ბლოკჩეინ ტექნოლოგიის უნიკალური ნაწარმის, NFT-ინდუსტრიის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმის, OpenSea-ის დამფუძნებლები მილიარდერები გახდნენ. 6 თვის წინ OpenSea-ის ღირებულება 1.5 მილიარდი აშშ დოლარი იყო. გასულ კვირას ინვესტიციის მორიგი რაუნდის შემდეგ კი კომპანიის ღირებულება 13.3 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდა, რამაც მისი დამფუძნებლები, დევინ ფინზერი და ალექს ატალა, კომპანიის 18%-იანი წილებით, მილიარდერებად აქცია.
Forbes-ის დათვლებით, თითოეული მათგანის ქონება ამჟამად 2.2 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. თუ გავითვალისწინებთ NFT-ტექნოლოგიის მზარდ პოპულარობას, წლის ბოლოს მათი ქონება შესაძლოა ბევრად უფრო დიდი იყოს.
განსაკუთრებული პოპულარობა NFT-ტექნოლოგიამ შარშან მოიპოვა. თუმცა ნიუ-იორკში დაფუძნებული ბლოკჩეინ-სტარტაპი, OpenSea უკვე ოთხი წლისაა. თავად OpenSea საკუთარ თავს P2P (Peer-to-Peer) პლატფორმად მიიჩნევს, რომელზეც მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნან, გაყიდონ და იყიდონ NFT-ები. კომპანია კი თითოეული გაყიდვიდან 2.5%-იან გადასახადს იღებს.
როგორც აღვნიშნეთ, პლატფორმა პოპულარული თავად ტექნოლოგიის აღმასვლასთან ერთად გახდა. მაგალითად, 2020 წლის მარტში OpenSea-ს მხოლოდ 4000 აქტიური მომხმარებელი ჰყავდა, ხოლო თვის განმავლობაში ტრანზაქციების საერთო ღირებულება 1.1 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, კომპანიის ყოველთვიური შემოსავალიც მხოლოდ 28 000 აშშ დოლარს უტოლდებოდა.
2021 წლის ივლისში კი კომპანიამ ვენჩურული კაპიტალის კომპანია Andreessen Horowitz-ისაგან 100 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მიიღო. იმავე თვეში პლატფორმაზე 350 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ტრანზაქციები განხორციელდა. პლატფორმა იმდენად მზარდი იყო, რომ შემდეგ თვეში ტრანზაქციების ღირებულებამ 3.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით ათმაგ შემოსავალს ნიშნავს.
გასულ თვეში კომპანიამ შემოსავლების სახით 82.5 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. დღეს OpenSea-ის 70-მდე თანამშრომელი ჰყავს. რაც შეეხება თავად დამფუძნებლებს, ისინი ახალგაზრდა ტექინდუსტრიაში მოღვაწე მილიარდერები გახლავთ. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დევინ ფინზერმა საკუთარი პირველი სტარტაპი, Claimdog-ი 2015 წელს დააარსა. რაც შეეხება ატალას, რომელიც კომპანიის მთავარი ტექნოლოგიური ხელმძღვანელია, მან სტენფორდის უნივერსიტეტი დაამთავრა.
დაარსების დღიდან OpenSea-მ ინვესტორებისაგან 420 მილიონი აშშ დოლარის მიღება შეძლო. შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად აღნიშნული პლატფორმა ყველაზე სანდოდ მიიჩნევა NFT-ებით ვაჭრობისათვის. თუმცა რამდენიმე თვის წინ CoinBase-მა განაცხადა, რომ საკუთარი სავაჭრო NFT-პლატფორმის გაკეთებას ისიც გეგმავს. ეს კი პლატფორმებს შორის კონკურენციას გაზრდის, რასაც საბოლოო ჯამში დადებითი შედეგი ექნება. კრიტიკოსები პლატფორმების მთავარ გამოწვევად თაღლითურ სქემებთან ბრძოლას მიიჩნევენ. ბოლო დროს თაღლითური NFT-პროექტების რაოდენობა განსაკუთრებით გახშირდა. შესაბამისად, მათი დროულად აღმოჩენა და მომხმარებლების ფინანსების უსაფრთხოება მათი უმთავრესი გამოწვევა იქნება.
თუკი OpenSea ამ რისკების აღმოფხვრას მაქსიმალურად შეძლებს, მაშინ მისი ღირებულება კიდევ უფრო გაიზრდება.
დატოვე კომენტარი