ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომელი, თამარ გაბრუაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ შექმნილი ფონდის პირველი ქართველი სტიპენდიანტი (Obama Foundation Scholar) გახდა.
თამარ გაბრუაშვილის კანდიდატურა, ბარაკ ობამას გუნდის მიერ, მსოფლიოს რამდენიმე ათასი კონკურსანტიდან შეირჩა და შერჩეულ 20 სტიპენდიანტს შორის მოხვდა.
Obama Foundation-ი, თამარ გაბრუაშვილს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტში – University of Chicago, Harris School of Public Policy, მათ მიერვე შექმნილ უნიკალურ სამაგისტრო პროგრამაზე ერთწლიან სწავლას სრულად დაუფინანსებს.
თამარ გაბრუაშვილი: “Obama Foundation-ის სტიპენდიანტობა ჩემთვის განსაკუთრებული მიღწევა და პატივია. აქამდე მიღებულმა გამოცდილებამ, ახალი გამოწვევებისთვის საუკეთესოდ მომამზადა. სამსახურში, ყოველთვის მქონდა ხელშეწყობა, რომ პროფესიულად მაქსიმალურად გავზრდილიყავი და ამისთვის გულწრფელად მადლიერი ვარ. Obama Foundation-ის გუნდიდან გასაუბრების ეტაპზე, ჩემს სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დაისვა, ამიტომ ვფიქრობ, რომ სხვა ფაქტორებთან ერთად, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში განხორციელებული პროექტებითაც დავიმსახურე მათი ინტერესი. Obama Foundation-ის სტიპენდიანტობა, გარდა პრესტიჟისა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მექნება პერსონალური ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობა გლობალური მასშტაბის ისეთ ფიგურებთან, რომლებისთვისაც თვალის დევნება აქამდე მხოლოდ შორიდან შემეძლო. მეძლევა უნიკალური შესაძლებლობა განვავითარო ჩემი კარიერული გეგმა, რომელშიც დამეხმარებიან ბარაკ და მიშელ ობამები და მათი გუნდი, რომლებიც ყოველთვის იყვნენ ჩემთვის ინსპირაცია.”
დატოვე კომენტარი