ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს უდიდესი NFT-მარკეტფლეისის, OpenSea-ს ყოფილი თანამშრომელი დააკავეს. ბრალდებული NFT-ებით ვაჭრობისთვის ინსაიდერულ ინფორმაციას იყენებდა – OpenSea-ს ყოფილ პროდუქტის მენეჯერს, ნათანიელ ჩესტეინს გამოძიება თაღლითობასა და ფულის გათეთრებას ედავება.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ადამიანს ციფრული აქტივის ინსაიდერული ვაჭრობისთვის აკავებენ. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, ჩესტეინის ბედი გაურკვეველი იყო, რადგან NFT-ებით ვაჭრობა რეგულირებული არ არის. რაც შეეხება თავად ჩესტეინის მოქმედებებს, მათში გასაოცარი არაფერი იყო: იცოდა რა ჩესტეინმა, თუ რომელი NFT-ები მოხვდებოდა OpenSea-ს მთავარ გვერდზე, მათ ნაადრევად და იაფად ყიდულობდა და საკმაოდ დიდი მოგების მარჟით გადაყიდდა.
„შეიძლება NFT-ტექნოლოგია ახალი იყოს, მაგრამ ამგვარი კრიმინალური სქემა – ახალი სულაც არ არის“, – განაცხადა აშშ-ის პროკურორმა, დემიან უილიამსმა. „ნათანიელ ჩესტეინი კონფიდენციალურ ინფორმაციას ფლობდა და მას ფულის საშოვნელად იყენებდა, რითაც OpenSea-ს პირობები დაარღვია. ეს ბრალდება ნათლად წარმოაჩენს [იუსტიციის დეპარტამენტის] ერთგულებას ინსაიდერულ ვაჭრობასთან ბრძოლაში, მიუხედავად იმისა ის საფონდო ბირჟაზე ხდება თუ ბლოკჩეინზე“.
საინტერესოა, რომ ნათანიელ ჩესტეინის ქმედებები OpenSea-მაც დაგმო: მათი თქმით, ამგვარი საქციელი კომპანიის ღირებულებებს ეწინააღმდეგება. კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ ამიერიდან, OpenSea-ს მთავარ გვერდზე მოხვედრილი კოლექციების ნამუშევრებით ვაჭრობა დაშვებული არ იქნება.
დატოვე კომენტარი