ოქროს გლობუსის პრემია გაიყიდა, მისი ახალი მფლობელი კი, შესყიდვის შემდგომ, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის (HFPA) დახურვას გეგმავს. ჰოლივუდის ხმის მიცემის უფლების მქონე ჯგუფი, ეთიკური ნორმების დარღვევის გამო, კრიტიკის ობიექტი ბოლო პერიოდში არაერთხელ გახდა.
ოქროს გლობუსის პრემიის ახალი მფლობელია Eldridge Industries-ია, რომელმაც აქტივები Dick Clark Productions-თან (DCP) თანამშრომლობით შეიძინა. გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, DCP-ი განაგრძობს პრემიის ტელეგადაცემის მართვას და მთავარ ყურადღებას, მსოფლიო მასშტაბით, დაჯილდოების მაყურებელთა რაოდენობის გაფართოებაზე გაამახვილებს. ცნობისთვის, DCP-ის თანამფლობელები Eldridge-ი და Penske Media არიან.
ეთიკური ნორმების დარღვევისა და მრავალფეროვნების ნაკლებობის გამო, HFPA-ს ბოლო პერიოდში აქტიურად აკრიტიკებენ. არსებული დაძაბულობის ფონზე, 2022 წელს, აშშ-ის სატელევიზიო ქსელმა, NBC-მ ოქროს გლობუსის დაჯილდოების ტრანსლაციაზე უარი განაცხადა. 2021 წელს Los Angeles Times-ის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზაციას არცერთი შავკანიანი ჟურნალისტი არ ჰყავდა დასაქმებული, რის გამოც, HFPA-ის ზოგიერთი წევრი ეთიკური და რასისტული ნიშნით დისკრიმინაციაში დაადანაშაულეს.
ბრალდებების საპასუხოდ, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ (HFPA) შემადგენლობის გაფართოების, დივერსიფიკაციისა და ეთიკის პოლიტიკის განახლების გადაწყვეტილება მიიღო. NBC-იმ 2023 წელს ღონისძიება გააშუქა, თუმცა 2024 წლისთვის, ცერემონიის ტრანსლაციის უფლების მისაღებად, ამ ეტაპზე არცერთი ქსელი არ დარეგისტრირებულა.