ლა-მანშის სრუტეში მდებარე ოფშორულმა კუნძულმა ჯერზიმ რუს ოლიგარქთან, რომან აბრამოვიჩთან დაკავშირებული აქტივები გაყინა. აქტივების საერთო მოცულობა $7 მილიარდს აღემატება – როგორც ირკვევა, გაყინულია არამხოლოდ ის აქტივები, რომლებიც უშუალოდ ჯერზიზე ინახება, არამედ ისინიც, რომელთაც ჯერზიზე რეგისტრირებული კომპანიები საზღვარგარეთ ფლობენ. აღსანიშნავია, რომ აქტივების გაყინვას წინ უძღოდა ოლიგარქთან დაკავშირებული ბიზნესების ოფისების ჩხრეკა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ რომან აბრამოვიჩი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი ოლიგარქია, რომლის გარშემო სპეკულაციები არც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შეჩერებულა – საქმე ისაა, რომ The Wall Street Journal-ის თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისადმი გაჟღერებული თხოვნის საფუძველზე, აბრამოვიჩს გარკვეული როლი უნდა ეთამაშა რუსეთსა და უკრაინას შორის გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებებში. ამ ინფორმაციას ის ფაქტიც ამყარებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აბრამოვიჩისადმი ფინანსური სანქციები არ დაუწესებია.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ჯერსი ლა-მანშის სრუტეში მდებარე მცირე ზომის კუნძულია, რომელიც ბრიტანეთის დედოფლის დაქვემდებარებაშია, მაგრამ გაერთიანებულ სამეფოში არ შედის. ავტორიტეტული ამერიკული გამოცემის, Bloomberg-ის თქმით, გასულ წელს, კუნძულზე რეგისტრირებულმა Camberley International Investments-მა აბრამოვიჩის ჰოლდინგურ კომპანიას, რომელიც სხვა ბიზნესებთან ერთად საფეხბურთო კლუბ Chelsea-საც ფლობს, $1.4 მილიარდის მოცულობის სესხი მისცა.
აღსანიშნავია, რომ Forbes-ის მილიარდერთა 2022 წლის სიაში რომან აბრამოვიჩი 350-ე ადგილს იკავებს, ხოლო მისი ქონება $6.9 მილიარდად არის შეფასებული.
დატოვე კომენტარი