მარტის თვეში დაფიქსირებული არაერთი რეკორდის შემდეგ, ოქროს ფასმა ახალ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. ექსპერტების განცხადებით, ძვირფასი ლითონის ღირებულების ზრდა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთის შემცირების მოლოდინმა და არასტაბილურ ეკონომიკურ ვითარებაში, ოქროს, როგორც უსაფრთხო აქტივის მიმზიდველობამ განაპირობა.
დღეს დილით უნცია ოქროს ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს, $2,265.53-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ პარალელურად აშშ-ის ოქროს ფიუჩერსები 2%-ით, $2,286.39-მდე გაიზარდა.
ექსპერტების მოლოდინით, ძვირფასი ლითონის ფასი შესაძლოა, 2024 წლის მეორე ნახევარში კიდევ უფრო გაიზარდოს და უნციაზე 2,300 აშშ დოლარამდეც მიაღწიოს, თუკი ფედერალური რეზერვი საპროცენტო განაკვეთის შემცირების პოლიტიკას გააგრძელებს.
მოცემული დროისთვის, უნცია ოქროს ფასი $2,252.14-ს შეადგენს.