OneApp უზბეკეთში დაფუძნებული სტარტაპია, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოს ბანკის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და 500 Global-ის პარტნიორობით, საქართველოში გამართულ 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამას შეუერთდა.
OneApp-ის მიზანია, სამუშაოს მაძიებლებს მარტივი და ეფექტური პლატფორმის მეშვეობით სამსახურის სწრაფად მოძიებაში დაეხმაროს. უფრო ვრცლად სტარტაპის საქმიანობის შესახებ ერთ-ერთ დამფუძნებელს შერზოდ ხოშიმოვს გავესაუბრეთ:
საიდან გაჩნდა OneApp-ის შექმნის იდეა?
ალბათ, ყველასთვის კარგად არის ცნობილი ის სირთულეები, რომლებიც სამსახურის ძიების პროცესს ახლავს თან. ჩვენ გადავწყვიტეთ, ადამიანებისთვის სამუშაოს განაცხადის და ახალი სამსახურის პოვნის პროცესი გაგვემარტივებინა.
ვინ არიან OneApp-ის დამფუძნებლები?
OneApp-ს სამი თანადამფუძნებელი ჰყავს: სარდორ ხაშიმოვი, ის ამჟამად სტარტაპის ტექნოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელია (CTO), თუმცა, მანამდე იყო Webbit-ის წამყვანი დეველოპერი და Lebazar-ის CTO. ნურუდინ იმინოხუნოვი – OneApp-ის პროდუქტის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელია (CPO), სტარტაპის დაწყებამდე მუშაობდა პროექტის მენეჯერის ამპლუაში Facebook Insights-სა და EPAM-შ. მე კი, შერზოდ ხოშიმოვი სტარტაპის აღმასრულებელი დირექტორის (CEO) პოზიციას ვიკავებ. რაც შეეხება ჩემს სამუშაო გამოცდილებას, ვიყავი Lebazar-ის ტექნოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი და კომპანია Korzinka-ში პროექტების მენეჯერი.
თუ შეგიძლიათ, უფრო დეტალურად მოგვიყვეთ, რა არის OneApp-ი?
OneApp არის მსოფლიოს მასშტაბით სამუშაოს სწრაფად მოძიების პლატფორმა. ჩვენ მომხმარებლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, ერთი აპლიკაციითა და ერთი დაწკაპუნებით გაგზავნონ განაცხადი ინტერნეტში არსებულ ნებისმიერ ვაკანსიაზე, კარიერულ საიტებსა თუ სოციალური მედიის პლატფორმებზე.
როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
პირველ ეტაპზე ამ პლატფორმას მხოლოდ ჩვენ ვიყენებდით, რომ გვენახა, რამდენად ეფექტური იყოს ის. თუმცა, მალევე ეს გადაწყვეტა ჩვენს მეგობრებს გავუზიარეთ. ხოლო მაშინ, როდესაც ჩვენმა მეგობრებმა დაიწყეს სხვა ადამიანებთან ჩვენი პროდუქტისთვის რეკომენდაციის გაწევა, სწორედ მაშინ მივხვდით, რომ რაღაც საინტერესო იდეაზე ვმუშაობდით.
რა იყო თქვენთვის ყველაზე დიდი სირთულე მუშაობის პროცესში?
ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენთვის არასაკმარისი დრო იყო. თუმცა, ამჟამად ვიმყოფებით პროდუქტის განვითარების ეტაპზე – უკვე გვაქვს MVP და ახლა ვმუშაობთ, რომ გაყიდვადი პროდუქტი შევქმნათ.
აქამდე თუ მიგიღიათ სხვა აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობა და რატომ გადაწყვიტეთ 500 Georgia-ს პროგრამაზე დარეგისტრირება?
არა, აქამდე არც ერთ სხვა პროგრამაში მონაწილეობა არ მიგვიღია. რაც შეეხება 500-Georgia-ს, პროგრამის წინა კურსდამთავრებულებმა გვირჩიეს, განაცხადი შემოგვეტანა და ეს გახდა მიზეზი იმისა, რატომაც აღმოვჩნდით აქ.
თუმცა, ახლა დიდი მოლოდინები გვაქვს. 500 Georgia ქმნის ძალიან კარგ სასწავლო გარემოს, რაც გადამწყვეტ როლს თამაშობს ამ რეგიონის სტარტაპების განვითარების პროცესში. მოუთმენლად ველით, მენტორებისგან გამოცდილების გაზიარებას და უკუკავშირს, რომელიც გაზრდაში ნამდვილად დაგვეხმარება.
როგორია სამომავლო გეგმები?
ჩვენი გეგმა კარგი პროდუქტის შექმნა, სწრაფი ზრდა და მასშტაბირებაა.
დატოვე კომენტარი