საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2021 წლის ნოემბერში საქართველოში 181 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, საიდანაც 151 ათასი იყო ტურისტი (24 საათზე მეტ ხანს გაჩერდა საქართველოში).
2020 წლის ნოემბერთან შედარებით, წელს ნოემბერში 4-ჯერ (134 ათასი კაცით) მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო ტურისტების რაოდენობა 3.8-ჯერ არის გაზრდილი. თუმცა, 2019 წლის ნოემბერთან შედარებით ვიზიტორები მნიშვნელოვნად არის შემცირებული. 2019 წლის ნოემბერში 489 ათასი ვიზიტორით მეტი შემოვიდა, ვიდრე 2021 წლის ნოემბერში. მათ შორის, ტურისტების რაოდენობა 187 ათასით მეტი იყო.
მიმდინარე წლის ნოემბერში ყველზე მეტი ვიზიტორი – 33 ათასი რუსეთიდან შემოვიდა. თურქეთიდან 32 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, უკრაინიდან 23 ათასი, სომხეთიდან 18 ათასი, ხოლო ბელარუსიდან 12 ათასი.
11 თვის ჯამში, იანვარ-ნოემბერში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა 37%-ით გაიზარდა, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 2%-ით შემცირდა. 11 თვეში საქართველოში ჩამოვიდა 1.7 მილიონი ვიზიტორი, საიდანაც ტურისტი 1.4 მლნ იყო.
10 ქვეყანა საიდანაც ნოემბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა
ქვეყანა | ვიზიტორების რაოდენობა |
რუსეთი | 33,139 |
თურქეთი | 32,281 |
უკრაინა | 22,972 |
სომხეთი | 18,158 |
ბელარუსი | 11,858 |
ყაზახეთი | 10,930 |
საუდის არაბეთი | 9,338 |
აზერბაიჯანი | 8,726 |
ისრაელი | 7,896 |
პოლონეთი | 7,029 |
წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
დატოვე კომენტარი