დღეს, 30 მაისს, Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ, კომპანიის არსებობის განმავლობაში პირველად, 1 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს, უმეტესწილად, ხელოვნური ინტელექტის ბუმის გალენით, ჩიპებზე მოთხოვნის ზრდას უკავშირდება.
ჩიპების მწარმოებელმა ზემოხსენებულ ნიშნულს მას შემდეგ გადააბიჯა, რაც კომპანიის აქციების ფასი დღის პირველ ნახევარში 4%-ით გაიზარდა და მის კაპიტალიზაციას 40 მილიარდი აშშ დოლარი შემატა.
მოცემული დროისთვის, Nvidia მეექვსე საჯარო კომპანიაა მსოფლიოში, რომლის ღირებულება 1 ტრილიონ აშშ დოლარს აღემატება. ამ შედეგით ის Apple-ს, Saudi Aramco-ს, Microsoft-ს, Alphabet-სა და Amazon-ს შეუერთდა. ცნობისთვის, კომპანიებს შორის, რომლებმაც ადრე ამ ზღვრის გადალახვა მოახერხეს, თუმცა შედეგის შენარჩუნება ვერ შეძლეს, Tesla-სა და Meta-ს შევხვდებით – მათი ღირებულება დღეს 700 მილიარდ აშშ დოლარზე ნაკლებია. მათ შორისაა ასევე ნავთობის გიგანტი, ჩინური კომპანია PetroChina.
$1-ტრილიონი კლუბში მოხვედრა Nvidia-მ 2023 წელს დაფიქსირებული მნიშვნელოვანი ზრდის შედეგად შეძლო. მიმდინარე წლის განმავლობაში Nvidia-ს აქციების ფასი 175%-ზე მეტით გაიზარდა. Wall Street-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, ამ კომპანიამ შესაძლოა ხელოვნური ინტელექტის ბუმით ყველაზე მეტად ისარგებლებს. ამის ნიშნები კი უკვე შესამჩნევია.
აქვე გეტყვით, რომ Nvidia-ს თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ჯენსენ ჰუანგის ქონებას, მოცემული დროისთვის, Forbes-ი $36 მილიარდად აფასებს, რაც მას 34-ე უმდიდრეს ადამიანად აქცევს მსოფლიოში. სულ რაღაც ორი თვის წინ, ის 76-ე ადგილს იკავებდა, 21.1 მილიარდი აშშ დოლარის ქონებით.