ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ასოციაციის (OECD) ახალი კვლევით, მსოფლიო „ხელოვნური ინტელექტის რევოლუციის“ ზღვარზეა. ანგარიშის შეფასებით, უმდიდრეს ქვეყნებში სამუშაო ადგილების მეოთხედზე მეტი AI-ის მიმართ მოწყვლად ინდუსტრიებშია წარმოდგენილი.
OECD-ის კვლევით, ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნების მასშტაბით, სამუშაო ძალის 27% ისეთ პოზიციებზეა დასაქმებული, რომელთაც ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლება ემუქრება. ცნობისთვის, OECD-ი 38 სახელმწიფოსგან შედგება, მათ შორისაა ამერიკის შეერთებული შტატები და კანადა. აღსანიშნავია ისიც, რომ ვინაიდან ტექნოლოგია ჯერ მხოლოდ განვითარების საწყის ეტაპზეა და მონაცემები, მის დახვეწასთან ერთად, შესაძლოა კიდევ შეიცვალოს.
ორგანიზაციის მოხსენებით, AI-ის მიმართ მოწყვლად სამუშაოებში შედის მშენებლობა, ფერმერობა, მეთევზეობა, მეტყევეობა და ასევე, ტრანსპორტირება და მრეწველობაც, თუმცა ამ უკანასკნელებს AI-ის ჩანაცვლებით შედარებით დაბალი რისკი აქვთ. კვლევით, მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიები ხელოვნური ინტელექტისგან ყველაზე მეტად არიან დაცულნი.
მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის ანგარიშით, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა, 2025 წლისთვის ხელოვნური ინტელექტით 85 მილიონი სამუშაო ადგილი ჩანაცვლდება, თუმცა ანგარიში ამავე პერიოდისთვის AI-ის გავლენით 97 მილიონი ახალი სამუშაო პოზიციის შექმნას პროგნოზირებს.
OECD-ის გენერალურმა მდივანმა მათიას კორმანმა ხელოვნურ ინტელექტს „ტექნოლოგიური წყალგამყოფი“ უწოდა და კანონმდებლებს AI-ის მიმართ გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავებისკენ მოუწოდა, რათა სამომავლოდ „პოტენციური უარყოფითი რისკის“ ეფექტიანი მართვა შეძლონ.