საქართველოში საბაზრო ეკონომიკა იმდენივე წელს ითვლის რამდენსაც მისი დამოუკიდებლობა. ობლიგაციების, ფასიანი ქაღალდების და ზოგადად კაპიტალის ბაზარი კი კვლავ განვითარების საწყის ეტაპზეა. თანამედროვე მსოფლიოში კაპიტალის ბაზარი კომპანიებისთვის ფინანსური რესურსების მოზიდვის ალტერნატიულ საშუალებად იქცა, ეტაპობრივად ეს ტენდენცია მკვიდრდება საქართველოშიც.
11 მილიარდი ლარი – საქართველოს ობლიგაციების ბაზრის ჯამური მოცულობა დღეს ასე გამოიყურება. ბოლო წლებში ბაზრის ზრდა საშუალოდ 23%-ია, 2019 წლის პირველ კვარტალში კი მან 11% შეადგინა. საქართველოში ობლიგაციების ბაზრის შესახებ განახლებული კვლევის ავტორი TBC კაპიტალია, რომელიც ამ სფეროში ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა. ზევით მოყვანილი ციფრებიდან ჩანს, რომ ადგილობრივი კომპანიების თუ პოტენციური ინვესტორების მხრიდან ინტერესი ქართული ობლიგაციების ბაზრის მიმართ იზრდება.
„სტაბილური და კარგი ზრდის შედეგად სულ უფრო მეტი კომპანია ჩნდება ბაზარზე, რომლებიც მზად არიან რომ საჯარო ფასიანი ქაღალდის განთავსება მოახდინონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტიმულია იმისთვის, რომ ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზარი გაიზარდოს. ბაზარზე ჩნდება კომპანიები, რომლებსაც აქვთ მზაობა დააკმაყოფილონ კრიტერიუმები, რომლებიც საჭიროა ამ ბაზარზე მოსახვედრად. შედეგად, მათ ეძლევათ საშუალება საკუთარი ინვესტორების ბაზა გააფართოვონ და სახსრები მოიზიდონ არამხოლოდ ბანკებიდან, არამედ სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტებიდან თუ კერძო ინვესტორებისგან“, – ამბობს მერი ჩაჩანიძე, თიბისი ბანკის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის დირექტორის მოადგილე.
TBC კაპიტალის კვლევის მიხედვით, ჯერ კიდევ 2010 წელს ობლიგაციების ბაზრის ჯამური მოცულობა 1,8 მილიარდი ლარი იყო. დღეს კი ბაზარი შემდეგნაირად ნაწილდება: კორპორაციულ ევროობლიგაციებზე 4.5 მილიარდი ლარი მოდის, სახაზინო ფასიან ქაღალდებზე 3.3 მლრდ ლარი, სუვენერულ ევროობლიგაციებზე 1.3 მლრდ ლარი, ს.ფ.ი-ის გამოშვებულ ობლიგაციებზე 932 მლნ ლარი, 500 მლნ ლარი ქვეყნის გარეთ გამოშვებულ კორპორაციულ ლარის ობლიგაციებზე, ხოლო 450 მლნ ლარი კი კორპორაციულ ობლიგაციებზე.
„ბაზარი საკმაოდ მკაფიოდ იზრდება და ამაზე ციფრებიც მეტყველებს. ბოლო ათი წლის განმავლობაში ზრდა საშუალოდ 23%-ს შეადგენს. შეგვიძლია ვთქვათ რომ ზრდის ტემპი უკვე გაორმაგებულია და შედეგად 2019 წლის ბოლოს ბევრად შთამბეჭდავ მაჩვენებლებს ველოდებით. ამ ყველაფერზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს. კერძოდ, მცირდება ქვეყნის ე.წ. რისკ პრემიუმი, შედეგად კი საქართველო უფრო მიმზიდველი ხდება ინვესტორებისთვის. ასევე საკმაოდ დიდი მოთხოვნა ფიქსირდება ინვესტირების ალტერნატიულ საშუალებებზე. პოტენციური ემიტენტებისთვის კი ეს არის საუკეთესო საშუალება კარგი სტრუქტურის შესაქმნელად“, – ამბობს გიორგი არველაძე, თიბისი ბანკის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის დირექტორის მოადგილე.
თუმცა აქვე დასძენს, რომ მიუხედავად მსგავსი ზრდის ტემპისა, ობლიგაციების ბაზარი საქართველოში საკმაოდ მცირეა. ასე მაგალითად, სახაზინო ობლიგაციების ფარდობა ქვეყნის მშპ-სთან 2018 წელს 7.7% იყო, ეს მაჩვენებელი ჩამორჩება თურქეთის (13.7%), ხორვატიის (30.6%), ისრაელის (36.7%), სამხრეთ აფრიკის (44.4%) და უნგრეთის (53.3%) მაჩვენებელს.
კიდევ უფრო ნაკლები – მშპ-ს 2%-ის ტოლია კორპორაციული და ს.ფ.ი ობლიგაციების მოცულობა. ამ მაჩვენებლით საქართველო უსწრებს თურქეთს (1.9%) და ხორვატიას (1.6%), მაგრამ ჩამორჩება უნგრეთს (4.4%), პოლონეთს (20.5%), რუსეთს (11.7%) და ისრაელს (23.4%).
საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების ერთ-ერთ წყაროდ საპენსიო ფონდების განვითარება სახელდება. თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, 2023 წლისთვის სახელმწიფო საპენსიო ფონდის აქტივები 4 მილიარდ ლარს მიაღწევს. 2023 წლამდე კი ფონდიდან 398 მილიონი ლარი ადგილობრივ ობლიგაციებში განთავსდება, ამასთან საპენსიო სისტემა პირველადი და მეორადი ბაზრების განვითარებას გამოიწვევს. თიბისის გათვლებით, 2023 წლისთვის ფონდის საინვესტიციო პორტფელი შემდეგნაირად გადანაწილდება: 2.9 მილიარდი ლარი სახაზინო ფასიან ქაღალდებზე, ნაღდ ფულსა და დეპოზტებზე განთავსდება, 200 მლნ ლარი უცხო ქვეყნის აქციებში, 398 მლნ ლარი ქვეყნის გარეთ გამოშვებულ ობლიგაციებში, ადგილობრივ ობლიგაციებზე კი 398 მლნ ლარი განთავსდება.
„საპენსიო ფონდს დადებითი გავლენა ექნება ობლიგაციების ბაზარზე. ის დამატებით მოთხოვნას შექმნის ამ კონკრეტულ ინსტრუმენტზე და ვიმედოვნეთ რომ ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იქნება ამ აქტივში ინვესტირებისთვისაც“, – ამბობს გიორგი არველაძე.
თიბისი კაპიტალში კიდევ ერთ ცვლილებას გამოყოფენ. კერძოდ, 2018 წლიდან ქართული ობლიგაციების შეძენა უკვე შესაძლებელია საერთაშორისო ცენტრალური დეპოზიტარის, ქლიარსტრიმის (Clearstream) სისტემაში, რაც ქართულ ობლიგაციებს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის საერთაშორისო ინვესტორებისათვის. 2019 წლის მარტში თიბისი კაპიტალმა წარმატებით განახორციელა პირველი ქართული კორპორაციული ობლიგაციის შეთავაზება ინსტიტუციონალური ინვესტორებისათვის ქლიარსტრიმის საშუალებით.
„არის გარკვეული სექტორები რომლის სტრუქტურისთვისაც დღეს ობლიგაციების ქონა ბევრად უფრო მიმზიდველია სხვა ინსტრუმენტებთან შედარებით. ობლიგაცია გამოირჩევა იმით, რომ მისი სტრუქტურიდან გამომდინარე კომპანიას გარკვეული პერიოდის განმავლობაში პროცენტის დაფარვა, ხოლო კონკრეტულ პერიოდში კი ობლიგაციის ერთიანი დაფარვა შეუძლია. ეს კი ყველა იმ სექტორისთვისაა მიმზიდველი, რომელსაც რეგულარული შემოსავალი აქვს”, – ამბობს გიორგი არველაძე.
თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, საჯაროდ განთავსებული ობლიგაციების წლიური ზრდა 205%-ია, თუმცა იკლებს კერძო ობლიგაციების რაოდენობა. კერძოდ, 2018 წელს კორპორაციული გამოშვებული ობლიგაციების მოცულობა 86%-ით შემცირდა და 51 შეადგინა, მაშინ როდესაც 2014 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, მაჩვენებელი მუდმივად იზრდებოდა. თიბისი კაპიტალში მიიჩნევენ, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი დაბალი ლიკვიდურობაა, რის გამოც კერძო ობლიგაციებს საჯარო ობლიგაციები ანაცვლებს.
თიბისი კაპიტალში იმედოვნებენ, რომ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები საშუალოვადიან პერიოდში, ინვესტორების ნდობას გაზრდის, გააჩენს ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს და შედეგად ხელს შეუწყობს ობლიგაციების ბაზრის განვითარებას. ცვლილებს შორის კი თიბისიში შემდეგს გამოყოფენ: გადახდიუუნარობის შესახებ კანონპროექტი, საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონი და ფასიანი ქაღალდების მფლობელობასთან დაკავშირებული კანონი. ამასთან დადებით ფაქტორად სახელდება ისეთი ინსტრუმენტების გაჩენა როგორებიცაა მაგალითად დერივატივები და უზრუნველყოფილი ობლიგაციები.
დატოვე კომენტარი