ობამას ყალბი ომი ისლამური ექსტრემიზმის წინააღმდეგ

ობამას ყალბი ომი ისლამური ექსტრემიზმის წინააღმდეგ

პარიზის ტერორისტული აქტები აშშ-ის საგარეო და სამხედრო პოლიტიკის სასტიკი მარცხის ტრაგიკული ილუსტრაციაა. ისლამურ ექსტრემიზმთან ბრძოლის ჩვენეული სტრატეგია წარუმატებელია. მიუხედავად იმ რიტორიკისა, რომ ძალისხმევას არ ვზოგავთ და ISIS-თან საბრძოლველად, რუსეთსა და საფრანგეთთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, ბარაკ ობამა მაინც ფუნდამენტურ უარზეა, თავის დამღუპველ კურსში ცვლილებები შეიტანოს.

რატომ ეს სიბლაგვე?

ობამას სამყაროზე ხისტი წარმოდგენა აქვს და, როგორც ჩანს, ამ სამყაროში ისეთი ვერაფერი მოხდება, ის რომ გამოაფხიზლოს. მისი აზრით, რაც კი რამ ამ პლანეტაზე საზიანო ხდება, ყველაფრის თავი და თავი დასავლური იმპერიალიზმია და მისი დანატოვარი სიბოროტეები. მას ჰგონია, აშშ თავის ნაპირებს მიღმა ავ ძალად გვევლინება. აბა, მაგალითად, ირანი რატომაა ჩვენზე გაცოფებული? იმიტომ რომ, 1953 წელს, აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა პუტჩს შეუწყვეს ხელი, რომლის შედეგადაც ანტიდასავლურად განწყობილი პრემიერ-მინისტრი გადააგდეს და ტახტზე შაჰი დააბრუნეს.

რასაკვირველია, ობამას ალბათ არ შეუმჩნევია, რომ სამყაროში უამრავი ომი და არეულობა ხდებოდა ჯერ კიდევ მანამ, სანამ აშშ გაჩნდებოდა და სანამ 1800-იანებში ევროპა ხარბად დაეპატრონებოდა აფრიკას. ან ის, რომ აფრიკას თეთრკანიანი არც კი ენახა, როცა უკვე მონობითა და მონების ვაჭრობით იყო გატანჯული. ან სულაც ის, რომ აშშ-მ ორჯერ იბრძოლა მსოფლიო ომებში ტირანიის წინააღმდეგ. ან რომ საბჭოთა კავშირი დავშალეთ, რომელმაც ათობით მილიონი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. სულერთია. ობამას თვალში, ჩვენ და ბოროტი ევროპელები გველები ვართ, რომლებმაც ედემის ბაღი გავაპარტახეთ, და ახლა შედეგები ჩვენს თავზე უნდა ვიწვნიოთ.

პრეზიდენტი საზღვარგარეთ მინიმუმს გააკეთებს, რაც პოლიტიკურად გაუვა. მას ერთგულად სწამს, რომ სამყარო – და აშშ – მისი თავშეკავებულობის შედეგად, საბოლოოდ, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდება.

შედეგები

  • ISIS-ი. ბრძოლის ველზე მათი დამარცხების ალბათობა აშკარად დიდია. ქურთები, როდესაც ისინი საკმარისი იარაღითა და საჰაერო დახმარებით არიან უზრუნველყოფილნი, ამ ფსიქოპათებს ყოველ ჯერზე შავ დღეს აყრიან. მიუხედავად ამისა, ობამა კვლავინდებურად ძუნწობს და მათ სათანადოდ არ აღჭურვავს. აშშ-ის გაუბედავი საჰაერო შეტევების ფონზე, სულ არ არის გასაკვირი, სუნიტი არაბები რომ არ არიან ISIS-თან საბრძოლველად მოწადინებულნი, რაც მხოლოდ თუ აძლიერებს ამ უკანასკნელის დომინანტურობის საშიშ იმიჯს. ამ სახე-ხატში დასავლეთზე შეტევებსაც დიდი წვლილი შეაქვს.

ამ მონსტრის განადგურება მისი გაჩენისთანავე შესაძლებელი იყო, ობამას მომაკვდინებელი შეცდომები რომ არ დაეშვა ერაყში, ლიბიასა და სირიაში. ერაყიდან აშშ-ის ძალების გაყვანა პოლიტიკურად მოტივირებული და ნაჩქარევი ნაბიჯი იყო, რამაც სექტანტურ ძალადობას ამოფრქვევის საშუალება მისცა, ირანს კი საშუალება მისცა მმართველობა გაემყარებინა შიიტურ უმრავლესობაზე, კონტროლი დაემყარებინა ერაყის ნავთობის უმეტეს ნაწილზე და გაეხსნა სახმელეთო თუ საჰაერო გზები, რომელთა გავლითაც ერთ დროს ალყაშემორტყმული ასადის რეჟიმს ეხმარებიან. გამოცოცხლებულმა ბაშარ-ალ-ასადმა (რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღსა და საზარელ ავიაბომბებს – ე.წ. კასრის ბომბებს – იყენებს), მზარდმა ISIS-მა და ობამას უარმა, ზომიერ სირიულ ძალებს რეალური დახმარება აღმოუჩინოს, ლტოლვების საშინელ კრიზისამდე მიგვიყვანა, რაც, თავის მხრივ, ერთდროულად ჰუმანიტარული კატასტროფაცაა და პოლიტიკურიც.

ოთხი წლის წინ ობამა სიტუაციას „კულისებიდან მართავდა“, როცა ლიბიას ავტორიტარი მმართველი, მუამარ კადაფი მოაცილეს. მაშინ ობამამ ხელები დაიბანა და შედეგებისგან მოიხსნა პასუხისმგებლობა, რისი კულმინაციაც ბენღაზიში ამერიკელი დიპლომატების მკვლელობა იყო. როგორც ჩანს, ჩვენი ყველაზე სხარტი პრეზიდენტი ვერ მიხვდა, რომ ლიბია, ისევე როგორც ზოგადად არაბული სამყაროს დიდი ნაწილი, სათვისტომოთა კონგლომერატს წარმოადგენს. კადაფის გარეშე, ქვეყანა ქაოსში აღმოჩნდა და ISIS-ი და სხვა რადიკალური სამხედრო ძალები გაიფურჩქნენ.

  • ირანი. ობამას იმედების საპირისპიროდ, ISIS-ის სახით საერთო მტრის ყოლა, ირანის რევოლუციურ მიზნებს, მათ შორის ისრაელის განადგურების გეგმებს, არ შეცვლის. აიათოლას მიმდევართა აზრით, ISIS-ისგან მომავალი გლობალური საფრთხე მსოფლიოს ყურადღებას გადაატანინებს ირანის მიზნისგან, რომელიც ატომური ბომბისა და რეაქტიული ყუმბარების შექმნაში მდგომარეობს – იარაღებისა, რომელთაც შეუძლიათ, ატომური აფეთქებები გამოიწვიონ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, მათ შორის – ამერიკულ ქალაქებშიც.
  • რუსეთი. ანვარ სადათმა, რომელიც 1970 წლიდან მის მკვლელობამდე – 1981 წლამდე მართავდა ეგვიპტეს, 1970-იანების შუა პერიოდში რუსეთი ახლო აღმოსავლეთიდან გააძევა. 40 წლის შემდეგ, შედეგების გათვალისწინების გარეშე, ობამამ რუსებს არხეინად მისცა საშუალება, რეგიონში კვლავ დაბრუნებულიყვნენ. ეგვიპტე და ჩვენი ახლოაღმოსავლელი მოკავშირეები გაოცდნენ. რეგიონის ნავთობსაბადოების კონტროლისთვის ვლადიმირ პუტინს მეგობარი რეჟიმები სჭირდება, რითაც რუსეთი – მორყეული ეკონომიკის მიუხედავად – საკუთარ თავს მეტისმეტად გავლენიან მსოფლიო მოთამაშედ აქცევს. პუტინი თავს მხსნელ რაინდად სახავს, რომელიც ISIS-ის ბნელ ძალებს ებრძვის; ეს კი თავის წვლილს შეიტანს ევროპისა და ობამას დარწმუნებაში, რომ რუსეთს ის სანქციები მოუხსნას, რომლებიც ყირიმსა და უკრაინაში პუტინის აგრესიის შედეგად დააკისრეს. და კიდევ ერთი ბონუსი: დასავლეთი კარგად დაფიქრდება, ვიდრე რაიმე გონივრულს მოიქმედებს იმ შემთხვევაში, თუ პუტინი თავისი სხვა მეზობლების წინააღმდეგ გაილაშქრებს, როგორც ეს უკრაინასა და საქართველოში გააკეთა.
  • ლტოლვილები. როცა სირიაში კოშმარი გამწვავდა, არაერთმა ექსპერტმა გვირჩია, რომ მილიონობით იძულებით გადაადგილებულთათვის იქ უსაფრთხო თავშესაფრები გაგვეკეთებინა. ობამამ უარი თქვა, რადგან ამას ჩვენი შეირაღებული ძალების რეალური ჩართულობა დასჭირდებოდა. სანაცვლოდ კი, სასოწარკვეთილი ადამიანები იორდანიას (რომლის ზომიერად პროდასავლური მთავრობა უზარმაზარ სტრესს განიცდის) თურქეთსა და ახლა უკვე ევროპას მოედვნენ.

ობამამ არც იმ ხვეწნა-მუდარაზე შეიბერტყა ყური, რომ სწორედ მას ეთავა დასავლეთში იმ შუააღმოსავლელი ქრისტიანებისთვის თავშესაფრის უზრუნველყოფა, რომლებიც მზარდი გენოციდის მსხვერპლნი არიან.

რადგან ამ ჰუმანიტარული ფიასკოს პრეცედენტში მთავარი მოთამაშე გახლდათ, ობამას ახლა უნდა, რომ აშშ-მ ათასობით ლტოლვილი მიიღოს. ასეა თუ ისე, ამერიკელთა უმეტესობა სკეპტიკურადაა განწყობილი. გაართმევს კი თავს ჩვენი სკრინინგ-მეთოდები ამ ხალხის სათანადო შემოწმებას? პრეზიდენტის ნდობის ფაქტორი დაახლოებით ნულს უდრის.

მაგრამ პოლიტიკური ექო ყველაზე მახინჯ ფორმებს ევროპაში მიიღებს. იქ ძალას ექსტრემალური, ქსენოფობიური პარტიები იკრებენ. ევროკავშირმა, რომელიც სხვადასხვა ეკონომიკური კრიზისის არასწორი მართვის შედეგად უკვე შესუსტებულია, შესაძლოა, რღვევა დაიწყოს. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ექსპერიმენტი საფრთხის წინაშე დგას. კონტინენტი, რომელიც საუკუნეების მანძილზე შუღლსა და ომებს შორის იგლიჯებოდა, ათწლეულებია, რაც ისეთ ადგილად იქცა, სადაც ლიდერები ინტეგრაციაზე არიან მომართულნი, მათმა ძალისხმევამ კი განსაკუთრებული შედეგი ცივი ომის შემდეგ გამოიღო. უამრავი ბიუროკრატიული ნაკლოვანების მიუხედავად, ევროკავშირმა უბადლო როლი ითამაშა ქვეყნების მშვიდობიანი, დემოკრატიული დღის წესრიგის შექმნაში. 1970-იან წლებში ესპანეთსა და პორტუგალიაში გამეფებულ დიქტატურას ევროკავშირმა საბოლოო წერტილი დაუსვა, ხოლო მერე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პოსტკომუნისტურ ქვეყნებზე გადავიდა.

ევროკავშირის დაშლა დასავლური ცივილიზაციისთვის ენით გამოუთქმელ, დამღუპველ შედეგებს გამოიღებს.

რა უნდა გაკეთდეს ახლა?

ობამას თანამდებობაზე ყოფნის უკანასკნელი წლით მოტანილი ზარალის შესამსუბუქებლად, გარკვეული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას.

  • გუანტანამო. ობამა მის დასახურად ემზადება, მიუხედავად იმისა, რომ არავითარი კანონიერი უფლება არა აქვს. მაგრამ ჩვენი ძვირფასი ლიდერი კანონს არასდროს დაუბრკოლებია. ამაზე საშინელ დროს ვერც შეარჩევდა. მაგრამ ფინანსურ კანონპროექტებში ჩაბმულ კონგრესს მსგავსი ქმედება შეუფერხებია და შეაფერხებს კიდეც. ჩვენს კანონმდებელ ლიდერებს სარჩელი წარმოსადგენად მზად უნდა ჰქონდეთ, თუ ვინიცობაა და პრეზიდენტი ამ ნაბიჯის გადადგმას დააპირებს.

გარდა ამისა, კონგრესმა მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ პრეზიდენტს არა აქვს უფლება, ერთპიროვნულად გადასცეს გუანტანამო კუბას. ტერიტორიის ეს ნაგლეჯი უვადოდ მივიღეთ 1898 წლის ესპანურ-ამერიკული ომის შემდეგ, რომლის დროსაც კუბა ესპანეთისგან გავათავისუფლეთ. ძმებ კასტროებს, ცხადია, უნდათ ეს  ტერიტორია და ობამაც სიხარულით გაუწევდა მათ სამსახურს.

  • იურისტების დათხოვნა. პენტაგონს ათასობით იურისტი ჰყავს დასაქმებული, რომლებიც ჩვენს შეიარაღებულ ძალებს შეზღუდვებს უწესებენ. ერთი გიჟური მაგალითი: ბოლო პერიოდამდე ჩვენს ბომბდამშენებს ეკრძალებოდათ ISIS-ის საწვავის ავტოცისტერნების განადგურება იმის შიშით, რომ აფეთქებებში, შესაძლოა, მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავებულიყვნენ. კონგრესმა უნდა აღკვეთოს მავნებლური კანონპროექტები.
  • რეზოლუციები. კონგრესი პრეზიდენტს პოლიტიკურ სტრატეგიებს ვერ უკარნახებს, მაგრამ რეზოლუციების გატარება შეუძლია. ეს მსოფლიოსთვის გზავნილი იქნება, რომ ცოტა უნდა მოიცადონ და რომ პრეზიდენტის ქმედება ნორმალური კურსიდან გადახრას ნიშნავს.

ერთ-ერთი რეზოლუცია სირიაში უსაფრთხო თავშესაფრის შექმნას უნდა ეხებოდეს. მეორემ უნდა განაცხადოს, რომ ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ერაყში სუნიტური ავტონომიის რეგიონი შევქმნათ, როგორც ეს ადრეულ 1990-იანებში, ერაყელ ქურთებთან მიმართებით გავაკეთეთ. ეს სუნიტებისთვის ISIS-ის ალტერნატივა იქნებოდა მაოხრებელი შიიტური სამხედრო ძალების წინააღმდეგ, რომლებიც სოკოებივით ამოიზარდნენ მას მერე, რაც 2011 წელს ობამამ იქიდან ჩვენი ჯარები გამოიყვანა.

  • სულელური სემანტიკის შეწყვეტა. ობამა კვლავინდებურად უარს ამბობს, ჩვენი მტერი იმ ტერმინებით მოიხსენიოს, რასაც ისინი წარმოადგენენ: ისლამურ ტერორისტებს, ექსტრემისტებს, ფაშისტებს. მომდევნო პრეზიდენტი ამ შეცდომას არ დაუშვებს.
  • სახმელეთო ჯარები. რათა გაკეთდეს ის, რაც უნდა გაკეთდეს, ვაი, რომ ამას ამერიკული სახმელეთო ჯარები სჭირდება, ალბათ 20,000 ადამიანი. ევროპელები და ჩვენი შუააღმოსავლელი მოკავშირეები ამ საკითხში ენთუზიაზმით გამოგვყვებიან. უმცროსი ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს ევროპელთა უმეტესობა იმ იდეას ებღაუჭებოდა, თითქოს ეს ბრძოლა აშშ-ის იყო და არა მათი. პარიზმა ეს წარმოდგენა შეცვალა.
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *