დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთისადმი დაწესებული სანქციების ფონზე, ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) ზოგიერთი წევრი ნავთობის მოპოვების შეთანხმებიდან რუსეთის გარიცხვას განიხილავს, რაც რუსეთის მიერ ნედლი ნავთობის წარმოების შემცირებისაკენ მიმართული საფუძვლიანი ნაბიჯი იქნება, – ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.
იმ შემთხვევაში, თუ ნავთობის მოპოვების შეთანხმებიდან რუსეთი მართლა გაირიცხა, საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებული საემიროებსა და OPEC-ის სხვა წევრ სახელმწიფოებს გაცილებით უფრო მეტი ნედლი ნავთობის წარმოების საშუალება მიეცემათ – საინტერესოა, რომ მათგან სწორედ ამას ითხოვდნენ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირის რიგი სახელმწიფოები მას მერე, რაც უკრაინაში დაწყებული ომის ფონზე ბარელი ნავთობის ფასმა $100-ს გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი, რომელიც ნავთობის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი მომპოვებელია, OPEC-ის წევრ და არაწევრ სახელმწიფოებთან ნავთობის მოპოვების გაზრდაზე არის შეთანხმებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, წელს, რუსეთი 8%-ით ნაკლები ნავთობის მოპოვებას შეძლებს, ვიდრე გასულ წელს. ნავთობის მოპოვების დეფიციტის აღმოფხვრა OPEC-ის წევრ სახელმწიფოებს ოფიციალურად ჯერ არ დაუწყიათ, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპარსეთის ყურის ზოგიერთი ქვეყანა მომავალ თვეებში მოპოვების საფუძვლიანი გაზრდისთვის ემზადება.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ოფიციალურად, რუსეთის ფედერაცია OPEC-ის წევრი არ არის, მაგრამ 2016 წლიდან ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებთან ნავთობის წარმოების კოორდინირებას ახდენს. ამ შეთანხმებას ხშირად „თანამშრომლობის დეკლარაციას“ უწოდებენ.
ნავთობის მოპოვების შეთანხმებიდან რუსეთის შესაძლო გარიცხვის მიზეზად სწორედ ქვეყნის მიერ შემცირებული მოპოვება შეიძლება ჩაითვალოს. „ყველა ვთანხმდებით, რომ რუსეთი „თანამშრომლობის დეკლარაციაში“ ეფექტურად ვეღარ მონაწილეობს“, – განაცხადა OPEC-ის ერთ-ერთმა დელეგატმა The Wall Street Journal-თან საუბრისას.
დატოვე კომენტარი