Nvidia-ს CEO-ს ქონება $10 მილიარდით გაიზარდა

Nvidia-ს CEO-ს ქონება $10 მილიარდით გაიზარდა

Nvidia-ს რეკორდული კვარტალური შედეგების გავლენით, ჩიპების მწარმოებელი კომპანიის მილიარდერი აღმასრულებელი დირექტორის, იენსენ ჰუანგის ქონება კიდევ უფრო გაიზარდა. შედეგად, Nvidia-ს CEO თითქმის $10 მილიარდით უფრო მდიდარია.

ჰუანგი 1993 წელს მის მიერვე დაარსებული კომპანიის აქციების დაახლოებით 3.5%-ს ფლობს. ხუთშაბათის მონაცემებით, Nvidia-ს აქციების ფასების 16%-იანი მატების შემდეგ, ჰუანგის ქონებას $9.5 მილიარდი შეემატა. 61 წლის ჰუანგმა, Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში, ყველაზე დიდი მოგება დააფიქსირა და $69.3 მილიარდით, 21-ე ყველაზე მდიდარი ადამიანის წოდებაც მოიპოვა.

ჰუანგის ქონება, Nvidia-ს აქციებზე ფასების მატების შემდეგ გაიზარდა, რაც თავის მხრივ, ხელოვნურ ინტელექტზე ბუმს მოჰყვა. შედეგად, მილიარდერის ქონება 17-ჯერ მეტია, ვიდრე Forbes-ის 2019 წლის რეიტინგში მოხვედრისას იყო. მაშინ, ჰუნგის სიმდიდრე $3.8 მილიარდს უტოლდებოდა.

Nvidia-ს აქციებზე ფასების მატებითა და რეკორდული კვარტალური შემოსავლებით, სოლიდური სარგებელი მიიღეს კომპანიის მეორე და მესამე უმსხვილესმა ინდივიდუალურმა აქციონერებმა. ტენჩ კოქსის ქონება $480 მილიონით, $4.2 მილიარდამდე, ხოლო მარკ სტივენსის ქონება, $250 მილიონით, $6.3 მილიარდამდე გაიზარდა.

FactSet-ის ინფორმაციით, მეოთხე კვარტალში Nvidia-მ გაყიდვებიდან $22.1 მილიარდი მიიღო, რაც 265%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე. უახლესი მონაცემებით, Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაცია $1.9 ტრილიონს აღემატება, რაც მას მესამე, ყველაზე ძვირად ღირებულ ამერიკულ კომპანიად აქცევს.