ორშაბათს ჩიპების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Nvidia-ს აქციების ღირებულება რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. ამაზე გავლენა მოახდინა Goldman Sachs-ის მიერ ფასის პროგნოზის ზრდამ და ვარაუდმა, რომლის თანახმად, ხელოვნური ინტელექტის (AI) ბუმის შედეგად ტექნოლოგიური გიგანტის შემოსავლის მნიშვნელოვან მატებას უნდა ველოდოთ.
Nvidia-ს აქციების ფასი 4%-ზე მეტით, $694-მდე გაიზარდა და ამის წყალობით, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 1.71 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. მოცემული დროისთვის, საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით, Nvidia მე-6 უმსხვილესი კომპანიაა.
Goldman Sachs-ის ანალიტიკოსებმა Nvidia-ს თითო აქციის ფასის პროგნოზი 800 აშშ დოლარამდე გაზარდეს. შეგახსენებთ, წინა პროგნოზი $625 იყო.
Nvidia გასული წლის მეოთხე კვარტალის შედეგების გამოქვეყნებას 21 თებერვალს გეგმავს. ანალიტიკოსები კი წინასწარ შეფასებებს აკეთებენ. მათი პროგნოზით, კომპანიამ გასულ კვარტალში თითო აქციაზე 4.51 აშშ დოლარის შემოსავალი, მთლიანობაში კი $20.19 მილიარდის შემოსავალი მიიღო.