Pfizer-ის რეგიონალურ ბაზრებზე წვდომის მენეჯერი და გლობალური ინოვაციური პროდუქტების ხელმძღვანელი ნონა მამულაშვილი კომპანიის ქართულ წარმომადგენლობას მსოფლიოს პირველ ფარმაცევტულ კორპორაციაში განსაკუთრებულ ადგილს უმკვიდრებს.
პირველად ხდება, რომ Forbes-ის CEO-ს რუბრიკის სტუმარი ქალბატონია. ფოტოსესიის მსვლელობას ნერვიულად ვადევნებ თვალს. რა ძნელი ყოფილა ბიზნესვუმენზე დაწერა! წარმოიდგინეთ, როგორი დამაბნეველია: „ჟანრის კანონი” მოითხოვს, რესპონდენტის ხასიათის მტაცებლური თვისებები დავინახო და გამოვკვეთო. ხომ გესმით? – არავინ დაარქმევს ბაზრის ლიდერი კომპანიის მენეჯერის შესახებ სტატიას „უოლ- სტრიტის კრავს”. ბიზნესსამყარო ბუნებასავით ულმობელია; ლიდერის ძრავას, დამპყრობლური ჟინის საწვავის გარეშე, „გაწევა” არა აქვს.
დამეთანხმებით, „მხეცობას” – მით უმეტეს, ბიზნესის კონოტაციით – მხოლოდ მამაკაცების მიმართ შეიძლება დაჰკრავდეს კომპლიმენტის ელფერი, ქალბატონს კი, მიუხედავად გენდერულ როლებთან დაკავშირებულ ცრურწმენათაგან თავისუფლებისა, მსგავს უხეშ და ესთეტიკურად ბლაგვ ეპითეტს ვერ მიუსადაგებ.
გზის მეორე მხრივ გაკვალვაც არ სახავს სახარბიელო პერსპექტივას. აქეთ რა არის? – წარმატებული აღმასრულებლის აგრესიული მენეჯერული თვისებების მხოლოდ პატრიარქალური ძალაუფლების ვერტიკალისთვის მიწერა; ქალბატონის შემთხვევაში კი მისი აკადემიური თუ პროფესიული ბაგაჟისთვის უჩვეულო, მეტიც – განსაკუთრებული მოხდენილობისა და ელეგანტურობის გამორჩევა… არა, ეს აშკარად უარესი მიმართულებაა. ამ ბილიკისთვის ფეხის დაკარება ავტორის მხრიდან ჩვეულებრივი შოვინისტური (ვინაიდან ბიზნესსამყაროს ავატარ ცხოველებზე ჩამოვარდა საუბარი) ქმედება იქნებოდა. შანსი არაა, ასეთი რიტორიკა გამივიდეს სუპერემანსიპირებულ ქალბატონთან, ზომიერად მემარცხენე, ფრანგული იდეოლოგიური ტრადიციის მატარებელი ოჯახიდან.
„მე უფრო ლიბერალურ მხარეს ვიხრები, მაგრამ ფრანგი მეუღლე მყავს. საფრანგეთი განსაკუთრებით ცნობილია თავისი სოციალიზმით. ამიტომ, ოჯახური იდილიის შესანარჩუნებლად, სოციალ-დემოკრატიულ მიმართულებას დავადექი”, – მეტყვის იგი მოგვიანებით. და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საერთაშორისო საჯარო და კომერციულ სექტორში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გავლენიანი პოზიციის დაკავების გარდა, იგი აკადემიურ კარიერასაც მისდევდა – 2006 წლიდან 2010 წლამდე ნონა მამულაშვილი საქართველოს უნივერსიტეტის ასოციირებული პროფესორი, აკადემიური კვლევების დირექტორი და სწორედ პოლიტიკური იდეოლოგიების ლექტორი იყო (აგრეთვე ასწავლიდა დიპლომატიურ პროტოკოლს, საჯარო დიპლომატიას, საერთაშორისო ორგანიზაციების საგანსა და კონფლიქტების რეზოლუციას) – გასაგები ხდება, რომ ამ მიმართულებით მცირე გადაცდომაც არ დარჩება შეუმჩნეველი, ისევე, როგორც არ დარჩა შეუმჩნეველი ჩემი ყოყმანი.
ფოტოსესიის ეპილოგისკენ, როდესაც მცირე პაუზით ვისარგებლე და გავეცანი, პირველი, რაც მითხრა, იყო: „ოღონდ თვალებსა და ჩაცმულობაზე არ დაწერო”. ზუსტად ვერ ვიგონებ, რა ვუპასუხე – დიქტოფონი ჯერ არ იყო მომართული – თუმცა მახსოვს, რომ ამ სიტყვების მერე ყველაფერი გაადვილდა. ინტერვიუს მსვლელობისას ცხადი გახდა, რესპონდენტის სახით საქმე მქონდა ამერიკულად პირდაპირ, ბრიტანულად პრაგმატულ და ფრანგული სტილის შეგრძნების მქონე ქართველ პროფესიონალთან, რომელიც – როგორც ყველა გამოცდილი დიპლომატი – თანამოსაუბრეს მანამდე უსმენს, სანამ ეს უკანასკნელი სიტყვას დაძრავდეს, თავად კი გონებაში ზუსტად აქვს დადგენილი საკუთარი საუბრის პერიმეტრი, მეტყველებს ლაკონიურად და სათქმელს ზედმიწევნით ზუსტად გადმოსცემს. საუბარი მისთვის ქორეოგრაფიაა – ცეკვა, რომლის ტემპორიტმსა და მიმართულებას თავად განსაზღვრავს. ინტერვიუს მსვლელობისას გარკვეულ მომენტში ვხვდები, რომ იგი არა მხოლოდ მაძლევს საწერ მასალას, არამედ ინფორმაციის სისტემატიზებითა და თხრობის ქრონოლოგიით ამავდროულად სამუშაო პროცესის ორგანიზებასაც ახდენს. არ ვიცი, ამგვარი მულტიტასკინგი გამორჩეულად ქალ-მენეჯერთა თვისებაა თუ მისი გამოცდილების მქონე ყველა პროფესიონალი ასეთ მრავალარხიან სიხშირეზე მუშაობს, მაგრამ ფაქტია: ასეთი კვალიფიციური რესპონდენტი ჯერ არ მყოლია და სწორედ ეს არის სახასიათო შტრიხების ნაკრები, რომელთა გარშემო ამ კონკრეტული აღმასრულებლის პორტრეტი უნდა მოიხაზოს.
თუმცა სხვას რას უნდა ელოდე გლობალური ინოვაციების მიმართულების რეგიონალური ხელმძღვანელისაგან იმ გიგანტური საერთაშორისო ფარმაცევტული კორპორაციისა, რომელიც თავისი სიდიდისა და მრავალპროფილურობის მიუხედავად, სწორედ ინოვაციაზე დებს ფსონს და ახერხებს კიდეც, რომ კვლევა-განვითარებაზე კონკრეტულად ფოკუსირებული კომპანიები მათსავე თამაშში დაამარცხოს. მიხვდებოდით, საუბარია Pfizer-ზე, რომელიც Forbes Global 2000-ის ნუსხაში, ანუ მსოფლიოს უდიდეს კომპანიათა რეიტინგში, ფარმაცევტული ბაზრის უცვლელი პირველი ნომერია.
წელს, იმ კომპანიებს შორის, რომელთა აქციები ბირჟაზე საჯაროდ არის განთავსებული, Pfizer-ი 45-ე ადგილს იკავებს (საუბარია აბსოლუტურად ყველა ინდუსტრიაში წარმოდგენილ ყველა უდიდეს კომპანიაზე). მოგების მიხედვით, კორპორაციას მსოფლიოში მე-14 ადგილი უჭირავს ($22 მილიარდი 2014 წლისთვის), საბაზრო ფასით კი – მე-18. Pfizer-ის საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის $204 მილიარდს უტოლდება და გაყიდვები, მხოლოდ შარშან, $52 მილიარდს აღემატებოდა.
1849 წელს ჩარლზ პფაიზერი და ჩარლზ ერჰარტი ალბათ ვერც იფიქრებდნენ, რომ ბრუკლინში დაარსებული მათი საწარმო, რომელიც თავიდან მხოლოდ სუფთა ქიმიკატების წარმოებით იყო დაკავებული, წლების განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე დიდ ფარმაცევტულ კომპანიად გადაიქცეოდა. დღეს კომპანიის სათავო ოფისი არა ბრუკლინში, არამედ ნიუ-იორკშია და მის მსოფლიო პირველობას 78 ათასამდე თანამშრომელი უზრუნველყოფს 150 ქვეყანაში. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ნონა მამულაშვილი, რომელიც კომპანიაში გლობალური ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელობის გარდა, რეგიონალურ ბაზრებზე წვდომის მენეჯერის პოზიციასაც ითავსებს 10 ქვეყანაში (კავკასია, ცენტრალური აზია და მონღოლეთი) და ამას ემატება Country Manager-ის პოზიცია საქართველოში. „ასე რომ, სამი – ერთში”, – ღიმილით მეუბნება იგი.
შეიძლება ითქვას, რომ სამუშაო არეალების დივერსიფიცირებულობით ნონა მამულაშვილი ძალიან ჰგავს კომპანიას, რომელსაც წარმოადგენს.
Pfizer-ის გლობალური ჯანდაცვის პორტფოლიო მოიცავს როგორც ადამიანებისა და ცხოველებისთვის განკუთვნილ მცირე მოლეკულურ წამლებსა და ვაქცინებს, ისე საკვებ პროდუქტებს. კომპანია თანამშრომლობს სხვა ბიოფარმაცევტულ კომპანიებთან, ჯანდაცვის სფეროს პროვაიდერებთან, სახელმწიფოებსა და ლოკალურ თვითმმართველობებთან, რათა მხარი დაუჭიროს და გააადვილოს სანდო და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის მიღება ადამიანებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აქამდე Pfizer-ი ოპერირებდა ხუთ სეგმენტში: პირველადი საჭიროებები, სპეციალური საჭიროებები და ონკოლოგია, ჩამოყალიბებული პროდუქტები და ახალი ბაზრები, ცხოველთა ჯანდაცვა და სამომხმარებლო ჯანდაცვა. თუმცა მთელი წლის მანძილზე, კონკურენტი კომპანიების ჩაყლაპვის მცდელობებთან ერთად (ორიოდ თვის წინ ბიზნესმედია აქტიურად წერდა Pfizer-ის მხრიდან AstraZeneca-ს შესაძლო შეერთების შესახებ. გარიგება $100 მილიარდზე მეტად იყო შეფასებული, მაგრამ პროცესი შეფერხდა) კომპანია ატარებდა სტრუქტურულ რეორგანიზაციას: იშორებდა წვრილ მიმართულებებს და უფრო კონცენტრირდებოდა ინოვაციურ და შემდგარი პროდუქტების ბირთვზე – მაგალითად, ჩამოიშორა ცხოველთა ჯანდაცვის განყოფილება Zoetis-ი, საბავშვო ფორმულების განყოფილება კი Nestle-ს მიჰყიდა.
„Pfizer-ი სამ ბირთვად დაიყო – ინოვაციური პროდუქტები, შემდგარი პროდუქტები, რომლებსაც პატენტის ვადა გასდის და ვაქცინა-ონკოლოგია, – მიხსნის ნონა მამულაშვილი. – ამ კომერციული სტრუქტურის საშუალებით უკეთ შეგვიძლია ჩვენი უნარების შეფასება, ახალი შესაძლებლობების გამოვლენა და ამ სამი გლობალური ბიზნესიდან თითოეულის წინსვლის გაზომვა”.
თუ რომელი მიმართულება წარმოადგენს კომპანიის პრიორიტეტს, წლევანდელი გარიგებებიდანაც ჩანს: Pfizer- მა უდიდესი ფსონი გააკეთა ყველაზე „ცხელ” ახალ ტექნოლოგიაზე სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლის წინააღმდეგ – სისხლის გენეტიკურად პროგრამირებულ თეთრ უჯრედებზე (T-cells), რომლებიც კიბოს უჯრედებზე „ნადირობენ”. ორიოდ თვის წინ კომპანიამ განაცხადა, რომ ფრანგულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია Cellectis-ს ამ ტექნოლოგიაში $80 მილიონს გადაუხდის და დამატებით $30 მილიონს აქციებად გადასცემს. აგრეთვე, Pfizer-ი რამდენიმე ეტაპად გადაიხდის Cellectis-ში ინიციირებულ კვლევა-განვითარების საფასურს – $185 მილიონამდე თითოეული იმ 15 პროგრამისთვის, რომელთა საშუალებითაც კომპანია სიმსივნეზე „მონადირე” უჯრედებს განავითარებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თხუთმეტივე პროგრამის წარმატებით დაგვირგვინების შემთხვევაში Pfizer-ი Cellectis-ს ჯამში $2,8 მილიარდს ჩაუთვლის (ამასთან ერთად, Cellectis-ი მიიღებს როიალტებს თითოეული იმ პროდუქტის გაყიდვებიდან, რომლებიც მის Pfizer-თან კოლაბორაციის შედეგად შეიქმნება).
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ Pfizer-ის ზოგიერთი ყველაზე გაყიდვადი პრეპარატი – მაგალითად, მომატებულ ქოლესტერინთან მებრძოლი „ლიპიტორი” – აღარ არის პატენტით დაცული და იმასაც, რომ Pfizer-ის ყველაზე საშიში კონკურენტი, Forbes-ის რეიტინგში ფარმაცევტულ კომპანიათა შორის მეორე ადგილის მფლობელი Novartis-ი უკვე ხმაურს იწვევს სამედიცინო გარღვევებით (მისი მმართველი ჯოზეფ ჰიმენეზი ამერიკული Forbes-ის ამ წლის მაისის ნომრის ყდაზეც კი მოხვდა. ჰედლაინი ასე ჟღერდა: „ეს არის კაცი, რომელიც კიბოს განკურნავს?”) ცხადი ხდება, რომ პირველობის შესანარჩუნებლად, მომდევნო წლებში Pfizer-ი აქცენტს კვლევა-განვითარებასა და გლობალურ ინოვაციურ პროდუქტებზე გააკეთებს – იმ მიმართულებებზე, რომელთა რეგიონალური ხელმძღვანელი სწორედ ნონა მამულაშვილი გახლავთ.
– როგორ მოხვდით Pfizer-ში ამ პოზიციაზე? – ვეკითხები რესპონდენტს. ამ კითხვაზე პასუხი, ანუ ნონა მამულაშვილის აკადემიური და პროფესიული ბიოგრაფია, ნამდვილად იმსახურებს ცალკე ქვეთავს.
ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სკოლის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა: „დიდი არჩევანი არ მქონია, უნივერსიტეტი 1995-96 წლებში დაარსდა და ეს იყო ერთადერთი ფაკულტეტი, რაც იმ დროს არსებობდა”. უნივერსიტეტის დამთავრების დღესვე შესთავაზეს სამსახური ამერიკულ კომპანია Caterpillar-ში – მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
Caterpillar-ის შემდეგ ეუთოს მისია იყო, ლოგისტიკის სფერო, „მაგრამ ყოველთვის მინდოდა დიპლომატიის მიმართულებით წავსულიყავი”, – ამბობს ის. თუმცა მაშინ ჯერ დიპლომატიური განათლება არ ჰქონდა, ეუთოს მისიაში კლიენტებთან ურთიერთობა კი დიპლომატობის სურვილს უცხოველებდა. სურვილს მოქმედება მოჰყვა: „სულ რაღაც ორი კვირით პარიზში წავედი ენის შესასწავლად. იქ იყო ლონდონის დიპლომატიური აკადემიის ფილიალი, შევიტანე განაცხადი და აღმოჩნდა, რომ ჩავირიცხე ვესტმინსტერის უნივერსიტეტში’”.
შეისწავლა ფრანგული (უცხო ენები მისი ჰობია. დღეისათვის, მშობლიურის გარდა, სრულყოფილად საუბრობს ხუთ ენაზე – ფრანგულად, ინგლისურად, ესპანურად, თურქულად და რუსულად. რიგში არაბული დგას), რათა განათლების მიღება საფრანგეთში გაეგრძელებინა და 2003 წელს, ვესტმინსტერის უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ, დაიწყო მუშაობა დისერტაციაზე არაბული და ისლამური ცივილიზაციების ისტორიის განხრით პარიზის სორბონის უნივერსიტეტში.
2005 წელს, დისერტაციის დაცვის შემდეგ, გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ კემბრიჯში, რათა ჰარვარდის უნივერსიტეტში კონფლიქტების რეზოლუციების მაგისტრის დიპლომი მოეპოვებინა.
„მაგისტრატურის მიმართულება, რომელიც ავირჩიე, გახლდათ დიპლომატია ისლამში. 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედია ახალი მომხდარი იყო და სწორედ მაგ დროს ვირჩევდი, რომელ ფაკულტეტზე ჩავრიცხულიყავი”, – ამბობს ნონა მამულაშვილი. გადაწყვიტა ამ მიმართულებით გაეგრძელებინა სწავლა, რადგან მსოფლიოში არ მოიპოვებოდა ბევრი სპეციალისტი, რომელსაც ეს სფერო ესმოდა: „როდესაც საკანდიდატო დავიცავი, სორბონის უნივერსიტეტმა შემომთავაზა, გაცვლით პროგრამაში მიმეღო მონაწილეობა სორბონასა და ჰარვარდს შორის, სადაც უკვე იყო ლაპარაკი კონფლიქტოლოგიაზე, რაც დღეს, სამწუხაროდ, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, როდესაც ისლამურ სამყაროს სწავლობ”.
ჰარვარდიდან დაბრუნების შემდეგ სორბონიდან მიიღო შემოთავაზება, დარჩენილიყო სადოქტოროზე. დარჩა. სორბონამვე შესთავაზა გამოქვეყნებულიყო მისი კვლევები რადიკალური ისლამის შესახებ, მაგრამ ნონა მამულაშვილმა, პრობლემის სენსიტიურობის გამო, ამ შესაძლებლობაზე უარი თქვა და დისერტაცია არ გამოუქვეყნებია.
დასაწყისში ტყუილად არ გამოვყავი სამი ქვეყანა და ის ეროვნული ბიზნესსტერეოტიპები, რომლებიც ამ ქვეყნებთან ასოციირდება. ჩანს, ნონა მამულაშვილმა საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან, სადაც განათლება მიიღო, საუკეთესო თვისებები წამოიღო. რაც შეეხება „ამერიკული პირდაპირობის” ნაწილს, ეს ალბათ უფრო უდიდესი ამერიკული კომპანიების კორპორაციულ სტრუქტურებში შეძენილი მახასიათებელია. თუმცა კომერციულ სექტორში გადმობარგების ამბამდე ჯერ ადრეა. ჯერ დიპლომატიური სამსახური იყო.
მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში დარჩენა და განათლების გაღრმავება სურდა, გადაწყვიტა, მიეღო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შემოთავაზება და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ანალიტიკურ ჯგუფში დაიწყო მუშაობა მთავარი მრჩევლის პოზიციაზე საგარეო ურთიერთობათა განხრით.
ანალიტიკურ სამსახურში ნონა მამულაშვილს დიპლომატის სტატუსი არ ჰქონდა და ამიტომ საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაყვანა მოითხოვა. იქ უკვე მიენიჭა ნანატრი დიპლომატის სტატუსი და ერთ-ერთ წამყვან დეპარტამენტში – პოლიტიკის ანალიზის დეპარტამენტში დაიწყო მუშაობა. დღესაც ფიქრობს, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სამუშაო გამოცდილება იყო, მაგრამ მიზნის მიღწევიდან ცოტა ხნის შემდეგ ნონა მამულაშვილმა მასზე უარი თქვა: „რაღაც პერიოდის შემდეგ მივხვდი, რომ საქართველოდან წასვლა არ მინდოდა. ეს ჩემი ოჯახური მდგომარეობით იყო განპირობებული. მე რომ დიპლომატიურ კარიერაზე დავთანხმებულიყავი, იმას ნიშნავდა, რომ უნდა მოვცილებოდი საქართველოს, ყოველ ოთხ წელიწადში სხვადასხვა საელჩოში ვყოფილიყავი დისლოცირებული”, – ამბობს იგი.
ამ პერიოდს დაემთხვა British American Tobacco-ს მიერ, რომელიც მსოფლიოში მეორე თამბაქოს კომპანიაა, ნონა მამულაშვილისთვის ძალიან საინტერესო პოზიციის – კორპორაციული მარეგულირებლის პოზიციის შეთავაზება.
ძალიან სწრაფი კარიერული ზრდა ჰქონდა. სხვადასხვა დროს იყო British American Tobacco-ს ქართული წარმომადგენლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის, კორპორაციული და სოციალური პასუხისმგებლობისა და მედიაკომუნიკაციების ხელმძღვანელი, კავკასიის მარეგულირებელი და სახელმწიფოსთან ურთიერთობების ხელმძღვანელი. „ეს ის იყო, რასაც ადრე ვაკეთებდი, ოღონდ სხვა ჭრილში – უკვე კერძო სექტორიდან ვმუშაობდი სახელმწიფოსთან. გამოცდილება, რომელიც წამოვიღე საჯარო სექტორიდან, ძალიან კარგად გამოვიყენე კერძო სექტორში. აღმოვაჩინე, რომ ეს იყო სფერო, რომელიც მე მაინტერესებდა – მე ვიყავი ბიზნესში და ამავდროულად, ვიყავი სახელმწიფო სფეროშიც”. თუმცა 2011 წელს, ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ, მან British American Tobacco-ში მუშაობაზეც უარი თქვა. ამავდროულად დატოვა საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოც. მიზეზი ერთი იყო – ოჯახი.
ინტერვიუმდე ნონა მამულაშვილის მოტივაციაზე ვფიქრობდი – თუ რატომ ლავირებდა ასე საჯარო და კერძო სექტორს შორის. ფიქრის საფუძველი მართლაც არსებობდა. გულუბრყვილობა იქნებოდა იმ აზრის დაშვება, რომ მისი აკადემიური ბექგრაუნდის მქონე ადამიანი ამა თუ იმ სფეროში მხოლოდ იმიტომ დაიწყებდა მუშაობას, რომ „სხვა წასასვლელი არ ჰქონდა”. წესით, თითოეული პოზიცია მისი ინტერესის სფერო და გააზრებული არჩევანი უნდა ყოფილიყო. დედუქციური მეთოდი ჩავრთე: რას ნიშნავს კერძო და საჯარო სექტორში ერთნაირი წარმატებით მოღვაწეობა? – იმას, რომ რესპონდენტს თავისი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს პოლიტიკის ამა თუ იმ მიმართულების ფორმირებაში და ამავდროულად იმას, რომ სერიოზულ თანამდებობას იკავებს კომპანიაში, რომლის ბიუჯეტიც საქართველოზე ათჯერ დიდი ქვეყნების ბიუჯეტს აღემატება. რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ აქედან? – რჩება შთაბეჭდილება, რომ რესპონდენტის მისწრაფება არა კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობა, არამედ ცვლილებების, გავლენის მოხდენაა. შესაძლოა ამაში არც შევმცდარვარ, მაგრამ პირველადი მიზეზი მაინც სხვა იყო, გაცილებით მარტივი და გაცილებით პატივსაცემი.
„დეკრეტში გასვლა მომიწია, ამიტომ ვეღარ შევძელი ისე აქტიურად მემუშავა British American Tobacco-ში, რადგან იქ მუშაობა მუდამ მივლინებაში ყოფნას, მუდმივ მოძრაობას ნიშნავდა. საკმაოდ რთულია, ოჯახი და ასეთი სამსახური შეუთავსო ერთმანეთს. ამიტომ გადავწყვიტე, ტაიმ-აუტი ამეღო და ბავშვებისთვის დამეთმო დრო, – ამბობს ნონა მამულაშვილი, და იქვე ღიმილით ამატებს, – მაგრამ ვინ მაცალა!”
წარმატებულ მენეჯერს ჰედჰანტერები აქტიურად ეკონტაქტებოდნენ და იცოდნენ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი ხელმისაწვდომი არ იყო. მაგრამ ერთ-ერთმა უცხოურმა, რეგიონული დონის ჰედჰანტერმა შესთავაზა პოზიცია, რომელიც, წესით, მის ბიოგრაფიაში ერთ-ერთ გამორჩეულ თავად უნდა გამოდგეს: „უკვე საკმაო დრო იყო გასული, ბავშვებიც წამოიზარდნენ და ამიტომ მქონდა საშუალება, დავთანხმებულიყავი. ასე დაიწყო ჩემი კარიერა Pfizer-ში”.
ნონა მამულაშვილი Pfizer-ში, როგორც ზევით აღვნიშნე, ერთდროულად სამ პოზიციას იკავებს, თუმცა თავიდან რეგიონალურ ბაზრებზე წვდომის მენეჯერობით დაიწყო. „Pfizer-ს ცალკე რეგიონად აქვს გამოყოფილი კავკასია, ცენტრალური აზია, მონღოლეთი და ავღანეთი და ამ ათ ქვეყანას ვკურირებ. Market Access Management-ი გულისხმობს მჭიდრო ურთიერთობას სახელმწიფოებთან, იმ ინსტიტუტებთან, რომელთაც შეხება აქვს ჯანდაცვასთან; ფაქტობრივად, Pfizer-ის რეპუტაციის გაზრდას ამ რეგიონში, ახალი შესაძლებლობების გამონახვას კომპანიისთვის, ახალი სტრატეგიული ხედვების შემუშავებას ამ ქვეყნებისთვის”.
ექვსი თვის შემდეგ შესთავაზეს ინოვაციური მიმართულების ხელმძღვანელობა კავკასიის ფარგლებში. ამას დაემატა ადგილობრივი, საქართველოს წარმომადგენლობის მენეჯერის თანამდებობაც.
ჩანს, ნონა მამულაშვილს სულ ნახევარი წელი დასჭირდა იმის საჩვენებლად, რომ კომპანიისთვის რეგიონში ახალი შესაძლებლობების გამონახვა გაცილებით მეტი მიმართულებით შეეძლო, ვიდრე თავდაპირველად მიიჩნია Pfizer-ის ჰედ-ოფისმა. პრინციპში, ამის შენიშვნა შეუიარაღებელი თვალითაც ადვილია, თუნდაც ქართული წარმომადგენლობის მაგალითზე:
საქართველოში Pfizer-ის წარმომადგენლობა უკვე 15 წელია, არსებობს. აქამდე Pfizer-თვის საქართველო იყო ნაკლებად საინტერესო ქვეყანა, საიდანაც კომპანიას შედარებით უმნიშვნელო შემოსავალი ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ნონა მამულაშვილმა რეგიონულ ბაზარზე კომპანიის განვითარების პასუხისმგებლობა გადაიბარა, მიუხედავად მოსახლეობისა და ფარმაცევტული ბაზრის სიმცირისა, ქართული წარმომადგენლობა რეგიონში მოწინავეთა შორის აღმოჩნდა.
გასაკვირი არ არის, რომ British American Tobacco- დან – მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული, აგრესიული მარკეტინგის, ანუ თამბაქოს ბიზნესიდან – წამოსული წარმატებული ხელმძღვანელი „მშვიდ წყლებს” ვერ იგუებდა. ამას ემატებოდა საქართველოს წარმოჩენის სურვილიც: „დიპლომატიური სამყაროდან გადმომყვა ალბათ ის, რომ მიყვარს ჩემი ქვეყნის ლობირება. არა აქვს მნიშვნელობა, რომელ კომპანიაში ვმუშაობ, მაქსიმალურად ვცდილობ, რეგიონში ყველაზე დიდი ყურადღება საქართველოს მიექცეს”.
დიპლომატიურ თვისებებს ემატება გამორჩეული მენეჯერული უნარებიც. მიუხედავად იმისა, რომ ნონა მამულაშვილს ფარმაცევტიკაში გამოცდილება არ ჰქონია – მეტიც, საერთოდ არ ჰქონია შეხება მედიცინასთან – მან დაამტკიცა, რომ შეუძლია არა მხოლოდ ადგილობრივი ოფისის მართვას გაართვას თავი წარმატებით, არამედ უფრო დიდ მასშტაბებზეც იფიქროს. ამაში, რა თქმა უნდა, მის ბიზნესგანათლებასაც შეაქვს წვლილი.
ზოგადად, ბიზნესგანათლებას ნონა მამულაშვილი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მისი თქმით, არათუ რაიმე ბიზნესში ჩართულმა მენეჯერმა, არამედ ნებისმიერმა სახელმწიფო მოხელემ აუცილებლად კარგად უნდა იცოდეს ეკონომიკა და ნებისმიერმა დიპლომატმა კარგად უნდა იცოდეს, რა ხდება ბიზნესში. კითხვაზე, თუ სამომავლოდ რა გეგმები აქვს Pfizer-ს საქართველოსა და რეგიონში, პასუხს არა დიპლომატი ნონა მამულაშვილი, არამედ მენეჯერი ნონა მამულაშვილი მაძლევს. იგი კონკრეტულია და სულ ერთი სიტყვით შემოიფარგლება: „ზრდა”.
ასეთია ნონა მამულაშვილი: დიპლომატი, მენეჯერი და ორი პატარა, მშვენიერი გოგონას მშობელი, კვლავაც სამი – ერთში.
(გამოქვეყნებულია Forbes Woman Georgia-ს დეკემბრის ნომერში).
დატოვე კომენტარი