თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბლოკჩეინი და მასთან ასოცირებული კრიპტოვალუტები და NFT-ები, დღითიდღე ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილებად იქცევიან და მოსალოდნელია, რომ ადამიანისა და ტექნოლოგიის ეს სიმბიოზი კიდევ დიდხანს გაგრძელდება – წინ ხომ, მეტავერსია!
სახელოვნებო NFT-ების სფერომ, ისე როგორც სხვა ტექნოლოგიურ ინოვაციებს სჩვევიათ ხოლმე, საქართველოში ფეხი მალევე მოიკიდა, რის მერეც უამრავმა ჩამოყალიბებულმა და დამწყებმა ხელოვანმა საკუთარი ძველი და ახალი ნამუშევრების ონლაინსივრცეში განთავსება დაიწყო.
ამ სფეროს ქაოსური განვითარების პარალელურად – სიტყვა ქაოსური, რეალურად, დეცენტრალიზებული სამყაროსთვის კომპლიმენტი უფროა, ვიდრე დამაკნინებელი სიტყვა – საქართველოში არიან ორგანიზაციებიც, რომლებიც NFT-ების წარმოებასა და რეალიზაციას სისტემურად უყურებენ, როგორც ნებისმიერ სასურველ ბიზნესშესაძლებლობას. 2.0 – ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციაა, რომელმაც მოკლე დროში ორი საინტერესო პროექტი წამოიწყო და გარკვეული ფინანსური შედეგებიც დადო.
გამომდინარე იქიდან, რომ ეს სფერო უაღრესად დინამიკური და განსაკუთრებულად მისტიკურია, ამ ინტერვიუსთვის უჩვეულო სტილი ავარჩიე – ეს ტექსტი, მონათხრობი უფროა, ვიდრე ინტერვიუ და მოცულობითიც ამიტომ გამოვიდა. თუმცა სხვა გზა არ არის, როცა საქმე სრულიად ახალ სფეროს და მის ქართველ პიონერებს ეხება. NFT-ტექნოლოგია მსოფლიოსა და საქართველოში ფეხს ახლა იკიდებს და ეს სტატიაც ერთ-ერთი საეტაპო ტექსტად წარმოვიდგინე – სხვაგვარად, აბა, როგორ გამოვიდოდა?
NFT-ების რაობაზე ამ სფეროს ქართველი პიონერების, ორგანიზაცია 2.0-ის უკან მდგომი ბიჭების, მათი საინტერესო პროექტებისა და კიდევ უფრო საინტერესო მიზნების და ამ ინდუსტრიაში გადადგმული პირველი ნაბიჯების შესახებ ორგანიზაცია 2.0-ის თანადამფუძნებელს, ზურა შარაშენიძეს ვესაუბრე.
ზურა, ვინ ხართ და რას აკეთებთ?
მე და ლევან ხომერიკი მას მერე ვმეგობრობთ, რაც 1991 წლის პირველ სექტემბერს ერთ მერხზე დავსხედით. 2021 წლამდე ცალ-ცალკე ვვითარდებოდით: მე – მარკეტინგის მიმართულებით, ლევანი – ტექნოლოგიების. წლების განმავლობაში ყველა მასშტაბის მარკეტინგული კამპანიები გამიკეთებია, როგორც საქართველოს დონეზე, ასევე გლობალურადაც. 2006-2007 წლებში ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ვიყავი – ეს ის დროა, Financial Times-თან, Dow Jones-თან და The Economist-თან ერთად უდიდესი კამპანია რომ ჩავატარეთ, სახელწოდებით „Invest in Georgia“. სხვა დროს ასევე მიმუშავია თბილისის საინვესტიციო კლიმატის კამპანიაზე და ტელეკომპანია GDS-შიც, რომელიც ყურებადობით მესამე პოზიციაზე გადავიყვანე.
ლევანი კი, ამ დროს, ერთადერთი იყო რეგიონში, ვინც შენობების სამგანზომილებიან ციფრულ მოდელებს აკეთებდა, ანუ ე.წ. „projection mapping“-ში იყო ჩართული. ლევანი თავიდანვე ტექნოლოგიების მიმართულებით მოღვაწეობდა, ხოლო შემდეგ ამ სფეროთი მეც დავავადდი. MIT-ში ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ დასწავლაში დავხელოვნდი – ხარისხი ნამდვილად არ მაქვს, აღმასრულებელი, ე.წ. „Executive“ კურსი დავამთავრე.
2021 წლის მარტში ვთქვით, რომ სხვისთვის მუშაობით დავიღალეთ და შევთანხმდით, შეგვექმნა ისეთი ორგანიზაცია, რომელიც ტექნოლოგიებით გართობისთვის თავისუფალ დროსა და სივრცეს მოგვცემდა. მას მერე, გასული წლის დასაწყისში, ბუმის დაწყებისთანავე ჩვენს ცხოვრებაში NFT-ი შემოვიდა. რეალურად, NFT-ის ისტორია 2018 წელს იწყება, მაგრამ იმ დროს ბრუნვა იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ ინდუსტრიად არავინ აღიქვამდა – ოცი მილიონის დატრიალება საკმარისი არ აღმოჩნდა.
ისე კი, ჩვენს ორგანიზაციას, 2.0-ს კლიენტები კლასიკური მიმართულებითაც ჰყავს, რომელთაც ციფრული მარკეტინგის მიმართულებით ვეხმარებით. თუმცა, ამასთანავე, ტრადიციული ციფრული მარკეტინგის კომპანიას, ანუ სოციალურ მედიას არ ვქმნით – პირიქით, კომპანიებს მარკეტინგის სრულ აუტსორსს ვუკეთებთ. ჩვენს კლიენტებს შორის „ლისი დეველოპმენტი“, სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიები და ტექნოლოგიური კომპანია Neutrino არიან. ეს უკანასკნელი ფაქტობრივად ჩვენ თვითონ შევქმენით და ბაზარზე წარმოვაჩინეთ, როგორც „ხალხურად მოსაუბრე IT- კომპანია“, რაც ძალიან ბევრ ადამიანს მოეწონა. თავიდანვე გვინდოდა, რომ IT-სფეროს წარმომადგენლები ჩვეულებრივ ადამიანებად გვექცია – გვინდოდა გვეთქვა, რომ IT „ქულ“ ინდუსტრია იყო.
ტრადიციული სფეროების ამგვარი გამოცდილების მქონე ადამიანმა NFT-ში თავი როგორ და რატომ ამოყავი?
თავიდანვე დაგვაინტერესა ორმა რამ: ჰაიპმა, ანუ წმინდა კომერციულმა მიზნებმა და მისტიკურობამ. ეს ინდუსტრია ჩვენ თვალწინ, საათობრივად იზრდებოდა – NFT-ებში ძალიან დიდი ფული იღვრებოდა და ჩვენც მოგვინდა გაგვერკვია, რა ხდებოდა.
თავიდანვე მივხვდით, რომ ეს არ იყო უბრალო JPEG-ების ყიდვა-გაყიდვა – არ გვქონდა ის მიდგომა, რომ, აი, არტი შევქმენი და, როგორც არტს, ისე გავყიდი. იმ დროს ტერმინებიც გაჩნდა: „utility“-ი, „asset“-ი და ადამიანებმა ფიქრი დაიწყეს, რომ, აი, ეს ვიღაცის მიერ დახატული ქარდი რომ იყიდეს, რაში გამოადგებოდათ. შემქმნელებმა სხვადასხვა პირობის წამოყენება დაიწყეს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში თითიდან იყო გამოწოვილი, მაგრამ ინდუსტრიაში იმდენი ფული ტრიალებდა, რომ, რეალურად, ნებისმიერი პირობა დამაკმაყოფილებლად ჟღერდა.
თუმცა, ამასთანავე, ცხადზე ცხადი იყო, რომ ეს ყველაფერი უმეტესწილად ამერიკაში ხდებოდა – ევროპის თანამონაწილეობა ამ სფეროში ძალიან მწირი იყო. აი, წარმოიდგინეთ, ამერიკაში რომ ცხოვრობთ და სტარტაპის გაკეთება გსურთ – პალო-ალტოში ხომ მარტო მზისა და სითბოს გამო არ გადახვალთ? პირიქით, მთავარი მიზანი იქაურ კომუნაში შეღწევაა – შეიძლება ქუჩაში სეირნობდე და ისეთ ადამიანს გადააწყდე, რომელსაც შენს იდეას გაუზიარებ. ყოველ შემთხვევაში ასე იყო თავიდან, როცა ადამიანებმა პალო-ალტოში გადაბარგება დაიწყეს.
მას მერე, რაც თავი ამ ინდუსტრიაში ამოვყავით, გვინდოდა, რომ რაღაც ისეთი შეგვექმნა, რასაც შინაარსობრივი მხარე არ სჭირდებოდა. აი, ასეთი პრაქტიკაა: შენი პროდუქტი ერთ კვირაში თუ არ გაყიდე, ესე იგი რაღაც ისე ვერ არის, როგორც წარმოგედგინა. ეს ზოგადად ბიზნესის კანონია: აი, ბირჟაზე თუ გაგაქვს ისეთი რამ, რაც იცი, რომ ღირებული არ არის, გირჩევნია ეს რაღაც ეგრევე გაყიდო და სხვა საქმეებზე გადაერთო.
გასული წლის ოქტომბრის ჩათვლით ამ იდეას ვუტრიალებდით, მერე კი უეცრად Loot Project-ი აღმოვაჩინეთ. ეს პროექტი დონ ჰოფმანის იყო – ადამიანის, რომელსაც კრიპტოსამყაროში სიტყვა ეთქმის. თუმცა პირველად ამ პროექტის აბსტრაქციამ მოგვხიბლა: ამ კაცმა თქვა, რომ, აი, შავ ფონზე დაწერილ ეპიკურ სიტყვებს მოგცემთ, თქვენ კი მოიფიქრეთ, რაში გამოიყენებთო. მე დონ ჰოფმანი ვარ და ეს სიტყვები შავ ფონზე დავწერეო. ეს აბსტრაქცია სრულად გამაოგნებელი აღმოჩნდა – ადამიანებმა ეს „asset“-ები დაიტაცეს და მათ გარშემო თემატური კლუბების შექმნა დაიწყეს.
Loot Project-ის გამოსვლიდან სამ კვირაში გამოვიდა The N Project-ი, რომლის შემქმნელებმა Loot Project-ის მსგავსი შავი ბარათები გამოუშვეს და თქვეს, რომ სიტყვები ზღუდავს, მაგრამ ციფრები – არა. ეს, თავისთავად, აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. შედეგად, The N Project-ის შემქმნელებმა თოთხმეტი რიცხვისაგან შემდგარი უნიკალური მწკრივები დააგენერირეს, ოღონდ on-chain.
Loot Project-ი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც განაცხადა, რომ არტს ამ სფეროსთან არაფერი ჰქონდა საერთო – უბრალოდ, ის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო, რომლითაც ადამიანებს მეტავერსთან შეხება შეეძლოთ. პარალელი რომ გავავლო, ერთ ამბავს მოვყვები: თავის დროზე, მხატვრები მოთხოვნის შესაბამისად ხატავდნენ, ანუ ჯერ ფულს იღებდნენ, ხოლო ხატვას შემდეგ იწყებდნენ, მაგრამ მოგვიანებით მხატვრებმა ხატვა წინა პლანზე გადმოიტანეს, ანუ ჯერ ხატავდნენ და მერე ვიღაც მათ ნახატებს ყიდულობდა. იდეურად, ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევა გახლდათ ეკონომიკაში, როცა ადამიანმა გადაიხადა თანხა, რომელიც შეიცავდა როგორც გამოყენებული მასალისა და ხელობის ღირებულებას, ასევე გარკვეულ სენტიმენტს, რაც თავისთავად – სრული აბსტრაქციაა. დარწმუნებული ვარ, რომ მას მერე, რაც ეს გარიგება შედგა, უამრავი ადამიანი გამოჩნდა, ვინც საკუთარი ნახატების გაყიდვა გადაწყვიტა.
ზუსტად იგივე მოხდა ციფრულ სამყაროში – უბრალოდ, გამომდინარე იქიდან, რომ ის ისტორია კარგად არ გვახსოვს და არ ვიცით, თუ რამდენმა მხატვარმა დაიწყო ჯღაბნა იმ იმედით, რომ ფულს იშოვიდა, მთელი ეს ამბავი გვეუცნაურება. დარწმუნებული ვარ, რომ მაშინაც იგივე ხდებოდა, მაგრამ მოსახლეობის მცირერიცხოვნობის, შედარებით მცირე მასშტაბებისა და ინტერნეტის არარსებობის გამო, ინფორმაცია არ გავრცელებულა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ქცევის კუთხით – მსგავსი სცენარი დატრიალდებოდა.
მოკლედ, გამოჩნდა Loot Project-ი, რომელმაც ცალსახად განაცხადა, რომ ეს ყველაფერი არტს არ ეხებოდა, პირიქით – ეს რაღაც უფრო დიდის, უფრო მეტის დასაწყისი იყო. ეს „მეტი“, რეალურად, მეტავერსი გახლავთ. ეს სიტყვა საქართველოში ისეთივე პოპულარული გახდა, როგორი პოპულარულიც იყო ერთ დროს სიტყვა „პიარი“ და უპრიანი იქნება, მეტავერსის მნიშვნელობა უკეთ გავიაზროთ. ხშირად ადამიანები მას თამაშს ადარებენ, მაგრამ არა, ეს ბევრად უფრო მეტია.
მეტავერსი ჩვენთვის კარგად ნაცნობ არაციფრულ მოვლენებს, დარიგებებსა და ქცევებს ციფრულ სამყაროში აერთიანებს, სადაც საკუთარი წარმომადგენელი გვყავს და საერთო დოვლათის გენერირების საშუალებაც არსებობს. Minecraft-ი, ალბათ, შინაარსობრივად მეტავერსთან ყველაზე ახლოს დგას და არც ეს სამყარო არის ძალიან შორს. თუმცა მგონია, რომ დღეს ადამიანებს ეს სიტყვა უფრო აშინებთ, ვიდრე ხიბლავთ. ფაქტია, რომ ერთი ადამიანი კომპიუტერთან ქმნის ნახატს, შემდეგ მას სხვა ადამიანი ყიდულობს და კიდევ ერთხელ ყიდის – გამოდის, რომ ციფრულ სამყაროში შეიქმნა პრეცედენტი, როცა დოვლათი ამ სამყაროს საზღვრების დატოვების გარეშე შეიქმნა. აი, ეს არის მეტავერსი.
მოკლედ, როგორც უკვე ვთქვი, Loot Project-ს რიცხვებზე დაფუძნებული The N Project-ი მოჰყვა, რომლის მთავარი ხიბლი გახლდათ ის, რომ საერთოდ არც ერთი ბარათი წინასწარ შექმნილი არ იყო – მათ კოდი ქმნიდა, ეს სრულად ტექნოლოგიური პროცესი იყო. ყველაზე მეტად სწორედ ამან მოგვხიბლა. იმ დროს ჩვენი პროექტის გასაშვებად ვემზადებოდით, რომელსაც „Wild Card“-ი დავარქვით – გვინდოდა, რომ „Wild Card“-ი კარტების მცირე გალერეა ყოფილიყო, რადგან კარტი, თავისთავად, ძალიან საინტერესო არტია. ამასთანავე, თავიდანვე გვჯეროდა, რომ ეს ყველაფერი, საბოლოოდ, როგორმე თამაშს დაუკავშირდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს სიტყვა „მეტავერსს“ არ ვიყენებდით.
მოკლედ, ისე დაემთხვა, რომ The N Project-ის ნახვიდან ერთ კვირაში deckk-ის იდეა გაგვიჩნდა. ვთქვით, რომ თუ ამ კაცმა შექმნა რიცხვები და ეს ყველაფერი ბლოკჩეინზე დააგენერირა, მოდი, ჩვენც ბლოკჩეინი ავიღოთ, დავაგენერიროთ რიცხვები, დავუმატოთ მათ სიმბოლოები და კოდის მიერ შემთხვევითი პრინციპით არჩეული დეტალი – აი, მაგალითად, ფიფქი, რომელიც რომელიმე ორი სიმბოლოს ნაერთს აღნიშნავს. აი, შევქმენით ეს სისტემა და გავუშვით, რათა სხვა ადამიანებმა მოიფიქრონ, ამ ყველაფერს რაში გამოიყენებენ.
გავუშვითო რომ ამბობ, ვის გულისხმობ? ვინ დგას თქვენი ორგანიზაციის უკან?
პირველი, ვინც შემოგვიერთდა, ეროვნული ბანკის სტაჟიორი, კომაროველი დემეტრე დევიძე იყო, რომელიც მათემატიკაში იმდენად ბრწყინავდა, რომ ეროვნულ ბანკს უბრალოდ მოვპარეთ. აი, ის მომენტი თუ გახსოვთ, სტივ ჯობსი რომ ეკითხება Pepsi-ს ტიპს, მთელი ცხოვრება შაქრიანი წყლით ვაჭრობა გინდა თუ წამოხვალ და სამყაროს შეცვლიო? ზუსტად ასე დავურეკე დემეტრეს და ვკითხე, რა გინდა, ეროვნული ბანკის ბიუროკრატიაში მოკვდე და ვიღაც საინტერესო ეკონომისტებმა პარლამენტის ტრიბუნიდან მთელი შენი გუნდი მუდამ ლანძღონ თუ ადგები, წამოხვალ და ამ სამყაროში ჩვენთან ერთად შემოხვალ-მეთქი.
მოკლედ, მოგვიანებით, როცა on-chain-პროექტის გაკეთება დავიწყეთ და ძლიერი დეველოპერები დაგვჭირდა, ჯგუფში დავწერე, ვინმე ხომ არ გეგულებათ-მეთქი, რაზეც სამი კომაროველი ბავშვი გამოგვეხმაურა, რომელთაც სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდათ და იმდენად თავდაჯერებულები იყვნენ, რომ როცა გვითხრეს, ამას და ამას გავაკეთებთო, ეჭვიც არ შეგვპარვია.
მოგვიანებით, არტის მხარეს ძალიან საინტერესო კომპანია Holy Motors-ი და Leavingstone-ის ყოფილი კრეატიული დირექტორი, გიორგი ავალიანი ჩაერთვნენ – გიორგიმ თქვა, შეფუთვას მე მივხედავო. ასევე დავუძახეთ გიორგი თუშურაშვილს, რომელსაც ამ სფეროში ყველაზე დიდი გამოცდილება ჰქონდა დაგროვილი – მას საკუთარი NFT-პროექტებიც ჰქონდა გაკეთებული და ისეთ ქვებზე ჰქონდა ფეხი დაცდენილი, რომელთათვის ჩვენ თავის არიდება გვინდოდა. მოკლედ, შევიკრიბეთ და deckk-ი გავუშვით.
გაშვებიდან პირველ საათებში ვებგვერდზე ადამიანები შემოცვივდნენ, რადგან ამ ბარათების დამინტვა მხოლოდ ვებგვერდიდან არის შესაძლებელი. თან, საინტერესო ის არის, რომ ეს პროექტი, საწყის ეტაპზე, სრულად არაკომერციულია. თუმცა არც გიჟები ვართ, არც არასამთავრობო და, არც ალტრუისტები, არაკომერციული პროექტები რომ ვაკეთოთ – პირიქით, პირსისხლიანი კაპიტალისტები ვართ. ასე რომ, მოდი, ეს საკითხი დეტალურად ჩავშალოთ: პროექტი სრულად დეცენტრალიზებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი მხოლოდ საწვავის თანხას, ე.წ. „gas fee“-ს იხდის. ბლოკჩეინზე ჩანაწერის გაკეთებისას პლატფორმა გარკვეულწილად იტვირთება და საწვავის თანხა ის თანხაა, რომელიც ამ პროცესის თვითღირებულებას ფარავს. ეს თანხა ბლოკჩეინზე იმ კონკრეტულ მომენტში ტრანზაქციების რაოდენობის შესაბამისად იზრდება და იკლებს – მაშინ, თუ მოთხოვნა მაღალია – საწვავის თანხაც მაღალია, ხოლო, თუ იმ მომენტში ეთერიუმის პლატფორმაზე ჩანაწერები არ კეთდება – საწვავის თანხა, შესაბამისად, მცირეა.
ჩვენი ეს პროექტი სრულად უფასოა – ადამიანს მხოლოდ საწვავის თანხის გადახდა უწევს. დათქმა კი ასეთია: მას მერე, რაც 8888 კარტი დაიმინტება, ანუ დარიგდება, კარტის მფლობელთა კომუნა შევიკრიბებით და მოვიფიქრებთ იმ თამაშების იდეებს, რომელთათვის deckk-ის ამ კონკრეტული კარტების გამოყენება იქნება შესაძლებელი – საუკეთესო იდეას მეორეული ბაზრიდან ამოღებული თანხის 2.5%-ით დავაფინანსებთ. ამ დონეზეც კი პროექტი არაკომერციულად რჩება – თან, გამოკითხვაში მონაწილეობას კარტის მფლობელი ყველა ადამიანი მიიღებს, რომელსაც, ასევე, ამ თამაშის წილი ექნება.
ეს 8888 კარტი The N Project-იდან მოდის, რომლის ფარგლებში 8888 ტოკენი იქნა გამოშვებული. ჩვენ კი საკუთარ პროექტს „The N Project-ი სტეროიდებზე“ ვუწოდებთ, რადგან ეს პროექტი უფრო ღირებულია – აქ რიცხვის გარდა სიმბოლოც არის.
გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს ამ პროექტის მეორე ფაზა, რომლის ფარგლებში ადამიანები ჩვენს პლატფორმაზე უკვე აღებულ კარტს შემოიტანენ, ჩვენ კი მასზე კოდის მიერ შემთხვევით შერჩეულ ვიზუალს დავიტანთ – აი, ეს უკვე ფასიანი სერვისი იქნება.
აქვს თუ არა მნიშვნელობა, ამ ბარათებს ადრე იყიდი თუ გვიან?
არა, ცხადია. მთელი იდეაც ისაა, რომ ეს პროექტი შინაარსობრივად ისეთი ყოფილიყო, რომელიც ჰაიპს საერთოდ არ საჭიროებს – ეს ე.წ. „Slow Burn“ პროექტია. ასეთი პროექტები იმ ადამიანებისთვის კი არ კეთდება, რომლებიც დღეს NFT-ის იმისთვის ყიდულობენ, რომ ხვალ უფრო მაღალ ფასად გაყიდონ. ეს პროექტი ე.წ. „ჰარდკორ“ და „ანდეგრაუნდ“ კრიტპომოყვარულებისთვისაა, რომელთაც ეს აბსტრაქტულობა და მეტავერსულობა ხიბლავთ – მათი აზრით, ეს არის „asset“-ი, რომელსაც უაზრო დაპირება კი არ მოაყოლეს, რომ, აი, ხვალ, ძალიან ცნობილი მეკარტე დაგირეკავს და დაბადების დღეს მოგილოცავს, არამედ პირიქით, ის არსებობს იმისთვის, რომ შევქმნათ კომუნა და დავაფინანსოთ ის ტიპები, ვინც ხვალ ამას ახალ პროექტებს დააშენებენ. აი, სწორედ ამაშია deckk-ის მთავარი ხიბლი.
ზურა, რა შედეგები გაქვთ?
პროექტის გაშვების შემდეგ პირველ რამდენიმე საათში Welscan-ის ყველაზე პოპულარული პროექტების ჩამონათვალში მოვხვდით, მაგრამ მალევე გამოვედით, რადგან ქართველები ვართ.
მოიცა, რას გულისხმობ?
ცოტანი ვართ და ძალიან შორს ვცხოვრობთ იმ კომუნისგან, რომელთაც ეს ტექნოლოგია აინტერესებს.
ნუთუ ამას ამხელა მნიშვნელობა აქვს?
კი, ცხადია! მეტიც, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან საათობრივი სარტყლებიც კი განსხვავებულია და რეალურად არ ვიცით, Twitter-ზე რა დროს უნდა დავპოსტოთ. მეგობარიც არ გვყავს, რომ გადავრეკოთ და ვუთხრათ, რომ, აი, ნახე რა მაგარი რაღაც გამოვუშვით. ეს ხომ მხოლოდ დატვიტვაზე არ არის – იმ კომუნის ნაწილი უნდა იყო, იმ ადამიანებთან ერთად ლანჩზე უნდა იარო. ქართველებს კი არ ვაკნინებ – იტალიელებიც რომ ვიყოთ, არაფერი შეიცვლებოდა! ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომლის შემთხვევაში მას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა – დიდი ბრიტანეთია, რადგან ის ერთგვარი ხიდია ევროპასა და ამერიკას შორის.
აი, არტი გაიხსენე: ზოგადად, NFT-ი გამოკვეთილად შეიცავს კომიქსურ-ანიმეურ კულტურას, რომელიც თავისი არსით, აბსოლუტურად ამერიკულია. სწორედ ამის გამო, ევროპის თანამონაწილეობა ამ ინდუსტრიაში დღესაც ძალიან მწირია. აი, ფეხბურთი მგონია ის თემა, რომელიც NFT-ს ევროპაში გადმოიტანს და ამ მიმართულებით ჩვენც ძალიან საინტერესო სიტყვა ვთქვით.
არ შეგვიძლია ეს დაბრკოლება უპირატესობად გარდავქმნათ?
თეორიულად შეიძლება, მაგრამ საკმაოდ მახინჯი გზით. აი, #NBAVoteZazaPachulia გაიხსენე, როცა მთელი ქვეყანა ერთი კონკრეტული მიზნის გარშემო გავერთიანდით. აბა, დავფიქრდეთ, იმ დროს კარგ საქმეს ვაკეთებდით? თუ არ მეშლება, კავაი ლეონარდს თუ რომელიღაც სხვა ძალიან მაგარ კალათბურთელს ვთიშავდით All-Star-იდან. მიუხედავად იმისა, რომ ზაზა მართლაც ფანტასტიკური მოთამაშეა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ All Star-ი წმინდა ამერიკული მოვლენაა, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში უამრავი თვალი და ყური ელოდება. ჩვენ კი მათ კულტურაში ჩავერიეთ და გარკვეული ძვრებიც მოვახდინეთ – აი, რამხელა უპირატესობაა შეკრული კომუნა. თუმცა, შოუს თვალსაზრისით, კარგს არაფერს ვაკეთებდით.
ჰოდა, ამასწინათ, deckk-ის შესახებ NFT Georgia-ს ჯგუფში დავწერე, რომ აი, ჩვენ, ამდენი ადამიანი რომ ვართ, რომლებიც NFT-ებს ვქმნით, ვყიდულობთ და ვყიდით – მოდი, საწვავის თანხა ყველაზე დაბალი რომ იქნება, კარტები ვიყიდოთ და პროექტი Welscan-ში ტოპებში ამოვწიოთ-მეთქი. ისიც ვუთხარი, რომ როგორც კი ეს მოხდება, ამერიკელი კრიპტოშნიკები შემოცვივდებიან და ან თქვენს კარტს იყიდიან ან ახლებს დამინტავენ-მეთქი. ამ დროს, ისინი, ვინც მიხვდებიან, რომ რეალურად იმაზე უფრო ძვირფასი „asset”-ი აქვთ, ვიდრე თავიდან წარმოედგინათ – შეინახავენ მას და ბევრად უკეთესი რამის თანამონაწილეები გახდებიან, დანარჩენებს კი საშუალება აქვთ, საწვავის თანხად ნაყიდი NFT-ი მალევე გაყიდონ, საკმაოდ კარგ ფასად. აი, ეს იყო ჩემი შემოთავაზება: მოდი, მზა პროექტის გარშემო გავერთიანდეთ-მეთქი.
ზურა, ისე გამოვიდა, რომ საუბარი შედეგებზე დავიწყეთ, მაგრამ მალევე სხვა თემაზე გადავერთეთ და კარგი იქნება, ისევ შედეგებს თუ დავუბრუნდებით.
ამ ეტაპზე 132 კარტია დამინტული, რომელთაც 34 მეპატრონე ჰყავთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ადამიანებიდან ოცი – ამერიკელია, ხოლო ამ ოცი ამერიკელიდან ორი – ძალიან მაგარი კრიპტოშნიკი. ერთი Genesis Loot-ის დამფუძნებელია, ხოლო მეორე ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტოსაინვესტიციო კომპანიის დამფუძნებელი. აი, პირველად რომ დავინახე, Timshel-მა ჩვენი კარტი რომ დამინტა, Twitter-ზე მადლობა გადავუხადე, მან კი მიპასუხა, ძალიან საინტერესო პროექტი გაქვთო. მე კი იდიოტურად მივაყოლე, Twitter-ზე ხომ ვერ დაწერ-მეთქი, რაზეც დამცინა, მერე კი მიპასუხა, რომ მოდი, ჯერ რამე ქენით, ხუთას კარტზე მაინც ადითო, ჩვენ კი ჩვენს სიტყვას აუცილებლად ვიტყვით, ეს კარტი ტყუილად ხომ არ წაგვიღიაო.
ახლა გვინდა, რომ რაც შეიძლება მალე დაიმინტოს 189 კარტი, რადგან მერე ჯოკერი გამოჩნდება – ალბათობით ასე გვაქვს დადგენილი. ეგ რომ მოხდება, ფლექსი თავისთავადაც გაიზრდება: იტყვიან, რომ, აი, ნახე, აქ ჯოკერიც ყოფილაო. ჰოდა, მოკლედ, მგონია, რომ 500 კარტზე რომ ავალთ, Timshel-ი და სხვებიც თავის სიტყვას იტყვიან.
მოდი, ფეხბურთზე გადავიდეთ და თქვენი მეორე პროექტი – Ohh! Football-ი მიმოვიხილოთ.
მოკლედ, ეს ერთი აბსტრაქცია ხომ გავაკეთეთ, მაგრამ პროცესში ძალიან დავიღალეთ ღამის თენებით, მათემატიკით, კოდით, ალბათობით, იმაზე ფიქრით, კარტი 8888 იყოს თუ არა – უბრალოდ აღარ შეგვეძლო და გადავწყვიტეთ, რომ ამოგვესუნთქა და წმინდა ემოციაზე დაფუძნებული კლასიკური კოლექცია გაგვეკეთებინა.
თუმცა, განსხვავებული მაიმუნები ან რომელიმე სხვა ცხოველები რომ დაგვეხატა, ვერაფერს მივაღწევდით, რადგან იმათ, ვინც ათი ათასი NFT-ისგან შემდგარი კოლექციით შემოდის ბაზარზე, იმაზე გაცილებით დიდი რესურსები აქვთ, ვიდრე ჩვენ. თან, ისე არ ხდება, რომ შევარდე და ფული წამოიღო – არ სძინავთ და ძალიან ჭკვიანებიც არიან.
ჰოდა, ვიფიქრეთ, რომ საფეხბურთო მომენტები იყო ის თემატიკა, რომელზეც კაპიტალიზაცია შეგვეძლო. აი, ბაჯო რომ აცილებს 1994-ში არის მხოლოდ ის, რომ ბაჯო აცილებს და არ ნიშნავს, რომ კონკრეტულად მასზე გვინდა კაპიტალიზაცია – ასე რომ ყოფილიყო, ბაჯოს რომელიმე სურათს ავიღებდით და დავამიქსერებდით. ეს მომენტი წმინდა სისხლის ემოციაა – რომელიც გახსოვს ან არ გახსოვს, რომელსაც განიცდი ან არ განიცდი. ეს არ არის ჩვეულებრივი საკოლექციო ხელოვნების ნიმუში, რომლის შემთხვევაში ძალიან რთულია თქვა, ეს ნიმუში კარგია თუ ცუდი – ეს ხომ ძალიან აბსტრაქტულია.
რეალურად, შინაარსობრივად, პროექტი Ohh! Football-ი 35+ ასაკის ადამიანებზე არის გათვლილი, რადგან ეს მომენტი რომ განიცადო, ხომ უნდა გახსოვდეს. აქედან გამომდინარე ვიფიქრეთ, რომ ადამიანები, რომელთაც ეს NFT-ები მოეწონებათ, აუცილებლად შექმნიან მისთვის კრიპტოსაფულეს. ასე რომ, გადავწყვიტეთ, რომ ეს სერია ლიმიტირებული ყოფილიყო – ათი ათასი კი არა, ორმოცი მომენტი, რომელიც ჯამში, 160 ტოკენად იქცეოდა.
ეს პროექტი რომ გავუშვით, ერთ-ერთ ინფლუენსერს რეკლამაში თანხა გადავუხადეთ, მან კი Twitter-ზე დაწერა, რომ, აი, ასეთი პროექტი გამოჩნდაო და ბრახ – მარადონა გაიყიდა! აი, აქ კი უკვე დავფიქრდით, რადგან რაღაც უფრო მასშტაბური გვინდოდა და შოთი და აჩი არველაძეებს დავურეკეთ. აჩიმ იფიქრა, რომ ბავშვები რაღაც მულტფილმებს ვხატავდით, მაგრამ რომ მოგვისმინეს, მიხვდნენ, რომ სერიოზული ხალხი ვიყავით და შოთიმ ჩვენი პროექტის შესახებ საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რის მერეც პავლე მგელაძე გამოჩნდა და რენე იგიტა იყიდა. დღემდე, წარმოიდგინე, რვა მეპატრონიდან ექვსმა კრიპტოსაფულე იმისთვის გახსნა, ჩვენი NFT-ი რომ ეყიდა. ჰოლანდიელებმა ვან ბასტენი იყიდეს, არაბებმა – მარადონა, ქართველებმა კი – ბაჯო და პირველი გადალისტვაც მოხდა 1.5 ეთერიუმად. ახლა კი მეორე დროპისთვის ვემზადებით.
მოკლედ, გვინდა, რომ ევროპული აუდიტორიისთვის რაღაც ღირებული შევქმნათ და გვგონია, რომ ფეხბურთი ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ამერიკაში ხომ ფეხბურთელებიდან მხოლოდ ზლატანი და ბექჰემი იციან, ევროპელებისთვის კი ეს ემოციასთან არის დაკავშირებული. მოკლედ, ევროპულ საფეხბურთო წრეებში ძალიან ავტორიტეტული შოთიც ჩვენთან ერთად არის, ვიცით, რომ არტი სწორად გავაკეთეთ, რადგან ის წმინდა ემოციას გამოხატავს და ვიცით, რომ გვინდოდა, ადამიანებს ამ NFT-ების საყიდლად კრიპტოსაფულეები გაეხსნათ.
კონკურენტები გყავთ?
გულწრფელად რომ გითხრა, არ ვიცი. ისე კი, თუ ვინმეს მართლა ესმის დეცენტრალიზაციის მთელი მუღამი, კონკურენტებზე კი არ ფიქრობს, არამედ კომუნის განვითარებაზე – მთელი არსიც ეს არის. თან რით უნდა გავუწიოთ ერთმანეთს კონკურენცია? არტით? ეს ხომ ძალიან სუბიექტურია. მარკეტინგული ბიუჯეტით? ნუ, კარგი, რამხელა ბიუჯეტს აწევ საქართველოში? აი, კომუნა თუ შეიკრა, ყველა ბევრად უფრო გავძლიერდებით.
აი, deckk-ის მსგავსი პროექტი საქართველოში კი არა, მსოფლიოში არსად მინახავს – ამ ჟანრში მსოფლიოში დღემდე მესამენი ვართ, მეოთხე კი, ჯერჯერობით, არ გაკეთებულა. საქართველოში ძალიან საინტერესო კოლექციები მინახავს, მაგრამ პროექტი, რომლითაც შემქმნელები რაღაცას ტესტავენ – არა. შეიძლება არსებობებენ, მაგრამ ჯერჯერობით თვალში არ მომხვედრიან.
ზურა, საჭიროებს თუ არა ეს ბიზნესი ინვესტორებს და თუ კი, რა ტიპის?
ეს არის ბიზნესი, რომელიც საჭიროებს როგორც ინვესტიციას, ასევე ხელის წაკვრას, მაგრამ ეს არ არის ის ბიზნესი, რომელთანაც მიხვალ, შენს კონცეფციას მოჰყვები და გეტყვიან, რომ, აი, ჩემი ფული აიღეო. პირიქით, ჯერ რაღაც უნდა შექმნა და ის სხვებისთვის მიმზიდველი გახადო – მერე კი შეიძლება ადამიანმა მარკეტინგული კამპანია დაგიფინანსოს ან უბრალოდ ერთი ტვიტი დაწეროს, რომელიც ზოგჯერ ფულზე მნიშვნელოვანიც კი არის. აი, ასეთი ბიზნესია, რომლის მთავარი მიზანია, დეცენტრალიზაცია უფრო მიმზიდველი გავხადოთ – ისე არ არის, რომ ინვესტორი მოვა, რომელიც ყველაფერს იყიდის და გადაწყვეტილებებსაც ის მიიღებს.
მარკეტინგზე რომ ვსაუბრობთ, რას ვგულისხმობთ?
რეალურად, საკუთარ თავებს თუ არ მოვატყუებთ, მარკეტინგი განსხვავებული არ არის, უბრალოდ ამ ბიზნესს სტრუქტურა და დადგენილი წესები აქვს: აი, მაგალითად, აუცილებლად უნდა გქონდეს „Whitelist”-ი, აუცილებლად უნდა გედოს სტატია Medium-ზე და აუცილებლად უნდა გყავდეს საკუთარი კომუნა Discord-ში. თუმცა ეს წესები წარმატებულმა პროექტებმა დაადგინეს, რომლებმაც წარმატებას გასულ წელს მიაღწიეს, რის გამოც ეს სტრუქტურა ჯერჯერობით ყველაზე და ყველაფერზე უფრო დრეკადია, რადგან თუ ამ სტრუქტურას მიჰყვები, ყველაფერი ისე უნდა გააკეთო, როგორც სხვებმა, რაც წარმოუდგენელ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
თავისთავად ცხადია, რომ მარკეტინგი გადამწყვეტია, რადგან ეს სფერო ჯერჯერობით მაინც ხელოვნებასთან არის დაკავშირებული, ხელოვნებას კი, მოგეხსენება, ყველგან და ყოველთვის მარკეტინგი ასაზრდოებს. საბოლოო ჯამში, ეს შეკითხვა ძალიან მძიმეა – აი, მალევიჩის „შავ კვადრატს“ რატომ ყიდულობ, რადგან მოგწონს, თუ იმიტომ, რომ იცი, რომ ის $60 მილიონად გაიყიდა, შენ კი უფრო ძვირად გაყიდი? ჩემთვის, მაგალითად, მეორე არგუმენტი უფრო დიდი მოტივატორია, რადგან მალევიჩის შავად შეღებილი ტილოს მოტრფიალე ნამდვილად არ ვარ.
ზურა, როგორ ხდება NFT-ების ფასდადება? გასაგებია, რომ რაც უფრო იშვიათია ნივთი, მით უფრო ძვირი უნდა ღირდეს, მაგრამ ვინ ადგენს, რა არის იაფი და რა – ძვირი?
სიმართლე გითხრა, ფასებს ჩვენ თვითონ ვადგენთ, სხვა ლიმიტირებული კოლექციების ფასებისა და ბაზრის საერთო მოცულობის მიხედვით. აი, ასე დავადეთ ფასი ოქროსჩარჩოიან უნიკალურ NFT-ებს – 0.1 ეთერიუმი. მერე კი ფასი გავანახევრეთ ვერცხლისთვის და კიდევ ერთხელ – ბრინჯაოსთვის. ფასებიც და ისიც, თუ რომელი მომენტი რომელ კატეგორიაში უნდა შესულიყო – სუბიექტური გადაწყვეტილებებია.
დატოვე კომენტარი