ნახევარგამტარების ინდუსტრიაში Nvidia-სთვის კონკურენციის გასაწევად Intel-მა ხელოვნური ინტელექტის ახალი ჩიპის გამოშვება დააანონსა. განახლებული პროცესორი, სახელწოდებით Gaudi 3, ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი მიმდინარე წლის მესამე კვარტალიდან გახდება.
Intel-ის ინფორმაციით, ჩიპი ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობის გასაუმჯობესებლადაა შექმნილი: ხელოვნური ინტელექტის სისტემის გადამზადებაში დახმარებისთვის – პროცესი მოიცავს მისთვის დიდი რაოდენობით ინფორმაციის მიწოდებას – და დასრულებული პროგრამული უზრუნველყოფის გაშვებისთვის.
ხელოვნური ინტელექტის სერვისებზე მზარდი მოთხოვნის გავლენით, ტექნოლოგიური გიგანტები ე.წ. აქსელერატორი ჩიპების განვითარებაში ჩაერთვნენ. ყველაზე დიდი სარგებელი Nvidia-მ ნახა, Gaudi-ის ადრინდელმა ვერსიებმა კი ვერ მიაღწია ბაზრის წილს, რომელსაც Intel-ი იმედოვნებდა. კომპანია დიდ იმედებს უკვე ახალ მოდელზე ამყარებს.
Intel-ის ახალი ჩიპის ფასი ჯერჯერობით უცნობია. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პატრიკ გელსინგერის განცხადებით, ის Nvidia-ს ამჟამინდელი და მომავალი ჩიპების ღირებულებაზე „ბევრად დაბალი“ იქნება.
თუმცა Nvidia-სთვის კონკურენციის გაწევა მარტივი არაა. H100 აქსელერატორის გაშვებამ თითქმის გააორმაგა კომპანიის შემოსავალი, მისი საბაზრო ღირებულება კი $2 ტრილიონამდე გაზარდა. ახლა Nvidia უპირატესობის გაძლიერებას ჩიპების უახლესი პლატფორმით, Blackwell-ით ცდილობს. ამ პროდუქტის ბაზაზე შემქნილი სისტემები ხელმისაწვდომი მიმდინარე წლის ბოლოსთვის იქნება.
Intel-ი ირწმუნება, რომ Gaudi 3 მის კონკურენტ H100-ზე სამჯერ სწრაფი და ენერგოეფექტიანი იქნება. ჩიპების მწარმოებლის მტკიცებით, ახალი ვერსია ხელოვნური ინტელექტის მოდელებს 1.7-ჯერ უფრო სწრაფად ამზადებს და პროგრამული უზრუნველყოფის გაშვებაშიც უკეთეს შედეგებს აჩვენებს. Intel-ის თქმით, Gaudi 3-ისა და H200-ის შესაძლებლობები თითქმის თანაბარია – ზოგიერთ შემთხვევაში მათი პროდუქტი ოდნავ უკეთესად მუშაობს, ზოგში კი ოდნავ ჩამორჩება.