საქართველოსა და ნორვეგიას შორის დიპლომატიური კავშირები ჯერ კიდევ 1918 წელს დამყარდა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კი ურთიერთობა 1992 წელს ოფიციალურად განახლდა, თუმცა 2019 წლამდე ნორვეგიას თბილისში საელჩო არ ჰქონია. დაახლოებით ოთხი წელია, რაც ორი ქვეყნის ეკონომიკურ თუ კულტურულ დაახლოებაზე საქართველოში ნორვეგიის პირველი რეზიდენტი ელჩი ზრუნავს. Forbes Georgia-მ ნორვეგიელ დიპლომატ ჰელენე სანდ ანდრესენთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც იმ მიღწევებსა და პოტენციალზე საუბრობს, რასაც საქართველოში ხედავს.
ქალბატონო ელჩო, თქვენ პირველი ელჩი ბრძანდებით მას შემდეგ, რაც თბილისში ნორვეგიის საელჩო გაიხსნა. რა შედეგებს მიაღწიეთ ამ პერიოდის განმავლობაში?
უპირველეს ყოვლისა, ნება მომეცით, აღვნიშნო, რამდენად დიდი პატივია ჩემთვის საქართველოში ნორვეგიის პირველი რეზიდენტი ელჩის როლში საქმიანობა. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები 30 წლის განმავლობაში დინამიკურად ვითარდება. 2019 წელს თბილისში საელჩოს გახსნა ამ ახლო კავშირების დადასტურებაა. 2022 წლის ოქტომბერში ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანიკენ უიტფელდტის თბილისში ვიზიტი და საელჩოს გახსნის ოფიციალური ცერემონია ამ მზარდი ურთიერთობების საუკეთესო გამოხატულება იყო.
ელჩობის პირველ წლებში დიდ დროს ვუთმობდი საელჩოს გამართვას. ეს იყო ჩემი მთავრობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის მთავარი დავალება, როცა მე ოსლოდან საქართველოსკენ გამოვემგზავრე. საელჩოს დაფუძნებას მრავალი სხვადასხვა ასპექტი ახლავს თან. ტექნიკური და ადმინისტრაციული თვალსაზრისით, ეს მოიცავდა ახალი ოფისის მშენებლობის ზედამხედველობას. საქართველოში ჩამოსვლიდან ოთხი წლის თავზე, მოხარული ვარ, რომ გვაქვს მშვენიერი ოფისი თავისუფლების მოედანზე, თბილისის ცენტრში.
ერთ-ერთი მიღწევა, რომლითაც ყველაზე მეტად ვამაყობ, ჩვენი საელჩოს შესანიშნავი გუნდია. საელჩო სამი ნორვეგიელი დიპლომატისა და ხუთი ქართველი კოლეგისგან შედგება. ქართველი თანამშრომლების შერჩევა საკმაოდ რთული პროცესის შედეგად მოხდა. გვყავდა ძალიან ბევრი ძლიერი კანდიდატი, შერჩეულები კი საუკეთესოთა შორის საუკეთესონი არიან. პირადად მე საელჩოში მისვლა და თანამშრომლებთან ერთად ყოველდღიური ამოცანების გადაჭრა უდიდეს სიამოვნებას მგვრის.
პირველ წლებში, ჩვენი საქმიანობის მთავარი ასპექტი ჩვენი ქსელის გაზრდა იყო, რაც შეიძლება, საელჩოს ერთ-ერთ წარმატებად მივიჩნიოთ. ჩვენ შევძელით მთავრობასთან, პარლამენტთან, სხვა სახელმწიფო და დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან, აგრეთვე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და თანამოაზრე საელჩოებთან საკმაოდ კარგი კონტაქტების დამყარება. ამას საელჩოსთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს.
კიდევ ერთი მიღწევა გვქონდა 2021 წლის ოქტომბერში, როდესაც საელჩომ სომხეთსა და ნორვეგიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის პასუხისმგებლობა გადაიბარა. შედეგად, ეს ურთიერთობები გაძლიერდა, ჩვენი პარტნიორების ქსელი კი თანდათან იზრდება. ვიტყოდი, რომ ამ ნაბიჯმა ჩვენი რეგიონული პერსპექტივა და ცოდნაც გააღრმავა.
პირველ წლებში ჩვენს საქმიანობაზე გავლენა იქონია ისეთმა გლობალურმა მოვლენებმა, როგორიცაა COVID-19-ის პანდემია, ავღანეთიდან ევაკუაცია და რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ. თუმცა ამ მოვლენების შედეგებთან გამკლავებამ უფრო ახლო თანამშრომლობამდე მიგვიყვანა საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა პარტნიორებთან.
ეკონომიკური გაძლიერება თქვენი საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა. ნორვეგია ბიზნესსა და საჯარო სექტორში გენდერული კვოტების მხრივ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. როგორ აფასებთ ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ მდგომარეობას?
დადებითი ცვლილებებია გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხრივ. ქალთა უფლებებისა და ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებებით საელჩოს საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობის შესაძლებლობა მომეცა, სადაც ათეულობით მეწარმე ქალი და ადგილობრივი ლიდერი გავიცანი. ენთუზიაზმით აღსავსე და მომავალზე ორიენტირებულ ქალებთან საუბარმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. როცა ქართველ ახალგაზრდებთან ვსაუბრობ, ვხვდები, რომ მათ ბუნებრივი, დადებითი დამოკიდებულება აქვთ გენდერული თანასწორობისა და მისი მნიშვნელობის მიმართ როგორც ქართველი ქალებისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის.
მიხარია, რომ ვხედავ ბიზნესის სექტორში დადებით ცვლილებებსაც. საკმაოდ ბევრი ქართული კომპანია შეუერთდა ქალთა გაძლიერების პრინციპებს, სარეკომენდაციო წესების ერთობლიობას, რომელიც რჩევას აძლევს ბიზნესებს, თუ როგორ უნდა შეუწყონ ხელი გენდერულ თანასწორობას და ქალთა გაძლიერებას ოფისებში, სამუშაო ბაზარზე და საზოგადოებაში. ეს კომპანიები ქართული ბიზნესის სექტორში დადებით ცვლილებებს ახდენენ და მე იმედი მაქვს, რომ მათ სულ უფრო მეტი კომპანია შეუერთდება.
ქალთა გაძლიერების პრინციპები 2030 წლის დღის წესრიგისა და გაეროს მდგრადი განვითარების გეგმების გენდერული თანასწორობის განზომილების შესრულებაში კომპანიების მონაწილეობის უმთავრესი მექანიზმია. მასთან შეერთებით, აღმასრულებელი დირექტორები ხაზს უსვამენ გენდერული თანასწორობის მნიშვნელობას კომპანიის მმართველობის დონეზე და ადასტურებენ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან ერთად ისეთ ბიზნესპრაქტიკებზე მუშაობის მზადყოფნას, რომელიც ქალებს გააძლიერებს. ეს მოიცავს თანაბარი სამუშაოს თანაბრად ანაზღაურებას, მიწოდების ჯაჭვის პრაქტიკებში გენდერული საკითხების გათვალისწინებას და სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროების მიმართ ნულოვან ტოლერანტობას.
ამავდროულად, გამოწვევები კვლავ რჩება. გაცილებით მეტია საჭირო მთავრობაში და ზოგადად, საზოგადოების სხვადასხვა სფეროში ხელმძღვანელ პოზიციებზე ქალთა წარმომადგენლობის გასაზრდელად. მაგალითად, იმის მიუხედავად, რომ პარლამენტარი ქალების რაოდენობა იზრდება, ჯერ კიდევ ძალიან მცირეა მინისტრი ქალების რიცხვი. როგორ უნდა უზრუნველყო დემოკრატიული, წარმომადგენლობითი და კარგად დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღება, თუ მოსახლეობის ნახევრის – ქალების – მოსაზრებები სათანადოდ არ არის გათვალისწინებული? ხელმძღვანელ, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე მეტი ქალის ყოფნა ახალგაზრდა ქართველ ქალებსა და გოგონებს მისაბაძ მაგალითებს მისცემს. ეს კი ხელს შეუწყობს ამბიციური, ძლიერი ქალების ახალი თაობის გაზრდას, რომლებიც ბიძგს მისცემენ უკეთესი მომავლის შენებას. რა თქმა უნდა, შთაგონებისთვის საქართველოს ისტორიაში უამრავი წარმატებული ლიდერი ქალის მაგალითია.
ნორვეგია ზოგჯერ გენდერული თანასწორობის მოდელად მოიაზრება. მე არ მიმაჩნია, რომ ეს სრულად დამსახურებული სტატუსია, რადგან ჯერ კიდევ შორს ვართ „მისიის შესრულებამდე“. თუმცა, თუ მკითხავთ, რას მივიჩნევ ჩვენს ყველაზე დიდ წარმატებად, გეტყოდით, რომ ეს სოციალური დაცვის სისტემის რეფორმაა, რომელმაც მეტ ქალს მისცა შრომის ბაზარში ჩართვის შესაძლებლობა. რეფორმა მოიცავდა ისეთ ზომებს, როგორიცაა საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობის გაზრდა და მშობლების (დედებისაც და მამებისაც) ხანგრძლივი და კარგად ანაზღაურებული შვებულებების შემოღებას. უაღრესად საინტერესოა, რომ ცნობილი ნორვეგიელი ეკონომისტების ნაწილის გათვლებით, ქალების შრომის ბაზარში ჩართვის მაკროეკონომიკური სარგებელი ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებულ შემოსავალს აღემატება. ნორვეგიული გამოცდილება გვკარნახობს, რომ გენდერული თანასწორობა საერთო ამოცანა უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც საქართველოს წარმატება სურს.
თქვენი აზრით, რა არის საქართველოს მთავარი გამოწვევა? რა აფერხებს მის განვითარებას?
საქართველომ, რომელმაც დამოუკიდებლობა სულ რაღაც 30 წლის წინ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღადგინა, საკმაოდ დიდი ნაბიჯები გადადგა უკეთესი მომავლის გზაზე. საბჭოთა წარსულსა და 1990-იანი წლების სიძნელეებზე ქართველებთან საუბრისას, უმალვე ხვდები, რამდენად დიდი გზა განვლო ქვეყანამ დროის საკმაოდ მცირე მონაკვეთში. ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლობის შემდგომ არსებული ყველა ხელისუფლება იმსახურებს ამ საქმეში მათი შეტანილი წვლილის აღიარებას.
რაც შეეხება საქართველოს შემდგომ განვითარებას, მე რამდენიმე გამოწვევას ვხედავ. მდგრადი დემოკრატიის ისეთი საბაზისო სფეროების რეფორმები, როგორიცაა დამოუკიდებელი ინსტიტუტები, დამოუკიდებელი სასამართლო, უმცირესობათა, მათ შორის სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვა, სამწუხაროდ, შენელებულია. ესაა ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც საზოგადოების ნდობას აყალიბებს მთავრობისა და ინსტიტუტების მიმართ, გრძელვადიანად კი ქმნის ძლიერ და მედეგ დემოკრატიულ საზოგადოებას.
არსებობს პრობლემები პოლიტიკური კულტურის მიმართულებითაც. შევამჩნიე, რომ საქართველოში მიმდინარე დებატები უფრო პიროვნებების გარშემო ტრიალებს, ვიდრე პოლიტიკური პროგრამების შესახებ, რაც უხეშ რიტორიკასა და არასაჭირო პოლარიზაციას იწვევს. რა თქმა უნდა, დემოკრატიას უნდა შეეძლოს გარკვეული სახის დაყოფასთან გამკლავება; სწორედ ესაა ჩამოყალიბებული დემოკრატიის სიძლიერე და ხიბლი. მაგრამ, როცა დებატები ეროვნულ საკითხებზე პოლიტიკური ხედვებისგან იცლება, ეს საფუძველს აცლის მთავრობისა და ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებრივ ნდობას. საბოლოოდ, ეს იწვევს გაუცხოებას და უიმედობას.
ეკონომიკის მხრივ, საქართველოს ინსტიტუტების საქმიანობას დადებითად ვაფასებ. მაკროეკონომიკური მდგომარეობა ბოლო პანდემიური შეზღუდვების შემდეგ შთამბეჭდავად გამოიყურება. ეროვნულმა ბანკმა კარგად გაართვა თავი რუსეთის მიერ უკრაინაში ხელახლა შეჭრით შექმნილ ურთულეს ეკონომიკურ რეალობას. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვსურს, რომ ეს კარგი ძალისხმევა მომავალშიც გაგრძელდეს. ამავდროულად, მყარი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ბევრი ქართველი კვლავ განიცდის ეკონომიკურ პრობლემებს, მათ შორის მზარდ ინფლაციას და კერძო სექტორის მოწყვლადობას. სამომავლოდ, მნიშვნელოვნად მიმაჩნია მაკროეკონომიკურ მონაცემებსა და მოსახლეობის გაზრდილ მოწყვლადობას შორის არსებული ნაპრალის შემცირება.
საქართველოს რეგიონში საკმაოდ ხელსაყრელი პოზიცია აქვს; მას აქვს პორტები შავ ზღვაზე და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA). საგზაო, სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურაში დაბანდება სწორი ეკონომიკური პოლიტიკაა და უნდა გაგრძელდეს. საქართველომ უნდა გააძლიეროს მწვანე ენერგიის პროექტების განხორციელება, მათ შორის ჰიდროენერგეტიკის სექტორში, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს. ეს ყოველივე, გაძლიერებულ რეგიონულ ვაჭრობასთან და გაზრდილ ფიზიკურ კავშირთან ერთად, მათ შორის შავი ზღვის ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის მეშვეობით, საქართველოსთვის მიმზიდველ ეკონომიკურ შესაძლებლობებს შექმნიდა. გაძლიერდებოდა საქართველოს, როგორც ევროპასთან დამაკავშირებელი დერეფნის როლი სამხრეთ კავკასიისთვის, შუა აზიისთვის და უფრო ფართოდ. თუ საქართველო მის ორივე მეზობელს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ჩართავს ამ ძალისხმევაში, ეს საკმაოდ დიდ წვლილს შეიტანს რეგიონული მშვიდობის საკითხში. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს რეგიონული თანამშრომლობის თვალსაზრისით ინკლუზიური პოლიტიკა ჰქონდეს.
რაც შეეხება ნორვეგიასა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობებს, თქვენი აზრით, რაზე უნდა გაამახვილონ ქართველმა მეწარმეებმა ყურადღება? რა შეიძლება გახდეს საინტერესო ნორვეგიული ბაზრისთვის?
გულწრფელად რომ გითხრათ, ნორვეგიელი მომხმარებლები რისკზე ნაკლებად მიდიან. მათ ძალიან ძლიერი ბიძგი დასჭირდებათ, რომ ცნობილი ევროპული ბრენდები შედარებით ახალი, ქართული პროდუქციით ჩაანაცვლონ. თუმცა ნელ-ნელა მაინც საინტერესო ცვლილებები ხდება. სულ უფრო მეტი ქართული ღვინოა ჩვენს სახელმწიფო ღვინის მონოპოლიაში ხელმისაწვდომი. სომელიეები აქებენ მას. მომავალში, ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ მეტი მცირე მეღვინის პროდუქტი გამოჩნდება ნორვეგიაში. ჩემი აზრით, მცირე, საოჯახო მეღვინეობები ხშირად ყველაზე ინოვაციურნი და საინტერესონი არიან, მაგრამ, ამავდროულად, მათ არა აქვთ არც ოპერაციული შესაძლებლობები და არც მოცულობა, რომ უცხოურ ბაზრებზე საკუთარი ნაწარმი გაიტანონ.
ქართული ღვინისადმი გაჩენილი ინტერესი საქართველოში ნორვეგიული ტურიზმის ზრდასაც უკავშირდება, რომელიც თანდათან უბრუნდება პანდემიამდელ დონეს. ნორვეგიელები, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან და თქვენს ღვინოსა და სამზარეულოს კავკასიონის უმშვენიერესი მთების ფონზე მიირთმევენ, უკან დაბრუნების შემდეგ ნორვეგიაშიც ეძებენ ამ პროდუქტებს. ესაა საქართველოს ნამდვილი რბილი ძალა.
კარგი იქნება, თუ ოსლოში ქართული რესტორანი გაიხსნება. ნორვეგიელებს უყვართ ჭამა და დარწმუნებული ვარ, ქართული რესტორანი სწრაფად მიაღწევს წარმატებას. ეს კი, თავის მხრივ, ქართული ღვინისა და საკვები პროდუქტებისადმი ინტერესს გაზრდის, მათ შორის ყველის, მზესუმზირას ზეთის, ჩირების, თხილეულისა და ა.შ.. რა თქმა უნდა, ამას ეგოისტური მიზეზებითაც ვამბობ. როგორ უნდა გავძლო ქართული საჭმლის გარეშე, როცა ოსლოში დავბრუნდები?
როგორ უნდა დააინტერესოს საქართველომ ნორვეგიის სუვერენული ფონდი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 9000-ზე მეტ კომპანიაში ფლობს წილებს?
ნორვეგიის ნავთობის ფონდი იმართება Norges Bank Investment Management-ის (NBIM) მიერ, რომელიც პოლიტიკურად დამოუკიდებელი ორგანოა და ინვესტიციებს ფინანსური გათვლების და მკაცრად დადგენილი ეთიკის კოდექსის დაცვით ახორციელებს. გლობალური ზრდის მეტად ასათვისებლად და რისკების დივერსიფიკაციისთვის, ინვესტიციები მრავალ სხვადასხვა ბაზარსა და ვალუტაში ხორციელდება. ფონდის ინვესტიციების 70%-ის დაბანდება აქციებში ხდება, ხოლო დანარჩენი 30% განსაზღვრული შემოსავლის მქონე ინვესტიციებია – ან მთავრობის გაცემულ ბონდებში, ან კომპანიების ფასიან ქაღალდებში.
რაც შეეხება ფონდის საქართველოთი შესაძლო დაინტერესებას, მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან ინვესტიციების მართვა პოლიტიკისა და მთავრობისგან დამოუკიდებლად ხდება. ჩემი ძალიან ზოგადი პასუხი ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს რაც შეიძლება მეტად მიმზიდველი, გამჭვირვალე და ეთიკური საინვესტიციო გარემოს შექმნა.
რა სექტორები შეიძლება გახდეს ნორვეგიელი ინვესტორებისთვის საინტერესო? რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ეს ინტერესი გაჩნდეს? გასული წლის პირველ სამ კვარტალში დაახლოებით 1 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტირება მოხდა. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება ამ მონაცემის გაზრდა?
ნორვეგიელი ინვესტორები საქართველოში რამდენიმე მიმართულებით მუშაობენ, მათ შორის, მწვანე ენერგიის (უფრო კონკრეტულად, წყლის რესურსების), ტრანსპორტისა და გადაზიდვების, აგრეთვე თევზის რეწვის მიმართულებებით. ესაა ის მიმართულებები, სადაც გამოკვეთილი ინტერესია და სადაც მეტი თანამშრომლობისა და ინვესტიციების პოტენციალია. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მხრივ მუშაობას და დავეხმარებით პოტენციურ და არსებულ ინვესტორებს, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს თავად კომპანიებმა უნდა გააკეთონ.
საელჩო მჭიდროდ თანამშრომლობს ქართულ-ნორვეგიულ სავაჭრო საბჭოსთან, რომელიც მალე განაახლებს საქმიანობას, პანდემიის პერიოდში შესვენების შემდეგ. ახალი თავმჯდომარის, ბატონი რონი სოლბერგის ხელმძღვანელობით, რომელსაც საქართველოსა და ნორვეგიაში საქმიანობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, სავაჭრო საბჭო აქტიურად იმუშავებს ორ ქვეყანას შორის ინვესტიციების, ვაჭრობისა და სხვა სახის ეკონომიკური თანამშრომლობის გასაძლიერებლად. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლებში ამ მიმართულებით დადებით შედეგებს დავინახავთ.
თქვენი აზრით, რა მიმართულებით შეიძლება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავება?
ზოგადად, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის საუკეთესო გარემოს შესაქმნელად, მთავრობამ, ბიზნესებმა და საელჩოებმა ერთობლივად უნდა იმუშაონ. ეს მოიცავს გამჭვირვალობის, კანონის უზენაესობის, ეთიკური მიდგომისა და ადამიანების უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტს, რაც თავისთავად გაზრდის ძველი და ახალი ინვესტორების დაინტერესებას. უფრო კონკრეტულად, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გასაზრდელად. არსებობს მაღალი ხარისხის ქართული ღვინისა და საკვები პროდუქტების ნორვეგიაში ექსპორტის აუთვისებელი შესაძლებლობა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, უნდა გააძლიერონ მცირე მეწარმეების მხარდაჭერა, რათა ამ უკანასკნელთ მიეცეთ ევროკავშირისა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ქვეყნებში ექსპორტისა და რეკლამირების შესაძლებლობა. ამავდროულად, არსებობს ნორვეგიული თევზის პროდუქტების საქართველოში იმპორტის პოტენციალი. ამასთანავე, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენს ქვეყნებს შორის ხალხთაშორისი კონტაქტები, მათ შორის ტურიზმისა და სტუდენტური გაცვლების გზით. ეს გააძლიერებს ჩვენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს.
საინტერესოა, როგორი დამოკიდებულება აქვთ ნორვეგიელ ტურისტებს საქართველოსადმი?
უნდა გამოგიტყდეთ, რომ მე არ მინახავს არცერთი ნორვეგიელი, რომელმაც საქართველოში იმოგზაურა და ამ ქვეყანაში დაბრუნება არ სურდა. მე ამას „საქართველოს ცხელებას“ ვუწოდებ, ჩვენი ცნობილი მწერლის, კნუტ ჰამსუნის მსგავსად, რომელმაც საქართველოში დაახლოებით 120 წლის წინ იმოგზაურა. ჰამსუნი მაშინ წერდა, რომ აქ ყოფნისას მან სასიამოვნო, ზღაპრული „კავკასიური ცხელება“ განიცადა. მე ამ ცხელებას ბევრი ნორვეგიელი ტურისტის თვალებში ვხედავ. მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ეს ტურისტები საკუთარ ქალაქებს დაუბრუნდებიან, ისინი საქართველოში ტურიზმის ერთგვარ „ინფლუენსერებად“ გადაიქცნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო დროს ჩანს მოგზაური ბლოგერებისა და პოდკასტების ავტორების გაზრდილი ინტერესი საქართველოსადმი, რომლებიც მათი გამოცდილების შესახებ წერენ.
როგორც წესი, ტიპური ნორვეგიელი ტურისტი ერთ-ერთი ამ ჯგუფთაგანია: ის ან საშუალოზე მეტად არის საქართველოს ისტორიით, კულტურით, სამზარეულოთი და ღვინით დაინტერესებული და წინასწარ დაგეგმილი ტურის ფარგლებში მოგზაურობს, ან ბუნებისა და თავგადასავლების მოყვარული ახალგაზრდაა, რომელიც დამოუკიდებლად ჩამოდის ან მთების დასალაშქრად, ან სათხილამუროდ. მეტი ნორვეგიელი ტურისტი რომ დავაინტერესოთ, კარგი იქნებოდა ჩვენს ორ დედაქალაქს შორის საჰაერო მიმოსვლა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ეს მთლიანად ავიაკომპანიების გადასაწყვეტი და გასაკეთებელია, მაგრამ ჩვენ უკვე ვმუშაობთ შესაბამის ნორვეგიულ და ქართულ ორგანოებთან, რომ ეს პროცესი გავამარტივოთ და როცა რომელიმე ავიაკომპანია ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, შესაბამისი რეგულატორული ჩარჩო უკვე მზად გვქონდეს.
როგორც დიპლომატმა, მსურს, დავამატო, რომ ტურიზმი და მოგზაურობა ხალხთა შორის კონტაქტებს ზრდის, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი ორმხრივი კავშირებისა და თანამშრომლობის საფუძვლებს.
დაბოლოს, რა გეგმები აქვს ნორვეგიის საელჩოს საქართველოში 2023 წელს? რა იქნება თქვენი პრიორიტეტები?
გასულ წლებში ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში საქართველოს მხარდაჭერა იყო. 2023 წელს ეს პრიორიტეტი შენარჩუნდება. ამ მხრივ, ჩვენი მიდგომა ყოვლისმომცველი დარჩება და მოიცავს როგორც დემოკრატიული რეფორმებისა და უსაფრთხოების მხარდაჭერას, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებასა და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას. წელს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს ისტორიული ნაბიჯის გადადგმის უნიკალური შესაძლებლობა ექნება. მნიშვნელოვანია, ამ მიზნის მისაღწევად ყველა პროგრესული ძალა გაერთიანდეს. ნორვეგია ამ ისტორიული გადაწყვეტილების გზაზე საქართველოს ახლო პარტნიორად და მხარდამჭერად დარჩება.
დატოვე კომენტარი