ოქტომბერში საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 64.6 მილიონი ლარით გაიზარდა. ლარში გაცემული სესხები 11 მილიონი ლარით შემცირდა, ხოლო დოლარში გაცემული სესხები 75.6 მილიონი ლარით გაიზარდა. საერთო სესხებში დოლარში გაცემული სესხების წილი 64.3%-ზე დაფიქსირდა. 2015 წლის პირველ ათ თვეში ლარში გაცემული სესხების მოცულობა ჯამში 552 მილიონი ლარით გაიზარდა. დოლარში გაცემული სესხები 2 260 მილიონი ლარით გაიზარდა. თუმცა, ზრდა ძირითადად ლარის კურსის გაუფასურებითაა გამოწვეული, თუ დოლარში დავიანგარიშებთ, უცხოური ვალუტით გაცემული სესხები მხოლოდ 33.4 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.
გასულ თვეში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 57.6 მილიონი ლარით გაიზარდა და 393 მილიონი ლარის მიაღწია. აბსოლუტურ მაჩვენებლით ეს რეკორდულია მოცულობაა. თუმცა, მთლიანი საკრედიტო პორტფელის მიმართ ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 2.5%-ია, რაც საგანგაშო მაჩვენებელი არ არის. გასულ წლებში აღნიშნული მაჩვენებელი ბევრჯერ ყოფილა 2.5%-ზე მეტი.
ოქტომბერში ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.7% პუნქტით შემცირდა და 19.9% შეადგინა. ამასთან, ფიზიკურ პირებზე ლარში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 1.3% პუნქტით შემცირდა და 23.3%-ს მიაღწია. დოლარში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 0.7% პუნქტით შემცირდა და 10.2%-ს გაუტოლდა.
დატოვე კომენტარი