ყველა ზომა არის მიღებული იმისთვის, რომ მომსახურებისას არ მოხდეს ვირუსის გავრცელება და თუ რომელიმე თანამშრომელს აღმოაჩნდა, სხვა თანამშრომელს არ გადაედოს, – ამის შესახებ “საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ Forbes Talks-ის ფორმატში Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორ გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში აღნიშნა.
“როდესაც დაავადების საშიშროება დავინახეთ, პირველი რაც ვთქვით, არის ის რომ უმნიშვნელოვანესი არის ორი რაღაც – ერთი არის თანამშრომელი და მეორე არის მომხმარებლები. შემდეგ ვამბობთ, რომ საოპერაციო უწყვეტობა არის უმნიშვნელოვანესი. ყველა აკეთებს აქცენტს, რა თქმა უნდა იმ სასიცოცხლო თემებზე, როგორიც არის აფთიაქები და საავადმყოფოები, მაინც და მაინც ბანკებზე არავინ საუბრობს, თუმცა, მგონია, რომ ის ოპერატორები, რომლებიც ყოველდღიურად სამსახურში მიდიან და ემსახურებიან ადამიანებს და “ქეშთან“ აქვთ შეხება, არიან არანაკლებ დასაფასებელი, როგორიც მაგალითად აფთიაქარები“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
“საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ამ კუთხით რაიმე სახის საერთაშორისო პრაქტიკა არ არსებობს. გაჩეჩილაძემ იტალიის და ნიუ-იორკის ბანკები მოიყვანა, რომლებიც პანდემიის დროს დახურეს.
“იტალიაში პირდაპირ დახურეს ბანკები. არავის უფიქრია ის რომ იტალიაში ბანკი უნდა ყოფილიყო ღია. ფაქტობრივად ყველას აქვს ბარათები. და ბარათის იქით თუ რამე გჭირდება, ტელეფონზე დარეკავ. ნიუ-იორკში დღესაც დახურულია ბანკები.
ამის საუკეთესო პრაქტიკა საერთაშორისო არ არსებობს. მოგვიწია იმ რეალობასთან შეგუება. და ამასთან ერთდ რაღაც გაიდლაინები იყო უფრო სამედიცინო პერსონალისგან, რისი გათვალისწინება შეგვეძლო. საკმაოდ კარგად გავართვით თავი“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
დატოვე კომენტარი