სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი $400,000,000-ზე მეტით გვაზარალებს.
პირველ აპრილს მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებები განახლდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 22 წელიწადში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მრავლად იყო შეიარაღებული დაპირისპირება, ეს იყო ყველაზე მასშტაბური ომი 1994 წლის შემდეგ. დაიღუპა 120-ზე მეტი ადამიანი.
ყარაბაღი თბილისიდან 375 კილომეტრშია. ეს იგივე მანძილია, რაც თბილისიდან ბათუმამდე. საქართველოს საზღვრიდან, წითელი ხიდიდან კი დაახლოებით 300 კილომეტრია. აქედან გამომდინარე, ყარაბაღის კონფლიქტი არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ჩვენთან ახლოს არის. ეს კონფლიქტი არა მხოლოდ ორ ჩვენს მეზობელ ქვეყანას შორის არის, არამედ ჩვენს ორ მსხვილ ეკონომიკურ პარტნიორს შორისაა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, საომარი მოქმედებების გაგრძელების შემთვევაში, რა საფრთხე ემუქრება საქართველოს ეკონომიკურად. სტატიის თემატიკა სცდება იმის განხილვას, თუ ომის პირობებში როგორ გამოიყენებს რუსეთი საქართველოს ტერიტორიას. სტატია კონცენტრირებულია ორ საკითხზე: ომის შედეგად აზერბაიჯანსა და სომხეთში წარმოშობილი პრობლემების და ჩვენს რეგიონში დესტაბილიზაციის დონის მატების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე.
საქართველო სომხეთთან და აზერბაიჯანთან ყველაზე მეტად საგარეო ვაჭრობით და ტურიზმით არის დაკავშირებული. 2013 წელს, ვაჭრობის სიდიდით, აზერბაიჯანი საქართველოს რიგით მეორე პარტნიორი იყო, თურქეთის შემდეგ. სომხეთს კი მე-7 ადგილი ეკავა. 2014 წლის ბოლოდან საქართველოს ექსპორტმა აზერბაიჯანსა და სომხეთში შემცირება დაიწყო, რის შედეგადაც 2015 წელს აზერბაიჯანი უკვე სიდიდით მე-3 პარტნიორი გახდა, ხოლო სომხეთი – მე-10. 2015 წელს საქართველომ აზერბაიჯანში $240 მილიონის ექსპორტი განახორციელა, სომხეთში კი – $180 მილიონის. აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან იმპორტმა, შესაბამისად, $543 მილიონი და $172 მილიონი დოლარი შეადგინა.
ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავებამდე, 2014 წლიდან, ნავთობის მსოფლიო ფასის 60%-ით შემცირების გამო, აზერბაიჯანი სერიოზულ დანაკარგს განიცდის. სწორედ ამის შედეგად, აზერბაიჯანს მოუხდა ეროვნული ვალუტის (მანათის) ფიქსირებული კურსის რეჟიმზე უარი ეთქვა და მანათი 100%-ით გაეუფასურებინა. 2015 წელი რთული იყო სომხეთისთვისაც, რაც ძირითადად მის უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაში – რუსეთში შექმნილმა ეკონომიკურმა პრობლემებმა განაპირობა. ყოველივე ამის შედეგია ის, რომ საქართველოს ვაჭრობა სომხეთთან და აზერბაიჯანთან 2015 წლიდან მცირდება.
ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავებამ კიდევ უფრო გააუარესა აზერბაიჯანისა და სომხეთის ეკონომიკური პერსპექტივა. 12 აპრილს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წევრი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები განაახლა. ფონდის პროგნოზის მიხედვით, 2016 წელს სომხეთის ეკონომიკა 2%-ით გაიზრდება, ხოლო აზერბაიჯანის ეკონომიკა 3%-ით შემცირდება. 12%-ით შემცირდება აზერბაიჯანში პროდუქციის იმპორტი. 2015 წლის ოქტომბერში სავალუტო ფონდი 2016 წელს აზერბაიჯანის ეკონომიკის 2.5%-იან ზრდას, ხოლო სომხეთის ეკონომიკის 2.2%-იან ზრდას პროგნოზირებდა. ჩვენი რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირების პარალელურად, სავალუტო ფონდმა საქართველოს 2016 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც შეამცირა 3%-დან 2.5%-მდე.
რადგან ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავებამდეც სერიოზული ეკონომიკური პრობლემების წინაშე იყო აზერბაიჯანი და სომხეთი, რთულია იმის თქმა, თუ მათი დანაკარგების და, შესაბამისად, საქართველოს დანაკარგების რა წილი მოდის კონკრეტულად აღნიშნული კონფლიქტის შედეგებზე. ერთი რამ ცხადია – საომარი სიტუაცია ქვეყანაში ეკონომიკურ აქტიურობას ამცირებს. ეს უპირველეს ყოვლისა, სწორედ საგარეო ვაჭრობაზე, ტურიზმსა და ინვესტირებაზე აისახება.
2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, საქართველოს ექსპორტი სომხეთსა და აზერბაიჯანში $412 მილიონით (49%-ით) შემცირდა და ჯამში, $421 მილიონი შეადგინა. თავდაპირველად, აზერბაიჯანში საქართველოს ექსპორტის შემცირებას მსუბუქი ავტომობილების შეყვანაზე გამკაცრებული რეგულაციები იწვევდა. თუმცა 2015 წლის ბოლოს სხვა პროდუქტების ექსპორტმაც კლება დაიწყო. უარყოფითი ეკონომიკური ტრენდისა და ორ მეზობელ ქვეყანაში ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2016 წელს საქართველოს ექსპორტი აღნიშნული მიმართულებით ისევ შემცირდება. ეს ძირითადად აზერბაიჯანს ეხება, სადაც ჯერჯერობით საქართველოდან უფრო მეტი პროდუქცია გადის. დანაკარგი დამოკიდებულია ნავთობის ფასებსა და ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციის დონეზე. საშუალო საფრთხის პირობებში, საქართველოს ექსპორტი სომხეთსა და აზერბაიჯანში დაახლოებით $200 მილიონით (50%-ით) შემცირდება. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ ლარი აზერბაიჯანულ მანათთან შედარებით, გამყარებულია. ეს ნიშნავს რომ აზერბაიჯანელებისთვის ქართული პროდუქცია ძვირდება.
2015 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი (და, შესაბამისად, ტურისტიც) სომხეთიდან შემოვიდა – 1.5 მლნ ადამიანი. აზერბაიჯანი მეორე ადგილზეა – 1.4 მლნ ვიზიტორით. სომხეთსა და აზერბაიჯანზე მოდის საქართველოში შემოსულ ვიზიტორთა თითქმის ნახევარი (49%). 2015 წელს ტურიზმიდან საქართველომ სულ $2 მილიარდის შემოსავალი მიიღო. შეგვიძლია დავუშვათ, რომ აღნიშნული თანხის თითქმის ნახევარი სწორედ სომეხ და აზერბაიჯანელ ტურისტებზე მოდის. შესაბამისად, ამ ქვეყნებში სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუარესების ფონზე, საქართველო მნიშვნელოვან შემოსავალს დაკარგავს ტურიზმიდან. ყველაზე ოპტიმისტური გათვლით, ეს შეიძლება იყოს დაახლოებით $100 მილიონი.
რაც შეეხება საქართველოს დამოკიდებულებას აზერბაიჯანულ და სომხურ ინვესტიციებზე, აქ ყურადღების გამახვილება მხოლოდ აზერბაიჯანზე ღირს. სომხეთიდან ინვესტიციების შემოსვლა მინიმალურია და მისი სრულად შეწყვეტაც კი ჩვენს ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს. 2015 წლის მონაცემებით საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია – $542 მილიონი აზერბაიჯანიდან შემოვიდა. 2014 წელს $341 მილიონი შემოვიდა. 2015 წელს პირდაპირი ინვესტირებით აზერბაიჯანი საქართველოს ყველაზე დიდი ინვესტორი იყო. ასეთი სიდიდით ინვესტიციების შემოსვლა მნიშვნელოვანწილად ახალი გაზსადენის, შაჰ-დენიზ 2-ის განხორციელებას უკავშირდება. შესაბამისად, არ შეიძლება დავუშვათ, რომ რეგიონში სიმშვიდის პირობებშიც კი აზერბაიჯანიდან იმავე მოცულობის ინვესტირება შენარჩუნდება. 2016 წლიდან აზერბაიჯანიდან ინვესტირების კლება გარდაუვალია. ყარაბაღის კონფლიქტი ინვესტიციებს კიდევ უფრო შეამცირებს. რთულია იმის თქმა, თუ რა მოცულობა იქნება ეს დოლარებში. კლების პოტენციალი კი ცალსახად მაღალია.
საქართველო დანაკლისს მიიღებს აზერბაიჯანიდან ფულად გზავნილებშიც. 2015 წელს $16 მილიონი გადმოირიცხა. 2015 წელს თუ თვეში საშუალოდ $1.3 მილიონი ირიცხებოდა, 2016 წლის იანვარ-თებერვალში ეს თანხა $0.8 მილიონამდე შემცირდა. სომხეთიდან 2015 წელს $6.5 მილიონი გადმოირიცხა, თვეში საშუალოდ $540 ათასი ირიცხებოდა. 2016 წლის იანვარ-თებერვალში $540 ათასის ნაცვლად საშუალოდ $390 ათასი გადმოირიცხა.
ჩვენ გავაანალიზეთ, თუ რა პირდაპირი გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ეკონომიკაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის ეკონომიკაში გაღრმავებულ პრობლემებს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირების გაგრძელება ნიშნავს ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების შემცირებას. ეს უარყოფითად აისახება საქართველოზე და ქვეყანას, რომელსაც საკუთარი ტერიტორიული კონფლიქტებიც არ აკლია, მეზობელი ქვეყნის მსგავსი პრობლემაც დააზარალებს, რადგან ინვესტორებს საქართველოში ინვესტირების რისკს გაუზრდის და სხვა თანაბარ პირობებში, შეამცირებს საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებს და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტემპს. ამ ეტაპზე, ჩვენთვის რთულია ზუსტად, რიცხობრივ მაჩვენებლებში, ვთქვათ, რეგიონში უსაფრთხოების შემცირების გამო რა მოცულობის ინვესტიცია შეიძლება დაკარგოს საქართველომ. ყარაბაღში ომის გაგრძელებისა და ომის მასშტაბების ზრდის პირობების, აზერბაიჯანისა და სომხეთის ეკონომიკური პრობლემების პირდაპირი გავლენიდან კი 2016 წელს საქართველო ყველაზე ცოტა $400 მილიონის ზარალს ნახავს. ეს ის თანხაა, რაც დაგვაკლდება ამ ქვეყნებში საქართველოს ექსპორტის კლებით და საქართველოში შემომავალი ტურისტების, ინვესტიციებისა და ფულადი გზავნილების შემცირებით.
დატოვე კომენტარი