OPEC-ი და მისი მოკავშირეები დღეში ნავთობის წარმოების 10 მლნ ბარელით შემცირებაზე შეთანხმდნენ

OPEC-ი და მისი მოკავშირეები დღეში ნავთობის წარმოების 10 მლნ ბარელით შემცირებაზე შეთანხმდნენ

OPEC-მა და მისმა მოკავშირეებმა, რომელიც ცნობილია როგორც “OPEC+”-ი ნავთობის წარმოების შემცირების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. კერძოდ, შეთანხმების მიხედვით, დღიურად 10 მილიონი ბარელით შემცირდება ნავთობის წარმოება. აღსანიშნავია, რომ “OPEC+”-ის წევრები OPEC–ის წევრების გარდა არიან რუსეთი, აზერბაიჯანი, მექსიკა, ბაჰრეინი, ბრუნეი, ყაზახეთი, მალაიზია, ომანი, სუდანი და სამხრეთ სუდანი.

როგორც ცნობილი გახდა, მექსიკამ უარი თქვა წარმოების იმ რაოდენობით შემცირებაზე, რასაც მას OPEC-ი სთხოვდა. მექსიკის ენერგეტიკის მინისტრმა ქვეყნებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ “ტვიტერზე“ დაწერა, რომ მას დღეში მხოლოდ 100 000 ბარელით სურდა ნავთობის წარმოების შემცირება, “OPEC+“-ი კი 400 000 ბარელით ითხოვდა შემცირებას.

OPEC–ის განცხადებაში წერია, რომ შეთანხმების მიხედვით, დღეში 10 მილიონი ბარელით წარმოების შემცირება მხოლოდ მაისისა და ივნისის თვეში იმოქმედებს, ხოლო შემდეგ დღიურ 8 მილიონ ბარელამდე შემცირდება წარმოება და ასე გაგრძელდება წლის ბოლომდე. რაც შეეხება 2021 წლის იანვრიდან დღიურ წარმოებას, აპირებენ, რომ ის 6 მილიონ ბარელამდე შემცირდეს, რაც 2022 წლის აპრილამდე ასე იქნება.

“მიუხედავად იმისა, რომ დღეში 10 მილიონი ბარელით შემცირება ბაზარს დაეხმარება მოკლევადიან პერიოდში არ გადაავსოს მარაგები, ის ძალიან ბევრისთვის არასანუგეშოა“, – განაცხადა Rystad Energy-ის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა შემცირდა. ე.წ შავ ოქროზე ფასები ბოლო კვირების განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა. ბოლო მონაცემებით კი WTI–ის ტიპის ნავთობი ბარელზე 22,76 დოლარი ღირს, ხოლო “ბრენტის“ ტიპის ნავთობი 31,48 დოლარი.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *