ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ახალი ანგარიშის, SME Policy Index-ის თანახმად, საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის ფასი ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ რეკომენდებულ ზღვარს, მთლიანი ეროვნული შემოსავლის 2%-ს აღემატება და 2.35%-ს შეადგენს. ინფორმაციას საქართველოს კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
ამასთან, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა – კვლევის მიხედვით, საქართველოში ინტერნეტთან დაკავშირებული კომპანიების უმრავლესობა 30 მბ/წმ-ზე დაბალი სიჩქარის ინტერნეტით სარგებლობს.
OECD-ის თანახმად, მსხვილი კომპანიების თითქმის 80%-ს მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე (30 მბ/წმ-ზე მეტი) აქვს წვდომა, საშუალო ზომის კომპანიებისთვის ეს მაჩვენებელი 54%-ს, მცირე ზომის კომპანიებისთვის კი 38%-ს უტოლდება, შესაბამისად, ეს არაპროპორციული გადანაწილება და არათანაბარი გარემო ქვეყნის განვითარებისთვის შემაფერხებელი ფაქტორია.
ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის პრობლემების შედეგია ისიც, რომ ქვეყანაში ფიქსირებული და მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი OECD-სა და ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე დაბალია.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იმ პოზიტიურ ცვლილებებზეც, რომლებიც საქართველოს ინტერნეტის ხელმისაწვდომობის კუთხით უკვე აქვს, კერძოდ: 2015-2020 წლებში გაორმაგებულია ფართოზოლოვანი ინტერნეტის მომხმარებლების რიცხვი, მიმდინარეობს სამუშაოები ქვეყნის 99%-ის 4G ინტერნეტით დაფარვისთვის და მოქალაქეებში ციფრული წიგნიერების განვითარებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ გარკვეულ პოზიტიურ შედეგებს უკვე მიაღწია, ამ მიმართულებით გამოწვევები კვლავ არსებობს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია დამატებითი ნაბიჯების გადადგმა ბაზარზე კონკურენციის გაძლიერების, ასევე, ინვესტიციებისა და ინოვაციების ზრდისთვის, რათა მომხმარებლებმა უფრო სწრაფი ინტერნეტის მიღება შედარებით დაბალ ფასად შეძლონ.