თავად კოსტიუმებია.
კოსტიუმები ქმნის ემოციების ვიზუალურ სარკეს, რომელიც პერსონაჟის ხასიათს, ამბის განვითარების დინამიკასა და განწყობას ფერებისა და ფორმების მეშვეობით გადმოსცემენ. მათი ისტორია ესკიზით იწყება და იდეებიც ჯერ ქაღალდზე, შემდეგ კი მატერიაში განსხეულდება.
თეატრ ,,სახელოსნო 42-ის“ კოსტიუმების შექმნის შემოქმედებით პროცესში მიღებულ გამოცდილებას კოსტიუმების ესკიზების მხატვარი, ნინო სურგულაძე გვიზიარებს.
ნინო სურგულაძე ლევან წულაძესთან ჯერ კიდევ 2003 წლიდან თანამშრომლობდა „თეატრალურ სარდაფში“, რომელიც რუსთაველის 42 ნომერში მდებარეობდა. სწორედ ამ თეატრის პატივსაცემად ფიგურირებს ახალი თეატრის დასახელებაში ნომერი 42.
ნინო თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა კინო-ტელე მხატვრობის მიმართულებით, საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყების პერიოდში ამერიკაში იმყოფებოდა, ნიუ-იორკში ესწრებოდა ლექციებს თეატრის მხატვრობის შესახებ.
როგორც გვიყვება, მისი და კოსტიუმების ურთიერთობა შემთხვევით დაიწყო მაშინ, როდესაც თეატრალურ სარდაფში ლევან წულაძე (ჭოლა) ,,უჩინმაჩინის ქუდს“ დგამდა, მხატვარს კი არ ეცალა და დასახმარებლად ნინოს დაურეკეს.
,,მახსოვს, ,,უჩინმაჩინის ქუდის“ დადგმაში ყველა ჩართული იყო, ლევანი ამერიკაში წავიდა და როცა დაბრუნდა, ყველაფერი მზად დავახვედრეთ, შემდეგ იყო მარჯანიშვილის თეატრი, ლევანი ,,დეკამერონს“ დგამდა და მეც მომიწვია მხატვრად, თანამშრომლობა მარჯანიშვილის თეატრში განვაგრძეთ”, – იხსენებს ნინო.
შექმნის პროცესში სხვადასხვა ხელოვანების გავლენების შესახებ საუბრისას კი ამბობ, რომ შეუძლებელია რაღაც გიყვარდეს, მოგწონდეს, აღგაფრთოვანებდეს და ირიბად მაინც არ მოექცე მისი ზეგავლენის ქვეშ. თუმცა ყოველთვის ცდილობს, თავიდან აირიდოს ,,უნებლიე პლაგიატი“, ამიტომ, ისეთ სპექტაკლზე მუშაობისას, რომელიც სხვა რეჟისორს უკვე დაუდგამს ან თუ პიესის ეკრანიზაცია არსებობს, ყოველთვის თავს იკავებს ფილმის ან სპექტაკლის ყურებისგან. შესაბამისად, ის ყოველთვის ცდილობს საკუთარი ესკიზებით თუნდაც უკვე კარგად ნაცნობ პერსონაჟს რაღაც ახალი, განსაკუთრებული და განსხვავებული შტრიხები შემატოს. თუმცა, ხანდახან შეუძლებელია, ცნობილი შედევრების გავლენებისგან გათავისუფლება.
,,მახსენდება, ერთ-ერთი როლი, რომელსაც ნიკო თავაძე ასრულებდა, თეატრის მსახური. ამ როლისთვის უკვე იყო შექმნილი იმდენად დახვეწილი და იდეალური სამოსი, რომ სიამოვნებით დავიბრალებდი ავტორობას. რასაკვირველია, უკვე არსებულის დეტალები გამოვიყენეთ ახალი კოსტიუმის შექმნისას, რათა პერსონაჟის ხასიათი შეგვენარჩუნებინა, მაგრამ მაინც სხვანაირი გამოვიდა. ნიკო თავაძემ პერსონაჟის ახლებური სახე შექმნა, მეც და ჭოლამაც ჩვენი ნიუანსები შევიტანეთ.“
კოსტიუმების შექმნის პროცესზე საუბრისას კი ამბობს, რომ ყველაფერი რეჟისორის ჩანაფიქრით იწყება. ხდება ისეც, რომ კოსტიუმის ესკიზის შექმნამდე უკვე შერჩეულია მსახიობი, ამიტომ მხატვარი ცდილობს, გაითვალისწინოს მისი ინდივიდუალიზმი და შექმნას ესკიზი, რომელიც მსახიობს მოერგება. ხანდახან კი პირიქით – მსახიობს უწევს, მოერგოს უკვე შექმნილ სამოსს.
აქვე აღნიშნავს, რომ კოსტიუმის შექმნა მხოლოდ მხატვარსა და მკერავზე როდია დამოკიდებული. ისინი ქმნიან სახეს, თუმცა, მისი მაყურებლამდე მიტანა მსახიობზეა დამოკიდებული. განმარტავს, რომ სპექტაკლში არსებობს სცენები, რომლის დროსაც სამოსი არ უნდა საუბრობდეს ბევრს მსახიობზე, არ უნდა ფარავდეს მონოლოგს… ზოგჯერ კი პირიქით – თავად სამოსია მონოლოგი.
,,მახსოვს, თეატრალურ სარდაფში მე და მანანა კოზაკოვა ვიდექით კულისებში, ერთ-ერთი მსახიობი გადიოდა სცენაზე. 70-იანი წლების კოსტიუმი ეცვა, ძალიან განსხვავებული და ორიგინალური, სანამ რეპლიკას იტყოდა, მაყურებელმა ტაშის დაკვრა დაიწყო, მანანა მომიბრუნდა და მითხრა, რომ ეს არის ,,კოსტიუმის ტაში“.
,,კოსტიუმის ტაში“ ნინო სურგულაძის ნამუშევრებს არაერთხელ დაუმსახურებია. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა მისმა ნამუშევარმა, რომელიც გლობუსის თეატრისთვის შექსპირის ფესტივალზე დადგმული სპექტაკლისთვის შექმნა. ქსოვილის საჭირო ფერს ვერ პოულობდა, ამიტომ მოუწია თავად გამოეგონებინა ის – ნაჭრების ერთმანეთზე დადებით. ამბობს, რომ მკერავების საქმიანობაში არ ერევა, თუმცა თეატრი იძლევა ესკიზის დავიწყებისა და იმპროვიზაციის საშუალებას.
ნინო სურგულაძეს ლევან წულაძესთან თანამშრომლობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, როგორც გვეუბნება, ის აღტაცება და ენთუზიაზმი, რომლითაც რეჟისორი ახალ სპექტაკლზე მუშაობას იწყებს, გადამდებია და თეატრის იქით ცხოვრებას გავიწყებს:
,,სხვანაირი სიყვარული სჭირდება ამ სამყაროს და ამ პროფესიას, ჩემს ცხოვრებაში ჩემი შვილები ყველაზე ძვირფასი ადამიანები არიან, მაგრამ ხატვას იმდენად მთლიანად ვუთმობ თავს, რომ ამ დროს შეიძლება დამავიწყდეს და არცერთი არ მოვიკითხო“
ნინოსა და ლევანის წარმოდგენები ზოგჯერ ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ საბოლოოდ მაინც თანხმდებიან:
,,ლევანს არ უყვარს შავი და ჯინსი, მე არ მიყვარს ბაფთები, დიდი ქუდები და ჩანთები სცენაზე. საბოლოოდ ვითვალისწინებთ ერთმანეთს და იმას ვაკეთებთ, რაც სპექტაკლს სჭირდება“.
ინფორმაციისთვის, თეატრი სახელოსნო 42-ის სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინ (biletebi.ge, tkt.ge) არის შესაძლებელი. S