ჩოგბურთის ვარსკვლავმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, ავსტრალიური ვიზის გაუქმებასთან დაკავშირებული სასამართლო დავა მოიგო. მოსამართლე ენტონი კელი დაეთანხმა ჯოკოვიჩის ადვოკატების არგუმენტებს, რომელთა მიხედვითაც, ავსტრალიელმა მესაზღვრეებმა ვიზის გაუქმების ვალიდური მიზეზი ვერ მოიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას მსოფლიოს პირველი ჩოგანი ავსტრალიაში ჩასვლის შემდეგ ქვეყანაში არ შეუშვეს და მას ვიზა გაუუქმეს. ამის მიზეზად კი ავსტრალიის სასაზღვრო ძალები ჯოკოვიჩის კოვიდსტატუსს ასახელებდნენ. მათი განცხადებით, სერბი ქვეყანაში შესასვლელად გამონაკლისის წესებს არ აკმაყოფილებდა. ამის შემდეგ ჯოკოვიჩი მელბურნის აეროპორტიდან იმიგრაციის სამსახურისათვის გამოყოფილ სასტუმროში გადაიყვანეს.
თუმცა შესაძლოა, ეს სულაც არ ნიშნავდეს იმას, რომ ჯოკოვიჩს ქვეყანაში შესვლის უფლება მიეცემა. შესაძლოა, ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრმა ვიზის თავიდან გასაუქმებლად საკუთარი უფლებამოსილება გამოიყენოს.
სერბ ჩოგბურთელს ავსტრალიის მთავრობამ საკუთარი სასამართლო პროცესის მოსმენის უფლება ადვოკატის ოფისიდან მისცა. ახლა ჯოკოვიჩს მოცდა კიდევ ცოტა ხანს მოუწევს. ცნობისათვის, ავსტრალიის ღია პირველობა 17 იანვარს იწყება, ჯოკოვიჩს კი ეს გათამაშება 9-ჯერ აქვს მოგებული.
დატოვე კომენტარი