არავითარი აბსტრაქცია, არავითარი ირეალობა, მის სამყაროში ყველაფერი კონკრეტული და რეალურია. სიყვარული ერთადერთი სტიქიაა, რაც მის ცხოვრებაზე ზემოქმედებს, სიყვარული შთაგონების ერთადერთი წყაროა, რითაც ომარ ჩხაიძის ნახატები იქმნება.
“რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ვიყო, როგორც არ უნდა ვიყო, ყოველთვის თავს ვგრძნობ კარგად, რადგან ჩემში არის სიყვარული – უპირობო და უსასრულო ყოველ არსთა მიმართ.”- ამბობს მხატვარი.
ომარ ჩხაიძე 1944 წლის 16 აპრილს დაიბადა. როგორც თავად აღნიშნავს, ხატვა ადრეული ასაკიდან დაიწყო. ბავშვობიდან სჯეროდა, რომ მხატვარი გახდებოდა. მიუხედავად არაერთი დაბრკოლებისა, საკუთარი თავის რწმენა არასოდეს დაუკარგავს.
გასული საუკუნის 60-იან წლებში, როცა საბჭოთა საქართველოში რელიგია ტაბუირებულ თემატიკად განიხილებოდა, ომარ ჩხაიძე ბიბლიურ ციკლზე მუშაობდა, რის გამოც იგი ჯერ იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლიდან, შემდგომ კი თბილისის სამხატვრო აკადემიიდან გარიცხეს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წინააღმდეგობების მიუხედავად, ჩხაიძე ადრეული 60-იანი წლებიდანვე შემოქმედებით მოღვაწეობას აქტიურად ეწეოდა.
“მე თავისუფალი ვიყავი და არ მაწუხებდა რას ამბობდნენ სხვები.” – განმარტავს მხატვარი.
იმ პერიოდში თუ მოგვიანებით შექმნილი ქრისტიანული და გნოსტიკური სიმბოლიკით სავსე ჩხაიძის ნახატები დღესდღეობით მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებსა და გალერეებშია გამოფენილი, მათ შორისაა ნიუ-იორკის, ვენის, ტოკიოს, უდენის, ვაკიტანის გალერეები და აგრეთვე ომარ ჩხაიძის საკუთარი გალერეა მოსკოვის ცენტრალური მხატვრის სახლში, რომელიც ქართველმა მხატვარმა 2000 წელს გახსნა.
მხატვარმა მთელი შემოქმედებითი პროცესის განმავლობაში თითქმის ყველა მიმდინარეობა თუ სტილი გამოიარა. როგორც თავად განმარტავს, იგი ყოველგვარი გავლენისგან აბსოლუტურად თავისუფალი და დამოუკიდებელია.
ზოგიერთი ხელოვნებათმცოდნე ჩხაიძის შემოქმედებას სიმბოლიზმსა და ასოციაციურ-მეტაფორულ სტილს უწოდებს, ზოგიერთი მას კლასიკურ ავანგარდად განიხილავს, თუმცა ყოველი მათგანი ერთ მოსაზრებაზე თანმხმდება – ომარ ჩხაიძეს მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალული სტილი გააჩნია.
თავად მხატვარი ხელოვნების ერთ კონკრეტულ სტილში მოქცევას კრიტიკულად უყურებს. მისი აზრით, ყოველი მიმდინარეობა, სტილი თუ ჟანრი შემოქმედებით ნიჭს ზღუდავს და ჩარჩოში აქცევს.
“მე ხშირად მეკითხებიან, თუ რომელ სტილს ეკუთვნის ჩემი მხატვრობა. ამ დროს ძალიან მიჭირს ხოლმე პასუხის გაცემა, ვინაიდან დაახლოებით თხუთმეტამდე განსხვავებულ სტილში ვხატავ.” – აღნიშნავს ომარ ჩხაიძე.
ჩხაიძის ბოლო ციკლი, რომლსაც “სინათლის ტრანსფორმაცია” ეწოდება, 11-დან 16 მაისამდე თბილისის ცისფერ გალერეაში იქნება გამოფენილი. აქ თანამედროვე ხელოვნების მოყვარულ საზოგადოებას საშუალება ექნება, იხილოს ომარ ჩხაიძის ახალი კოლექცია, რომელიც ბოლო შვიდი წლის განმავლობაში შეიქმნა. მხატვრისთვის სინათლე აბსტრაქცია არ არის, ის რეალობაა, რაც სულისა და გონების ჰარმონიული თანხვედრის საფუძველზე გამოიხატება.
“მე დიდი ხანია აღარ ვმუშაობ საგნობრივზე, არამედ მხოლოდ სინათლეზე.” – ამბობს ომარ ჩხაიძე.
დატოვე კომენტარი