2021 წელი, შეგვიძლია, უდავოდ NFT-ების წლად მივიჩნიოთ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მდიდარმა კოლექციონერებმა ფიზიკურ ობიექტებზეც დიდი რაოდენობით ფული დახარჯეს. გასულ წელს ჩატარებულ აუქციონებზე კოლექციონერების სამიზნე არაერთი სახის ნივთი იყო – დაწყებული ხელოვნების ნიმუშებიდან და სპორტული ავტომობილებიდან, დამთავრებული მეტეორიტებითა და ძვირფასი ქვებით.
2021 წელს ჩატარებულ აუქციონებზე გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული ნივთებიდან ზოგიერთმა მათგანმა საკუთარ ქვეკატეგორიაში ყველა დროის რეკორდი მოხსნა, ზოგის ფასი კი მხოლოდ გასული წლისთვის გამოდგა რეკორდული.
2021 წელს აუქციონზე ყველაზე ძვირად ცნობილი ესპანელი ხელოვანის, პაბლო პიკასოს ნამუშევარი „ფანჯარასთან მჯდომი ქალი“ გაიყიდა. 1932 წელს შესრულებულ ხელოვნების ნიმუშში, რომელიც Christie’s-ის სააუქციონო სახლმა წარმოადგინა, 103.4 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადეს. ცნობისთვის, ნახატზე გამოსახული ქალი მარი-ტერეზ ვალტერია, რომელთანაც პიკასოს სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა. მან მხატვრის შემოქმედებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა.
აქვე გეტყვით, რომ ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებული მხატვრული ნამუშევარი, რომელიც სააუქციონო სახლების მიერ გაყიდულა, ლეონარდო და ვინჩის „სალვატორ მუნდი“ გახლავთ. ის 2016 წელს საუდის არაბეთის პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა 450 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა.
მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ნივთი ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის ფინალური ვერსიის ტექსტი გახლავთ. უდიდესი ისტორიული ღირებულების მქონე არტეფაქტი უიშვიათესი ნიმუშია და პირველი გამოცემის ასლს წარმოადგენს. კონსტიტუციის ტექსტი Sotheby’s-ის სააუქციონო სახლმა 43.2 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა.
მესამე ნივთის ღირებულება, შეიძლება ითქვას, რომ მისმა მასალამ განაპირობა. 15.81-კარატიანი ბრილიანტი “საკურა” ვარდისფერ ძვირფას ქვას წარმოადგენს, რომელიც ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება. ბრილიანტი Christie’s-ის სააუქციონო სახლმა 29.3 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა.
2021 წელს აუქციონზე გაყიდული მეოთხე ყველაზე ძვირად ღირებული ნივთი, სპორტული ავტომობილი, 1995 წლის McLaren F1-ი გახლავთ. აღნიშნული ავტომობილი 1992-დან 1998 წლამდე იწარმოებოდა და ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სუპერმანქანად არის მიჩნეული. 30 წლის წინანდელი ავტომობილი ისეთი ინოვაციური ტექნოლოგიებითაა შექმნილი, რომელთა ნაწილიც თანამედროვე მანქანებშიც კი არ გვხვდება. მაგალითად, ავტომობილის მთავარი სტრუქტურა ნახშირბადის ბოჭკოვანი მასალისგანაა შექმნილი. გარდა ამისა, მძღოლის ადგილი მანქანის ცენტრალურ ნაწილშია განლაგებული.
განსაკუთრებულ ხიბლს ამ ავტომობილს მისი უნიკალურობაც სძენს. შორეულ 90-იან წლებში McLaren F1-ის მხოლოდ 106 ეგზემპლარი გამოვიდა და მათ უმეტესობას ახლა ცნობილი ადამიანები ფლობენ. შეგახსენებთ, რომ 2000 წელს ილონ მასკმა საკუთარი F1 დაზღვევის გარეშე დემონსტრაციულად დაამტვრია. გასულ წელს აუქციონზე გატანილი McLaren F1-ი 20.5 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.
საკმაოდ საინტერესო ნივთი გვხვდება რეიტინგის მეხუთე ადგილზე. 1933 წლის ორმაგი არწივის მონეტა შეერთებულ შტატებში ოდესმე წარმოებული $20-დოლარიანი ოქროს მონეტების ერთ-ერთ უკანასკნელ ეგზემპლარს წარმოადგენს. მონეტა იმ ეპოქას მიეკუთვნება, როდესაც აშშ დოლარის ღირებულება ოქროს ღირებულებაზე იყო მიბმული. ეს სისტემა ოქროს სტანდარტის სახელითაა ცნობილი. აქედან გამომდინარე, ამ ნივთს უდიდესი ისტორიული ღირებულება აქვს. დღესდღეობით მონეტის მხოლოდ 13 ეგზემპლარის არსებობის შესახებ გვაქვს ინფორმაცია. შესაბამისად, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ Sotheby’s-ის სააუქციონო სახლმა ის 18.9 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა და შედეგად, ნივთმა მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული მონეტის სტატუსიც მიიღო.
წარმოგიდგენთ იმ ნივთების ათეულს, რომლებიც 2021 წლის აუქციონებზე რეკორდულ ფასად გაიყიდა:
ფოტო: Visualcapitalist.com
დატოვე კომენტარი