Netflix-ს შესაძლოა ახალი “პრეზიდენტი და პირველი ლედი” ჰყავდეს ბარაკ და მიშელ ობამების სახით. ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი და მისი მეუღლე ამ ეტაპზე კომპანიასთან მოლაპარაკებების პროცესში არიან ახალი სატელევიზიო შოუს გადაღებასთან დაკავშირებით, რომლის მთავარი გმირებიც სავარაუდოდ თავად იქნებიან.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტთან მოლაპარაკებების პროცესი ჯერ არ დასრულებულა Netflix-ის აქციების ფასმა სიახლის გაჟღერებისთანავე დაიწყო ზრდა და ისტორიულ მაქსიმუმსაც მიაღწია.
ბოლო ერთ კვირაში კომპანიის აქციები 10%-ით გაძვირდა. აღნიშნულმა ზრდამ მის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს $400 მილიონი მოუტანა. Forbes-ის მონაცემებით, რედ ჰასტინგსის ქონება ამჯერად $3.5 მილიარდს შეადგენს.
ჰასტინგსმა Netflix 1997 წელს დააარსა. მიმდინარე წელს კომპანიამ მეორე ოსკარი მოიპოვა დოკუმენტური ფილმისთვის Icarus. Netflix 2018 წელს ახალი კონტენტის შექმნაზე რეკორდული თანხის – $8 მილიარდის დახარჯვას გეგმავს.
დატოვე კომენტარი