“წელს პირველად არის, რომ არც რეპეტიციისას და არც სცენაზე გამოსვლისას არ გვცივა”, – მეუბნება ნინო ანანიაშვილი. ცოტა მეხამუშება, მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ბალერინა სიცივეზე რომ მელაპარაკება, მაგრამ ეს მართლაც ასეა. თეატრის ექვსწლიანი რემონტი არ გამოდგა ადვილი გადასატანი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასისა და მისი სამხატვრო ხელმძღვანელის, ნინო ანანიაშვილისთვის. წლების მანძილზე ნინო ანანიაშვილი დასთან ერთად თეატრიდან თეატრში, სცენიდან სცენაზე მოგზაურობდა და ასე უწევდა იმ საქმის კეთება, რომელსაც 12 წლის წინ, 2004 წელს, საქართველოში დაბრუნებული შეეჭიდა. ნინო მადლობელია ყველა ადამიანის, ვინც ამ წლების განმავლობაში ეხმარებოდა და სცენას უთმობდა. “არტ ჰოლი”,”გრიბოედოვის თეატრი”, მუსკომედიის თეატრი – ეს იყო საბალეტო დასის მისამართები ექვსი წლის მანძილზე. ნინო ფიქრობს, რომ ამ პირობებში 16 პრემიერა დასის გმირობის ტოლფასია.
ოპერისა და ბალეტის თეატრის მეშვიდე სართულზე, ნინოს ოთახში ვსხედვართ. ნინოს ჯინსი და შავი პიჯაკი აცვია. თაროებზე სხვადასხვა დროს მიღებული ჯილდოები აწყვია. კედლებზე რამდენიმე პოსტერი და ნახატი კიდია. ბალერინას სამუშაო მაგიდასთან მისი შვილი, ათი წლის ელენე ზის და, როგორც დედა-შვილის დიალოგიდან ვხვდები, ნინოს ფოტოების დახარისხებაში ეხმარება. შაბათია, ანუ, ელენეს შეუძლია დედასთან მივიდეს სამსახურში და მთელი დღე მასთან ერთად გაატაროს.
ინტერვიუს დაწყებამდე ნინო და ფოტოგრაფი გადაღებების ფორმატზე თანხმდებიან. სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ – პუანტებით დაწყებული, მკაცრი პიჯაკითა თუ პერანგით დასრულებული. ეს კონტრასტი ჩაცმულობაში კი იმიტომ განიხილება, რომ იმთავითვე შევთანხმდით, ეს არ იქნება ინტერვიუ ნინო ანანიაშვილზე, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ბალერინაზე. ეს იქნება ინტერვიუ ნინო ანანიაშვილზე, როგორც საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელსა და მენეჯერზე.
მას შემდეგ, რაც გადაღების შესახებ შეთანხმება მიღწეულია, ნინო სავარძელში ჯდება, ხელში Ipad-ი უჭირავს, მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, რამე არ გამომრჩეს, აქ მოვინიშნე რაღაცებიო, მეუბნება. შეკითხვის გარეშე, ჩქარ-ჩქარა და გატაცებით იწყებს ლაპარაკს განახლებულ ოპერისა და ბალეტის თეატრზე. ხელებს ისეთივე ემოციურობითა და გრაციოზულობით იყენებს საუბრისას, როგორც სცენაზე. ნინოსთან დიალოგისას ყველაზე მეტად სწორედ ხელები იქცევს ჩემს ყურადღებას. გამხდარ თითებზე დიდი ვერცხლის ბეჭდები უკეთია. საუბრისას ამ ბეჭდებს ხან იხსნის, ხან ისევ იკეთებს, ხან თითებით ათამაშებს.
“იცით, მართლა როგორი ლამაზია ყველაფერი? – ბავშვური აღტაცებით მიყვება ნინო თეატრზე. – მოწესრიგებული დარბაზი, საგრიმიოროები, სავარჯიშო სივრცეები, სასადილო… ლამაზია ყველაფერი და რაც მთავარია, გაცილებით კომფორტული, ვიდრე ადრე. როდესაც თბილისში ჩამოვდიოდი საცეკვაოდ, სულ მეშინოდა, სპექტაკლისას ფეხი არ მტკენოდა. იმდენად ცუდი ზედაპირი ჰქონდა სცენას, რომ, სამწუხაროდ, ეს არაერთხელ გამხდარა ჩემი ტრავმის მიზეზი. ჩვენ მთელ დღეს აქ ვატარებთ და ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რა პირობებში გვიწევს რეპეტიციების ჩატარება. ახლა ამ მხრივ პრობლემები მოგვარდა. ჩვენი დასი წლების მანძილზე მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა, ხან რომელ სცენაზე გამოვდიოდით და ხან რომელზე. ყველა თეატრი და სცენა დიდი სიყვარულით გვიღებდა, მაგრამ საცეკვაო თუ სარეპეტიციო პირობები ყოველთვის კარგი არ გვქონდა. ბოლოს და ბოლოს დავუბრუნდით ჩვენს თეატრს და ბედნიერი ვარ”, – მართლა ისეთი გატაცებითა და აღფრთოვანებით საუბრობს ნინო ამ ყველაფერზე, რომ შენდაუნებურად გედება მისი ეს აღფრთოვანება და გაუაზრებლად იწყებ თავის აქეთ-იქით ტრიალს, რომ შენც შეამჩნიო ის ცვლილება, რაც განახლებულ, ას წელზე მეტი ხნის ოპერისა და ბალეტის თეატრში ხდება.
ოპერა რემონტის შემდეგ
სულ რამდენიმე სიტყვით შევჩერდეთ ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობაზე, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს პეტერბურგელი არქიტექტორის ვ.ა. შროტერის პროექტის მიხედვით აშენდა და რომელმაც შენობის პროტოტიპად ბაიროითის ვაგნერისეული თეატრი აიღო. “მავრიტანული სტილი” – სწორედ ეს მიმდინარეობა დაედო შენობას საფუძვლად. ნაგებობამ თითქმის უცვლელი სახე შეინარჩუნა 1973 წლის ხანძრამდე. ხანძრის შემდეგ თეატრმა ძირეულად იცვალა სახე, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ შენობას მაინც შეუნარჩუნდა აღმოსავლური სტილი. ეს სტილი და პირვანდელი სული, ცხადია, თეატრმა ამ უკანასკნელი რემონტის შემდეგაც არ დაკარგა.
ერთი შეხედვით, თეატრში მისულმა მაყურებელმა შეიძლება იფიქროს, რომ იქ განსაკუთრებულად არაფერი შეცვლილა, თუმცა შენობა მთლიანად განახლდა. ხელახლა დაიგო მარმარილო, თავიდან მოიხატა კედლები, შეიცვალა ვიტრაჟები, კარ-ფანჯარა. ერთ-ერთი თვალისმომჭრელი სიახლე, რომელიც ოპერისა და ბალეტის თეატრში მისულ მაყურებელს დახვდება, არის სერგო ქობულაძის ფარდა, რომელიც სცენას პირველად უბრუნდება 1973 წლის ხანძრის შემდეგ. ფარდა მხატვრის ესკიზის მიხედვით შეიქმნა და 42-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ ჩამოეშვება ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე.
უმნიშვნელოვანეს სიახლეს წარმოადგენს თეატრის ტექნიკური გადაიარაღებაც: გაიზარდა საორკესტრო ორმო, რომელიც 120 მუსიკოსს დაიტევს. სცენა ულტრათანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა.
მინიმალური დაფინანსება, მაქსიმალური შედეგი
ნინო ანანიაშვილი ამბობს, რომ ახალი სცენა ქართულ ბალეტს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის. თუმცა აქამდე ნინომ და საბალეტო დასმა, რომელშიც დღეს 60-ზე მეტი მოცეკვავეა დაკავებული, 12-წლიანი გრძელი და რთული გზა განვლო. მიუხედავად ამისა, ნინოს თქმით, დასმა იმ დაფინანსებით, რომელიც ამ წლების განმავლობაში ქართულ ბალეტს ჰქონდა, შეუძლებელი შეძლო. დაიდგა 60-მდე სპექტაკლი, შეიქმნა ახალი დეკორაციები, კოსტიუმები…
დღეს დასის რეპერტუარშია ისეთი ავტორების დადგმები, როგორიც არიან: ბალანჩინი, კილიანი, ეშტონი, ბურნონვილი, პეტიპა; საბალეტო დასთან თანამშრომლობენ მსოფლიო დონის ქორეოგრაფები: ალექსეი რატმანსკი, იური პოსოხოვი, თრეი მაკინტაერი, იორმა ელო, ალექსეი ფადეეჩევი და სხვანი. დასს ამ წლების მანძილზე არაერთი წარმატებული გასტროლი ჰქონდა აშშ-ში, იაპონიაში, ეგვიპტეში, იტალიაში, ესპანეთში…
საქართველოს სახელმწიფო ბალეტის დაფინანსება დღესდღეობით მილიონ 200 ათას ლარს აღწევს. შეიძლება ეს არ არის ცოტა, ამბობს ნინო, მაგრამ ოპერისა და ბალეტის სხვა თეატრებს რომ შევადაროთ, ასეთი თანხა მხოლოდ ერთი სპექტაკლის ბიუჯეტია, რომ არაფერი ვთქვათ თეატრების დაფინანსებაზე, მხოლოდ საბალეტო დასებს 7-8 მილონი ევრო აქვთ წლიური ბიუჯეტი: “დიახ, ჩვენი სადადგმო ბიუჯეტი მილიონ 200 ათასი ლარია. ამ თანხის გარეშე დადგმას ვერ გააკეთებ, ქორეოგრაფს ვერ დაპატიჟებ, ლიცენზიას ვერ იყიდი, კოსტიუმებს, დეკორაციებს ვერ შექმნი, ეს ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, ამ თანხიდან ჩვენ ხელფასი უნდა გადავუხადოთ ჩვენს უცხოელ მოცეკვავე ვაჟებს, რომელთა გარეშეც თეატრი დღეს ვერ იფუნქციონირებს, რადგან არ გვყავს საკმარისი რაოდენობის მოცეკვავე მამაკაცები. ამიტომ, როგორც ყველგან, მთელ მსოფლიოში, ვაცხადებთ კონკურსს და აგვყავს მოცეკვავეები. დღეს ათამდე მოწვეული მამაკაცი ცეკვავს ჩვენთან: იაპონელები, ინგლისელი, ამერიკელი, პერუელი, ჰოლანდიელი, იტალიელი. გარდა ამისა, ჩვენ კილიანის, პოსოხოვის, ბალანჩინის სპექტაკლების დადგმა დავიწყეთ. ჩვენ ამ დადგმებით მსოფლიოს წამყვან თეატრებს ვეჯიბრებით, ცხადია, ბიუჯეტს არ ვგულისხმობ, მე ვგულისხმობ საშემსრულებლო ტექნიკას. როდესაც შენი ბიუჯეტი მხოლოდ და მხოლოდ მილიონი ლარია და ამ მილიონით წელიწადში ხუთი დადგმა უნდა გააკეთო, ჩათვალეთ, რომ ეს არა თუ გინესის რეკორდი, არამედ სასწაულია”, – მეუბნება შეუდარებელი ოდეტა-ოდილია “გედების ტბიდან”.
მსოფლიო თეატრების მაგალითები ქართული ბალეტისთვის
ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბიუჯეტი 2016 წლისთვის 7 მილიონ ლარს შეადგენს. თეატრს 700-მდე თანამშრომელი ჰყავს. როგორც ტექნიკური პერსონალი, ისე დასის წევრები, ორკესტრი და ა.შ. ნინო ანანიაშვილის აზრით, ის ფინანსები, რასაც დღეს სახელმწიფო თეატრს გამოუყოფს, საკმაოდ მწირია იმისათვის, რომ თეატრმა საერთაშორისო სტანდარტების დონის სპექტაკლები აჩვენოს მაყურებელს. სწორედ ამიტომ, ის იმ მაგალითების შესახებ მიყვება, თუ როგორ და რა გზებით მოიპოვებენ დაფინანსებას სხვადასხვა ქვეყნის თეატრები. მათ შორის, მაგალითად, ინგლისის სამეფო თეატრი (კოვენტ-გარდენი), მოსკოვის დიდი თეატრი, პარიზის ოპერა, ამერიკის ბალეტის თეატრი: “აი, მაგალითად, ამერიკის ბალეტის თეატრი მხოლოდ ერთ დადგმაში 2 მილიონ დოლარს ხარჯავს. რა თქმა უნდა, ამერიკის თეატრს დაფინანსებით ვერ შევედრებით, მაგრამ მინდა გითხრათ, თუ როგორ მოიპოვებენ ეს თეატრები დაფინანსებას. ამ თეატრში თანხა ძირითადად სპონსორებისგან მოდის. დაფინანსების ამ სტილზე გადავიდა მოსკოვის დიდი თეატრიც. გარდა იმისა, რომ ამ თეატრს დიდი ხელშეწყობა აქვს სახელმწიფოსგან, ის დღეს მნიშვნელოვან თანხას მოიპოვებს ბიზნესმენებისგან. დიდი თეატრის დირექტორთა საბჭოში რუსეთის ყველაზე მდიდარი ბიზნესმენები შედიან. ეს საბჭო ძალიან დიდ ფინანსურ დახმარებას უწევს თეატრს. ეს კი თეატრს აძლევს საშუალებას, სულ სხვანაირად იმოქმედოს. რადგან სახელმწიფო დაფინანსება ძირითადად მიდის ხელფასებზე, ისევე როგორც ჩვენთან, დღეს ბიზნესმენები თეატრებს უდგანან გვერდში. ამაში კი სახელმწიფოები მათ ხელს უწყობენ. მაგალითად, თუკი ბიზნესმენი აფინანსებს ხელოვნების ამა თუ იმ დარგს, მას სახელმწიფოსგან გადასახადების გადახდისას გარკვეული შეღავათები აქვს”, – მეუბნება ნინო ანანიაშვილი და მიყვება “ბალეტის მეგობართა საზოგადოებაზე”, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩამოაყალიბა საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის ცოლმა, მარიელა ტეფტმა: “ამ საზოგადოებაში ძირითადად გაერთიანებულნი არიან უცხოელი დიპლომატები, მათი ცოლები. ქართული საზოგადოება კი ნაკლებად იჩენს ამ ყველაფრისადმი ინტერესს, რაც მე ძალიან მწყინს. საზოგადოების წევრები არ ტოვებენ არც ერთ სპექტაკლს, მათთვის ვაწყობთ სპეციალურ საღამოებს. სამწუხაროდ, ამ ინტერესს ადგილობრივებისგან ვერ ვხედავ”.
თუმცა, ნინო სიხარულს გამოთქვამს იმის გამო, რომ სულ ცოტა ხნის წინ სახელმწიფო ბალეტმა მოახერხა და ისეთი კომპანიების მხარდაჭერა მოიპოვა, როგორიცაა თიბისი ბანკი და “რუმსი ჯგუფი”: “ბედნიერი ვარ, რომ ეს კომპანიები ჩვენთან თანამშრომლობას დათანხმდნენ. როდესაც თიბისი ბანკი შენი პარტნიორია, ეს ნიშნავს, რომ შენ თავადაც მაღალი დონის კომპანია ხარ. გარდა ამისა, წარმოიდგინეთ, ჩვენთან უამრავი სტუმარი ჩამოდის უცხოეთიდან, მათ შორის ძალიან ცნობილი მოცეკვავეები. როდესაც შენ გაქვს საშუალება, რომ სტუმრები ასეთი დონის სასტუმროში მიიღო, ეს ძალიან დიდი პრესტიჟია ჩვენთვის. ასეთ დროს იცვლება შენდამი დამოკიდებულებაც”, – ამბობს ნინო ანანიაშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ ეს პრეცედენტი მაგალითად უნდა იქცეს სხვა ბიზნესებისთვისაც. ის არ იღლება იმ უცხოური მაგალითების მოყვანით, რომლებმაც შეცვალეს თანამედროვე ბალეტი და ოპერა და ის სულ სხვა საფეხურზე აიყვანეს. მათ შორისაა ინგლისის სამეფო თეატრი, მოსკოვის დიდი თეატრი, ამერიკის ბალეტის თეატრი და სხვა. მოდი, ვილაპარაკოთ ინგლისის სამეფო თეატრის მაგალითზე, მეუბნება ის: “დღეს კოვენტ-გარდენს მთელი კვარტალი უჭირავს. არადა, როცა მე ვცეკვავდი იქ, სარეპეტიციო სივრცეც კი სხვა შენობაში, მანქანით ნახევარი საათის სავალზე გვქონდა. ასევე მოშორებით იყო სკოლაც. ახლა ყველაფერი ერთადაა. დღეს კი თეატრისადმი მიდგომა სრულიად შეცვლილია. იქ გაიხსნა კომერციული ფართები, რესტორნები, მაღაზიები, დარბაზი, სადაც ქორწილებს იხდიან. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რა ამბავი ატყდება საქართველოში, ვინმემ რომ თქვას, ქორწილი ოპერის თეატრში გადავიხადეო. ატყდება ვიშვიში, როგორ შეიძლება, ეს რა საშინელებაა, ოპერაში რესტორანიგახსნესო. ცხადია, რესტორანი ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე არ უნდა გაიხსნას. ეს ყველაფერი თეატრის გარშემო უნდა ხდებოდეს და ეს სახელმწიფოს ნება უნდა იყოს. ან თუნდაც, იაპონიაში და სხვა ქვეყნებშიც თეატრის შიდა მიმდებარე ტერიტორიაზე იყიდება ათასი სუვენირი სწორედ ბალეტის სიმბოლიკით დატვირთული: მაგალითად, როდესაც მე ვცეკვავდი, იყიდებოდა მაისურები ჩემი პორტრეტით სხვადასხვა როლში, ასევე სხვადასხვა აქსესუარი, რაც შეიძლება მოეწონოს და გამოადგეს თეატრის მოყვარულს, სპექტაკლის შემდეგ ასობით ადამიანი ყიდულობდა ამ მაისურებს და იდგნენ გრძელ რიგში, რომ მე ხელი მომეწერა. ამ გზით შემოსული თანხა, ცხადია, თეატრშივე რჩება”.
მით უმეტეს, რომ, ნინოს თქმით, თეატრში უამრავი ისეთი ხარჯია, რომელიც გარედან არ ჩანს. მაგალითად, მათ შორისაა ლიცენზიები, რომელთაც სადადგმო ბიუჯეტის თითქმის ნახევარი მიაქვს: “ისეთი სპექტაკლებისთვის, რომლებსაც დღეს საქართველოს სახელმწიფო ბალეტი დგამს – მაგალითად, კილიანის, ბალანჩინის – ჩვენ აუცილებლად უნდა შევიძინოთ ლიცენზიები, რაც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. და თუ გინდა, რომ მათი სპექტაკლები იცეკვო, ეს ლიცენზია აუცილებლად უნდა იყიდო. არადა, თუკი ჩვენ ამ დონის სპექტაკლებს არ დავდგამთ, ჩათვალეთ, რომ ჩვენ ბევრს ვერაფერს მივაღწევთ და ჩვენ სახელს ვერ გავიტანთ საქართველოს ფარგლებს გარეთ. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც მსოფლიო არენაზე გამოვჩნდით, ჩვენ არ შეგვიძლია ლიცენზიის გარეშე ცეკვა. მე მსოფლიო ბალეტს წარმოვადგენ. მე ჩემს სახელს ვუფრთხილდები”, – ამბობს ნინო ანანიაშვილი, რომელმაც მთლიანად დაუკავშირა თავისი სახელი საქართველოს სახელმწიფო ბალეტს. ბალერინამ, რომელმაც თავისი ბრწყინვალე კარიერის სამი ათწლეული მსოფლიოს ისეთ სცენებზე გაატარა, როგორიცაა მოსკოვის დიდი თეატრი, “მარიინკას” სახელით ცნობილი სანქტ-პეტერბურგის ოპერისა და ბალეტის თეატრი, Covent Garden-ი, ამერიკის ბალეტის თეატრი (ABT), ნიუ-იორკის სითი ბალე (NYCB), დანიისა და შვედეთის სამეფო თეატრები, ნორვეგიის, ფინეთის, კანადის ნაციონალური თეატრები, დაასრულა ამ სახელგანთქმულ დასებთან თავისი შემოქმედებითი ურთიერთობა, რადგან: “დადგა დრო, ჩემი სახელი მიმეერთებინა საქართველოს სახელმწიფო ბალეტის თეატრისთვის. თუკი რომელიმე თეატრი ჩემს მიწვევას გადაწყვეტს მათ სცენაზე საცეკვაოდ, მე უკვე გავყიდი ჩვენს თეატრს და არა რომელიმე სხვას”…
ნინო, რომელმაც შეცვალა “შუტოჩნი“ მიდგომა ბალერინების ანაზღაურებისადმი
და ის გულიანი სიცილით ხვდება შეკითხვას იმის შესახებ, თუ როდის იყო მისი კარიერა ყველაზე მეტად შემოსავლიანი. მის სიცილში ნაწყვეტ-ნაწყვეტ ისმის, “რა თქმა უნდა, საქართველოში ჩამოსვლამდე”. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბალერინა არ აკონკრეტებს მის შემოსავალს ციფრებში, მეუბნება, რომ ის მსოფლიოში სამ ყველაზე ძვირად ღირებულ ბალერინას შორისაა.
ნინო ანანიაშვილი იმასაც ამბობს, რომ მან და ალექსეი ფადეეჩევმა რუსული სკოლის ბალერინების ანაზღაურების კუთხით ძალიან ბევრი რამ შეცვალეს. როგორც ის იხსენებს, საბჭოთა კავშირის პერიოდში მოცეკვავეები მინიმალური ანაზღაურებისთვის მუშაობდნენ, მაშინ როდესაც უცხოელი კოლეგები მათზე ოთხჯერ მეტ ანაზღაურებას იღებდნენ: “ჩვენ ვიღებდით მხოლოდ და მხოლოდ დღიურ ანაზღაურებას, რომელსაც “შუტოჩნის” ვეძახდით. დანარჩენი ფული მთავრობაში მიდიოდა. დიახ, ჩვენ ფულს ვაბარებდით. პირადად მე ძალიან ბევრჯერ მაქვს ჩაბარებული საკუთარი შრომით ნაშოვნი ფული. მაგალითად, თუკი ერთ გამოსვლაში 6000 დოლარს მიხდიდნენ, აქედან მხოლოდ 150 დოლარს ვიტოვებდი, დანარჩენს კი ვაბარებდი. და თუკი ამას არ გავაკეთებდით, დაგვიჭერდნენ, რადგან ამას მაშინ “სავალუტო მაქინაციას” უწოდებდნენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სიტუაცია, ცხადია, შეიცვალა. მე და ალექსეი ფადეეჩევმა შევცვალეთ დამოკიდებულება ანაზღაურების მიმართ და დღეს რუსი ბალერინები მსოფლიოში ყველაზე ძვირად ანაზღაურებულ ბალერინებად იქცნენ. ჩვენ მოვახერხეთ ასეთი გარდატეხის შეტანა დიდ თეატრში. ყველა ინტერვიუში მოვუწოდებდით კოლეგებს: მსახიობებო, ნუ იცეკვებთ უფასოდ, დააფასეთ თქვენი თეატრი. როდესაც პროფესიონალი მოცეკვავე ხარ, უნდა არსებობდეს რაღაც კონკრეტული ანაზღაურება, რომელ ანაზღაურებაზე ნაკლებადაც ვერ იცეკვებ, ეს, ცხადია, ეხება პირად გასტროლს. ჩვენ კი ამის შესახებ მაშინ არ ვიცოდით. მე ბევრი პროდიუსერი არც მირეკავს, რადგან იციან, რომ ჩემი სცენაზე გამოსვლა არ ღირს იაფი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრჯერ მიცეკვია და ვცეკვავ ქველმოქმედებისთვის როგორც საქართველოში, ისე უცხოეთშიც, ამ მიმართულებას მუდმივ საქმიანობად ვერ გადააქცევ. რეპუტაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ანაზღაურებას წყვეტს აგენტი და თვითონ მსახიობი. რასაკვირველია, შენ შეგიძლია თავი მილიონად შეიფასო, მაგრამ სახლში იჯდე. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირი შემოსავალი აქვთ ბალერინებს, რაც რეპერტუარსა და შეთავაზებაზეა დამოკიდებული. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მხოლოდ რეპერტუარი გაინტერესებს და გარკვეულ პირობებს თანხმდები… დღესდღეობით ვიცი, რომ დიდი თეატრის არც ერთი წამყვანი ბალერინა (ვგულისხმობ ვარსკვლავებს თავის პირად გასტროლებზე) 10 ათას დოლარზე ნაკლებად არ გამოდის სცენაზე”, – მიხსნის ნინო ანანიაშვილი.
პენსია 38 წლის ასაკში
დღეს ოპერისა და ბალეტის თეატრში ნინო ანანიაშვილის, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელის, ოფიციალური ანაზღაურება 2600 ლარია. რაც შეეხება დასში დასაქმებული მოცეკვავეების ხელფასს, ის 500-დან 2000 ლარამდე მერყეობს. ნინო ამბობს, რომ ეს ძალიან ცოტაა. “დასის წევრები თითქმის მთელ დღეს აქ ატარებენ. ეს გაცილებით შრომატევადი სამუშაოა, ვიდრე გარედან ჩანს. აბა, დააკვირდით, როგორ არის სპორტში: რამდენი აქვთ ხელფასები სპორტმენებსა და მწვრთნელებს, იმიტომ რომ სპორტი მასობრივია, ამასთან ისინი სხვადასხვა კომპანიას უკეთებენ რეკლამას, შეუძლიათ ჩაიცვან მაისურები წარწერებით, იმავეს ჩვენ “პაჩკებზე” ვერ გავაკეთებთ “გედების” თუ “ჟიზელის” ცეკვის დროს. მაგრამ, სხვათა შორის, განსხვავებული რეკლამის გაკეთებას ვაპირებ, დღეს ეს უკვე შესაძლებელი გახდა და იმედია, განვახორციელებ და მაყურებელს გავაცინებ. ჩემი აზრით, ჩვენს ქვეყანას მეტი კრეატიულობა სჭირდება ყველა სფეროში. რომ დავუბრუნდეთ სპორტსა და ბალეტს, გულშემატკივარი, მაყურებელი ხედავს, რომ, მაგალითად, სპორტსმენი მოედანზე ტრავმას იღებს, ჩანს, რომ ვარდება, ტკივა, ოფლიანდება, ჩვენ კი პირიქით, ოფლს ვმალავთ. ვმალავთ, რომ გვტკივა, რადგან ჩვენ გამოვდივართ სცენაზე, რათა მაყურებელს სიამოვნება მივანიჭოთ”, – ამბობს ნინო ანანიაშვილი, რომელიც კიდევ ერთ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. ეს პრობლემა კი მოცეკვავეების პენსიას შეეხება. როგორც ის მიხსნის, თეატრის მოცეკვავე 38 წლის ასაკში გადის პენსიაზე. თეატრში მუშაობის ზღვარი 20 წელია: “პენსია მოცეკვავეებისათვის ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისიდან გააუქმეს. გამოდის, მე რომ ადამიანს დასიდან გავუშვებ 38 წლის ასაკში, ის 60 წლამდე პენსიის გარეშე რჩება. რამდენჯერაც ეს საკითხი დავაყენეთ დღის წესრიგში, იმდენჯერ ამ საკითხს მსვლელობა არ მიეცა. ეს დიდი პრობლემაა. მართალია, 38 წლის ზევით მოცეკვავეს შეუძლია კონტრაქტით იმუშაოს, მაგრამ ეს არასტაბილური შემოსავალია. ძალიან მიჭირს ამ ადამიანების ქუჩაში გაშვება. არადა, როგორ ავიყვანო ახალგაზრდა მოცეკვავეები დასში, თუკი ადგილი არ გათავისუფლდება?” – წუხს ნინო, რომელმაც თავადაც 38 წლის ასაკში მიიღო პენსია, მაგრამ დიდი თეატრის პრიმა-ბალერინად დარჩა.
ნინო ანანიაშვილს აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მის დასს ახალგაზრდა მოცეკვავეები ტოვებენ და საზღვარგარეთ მიდიან სამუშაოდ. ის ამ კრიტიკას სხვა მხრიდან უყურებს: “დიახ, ჩემი მსახიობები მიდიან უცხოეთში, ზოგი საკმაოდ კარგ პოზიციაზე, სოლისტად, როგორც, მაგალითად, ლაშა ხოზაშვილი. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან კარგ მსახიობებს ვზრდით. მიდიან ძირითადად ანაზღაურების გამო, იქ მეტს სთავაზობენ, მაგრამ სამაგიეროდ ყურადღება აკლიათ, აქ თითოეული ახალგაზრდის განვითარებას დიდ დროს ვუთმობთ, ვასწავლით და ვაცეკვებთ საინტერესო რეპერტუარს. მსახიობები, რომლებიც წავიდნენ, პირად მონაცემებში წერენ, რომ ნინო ანანიაშვილთან მუშაობდნენ; როდესაც მათ ბალანჩინი და კილიანი აქვთ ნაცეკვი, ეს სულ სხვა დონესა და რეპუტაციაზე მეტყველებს. ამიტომ უნდა ჩვენთან ჩამოსვლა ბევრ უცხოელს, ისინი ამას უფრო აფასებენ. მე თავადაც მსახიობი ვარ და ვიცი, რომ ყველას აქვს არჩევანის უფლება და უფლება იმისა, რომ საკუთარი ცხოვრებისთვის უკეთესი ნაბიჯი გადადგას. მე მათ ამაში ხელს ვერ შევუშლი”, – ამბობს კრიტიკოსების საპასუხოდ ნინო ანანიაშვილი.
ბალეტი, როგორც ბიზნესი
ნინო ანანიაშვილი დღეს თავის ათკაციან კოლექტივთან, უფრო ზუსტად კი ბალეტის ადმინისტრაციასთან ერთად მუშაობს. ბალეტის ადმინისტრაცია მასთან ერთად კურირებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობა, მარკეტინგი, საერთაშორისო ურთიერთობები და სხვა. მათთან ერთად გეგმავს ის სპექტაკლებსა თუ გასტროლებს, მათთან ერთად აწყობს სამომავლო გეგმებს. დასაწყისში ამ ყველაფერში მას მისი მეგობრები და კოლეგებიც ეხმარებოდნენ, მათ შორის ფრენკ ანდერსენი – დანიის სამეფო თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი, ბენ სტივენსონი – ჰიუსტონის ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი, ალექსეი ფადეეჩევი – მოსკოვის დიდი თეატრის ვარსკვლავი და მერე სამხატვრო ხელმძღვანელი, კევინ მაქკენზი – ამერიკის ბალეტის (ABT) სამხატვრო ხელმძღვანელი და სხვანი, რომლებიც თავიანთგამოცდილებას უზიარებდნენ.
შეიძლება თუ არა აქციო ბალეტი ბიზნესად? და თან მოგებიან ბიზნესად? რა თქმა უნდა, მეუბნება ნინო, რომელიც 2004 წელს იმ პირობით დათანხმდა დასის სამხატვრო ხელმძღვანელობას, თუკი მას “ფულის შოვნა არ მოუწევდა”. თუმცა დღეს ის სულ სხვა თვალით უყურებს თავის საქმეს.
იცით, რა უნდა და რაზე ოცნებობს ნინო ანანიაშვილი? მას უნდა, რომ თეატრის შიდა ცხოვრება საზოგადოებისათვის საინტერესო გახადოს. ამისათვის ის რამდენიმე გზას ხედავს:
“აქაურობა უნდა გახდეს თავშეყრისთვის პრესტიჟული ადგილი, ერთმანეთის ნახვის, ერთმანეთის გაცნობის ადგილი. ამისათვის კი კომერციული თვალსაზრისით უნდა გამოვიყენოთ ყველა ის შესაძლებლობა, რაც თეატრის გარშემო გვაქვს. უნდა მოვახერხოთ ინვესტიციების მოზიდვა და ინვესტორების დაინტერესება. მაგალითად, იჯარით ვთავაზობთ მათ თეატრის გარშემო არსებულ შენობას, რომელსაც ისინი გაარემონტებენ და გახსნიან თუნდაც კაფეს, ოღონდ ეს კაფე იქნება თეატრის და ერქმევა თუნდაც “ოპერა”, “ჟიზელი”… და იქიდან შემოსული თანხის ნაწილი ისევ და ისევ თეატრის ბიუჯეტში შევა. აქ უნდა იმართებოდეს დადგმები ღია ცის ქვეშ, იმისათვის, რომ გამვლელ-გამომვლელმა ნახოს, როგორი მსახიობები გვყავს, რა შეგვიძლია, რას ვაკეთებთ”, – მეუბნება სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელიც ასევე ფიქრობს, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრი აუცილებლად უნდა ჩაჯდეს ტურიზმის ბადეში: “არ არსებობს ტურისტი, რომელსაც არ უნდა კოვენტ-გარდენში ან ლა სკალაში წასვლა და წარმოდგენის ნახვა. ენის ცოდნა არ სჭირდება. მოდის და უყურებს სპექტაკლს. ამაზე აუცილებლად უნდა იზრუნოს ქვეყანამ”.
52 წლის ბალერინა, რომელიც დღესაც სცენაზე დგას და მაყურებლისთვის იცეკვებს, მეუბნება: “იცით, რა მინდა? ადრე, ბავშვობისას, დედა მიყვებოდა ხოლმე, ოპერაში წასასვლელად საგანგებოდ ვემზადებოდით, განსაკუთრებული კაბა თუ არ გვქონდა, ვქირაობდით, ოპერისა და ბალეტის თეატრში წასვლა ნამდვილი ზეიმი იყოო. მინდა, რომ ახლაც ასე იყოს. მინდა, რომ ეს თეატრი იქცეს ისეთ ადგილად, სადაც ადამიანი განსაკუთრებული განწყობით მოვა და ამისათვის სულაც არ არის აუცილებელი, რომ დოლჩე და გაბანას კაბა გეცვას. სპექტაკლზე დასასწრები ბილეთები, ცხადია, ხელმისაწვდომ ფასად უნდა იყიდებოდეს, თუმცა, ეს არც იმას ნიშნავს, რომ ბილეთები ხუთი ლარი უნდა ღირდეს. ბილეთებიდან შემოსული თანხა თეატრისათვის გარკვეულ ფინანსურ დახმარებას წარმოადგენს. განახლებულ თეატრში იქნება ძვირად ღირებული ბილეთები, ასევე იქნება ისეთი ადგილებიც, რომლებიც საკმაოდ იაფი ეღირება და ოპერისა და ბალეტის მოყვარულებს მათი შეძენის შესაძლებლობა ექნებათ, ასევე შევინარჩუნებთ აბონემენტის სისტემას კვირადღეს, ბავშვებსაც რომ ჰქონდეთ სურვილი, სპექტაკლებს დაესწრონ”…
2016 წელს სახელმწიფო ბალეტი მაყურებლისათვის ოპერისა და ბალეტის განახლებულ სცენაზე 20 სპექტაკლის ჩვენებას გეგმავს. სამხატვრო ხელმძღვანელი მეუბნება, რომ ეს ბევრი არ არის, თუმცა, იმასაც მეუბნება, რომ სპექტაკლებზე მისული მაყურებელი განსაკუთრებულ სანახაობას იხილავს…
ოპერისა და ბალეტის თეატრის უკანა გასასვლელთან ზურგჩანთიანი ბიჭები მხვდებიან. ის უცხოელი მოცეკვავე ბიჭები უნდა იყვნენ, რომლებზეც ნინო მიყვებოდა. იქვე არიან გოგონები, აწეული თმებითა და სქელძირიანი ზამთრის ფეხსაცმლით. პუანტები ალბათ ზურგჩანთებში აქვთ. რეპეტიცია დასრულებულია. წინ ახალი სცენა, ახალი სეზონი და ახალი გეგმებია.
დატოვე კომენტარი