ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან წარმატებული ქვეყანაა. იმდენად წარმატებული, რომ ამერიკისა და ევროპის თანაბარი სიმდიდრეც კი მითია: აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტი სულ მოსახლეზე ერთნახევარჯერ დიდია ბრიტანეთისაზე და საფრანგეთისაზე, ორჯერ – ესპანეთისაზე. საშუალო ჩინელზე 6.5-ჯერ ნაკლები მშპ მოდის, ვიდრე საშუალო ამერიკელზე, ხოლო ქართველზე – 14-ჯერ.
ამერიკა წარმატებულია და აქვს საარჩევნო სისტემა, რომელიც თითქმის გამორიცხავს ორზე მეტი პარტიის შედეგიან არსებობას. ოღონდ ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ აშშ-ის წარმატება ორპარტიული სისტემის შედეგია, ან რომ ეს სისტემა მისთვის საუკეთესოა. ვისაც აშშ-ის ორპარტიულობა მოჰყავს ნიმუშად, იმავე შეცდომას უშვებს, რასაც “შვედური სოციალიზმის” საქართველოში გადმონერგვის მსურველები. შვედეთში სიმდიდრე და მაღალი გადასახადები თანაარსებობს, მაგრამ პირველი არაა მეორის შედეგი. ასეთივე წარმატებით შეიძლება აინშტაინის პორტრეტიდან დაასკვნა, რომ გენიოსობამდე ულვაში გაკლია. მეტიც, ულვაში ერგება აინშტაინს, მაგრამ შეიძლება გავნოს შენ (მაგალითად, თუ ქალი ხარ). რაც მუშაობს – ანუ არ იწვევს კატასტროფას – შვედეთში ან ამერიკაში, შეიძლება კატასტროფით დასრულდეს საქართველოში.
თავად აშშ-ში ორპარტიულობას ბევრი ხელშესახები შედეგი აქვს, რომელშიც რთულია, დაინახო რამე მისაბაძი. ერთ-ერთი მთავარი ასეთი შედეგია. რომ ორივე დიდ პარტიას უწევს მოიცვას მკვეთრად განსხვავებული ჯგუფები. რესპუბლიკელებში თანაარსებობენ რადიკალური კონსერვატორები, რომლებსაც საკუთარ ბიბლიურ მოვალეობად მიაჩნიათ ევოლუციის უარყოფა, და სოციალური ლიბერალები, რომლებსაც მათთან მხოლოდ შედარებითი ეკონომიკური მემარჯვენეობა აახლოებს. დემოკრატებში – ამერიკისთვის ტრადიციული ზომიერი მემარცხენეები იკარგებიან მარქსისტებისა და იდენტობის მეომრების ფონზე, რომლებისთვისაც მტრის ხატი “თეთრი მამაკაცის” სახით გახდა 21-ე საუკუნის მთავარი პოლიტიკური იდეა. რადგანაც ორივე პარტია მოიცავს რადიკალურ დაჯგუფებებს, მათ შორის იდეოლოგიური კონფლიქტი უკიდურესად მძაფრია. საზოგადოება იყოფა ორ ნახევრად, რომელსაც უჭირს ერთმანეთთან აზრიანი საუბარი. ორივეთი უკმაყოფილო უმცირესობა პოლიტიკაში საერთოდ უხმოდ რჩება.
ევროპის სიტუაცია, სადაც პროპორციული სისტემის წყალობით პარლამენტში ოთხი, ხუთი ან მეტი პარტია ხვდება ხოლმე, ამ მხრივ უფრო იმედისმომცემად გამოიყურება. რადიკალური დაჯგუფებები პოულობენ ადგილს სპექტრში, მაგრამ საზოგადოების დიდ ნაწილს შეუძლია აირჩიოს შედარებით “შეურყვნელ” ზომიერ ძალებს შორის. ყველა “სხვისი პარტია” არაა ერთნაირი ბოროტება, სხვადასხვა ძალას უწევს თანამშრომლობა, და ნაკლები წინაპირობაა, პარტიულმა განსხვავებებმა შექმნას გადაულახავი უფსკრულები საზოგადოებაში.
ნიდერლანდებში, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი დემოკრატიაა და ევროკავშირის ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა, მოქმედებს პროპორციული სისტემა განსაკუთრებით დაბალი, 1%-იანი ბარიერით. ნიდერლანდების პარლამენტის წარმომადგენელთა პალატაში ბოლო არჩევნებში ერთდროულად 13 პარტია მოხვდა, ხოლო სენატში – 12. გერმანიის ბუნდესტაგში შარშანწინ 6-მა პარტიამ გაინაწილა ადგილები, 5%-იანი ბარიერის პირობებში. დანიის წლევანდელ არჩევნებში 2% 9 პარტიამ გადალახა. თურქეთშიც კი, სადაც უნიკალურად მაღალი, 10%-იანი ზღვარი დაუნდობელ გადარჩევას აწარმოებს პატარებისა და სუსტების წინააღმდეგ, პარლამენტში ხუთი პარტია კოჰაბიტირებს.
ევროპული პროპორციული, მრავალპარტიული სისტემები თითქმის გამორიცხავს, პირველადგილოსან პარტიას ჰქონდეს პარლამენტში ადგილების ნახევარზე მეტი. ერთი პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობა ევროკავშირის ქვეყნებში ამომრჩევლებს კოშმარებშიც არ ესიზმრება. ეს საკითხი დაწვრილებით განვიხილეთ შარშან, სტატიაში “საარჩევნო სისტემის ტყვეობაში”. მრავალპარტიულისგან განსხვავებით, ორპარტიული პარლამენტისთვის ერთ-ერთის უმრავლესობაში ყოფნა არითმეტიკული გარდაუვალობაა.
საქართველოში აშშ-ის მსგავსი საარჩევნო სისტემა რომ იყოს, მათნაირ ორპარტიულობასაც ვერ მივიღებდით. მივიღებდით კიდევ უფრო ნაკლებ კონკურენციას, ვიდრე გვაქვს. წარმოიდგინეთ, პარლამენტში 150-ვე დეპუტატი ერთმანდატიანი მაჟორიტარული წესით ირჩეოდეს. რამდენი შემთხვევა გახსენდებათ, ხელისუფლებას მაჟორიტარული არჩევნები წაეგო? ამერიკა დიდია, მდიდარია, და დემოკრატიის უზარმაზარი გამოცდილება აქვს. ამიტომ მოგებულს არ მიაქვს ყველაფერი და გრძელდება მეტ-ნაკლებად თანაბარი კონკურენცია. ჩვენ სანახევროდ მოამერიკულო სისტემაც “გვყოფნის”, მმართველ პარტიას ჰქონდეს დემოკრატიისთვის აბსურდული საკონსტიტუციო უმრავლესობა. მაგრამ ორპარტიულობა ჩვენს ახლანდელ შერეულ სისტემაში არაა და ვერც იქნება. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით, შემდეგ პარლამენტში ოთხი ან მეტი პარტია უნდა შევიდეს.
დავუშვათ, რაღაც “მანქანებით” მაინც მივაღწიეთ ორპარტიულობას – დავუბრუნდეთ ამ ფანტაზიას: საქართველოში სხვადასხვა პარტიის მიმდევრების საჯარო სივრცეში თანაარსებობა ჯერ ისედაც ჭირს. საჯარო სკოლების დირექტორებისგანაც კი, ავტორიტარული ინერციით, დღემდე ერთიანი “სამთავრობო” ხაზის გატარებას ელიან. მთელი ქვეყნის საბოლოოდ ორ ბანაკად ჩამოყალიბებას აქ შეიძლება ბევრად მძიმე შედეგები ჰქონდეს, ვიდრე ამერიკაში. სადაც ჯერ ვერ მივეჩვიეთ, რომ ქართველი სხვადასხვა კონფესიის, წარმომავლობისა და “გაგების” ადამიანი შეიძლება იყოს, სადაც ჯერ მძაფრია მოთხოვნილება, დავიყოთ “ნაღდ ქართველებად” და “უცხო სხეულებად”, მეორე ბანაკი არაა უბრალოდ პოლიტიკური კატეგორია. საპირისპირო ბანაკში მყოფი “ხალხის მტრის” კონტურებს იძენს.
ულვაში აინშტაინსაც ჰქონდა და ბორატ საგდიევსაც, საშა ბარონ კოენის შესრულებით. მაგრამ პირველისთვის ეს ქარიზმატული შტრიხი იყო და მეორისთვის – კომიკურობის გამამძაფრებელი დაღი.
დატოვე კომენტარი