პარასკევს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, Tesla Inc.-ის საშუალო ზომის ელექტრომობილებზე გაზრდილმა მოთხოვნამ ნორვეგიაში ელექტროავტომობილების წილი მნიშვნელოვნად გაზარდა. გასულ თვეში ქვეყანაში გაყიდული ავტომობილების დაახლოებით 80% ელექტრომობილი გახლდათ.
შეიძლება ითქვას, რომ ნორვეგია გლობალურად დაწინაურდა ელექტრომობილებზე გადასვლის საკითხში და მოსალოდნელია, რომ სწორედ ის გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც 2025 წლისათვის ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ძრავიან ავტომობილებს სრულად ჩაანაცვლებს.
ნორვეგიის საგზაო ფედერაციის მონაცემებით, სექტემბერში ელემენტებზე მომუშავე ელექტრომანქანების წილმა საერთო გაყიდვების 77.5% შეადგინა. გასულ წელს იგივე მონაცემი 61.5%-ს უტოლდებოდა.
ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული ავტომობილი ნორვეგიის ბაზარზე Tesla Model Y, კომპაქტური, სპორტული ავტომობილი აღმოჩნდა. ბაზარზე შეძენილი ავტომობილების 19.8% სწორედ აღნიშნულ ელექტრომობილზე მოდიოდა. მეორე ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილი კვლავ Tesla-ს წარმოების Model 3 გახლდათ – სედანი, რომლის გაყიდვებმაც საერთო წილის 12.3% შეადგინა. რაც შეეხება მესამე ადგილს, მას Skoda-ს Enyaq იკავებს 4.4%-იანი წილით.
Tesla Model Y პირველად სწორედ კალიფორნიაში, 2019 წელს გამოჩნდა, თუმცა ევროპელი მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი ის სულ ცოტა ხნის წინ გახდა.
ნავთობმომპოვებელი სახელმწიფო, ნორვეგია მსოფლიო ლიდერი გახდა შიდაწვისძრავიანი ავტომობილების ჩანაცვლების პოლიტიკაში. 2020 წელს კი ისტორიაში პირველად გაყიდული ელექტრომობილების რიცხვმა სხვა ყველა ავტომობილის რიცხვს გადაასწრო. ამ შედეგის მიღწევა გარკვეულწილად ნორვეგიის მთავრობის დამსახურებაცაა. ელექტრომობილები ნორვეგიაში გარკვეული სახის გადასახადებისაგან გათავისუფლებულია, რაც მომხმარებელთათვის მათ შესაძენად დამატებითი მოტივაცია აღმოჩნდა.
დატოვე კომენტარი