Nokia-მ უახლესი სმარტფონი, G50 წარმოადგინა, რომლითაც საშუალო საფასო კატეგორიაში არსებულ სხვა სმარტფონებთან კონკურენციაში ჩაბმას აპირებს: Nokia-ს ახალი მოდელი $299 ეღირება და ის 6.82-დუიმიანი HD+ დისპლეითა და გამძლე ბატარეით არის აღჭურვილი, ხოლო კომპლექტში 18-ვატიანი სწრაფი დამტენიც მოჰყვება. აღსანიშნავია, რომ Nokia-ს უახლესი სმარტფონი ვიზუალურად აპრილში გამოშვებულ Nokia X20-ს ჰგავს, თუმცა ახალი მოდელი ძველზე უფრო დიდი და გამძლეა და თან მას 5G მხარდაჭერაც აქვს. Nokia-ს უახლესი სმარტფონი Android 11-ის ოპერაციული სისტემით იქნება უზრუნველყოფილი.
ამავე ფასის კატეგორიის სხვა 5G მხარდაჭერის მქონე სმარტფონების მსგავსად, Nokia G50-იც Snapdragon 480 პროცესორითაა აღჭურვილი. ტელეფონს ოთხგიგაბაიტიანი ოპერაციული და 128 გიგაბაიტის მოცულობის შიდა მეხსიერება აქვს, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, microSD-ის გამოყენებასაც შეძლებთ. Motorola-ს ამავე სახელწოდების მქონე სმარტფონისგან განსხვავებით, Nokia-ს დისპლეი უფრო დიდი და კაშკაშაა.
ისე კი, Nokia G50-ის გამორჩეული ფუნქციონალი მაინც წრეში მოქცეული სამი უკანა კამერაა – სტანდარტული 48-მეგაპიქსელიანი, Ultrawide 5-მეგაპიქსელიანი და 2-მეგაპიქსელიანი სიღრმის საზომი სენსორი. წინა კამერის გამოყენებით, მომხმარებლები ვიდეოს სტაბილიზაციას შეძლებენ, ხოლო Night Selfie რეჟიმის გამოყენებით, სელფის ტიპის სურათებს დაბალი განათების პირობებშიც გადაიღებენ. გარდა ამისა, სმარტფონში ავტომატურად იქნება ხელმისაწვდომი Spotify და ExpressVPN-ის 30-დღიანი უფასო პაკეტი. Nokia G50-ის წინასწარი გაყიდვები უკვე დაიწყო – ტელეფონი $299 ღირს.
დატოვე კომენტარი