არმიების რიცხოვნობის დადგენა სამხედრო ისტორიის ერთ-ერთი საკვანძო პრობლემაა. რიცხვები ხშირად გადამწყვეტია ძალთა ბალანსში. ხშირად იმარჯვებს ის მხარე, რომელსაც უფრო მრავალრიცხოვანი ჯარი ჰყავს, თუ რიცხობრივ სხვაობას სხვა ფაქტორები არ აბათილებს. მაგრამ როგორ ხდება ამ ურთულესი საკითხის შესწავლა და რეალობასთან მიახლოება?
ფრანგი სოციოლოგი, რაიმონ არონი, თავის „ომი და მშვიდობა ერებს შორისში“ წერს, რომ მოსახლეობის რაოდენობის მაჩვენებელი ის დეტერმინანტია, რომლის არსიც ადამიანებისათვის გაუგებარია და ამ მიზეზით მას მისტიკური ხასიათი ენიჭება. ის ანონიმური და მოუხელთებელია. მის პერსონიფიცირებას, ტრანსფორმაციას კეთილ ან ბოროტ ღვთაებაში ხმელეთის ან ზღვის ძალებით, ჰაერით ან წყლით, ნავთობით ან ქვანახშირით, სოციალიზმით ან კაპიტალიზმით, ტრესტებით ან სახალხო მასებით ახდენდნენ. თანამედროვე სამხედრო ისტორიული მეცნიერება შეისწავლის სამხედრო ისტორიას ინტერდისციპლინურად და არა მხოლოდ პოლიტიკური ისტორიის თვალსაზრისით. ამან უამრავი მანამდე არსებული მოსაზრება შეცვალა.
არმიათა რიცხოვნობის დღეს განსაზღვრა არა მხოლოდ წყაროების ნაკლებობის გამო რთულდება, არამედ ამ წყაროების არასწორი გააზრების მიზეზითაც. ანტიკური ხანის ისტორიკოსები ხშირად უფრო ნაკლებად იყვნენ დაინტერესებულები ისტორიული მოვლენების ფაქტობრივი აღწერით, ვიდრე მათი მორალურ გაკვეთილად გამოყვანით, წარჩინებულთა ცხოვრების ან კონკრეტული გავლენიანი პიროვნებების მოღვაწეობის გადმოცემით. დიდაქტიკური მიდგომა ისტორიისადმი ხშირად უკავშირდება დიდ ადამიანთა მოღვაწეობას. ეს დამახასიათებელია შუა საუკუნეების ისტორიოგრაფიისთვისაც, რომელშიც მრავლადაა სამეფო კარის მემატიანეთა შეთხზული პანეგირიკები. ამას გარდა, ანტიკური ხანის ისტორიკოსები თავიანთ თხზულებებს უფრო ზეპირად გადმოსაცემად ქმნიდნენ და არა საკითხავად. ბრძოლის ადგილმდებარეობა, რიცხვები, თარიღები, ქრონოლოგია და გეოგრაფიული დეტალები ხშირად არაზუსტია, გამოგონილია ან საერთოდაც გამოტოვებულია. უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ ვინ იქნებოდა მოყოლილი ამბის ავტორი, ესმოდა თუ არა მას სამხედრო საქმე, ტაქტიკა, ლოგისტიკა, სტრატეგია, პირადად ჰქონდა ნანახი ეს მოვლენები თუ თანამედროვეების გადმოცემებით სარგებლობდა.
ანტიკურ და შუა საუკუნეების ისტორიულ წყაროებში მოყვანილი რიცხვები უმთავრესად კონკრეტულ მიზანს ემსახურება და ამის მიხედვით მცირდება და იზრდება. ამის უამრავი მაგალითია: თუნდაც გავგამელის ბრძოლა (ძვ.წ. 331 წ.), რომელშიც ბერძენი ისტორიკოსები ასტრონომიულ ციფრებს (200-250 ათასი და მეტი) ასახელებენ სპარსელთა არმიის რიცხოვნობის განსაზღვრისას ან უფრო ადრე, ქსერქსეს ბალკანეთზე ლაშქრობისას, სპარსელთა თითქმის მილიონიან ჯარზე მიუთითებენ. ალეზიის ალყისას (ძვ.წ. 52 წ.), კეისარი, რომელიც ფაქტობრივად ამ მოვლენის ერთადერთი მემატიანეა, 300 ათასზე მეტ გალზე გამარჯვებას იკვეხნის. კატალაუნის ველზე ბრძოლის (451 წ.) მემატიანეები „ხალხთა ბრძოლას” და სხვა ამგვარ ეპითეტებს იყენებენ, რათა აჩვენონ ამ ბრძოლის განსაკუთრებულობა და ორივე მებრძოლი მხარის ასიათასობით მეომარზე საუბრობენ, აზენკურის ბრძოლისას (1415 წ.), სულ ცოტა ორ-სამჯერაა ხელოვნურად გაზრდილი ფრანგთა რიცხოვნობაც. ამ კატეგორიაში ექცევა თითქმის ყველა ანტიკური და შუასაუკუნოვანი ბრძოლა, მათ შორის, საქართველოს ისტორიის ისეთი ბრძოლები, როგორიცაა დიდგორი, შამქორი და ბასიანი. ქრისტიანი ავტორები რამდენჯერმე ზრდიდნენ მუსლიმი მოწინააღმდეგის რიცხოვნობას თავიანთ თხზულებებში და იმავეს აკეთებდნენ მუსლიმი მემატიანეებიც.
ყველა ეპოქაში, სხვადასხვა მმართველობის ფორმის მქონე სახელმწიფოში (რესპუბლიკა, მონარქია) ჯარის გამოყვანის გარკვეული წესი არსებობდა. „უკლებლივ ყველა მამაკაცი, რომელსაც იარაღის ხელში ჭერა შეუძლია” – ასეთი სამხედრო გაწვევა ისტორიაში რეალურად არასდროს ყოფილა. სამხედრო ვალდებულებას ასრულებდა საზოგადოების გარკვეული ჯგუფი.
ძველი მსოფლიოს ცივილიზაციებში, როდესაც პრივილეგირებული, არისტოკრატიული ფენა ჯერაც არ იყო არმიისთვის მთავარი რესურსის წყარო, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი პოტენციურ სამხედრო ძალას წარმოადგენდა, მაგრამ ამ ყველაფერს ძალიან ზღუდავდა მებრძოლი ძალის ხარისხი, მომარაგება, მართვა და ა.შ.
შუა საუკუნეები პროფესიონალ მეომართა ბატონის ხანაა. ევროპულ და მეტ-ნაკლებად აზიურ სივრცეშიც ფეოდალური წყობაა გავრცელებული – უხეშად რომ ვთქვათ, ეს იყო მცირერიცხოვანი შეიარაღებული ხალხის ბატონობა მრავალრიცხოვან უიარაღოებზე. როდესაც მრავალრიცხოვანი უიარაღოები მრავალრიცხოვანი იარაღიანები ხდებიან, ყალიბდება საშუალო ფენა, ვითარდება ვაჭრობა, ვრცელდება განათლება, იზღუდება მცირერიცხოვან შეიარაღებულთა მხარდამჭერი ეკლესიის უფლებები, ფეოდალიზმიც სრულდება და იწყება ახალი ისტორია.
ახალ ისტორიაში აზიის განვითარება და წინსვლა იკლებს და შუა საუკუნეებში რჩება, მიუხედავად ამ სიტუაციიდან თავის დაღწევის ცალკეული მცდელობებისა. ევროპაშიც ფეოდალიზმი დასრულებული ჯერაც არაა, მაგრამ ცვლილებები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ეკონომიკა ვითარდება, დემოგრაფიული ვითარება იცვლება, ფეოდალურ ლაშქარს ცვლის მცირერიცხოვანი რეგულარული არმიები, ჩნდება პირველი საერთო გაწვევის სისტემები (რამაც შექმნა ნაპოლეონის ომების მრავალრიცხოვანი ჯარები), უკვე არსებობს საკმარისი ინფრასტრუქტურა, ხელსაწყოები და ცოდნა, რითაც დიდი არმიის მართვა შედარებით გამარტივებულია.
„დიდი არმია” სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვაგვარად აღიქმებოდა – კადეშის ბრძოლაში (ძვ.წ. 1274 წ.) სულ რამდენიმე ათასი მეომარი მონაწილეობდა. ალექსანდრემ ძველი მსოფლიო დაიპყრო იმ დროისთვის ძალიან მრავალრიცხოვანი არმიით, რომელიც შედგებოდა 40 ათასი მეომრისგან, ნაპოლეონმა ათჯერ მეტი ჯარისკაცის მობილიზაცია მოახდინა რუსეთის 1812 წლის კამპანიისთვის. II მსოფლიო ომში მებრძოლ მხარეთა არმიები უკვე მილიონებს ითვლიდა.
I საუკუნეში დედამიწაზე დაახლოებით 100 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, XVII საუკუნეში – 600 მილიონი, დღეს – 7 მილიარდზე მეტი. იცვლება დრო, მოსახლეობის რაოდენობა, მმართველობის ფორმები, იქმნება ახალი საზოგადოებები, შეიარაღება, უწყვეტია ტექნოლოგიური პროგრესი. ამ ყველაფერმა შეცვალა სამხედრო ხელოვნება, სამხედრო ხელოვნებამ კი შეცვალა ყველაფერი.
ჯარის ყოლა უამრავ სერიოზულ პრობლემასთან არის დაკავშირებული. არმიის რიცხოვნობის მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით განსაზღვრა არასწორია და უამრავი მაგალითი გვაქვს, როდესაც უფრო მრავალრიცხოვან ქვეყანას ბევრად მცირერიცხოვანი ლაშქარი ჰყოლია, ვიდრე სხვა, უფრო პატარა ქვეყანას. ავიღოთ თუნდაც მომთაბარე ხალხები, რომელთა საერთო რიცხოვნობა რეალურად ძალიან მცირე იყო, მაგრამ მომთაბარე საზოგადოებაში მამაკაცთა საკმაოდ დიდი ნაწილი პოტენციური მეომარი იყო და ხშირად 200-300-ათასიან ტომს 30 ათასზე მეტი მეომრის მობილიზება მოუხდენია ხალხთა დიდი გადასახლების პერიოდში (IV-VI სს), როდესაც ამხელა არმიის გამოყვანა შესაძლოა რომის იმპერიასაც კი გასჭირვებოდა. იმპერატორმა ვალენსმა, 378 წელს, ადრიანოპოლთან ბრძოლაში, მთელი ძალების დაძაბვით, 25-30 ათასამდე მეომარს მოუყარა თავი.
როდესაც ჩინგიზ ხანმა დაპყრობითი ომები დაიწყო, მონღოლების საერთო რიცხოვნობა მილიონამდე ან ცოტათი ამაზე მეტი იყო, მაგრამ სამხედრო პოტენციალი, მომთაბარე ცხოვრების წესისა და თემური სოციალური წყობის გამო, მათ გაცილებით მაღალი ჰქონდათ, ვიდრე ფეოდალურ სახელმწიფოებს.
ანტიკურ ხანაში ეგვიპტის არმია, თავისი ძლიერების ზენიტში, ახალი სამეფოს პერიოდში, XIX დინასტიის ფარაონ რამსეს II-ს დროს (ძვ.წ. XIII ს.), 25 ათასი მეომრისგან შედგებოდა. ეგვიპტეს პოტენციურად უფრო მრავალრიცხოვანი არმიის გამოყვანის შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ ამ მასის ბრძოლისუნარიანობა, ორგანიზებულობა, დისციპლინა, საბრძოლო წვრთნა და ხარისხი დაბალი იყო. შეიძლებოდა მრავალრიცხოვანი არმია თავისივე მეთაურისთვის გადაქცეულიყო დიდ პრობლემად და უფრო მეტად ეზარალებინა ის, ვიდრე სარგებელი მოეტანა. V საუკუნის ბერძენი ავტორის, ევრიპიდეს სიტყვებია: „დიდი არმია ყოველთვის უწესრიგოა”. და ბერძნები ამ ჭეშმარიტებაში ბერძენ-სპარსელთა ომისას (ძვ.წ. 499 – ძვ.წ. 449 წწ) დარწმუნდნენ, როდესაც მათზე მრავალრიცხოვან სპარსელებთან მოუხდათ დაპირისპირება. სპარსელთა პრობლემები უფრო მძიმეც კი იყო, ვიდრე ბერძნებისა, რომლებიც თავისზე დიდი რესურსებისა და პოტენციალის მქონე ქვეყანას ებრძოდნენ – სპარსელებს უნდა გადაეკვეთათ საზღვაო და სახმელეთო გზებით დიდი მანძილი, შეენარჩუნებინათ კომუნიკაციები თავიანთ ქვეყანასთან, აეგოთ გამაგრებული ბანაკები, მუდმივად მოემარაგებინათ მრავალრიცხოვანი ჯარი სურსათით, საბრძოლო მასალებით, ეკონტროლებინათ და შეენარჩუნებინათ წესრიგი, დისციპლინა, გაეკვლიათ გზა უცხო ტერიტორიაზე, რომელსაც მოწინააღმდეგე ხუთი თითივით იცნობდა. ბერძნები კი საკუთარ მიწაზე იბრძოდნენ, მომარაგებაც ჰქონდათ, შეიარაღებაც და ყოველგვარი უპირატესობაც, რასაც სამშობლოში ბრძოლა იძლეოდა. ამას ემატება ისიც, რომ სპარსელებს ასი ათასი კაციც რომ შეეკრიბათ და მოემარაგებინათ, რაც იმ დროისათვის უზარმაზარი რიცხვია, ბრძოლამდე მათი ნახევარიც ვერ მიაღწევდა.
XVIII საუკუნის მოღვაწე, ცნობილი მხედართმთავარი, მორიც საქსონელი, თავის ნაწერებში აღნიშნავდა: „1718 წელს ჩვენ ბელგრადთან ბანაკში შევედით 55 ათასი კაცით. ეს ადგილი ზღვის დონიდან მაღლა მდებარეობდა, ჰაერი და წყალი ჯანსაღი იყო და საკვები არ გვაკლდა. ბრძოლის დღეს, 18 აგვისტოს, იარაღის ქვეშ სულ 22 ათასი კაცი იდგა; დანარჩენები ან ავად იყვნენ, ან დაიღუპნენ“. ნაპოლეონმა 1812 წელს 500 ათასზე მეტი მეომრით გადაკვეთა რუსეთის საზღვრები, მაგრამ ბოროდინოს ბრძოლაში ასი ათასზე ცოტა მეტი ჯარისკაცი გამოიყვანა და რუსები, რომელთაც 200-250 ათასი ჯარისკაცი ჰყავდათ ომის განმავლობაში, მასზე მრავალრიცხოვანი ჯარით, 120 ათასზე მეტი მეომრით დაუპირისპირდნენ, თანაც თავდაცვით პოზიციებზე. ეს მაგალითი ნათლად აჩვენებს, რა რთული პრობლემები დგას დიდი არმიის მართვის უკან როგორც ანტიკურ, ისე უფრო თანამედროვე ომებშიც. ასეთ შემთხვევაში მოლაშქრე არმია საბრძოლო თვისებებით, დისციპლინით, საბრძოლო სულისკვეთებით, ორგანიზებით ან რიცხოვნობით ბევრად აღმატებული უნდა იყოს და შესაბამისი მეთაურიც ჰყავდეს, რათა წარმატებას მიაღწიოს.
ნაპოლეონმა გაიმარჯვა რუსებთან ბრძოლებში, მაგრამ კამპანია საბოლოოდ წარუმატებლად დასრულდა, რასაც უამრავმა ფაქტორმა შეუწყო ხელი. დიდ სივრცეებში მოქმედება არმიისთვის კიდევ ერთი დიდი პრობლემაა, მაგრამ ასევე პრობლემურია დიდი არმიისთვის პატარა, ღარიბ და მთაგორიან ქვეყანაში ბრძოლა. მაგალითად, საქართველოს ტერიტორიაზე დიდი არმიები ხანგრძლივად დგომისას დიდ ზარალს განიცდიდნენ და იძულებულები ხდებოდნენ, უკან გასულიყვნენ – VI საუკუნეში, მერმეროე, სასანური ირანის ლაშქრის მეთაური, 20-30-ათასიანი არმიით იყო შესული ლაზიკაში, დასავლეთ საქართველოში, მაგრამ ვერ შეძლო ამ ჯარის მომარაგება, ზარალი განიცადა და უკან, პერსარმენიაში წასვლა მოუხდა. იმავე პრობლემებს XVI საუკუნეში მუსტაფა ლალა ფაშას მრავალრიცხოვანი ოსმალური არმია აწყდებოდა საქართველოში ლაშქრობისას. გაუვალი ტყეები და ხევები ისეთ დიდ პრობლემას უქმნიდა ჯარის დიდ მასებს, იშვიათად თუ რისკავდნენ დასავლეთ საქართველოში გადასვლას აღმოსავლეთიდან წამოსული დამპყრობლები (ამ ადგილების გაუვალობა არმიებისათვის კარგად აქვს აღწერილი VI საუკუნის ბიზანტიელ ისტორიკოსს, პროკოპი კესარიელს). რამდენიმე ასეული კაცის დაყენება ამ ხეობაში, ფაქტობრივად, უზრუნველყოფდა ლაზიკის აღმოსავლეთიდან დაცვას, თუ მტერი სამხრეთ მიმართულებიდან არ მოახერხებდა შეჭრას. განსაკუთრებულად უჭირდათ ასეთ გარემოში ბრძოლა მომთაბარეებს და, ზოგადად, გაშლილ ველებზე ბრძოლას მიჩვეულ ხალხებს. როდესაც ნახეს, რა სერიოზულ პრობლემად იქცა ქართველებთან ბრძოლა მთაგორიან და ტყიან რელიეფზე. „შენ ტყეთა მეფე ხარ და ვერა ოდეს გამოხვალ ველთა” – ასე მოუწოდა სელჩუკმა მმართველმა დავით IV-ს. თუმცა დავით IV არც გაშლილ ველზე ბრძოლას გაურბოდა, რადგან ჰყავდა შესაბამისი ცხენოსანი ჯარი – ყივჩაღები – რომლებიც ისევე მოქმედებდა და ისეთივე ეფექტიანი იყო, როგორიც სელჩუკები. ამ შემთხვევაში მას მნიშვნელოვანი ტაქტიკური და რიცხობრივი დანამატი ჰქონდა მტერთან ბრძოლაში.
ანტიკურ და შუა საუკუნეების მემატიანეთა ცნობების გამართლებას ხშირად იმით ცდილობენ, რომ თურმე არმიები მსახურებისა და ოჯახების თანხლებით მოძრაობდნენ ეს ზრდიდა რაოდენობას და იმიტომ არის დასახელებული 300-400-ათასიანი ლაშქრები. ეს არგუმენტი აბსოლუტურად უადგილოა. თუ მთლიანად ხალხის გადასახლება არ მიმდინარეობს, როგორც, მაგალითად, ზღვის ხალხების მოძრაობის დროს იყო ძვ.წ. II ათასწლეულის ბოლოს ან IV-VI საუკუნეებში (და ეს ურდოებიც მთლიანობაში 150-200 ათასს არ აჭარბებდნენ მთელი ოჯახობის ჩათვლით) ხალხთა დიდი გადასახლების დროს, „ოჯახობით” და „ათასობით მსახურებით” არავინ მიდის ლაშქრობაში. დაპყრობილ ტერიტორიაზე შემდეგ სხვა ხალხის ჩასახლება სულ სხვა რეალობაა და ამას არმიასთან ერთად მოძრაობასთან საერთო არა აქვს. მონღოლები მომთაბარეები იყვნენ, მაგრამ ისინი არასდროს ლაშქრობდნენ ოჯახებისა და მსახურების თანხლებით. ამ შემთხვევაში დაკარგავდნენ იმ საოცარ სისწრაფესა და მობილურობას, რითაც გამოირჩეოდა მონღოლური ლაშქარი და რაც მათი წარმატების მთავარი გასაღები იყო. არც ჰუნების მეფე ატილა იბრძოდა ამგვარად, არც თოღრულ-ბეგი, ალფ-არსლანი, მალიქ-შაჰი ან რომელიმე სხვა სელჩუკი სულთანი, არც ნაჯმ ად-დინ ილ-ღაზი და ახლო აღმოსავლეთის სხვა ამირები. რასაკვირველია, შუა საუკუნეებში საჭურველმტვირთველები ბრძოლის დროს დიდებულებს ხშირად თან ახლდნენ, მაგრამ ისინიც ჩვეულებრივ მებრძოლ ძალას წარმოადგენდნენ და არმიის ერთიან რიცხვში შედიოდნენ. ფეოდალურ ხანაში არამხოლოდ რაინდი იყო ცხენოსანი მეომარი. ასეთ შემთხვევაში მათი რაოდენობა ასეულებსაც ვერ მიაღწევდა. ძირითად მასას ქმნიდნენ უფრო დაბალი ფენის მეომრები, საჭურველმტვირთველები, პაჟები და საქართველოს შემთხვევაში – „მსახურეული”.
ლოგისტიკის შესწავლა, წყაროებისთვის კრიტიკული კითხვების დასმა, შედარებითი მსჯელობა, ინტერდისციპლინური კვლევა, როგორც სამხედრო ისტორიკოსი მარტინ ვან კრეველდი მიუთითებს, ძალზე მოსაწყენი საქმეა და უფრო სახალისოა ასეულ ათასიანი არმიების ველზე ბრძოლისა და ჯარის წინაშე მხედართმთავართა ამაღელვებელი სიტყვების შესახებ წერა. მაგრამ სამხედრო ისტორიის შესწავლას ზემოხსენებული საკითხების გარეშე ფასი არ ექნება. მითების მსხვრევა მხოლოდ საქმიანი მიდგომით, კრიტიკული კვლევითა და ცივი ლოგიკითაა შესაძლებელი, რასაც სწორედ რიცხვების ილუზიის გაფანტვა მოჰყვება.
დატოვე კომენტარი
It’s wonderful that you are getting ideas from this article as well as from our discussion made here.