მაღალი ფასების ოთხთვიანი პერიოდის შემდეგ, ოთხშაბათს, ნორვეგიის მთავრობის ჩარევის შედეგად, ერთი მეგავატ-საათი ევროპული ბუნებრივი აირის ფასი 2.5%-ით, €161 ევრომდე შემცირდა, – ამის შესახებ CNBC წერს. ცნობისთვის გეტყვით, რომ წინა დღიეს ერთი მეგავატ-საათი ბუნებრივი აირის ფასი €178-მდე გაიზარდა, რაც მარტის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გახლდათ.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ევროპული ბუნებრივი აირის ფასის შემცირება ნორვეგიის მთავრობის მიერ ნავთობისა და გაზის ოფშორულ კომპანიების თანამშრომლების გაფიცვის დასრულებას უკავშირდება. სამშაბათს, გვიან საღამოს, სკანდინავიური სახელმწიფოს მთავრობამ „ანაზღაურების სავალდებულო არბიტრაჟის“ შემოღების გადაწყვეტილება მიიღო, რითაც მიმდინარე გაფიცვა დაასრულა.
„დაანონსებული ესკალაცია კრიტიკულ გავლენას ახდენს ამჟამინდელ მდგომარეობაზე, როგორც ენერგორესურსების კრიზისის, ასევე იმ გეოპოლიტიკური მდგომარეობის კუთხით, რომელიც ევროპაში გაჩაღებულმა ომმა გამოიწვია“, – ვკითხულობთ ნორვეგიის შრომის მინისტრის, მარტე პერსენის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ნორვეგიული კანონმდებლობის თანახმად, ზოგიერთ შემთხვევაში, მთავრობას შრომასთან დაკავშირებულ დავებში ჩარევა და ამ დავის ანაზღაურების კომიტეტთან გადაცემა შეუძლია, რომელიც მასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
„როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში გამოსავლის პოვნაზე თავად ჩართული მხარეები არიან პასუხისმგებელნი. თუმცა, მაშინ, როცა კონფლიქტს ევროპულ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ასეთი გავლენა აქვს – იძულებული ვარ, დაპირისპირებაში ჩავერთო“, – განაცხადა პერსენმა.
ნორვეგიის მთავრობის დათვლებით, გაფიცვა შაბათ-კვირამდე რომ გაგრძელებულიყო, ქვეყანა ბუნებრივი აირის ყოველდღიური ექსპორტის ნახევარზე მეტს დაკარგავდა. თუმცა, როგორც ირკვევა, გაფიცვა უკვე დასრულებულია.
დატოვე კომენტარი