მარეგულირებელი ორგანოები მუდმივად ეძებენ ახალ გზებს საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად. მაგალითად, ავიღოთ ამერიკული კანონმდებლობის ორი ურთიერთდაკავშირებული და ძალიან მიუღებელი აქტი, რომლებსაც ინტერნეტისათვის უდიდესი ზიანის მიყენება შეეძლო. მათი ამოქმედება დროებით – ხაზს ვუსვამ სიტყვას „დროებით” – შეჩერდა უპრეცედენტო ინტერნეტპროტესტის შედეგად.
„Online-მეკობრეობის აღკვეთის აქტი” (Stop Piracy Act – SOPA) და მისი ტყუპისცალი სენატიდან – „IP-ის დაცვის აქტი” (Protect IP Act -PIPA), თითქოს მართლაც იმ მიზნით შეიქმნა, რომ გადაეჭრა რეალური პრობლემა: უცხოური, განსაკუთრებით კი ჩინური ვებ-გვერდების მიერ საავტორო უფლებების გახშირებული დარღვევა. ამერიკული კომპანიები უკვე დიდი ხანია რეგულირდება 1998 წლის კანონით, რომლის მიხედვითაც საავტორო უფლებების დარღვევა დანაშაულია. ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ Google-მა და მსგავსმა ვებ-გვერდებმა მიიღეს მილიონობით მოთხოვნა, მონაცემთა ბაზიდან ამოეღოთ საავტორო უფლებების დამრღვევი მასალა და ლინკები. SOPA-ს და PIPA-ს მიზანი იყო იგივეს გაკეთება უცხოური ვებ-გვერდების მიმართ.
თუმცა თავდაპირველი კანონპროექტი – და განახლებული ვერსიებიც კი – ბუნდოვანია და შეუძლია სერიოზულად შეაფერხოს ინტერნეტის განვითარების დღემდე აქტიურად მიმდინარე პროცესი.
მისი ამოქმედების შემთხვევაში მთავრობას უფლება მიეცემა დახუროს მთელი გვერდები საავტორო უფლების ისეთი უმნიშვნელო ან უნებლიე დარღვევისათვის, როგორიცაა თქვენს მიერ Youtube-ზე ატვირთული ვიდეო, სადაც ყველა Happy Birthday to You-ს მღერის. ეს სიმღერა საავტორო უფლებითაა დაცული. კანონის მომხრეები ამტკიცებენ, რომ პასუხისმგებელი პირები ასეთ მცირე და უნებლიე დარღვევებს არ ჩაეძიებიან.
მართლა? წლების წინ მუსიკის ინდუსტრიამ სწორედ ეს გააკეთა, როდესაც არაოფიციალურ ჩამოტვირთვას ებრძოდა. კონკრეტული პირების, განსაკუთრებით კი თინეიჯერების წინააღმდეგ აღიძრა ასი ათასობით საქმე მუსიკის „მოპარვისთვის”.
კანონის ბუნდოვანი ტექსტის გამო მცირე ვებ-გვერდები განსაკუთრებით დაუცველი გახდება საავტორო უფლებების დარღვევისათვის წაყენებული ზედაპირული და არაარგუმენტირებული საჩივრების წინაშე, რადგან ეს იურიდიულ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
გარდა ამისა, ზიანი მიადგება კიბერუსაფრთხოებას. თავდაპირველი კანონპროექტი ხელისუფლებას საშუალებას აძლევდა დამრღვევ გვერდზე შესვლა დაებლოკა – თუ აკრეფდით სავარაუდო დამრღვევის ვებ-მისამართს, მოხდებოდა თქვენი მოთხოვნის ამ გვერდიდან გადამისამართება. მაგრამ ეს ხომ სწორედ ისაა, რასაც ჰაკერები აკეთებენ, როდესაც ინტერნეტმომხმარებლებს საეჭვო გვერდებზე გადაამისამართებენ. დოკუმენტის ყველაზე მხურვალე მხარდამჭერებმაც კი იციან, რომ ეს ხარვეზი უნდა გასწორდეს.
ეს არ ნიშნავს, რომ საერთაშორისო უკანონო ოპერაციების წინაშე უძლურნი ვართ, რასაც ადასტურებს ცნობილი Megaupload -ის დახურვა FBI-ს მიერ, რომ აღარაფერი ვთქვათ ელექტრონული გადახდების კომპანიებზე – როგორიცაა, მაგალითად, Paypal, – რომლებმაც WikiLeaks-ის ანგარიშები დახურეს მოპარული მასალების გამოქვეყნების გამო.
SOPA-ს და PIPA-ს ჩანაფიქრი, როგორც ჩანს, ინტერნეტის შეზღუდვას უკავშირდება, რადგანაც ის რადიკალურად – და არასასურველი მიმართულებით – ცვლის გასართობი ბიზნესის ტრადიციულ გზებს. ჰოლივუდი გააფთრებით იბრძოდა ტექნოლოგიური პროგრესის წინააღმდეგ ტელევიზიის გამოჩენის პირველივე დღეებიდან (ამ მოვლენამ ათასობით კინოთეატრის დახურვა გამოიწვია. მანამდე ამერიკელები, როგორც წესი, კვირაში ოთხჯერ ან ხუთჯერ დადიოდნენ კინოთეატრებში. თუმცა ჰოლივუდში შემდეგ იმასაც მიხვდნენ, რომ ტელევიზიის წყალობით დიდი სარგებლის ნახვა შეიძლებოდა).
ყოფილი სენატორი კრის დოდი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ფენი მეისა და ფრედი მაკის უსიამოვნებებში, ამჟამად „ამერიკული კინოს ასოციაციის” (Motion Picture Association of America ) ლობისტია – ორგანიზაციის, რომელიც ამ მიუღებელი შემოთავაზების მთავარი მხარდამჭერია. ცოტა ხნის წინ მან მწვავედ გააკრიტიკა ვაშინგტონელი კანონმდებლები კანონის შეჩერებისათვის და საარჩევნო წლისთვის შურისძიებითაც დაემუქრა. წუწუნის ნაცვლად დოდმა და მისთანებმა ერთი ჭეშმარიტება უნდა შეიგნონ: თუ ისეთი კანონის მიღება გსურს, რომელიც ინტერნეტს სრულიად გარდაქმნის, უმჯობესია წინასწარ გამართო კონსულტაციები ინდუსტრიის ყველა მხარესთან – დიდ და მცირე კომპანიებთან, ვენჩურული კაპიტალის კომპანიებთან და მომხმარებლებთან.
რა გამოსავალი გვაქვს ამ სიტუაციიდან? ერთი გონივრული კომპრომისია OPEN (Online Protection & Enforcement of Digital Trade – ციფრული ვაჭრობის Online დაცვა და მოწესრიგება) – კანონი, რომლის მიხედვითაც საავტორო უფლებებისა და სავაჭრო ნიშნის დარღვევის შემთხვევები „საერთაშორისო ვაჭრობის კომისიის” (International Trade Commission) მოსამართლემ უნდა განიხილოს. თუ უცხოური კომპანია მართლაც დაარღვევს საავტორო უფლებებს, კომისია გადახდის სისტემებსა და Online-რეკლამის კომპანიებს მათთან თანამშრომლობის შეწყვეტას აიძულებს.
კიდევ ერთი გამოსავალი, რომელსაც ახალს ნამდვილად ვეღარ ვუწოდებ, ტექნოლოგიაა. სტივ ჯობსმა მუსიკის ინდუსტრია საკუთარი თავისაგან გადაარჩინა, როდესაც მსმენელს ცალკეული სიმღერის შეძენის შესაძლებლობა მისცა (ნაცვლად ალბომისა, რისi შენარჩუნებაც ინდუსტრიის მსხვილ მოთამაშეებს უნდოდათ). ადამიანთა უმეტესობას მოპარვა არ სურს. სასამართლოს გზით ბრძოლის მეორე ალტერნატივა Spotify და Netflix-ია.
აქ, შესაძლოა, ძალიან დაგვეხმაროს „ღრუბელი” ტექნოლოგიები. მაგალითად, OnLive სტრიმები ვიდეოთამაშებს პირდაპირ მოწყობილობებზე გადასცემს. ეს ტექნოლოგია თამაშის უკანონო კოპირებას – ყოველ შემთხვევაში დღეისათვის – ძალიან ართულებს.
ინდივიდუალური აქტივობა ხშირად ახალი კანონების მიღებაზე ეფექტურია. ვინ იცის, იქნებ გამომგონებლებმა მოიფიქრონ ჩვენთვის ნაკლებად მტკივნეული მეთოდი, რომელიც საავტორო უფლებებით დაცული პროდუქტის დაუდევრობით გაზიარებისას უმნიშვნელო თანხით დაგვაჯარიმებს.
დატოვე კომენტარი