თანამდებობის დაკავებიდან ერთი კვირის თავზე, ისრაელის მთავრობის ორივე ლიდერმა, პარლამენტის დათხოვნის ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღო. ლიდერები თვლიან, რომ მათ კოალიციის ჩამოყალიბებისთვის ყველა შესაძლო ძალისხმევა ამოწურეს. შედეგად, ოთხ წელზე ნაკლებ დროში, უკვე მეხუთედ, ისრაელში საყოველთაო არჩევნები დაინიშნება.
როგორც ჩანს, არქინაციონალისტი ნაფტალი ბენეტისა და ისრაელის უდიდესი ცენტრისტული პარტიის ლიდერ იაირ ლაპიდის მიერ, რვა პარტიისგან შექმნილმა კოალიციამ ისრაელის არჩევნების სერიისა და პოლიტიკური პარალიზების ხანგრძლივი პერიოდის დასრულება კვლავ ვერ შეძლო. გასული წლის ივლისში შემდგარ კოალიციას, ისრაელის პარლამენტში სუსტი უმრავლესობით, ნეთანიაჰუს 12-წლიანი მმართველობის დასრულების პოტენციალი ჰქონდა.
ბიუჯეტის დამტკიცების მიუხედავად, ისრაელის მთავრობის დაშლა, ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროებთან დაკავშირებულ კანონზე უთანხმოებას მოჰყვა. პარლამენტის არაბმა დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს დოკუმენტის გახანგრძლივებას, რომელიც დასავლეთ სანაპიროზე დასახლებულ ებრაელებს ისრაელის ხელისუფლების კანონებით ცხოვრებას ავალდებულებს. მიუხედავად კანონის მხარდაჭერისა, ნეთანიაჰუს ოპოზიციამ, მთავრობის დაშლის მოტივით, კანონის წინააღმდეგ მისცა ხმა.
კოალიციური შეთანხმების პირობების მიხედვით, პრემიერი ბენეტი, საარჩევნო კამპანიის პერიოდში თავის თანამდებობას ლაპიდს დაუთმობს, რომელიც, თავის მხრივ, ნეთანიაჰუს ხელისუფლებაში დაბრუნების თავიდან აცილების მიზნით, პრემიერმინისტრობის ვადის გახანგრძლივებას შეეცდება. შეგახსენებთ, რომ ნეთანიაჰუმ მისი მემარჯვენე და რელიგიური პარტიებისთვის უმრავლესობის უზრუნველყოფა ზედიზედ მეოთხედ ვერ შეძლო, თუმცა არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდში პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას ინარჩუნებდა.
მომავალ არჩევნებში, შეუმდგარი კოალიციის წინააღმდეგ ბრძოლაზე ნეთანიაჰუ სავარაუდოდ უფრო დიდ იმედებს ამყარებს. მან მთავრობა, „ტერორისტთა მხარდამჭერებზე დაყრდნობისთვის“ უკვე გააკრიტიკა და დიდი ალბათობით, საარჩევნო კამპანიაც მისი ოპონენტების „მუსლიმთა საძმოსთან“ კავშირს დაეთმობა.
დატოვე კომენტარი