გასულ კვირას NS STUDIO-მ, წამყვანმა არქიტექტურისა და დიზაინის სტუდიამ, 10 წლის იუბილე განსაკუთრებული რეტროსპექტული გამოფენით აღნიშნა. სტუდიამ, კომპანიის თანამშრომლებთან ერთად შეკრიბა პარტნიორები, დამკვეთები, არქიტექტურისა და დიზაინის სფეროს წარმომადგენლები, მეგობრები და გულშემატკივრები. ეს იყო პირველი ღონისძიება, რომელიც არქიტექტურულმა კომპანიამ ამ ფორმატით გამართა, სადაც გასული 10 წლის შეჯამება განხორციელებული პროექტების სახით წარმოადგინა.
გამოფენა მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე ძველი ღვინის ქარხნის შენობაში გაიმართა, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, NS STUDIO-ს მრავალფეროვან პორტფოლიოს უფრო ახლოდან გასცნობოდნენ. განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები წარმოდგენილი იყო დიდი ფორმატის ექსპოზიციებითა და შთამბეჭდავი არქიტექტურული მოდელებით.
ექსპოზიციის ნაწილი ასევე იყო სტუდიის პროდუქტის დიზაინის პლატფორმის – NS PRODUCT-ის სკამები “Take A Seat”-ის კოლექციიდან. ისინი არა მხოლოდ ექსპოზიციის საინტერესო ნაწილად აღიქმებოდა, არამედ სტუმრებისთვის მიმზიდველ ფოტოზონადაც იქცა. პროდუქტის დიზაინის ხაზი კომპანიამ 2022 წლის დასაწყისში გამოყო ცალკე მიმართულებად, რომელსაც დიდი სამომავლო გეგმები აქვს.
„ამ შემაჯამებელმა გამოფენამ საშუალება მოგვცა, რომ გადავიაზროთ წარსული გამოცდილება, დავაფასოთ აწმყო და ვიფიქროთ კიდევ უფრო მასშტაბურად ჩვენი მომავლისთვის. კომპანიას არჩეული აქვს განვითარებისა და ზრდის მიმართულება, რასაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით. ამის ერთ-ერთი გამოხატულება NS STUDIO-ს მეორე ოფისის გახსნაა ქუთაისში, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ახალი მიმართულებების გაჩენას და დადებითი მუხტის შეტანას ამ ქალაქში. ასევე გეგმაში გვაქვს ოფისის გახსნას ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში, რაც უკვე ქვეყნის გარეთ განვითარების დასაწყისი იქნება. ამის მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებთ და ვფიქრობ, რომ არცთუ ისე შორსაა ეს მომავალი. ასეთი განწყობით და მიზანდასახულობით ვიწყებთ 2024 წელს“.
„გასული 10 წელი იყო ბევრი სწავლის, გამოწვევის, განვითარების, მუდმივი ექსპერიმენტების და უსაზღვრო გამოცდილების დაგროვების პერიოდი. ამასთან ერთად, მუდმივად ორიენტირებულები ვიყავით განვითარებაზე. პროდუქტის ხაზის ცალკე გამოყოფაც ჩვენი უწყვეტი ზრდის ნაწილია, სადაც ასევე უდიდეს პოტენციალს ვხედავთ. 2022 წლიდან მოყოლებული, ჩვენს პორტფოლიოში ორი სრულყოფილი კოლექცია და სხვადასხვა მცირე მოცულობის ობიექტია, რაც, ვფიქრობ, იმაზე მეტიც კია, რის განხორციელებაც ამ პერიოდში წარმოგვედგინა. პროდუქტის მიმართულებით კიდევ ბევრ საინტერესო სიახლესა და ექსპერიმენტს გპირდებით“.